კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშიშია თუ არა ზღვაზე წასვლამდე ეპილაციის გაკეთება და რა საფრთხეს უქმნის ადამიანს კანზე გაჩენილი ხალები და ლაქები


ხალები, პიგმენტური ნევუსები და თანდაყოლილი ლაქები ადამიანს გარკვეულ პრობლემას უჩენს. ხალები კანის იმ ადგილებში ჩნდება, სადაც პიგმენტ მელანინის კონცენტრაცია ხდება. პიგმენტური ნევუსის ქვეშ კი, მდებარეობს ბიოაქტიური წერტილები და რეფლექსოგენური ზონები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პიგმენტური ნევუსები და ხალები კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, სახეცვლილება განიცადონ და ავთვისებიან სიმსივნედაც კი გარდაიქმნან. ამ მხრივ ზაფხულის პერიოდი მეტად საფრთხილო და საშიშია.

ბევრი ადამიანი ზღვაზე წასვლამდე ცდილობს, კანი მოიწესრიგოს, იშორებს არასასურველ ადგილებში თმას ეპილაციის წესით, ყიდულობს მზისგან დამცავ სპეციალურ კოსმეტიკას, იცილებს ხალებს სხეულის არასასურველი ადგილებიდან...

საშიშია თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების ჩატარება დასასვენებლად წასვლის წინ; რა შედეგი მოჰყვება არასწორად შერჩეული კანის საშუალებების გამოყენებას; რატომ უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ხალებს ზაფხულში და რა გართულებებს იწვევს ეპილაციის შემდეგ მზის სხივების ქვეშ ნებივრობა და გარუჯვა, ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ექიმ-დერმატოლოგს, ქეთევან ბერიანიძეს, რომელმაც მეტად საჭირო და გასათვალისწინებელი რჩევები მოგვცა ზაფხულის თაკარა სეზონზე თავის დასაცავად.



– ბევრი ადამიანი უჩივის სხეულზე პიგმენტური ლაქების გაჩენას, რომელიც ზაფხულში კიდევ უფრო მეტად შესამჩნევია. რისგანაა მისი წარმოშობა გამოწვეული, რომელ ადგილებში გვხვდება და თუ არის ის ზოგადად საშიში ჯანმრთელობისთვის?

– სხვათა შორის, პიგმენტური ლაქა დღეს საკმაოდ გახშირებული და გავრცელებული პრობლემაა და ის ბევრ ადამიანს აწუხებს. ის აღინიშნება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებშიც. გეტყვით რომ, პიგმენტური ლაქის წარმოქმნა კანზე დამოკიდებულია მელანინის ჭარბ სეკრეციაზე. ის ყველაზე მეტად ლოკალიზდება გულ-მკერდზე, ხელებსა და სახეზე. მისი განვითარება, ასევე დამოკიდებულია ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებთან. მაგალითად, ყველაზე ხშირად ჰორმონულ ცვლილებებთან, აგრეთვე, დიდი შანსია, ლაქა ორსულობისა და მენოპაუზის დროს განვითარდეს. სხეულზე პიგმენტური ლაქის გაჩენა შესაძლოა, სხვადასხვა მედიკამენტის ზემოქმედებამაც გამოიწვიოს. ამ მხრივ აღსანიშნავია, მზის სხივების ზემოქმედებაც. ეს უკანასკნელი საკმაოდ ააქტიურებს პიგმენტურ ლაქებს. ბევრი ცდილობს, ამა თუ იმ მეთოდით პიგმენტური ლაქის სხეულიდან მოცილებას. დღეს უამრავი მსგავსი საშუალებები არსებობს, მაგალითად, კოსმეტიკური, თხევადი აზოტით, ლაზერული და ქიმიური პილინგით. ამით ხდება ლაქის ზედაპირული აშრევება კანიდან. პროცედურების ინტენსივობა კი დამოკიდებულია იმაზე, ღრმად არის პროცესი წასული თუ არა, რა ტიპის ლაქა აღინიშნება და ასე შემდეგ. პროცედურების შერჩევა შესაბამის სპეციალისტთან ინდივიდუალურად ხდება. ამბობენ, ყველა ხალი კეთილთვისებიანი სიმსივნეაო და ეს შესაძლოა, სიმართლედ ჩავთვალოთ, მაგრამ, თუ მექანიკურად არ დაზიანდა, შესაბამისად, პრობლემასაც არ უქმნის ადამიანს. თუ ის ლოკალიზდება, ვთქვათ, სხეულის ურთიერთშემხებ ზედაპირზეა მოთავსებული და ხშირად განიცდის მანცერაციას, ტრავმირდება, უნდა მოუფრთხილდეთ, რომ არ გაღიზიანდეს და არ იქცეს პრობლემად. მისი ხელოვნურად გაღიზიანება და წვალება, კატეგორიულად იკრძალება.

