შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა ხშირად უნდა მიმართონ ოფთალმოლოგს
შაქრიანი დიაბეტი თავისი მიმდინარეობის დროს სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას იწვევს. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მხედველობის დაზიანება, რაც, შეიძლება, მხედველობითი ინვალიდობისა და სიბრმავის მიზეზიც გახდეს.
თვალის კაკლის წინა გამჭვირვალე ნაწილებში გასული და გარდატეხილი სინათლის სხივი თვალის უკანა კედლის, მის შიგნითა გარსზე – ბადურაზე ფოკუსირდება. ბადურის დაზიანებისას ხდება მხედველობის დაქვეითება, დაზიანების ხარისხის შესაბამისად.
შაქრიანი დიაბეტის დროს საკმაოდ ხშირ და მნიშვნელოვან გართულებას ბადურის დაზიანება, ანუ დიაბეტური რეტინოპათია წარმოადგენს. ამ დაავადების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორი, კერძოდ, დიაბეტის მიმდინარეობის ხანგრძლივობა და ავადმყოფის ასაკი.
ავადმყოფებს, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი 35 წლამდე ასაკში დაუდგინდათ, დიაბეტური რეტინოპათია შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უვითარდებათ; ხოლო მათ, ვისაც დიაბეტი გვიან ასაკში გამოუვლინდათ, ხანმოკლე პერიოდში ემართებათ.
განასხვავებენ დიაბეტური რეტინოპათიის ორ ფორმას: არაპროლიფერაციულსა და პროლიფერაციულს.
არაპროლიფერაციული ფორმის დროს ბადურის სისხლძარღვთა კედლებიდან ჟონავს სისხლი, რომელიც, ბადურა-გარსის შრეებში მოხვედრისას, მის შეშუპებასა და სისხლჩაქცევებს იწვევს. ამის შედეგად ბადურა ფუნქციონირების უნარს კარგავს და, შესაბამისად, ვითარდება მხედველობის მკვეთრი დაქვეითება.
პროლიფერაციული ფორმის დროს ხდება ბადურის სისხლძარღვთა სანათურის დახშობა, რაც განაპირობებს ბადურა-გარსის უბნებში კვების მოშლას და წარმოიქმნება სისხლის ჩაღვრა, ეს კი მხედველობას იოლად აქვეითებს. ხშირად, ბადურა-გარსის ზედაპირზე შემაერთებელქსოვილიანი ნაწიბურები და მემბრანები წარმოიქმნება და ამ დროს ადამიანი სრულ სიბრმავემდე მიდის.
დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობისა და სიბრმავის თავიდან აცილება ბადურის ლაზერული მიკროქირურგიით არის შესაძლებელი.
დიაბეტური რეტინოპათიით მიმდინარეობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მაღალი არტერიული წნევა. ამიტომ, აუცილებელია სისხლში როგორც შაქრის შემადგენლობის ნორმალიზება, ასევე, არტერიული წნევის მოწესრიგება.
დიაბეტური რეტინოპათიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანმა შაქრიანი დიაბეტის გამოვლენისთანავე მიმართოს ოფთალმოლოგს.