რატომ არის საშიში ამებიაზით დაავადება და როგორ დავიცვათ მისგან თავი
ამებიაზი ნაწლავთა დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება, სხვადასხვა ორგანოში ჩირქის კერების განვითარება და ეს ყველაფერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს. დაავადებას იწვევს ერთუჯრედიანი პროტოზოა, ეგრეთ წოდებული, ჰისტოლიტიკური ენტამება. ინფექციის ძირითადი წყაროა ცისტების გამომყოფი ადამიანი. ცისტა ამების უმოძრაო, გარსით დაფარული ფორმაა. ამებიაზის მწვავე პერიოდში ცისტები არ გამოიყოფა და ავადმყოფი ეპიდემიოლოგიურად საშიში არ არის, მაგრამ, არასრულფასოვნად ნამკურნალები ადამიანი ცისტების მატარებლად ითვლება და ის წლების განმავლობაში, განავალთან ერთად გამოყოფს დიდი რაოდენობით ცისტას.
გადაცემის ფაქტორებიდან საშიშია ადამიანის ფეკალური მასით დაბინძურებული სამეურნეო თუ სასმელი წყალი. ცისტების გადაცემა ხდება დაბინძურებული მწვანილით, ხილით, საკვები პროდუქტებით, რომლებიც ასეთი წყლით ირწყვება, ასევე, ჭუჭყიანი ხელებით, საოჯახო ნივთებით, ცისტებმატარებელთან კონტაქტით, ზაფხულში კი – ბუზის მეშვეობით.
საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრილი ჰისტოლიტური ენტამების ცისტიტის გარსი იშლება და გამახვილებას იწყებს ვეგეტაციური ფორმები, ბრმა ნაწლავის ლორწოვან გარსში ჩანერგვას და ლორწოვანქვეშა გარსში შეჭრას. ამ ადგილებში წარმოიქმნება ანთებითი კვანძები, რომლებიც შემდგომში ღრმა წყლულებად გარდაიქმნება. დაწყლულების პროცესი ბრმა ნაწლავიდან თანდათანობით ვრცელდება მსხვილი ნაწლავის ქვედა სეგმენტზე, კერძოდ, სწორ ნაწლავამდე. მრავლობითი წყლულები განაპირობებს ისეთი სიმპტომების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კოლიტი, სისხლდენა, შეხორცებები და ასე შემდეგ.
სისხლის გზით ცისტების მოთესვის შედეგად ვითარდება მძიმე, ნაწლავგარეშე გართულებები, კერძოდ, ღვიძლის, ფილტვების, თავის ტვინისა და სხვა ორგანოთა დაჩირქება. ყველაზე ხშირია ღვიძლის ამებური აბსცესი.
ნაწლავთა ამებიაზის ფარული პერიოდი ზოგჯერ ოთხ თვესაც გრძელდება. დაავადება იწყება უმადობით, სისუსტით, დაღლილობის შეგრძნებით, მუცლის ტკივილით. შემდეგ ვითარდება ფაღარათი. პირველ დღეებში კუჭის მოქმედების სიხშირე დღე-ღამეში ექვსს აღწევს, განავალი თხელია, ლორწოვანი, ტკივილი კი ლოკალიზებულია ბრმა ნაწლავის არეში; დროთა განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. განავალში ამ დროს ჩნდება სისხლი. მსუბუქ შემთხვევაში, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება სამ კვირაში, მაგრამ, თუ ავადმყოფი სხვადასხვა ფაქტორის, მაგალითად, არასწორი კვების, გაციების, ვიტამინოზის გავლენით ცისტების მატარებელი დარჩა, პერიოდულად ეწყება ამებიაზის გამწვავება, რაც წლების განმავლობაში, დროდადრო გრძელდება. ამას კი ნაწლავური და ნაწლავგარე სხვადასხვა სიმძიმის გართულებები მოსდევს. ნაწლავური გართულებებიდან აღსანიშნავია ღრმა წყლულით ნაწლავის კედლის გახვრეტა, რასაც პერიტონიტის განვითარება მოსდევს.
თუ ცისტა სისხლის გზით მოითესა ღვიძლში, შესაძლოა, განვითარდეს ამებიური ჰეპატიტი, ანუ ღვიძლის ანთებითი დაზიანება ან ღვიძლის აბსცესი.
ცისტების მატარებელ ადამიანს ამებიაზის დროს არ აღენიშნება კლინიკური სიმპტომები.
ამებიაზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა სასმელი და სამეურნეო წყლის სანიტარული ნორმების დაცვა.
საეჭვო შემთხვევაში, სასმელი წყალი აუცილებლად გადაადუღეთ და ისე სვით, ხოლო ხილი, ბოსტნეული და მწვანილი დიდხანს რეცხეთ გამდინარე, სუფთა წყალში.