– ამბობენ, მზის მცხუნვარე სხივები, პიგმენტური ლაქების ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარებას უწყობს ხელსო. როგორც სპეციალისტი, ამაზე რა აზრის ხართ, სიმართლეს შეესაბამება, მსგავსი მოსაზრება?

– იმაზე ბევრი დაიწერა, რომ მზის სხივების ზემოქმედებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიგმენტური ლაქების ავთვისებიან მდგომარეობად გადაქცევაში. ყველას ვაფრთხილებ, რომ როცა კანი მიდრეკილია ამგვარი პათოლოგიისკენ, მზის სხივები განსაკუთრებით საშიში ხდება მისთვის. დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ საკუთარ კანზე გაჩენილ ლაქებს და უნდა მოერიდოთ ასეთ დროს კოსმეტიკური საშუალებებით ექსპერიმენტების ჩატარებას, მზეზე დიდხანს ყოფნას და გარუჯვას. რასაკვირველია, ვერავინ აგიკრძალავთ ზღვაზე დასვენებას და სანაპიროზე წოლას, მაგრამ, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ გარუჯვას და მის ინტენსივობას. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ მათ, ვისაც სხეულზე ლაქები აღენიშნებათ, კატეგორიულად ეკრძალებათ სოლარიუმში ვიზიტი და რუჯის მიღება.

– თუ არსებობს ისეთი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც არასასურველ ადგილას გაჩენილი ლაქის დაფარვას უწყობს ხელს?

– რასაკვირველია, არსებობს, კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ანტიპიგმენტური დანიშნულებისაა და შეიცავს მთავარ კომპონენტებს: არბუტინს, ბიოდერმინს, ალბატინს. ეს ნივთიერებები ამცირებს ასაკისთვის დამახასიათებელი ყავისფერი და მოყვითალო ფერის ლაქების განვითარებას და პიგმენტაციას, რომელიც ულტრაიისფერი სხივების გამო ჩნდება კანზე. ასეთებია: კრემი, ლოსიონი, ნიღაბი, შრატი, ფანქარ-კორექტორი. ისინი აუფერულებენ სხეულზე გაჩენილ პიგმენტურ ლაქას და მოქმედებენ ლოკალურად. მაგრამ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ მსგავსი საშუალებების შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად და მხოლოდ დერმატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ. საერთოდ, პიგმენტაციისკენ მიდრეკილ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორად შერჩეული ყოველდღიური მოხმარების კოსმეტიკა, რომ ალერგიულ რეაქციას სწორედ ზაფხულის სეზონზე დააღწიოს თავი. ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას და როცა სავალალო შედეგამდე მიდის, მხოლოდ ამის შემდეგ, ფიქრობს ამ საკითხზე.

– როგორ უნდა შეარჩიოს ზაფხულის სეზონზე პიგმენტაციისკენ მიდრეკილმა ადამიანმა სწორად კოსმეტიკური საშუალებები, რომ შემდგომ, მთელ რიგ კანის გართულებებს აარიდოს თავი?

– ქალებისთვის ზაფხულში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოსმეტიკის სწორად შერჩევას. ყველა კოსმეტიკური საშუალება, გარკვეულწილად, ისეთ სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს, რაც შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისთვის ალერგიული აღმოჩნდეს და პრობლემა შეუქმნას. თუ ადამიანი მიდრეკილია პიგმენტაციისკენ, ამ დროს კიდევ უფრო მეტად საფრთხილოა კოსმეტიკის შერჩევა, რომ ალერგიული რეაქცია არ გამოიწვიოს. დიდი მნიშვნელობა აქვს ზაფხულში ყოველდღიური მოხმარებისთვის მზისგან დამცავი კრემების სწორად შერჩევას. ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მათ ყოველ დილით კანზე უნდა გადაისვან ისეთი კრემი, რომელიც მზისგან დამცავ ფილტრს ანუ SPF-ს შეიცავს და ეს ფილტრი უნდა იყოს თხუთმეტიდან ზემოთ. ეს კრემი არა მარტო მათთვის არის კარგი და სასარგებლო, ვინც პრობლემური კანით გამოირჩევა, არამედ ნებისმიერი ჩვენგანისთვის. დამიჯერეთ, ზაფხულის პაპანაქებასა და ცხელ დღეებში მსგავსი დამცავი ფილტრის მქონე კრემებით კანის დაცვა, უბრალოდ, აუცილებელია.

– როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი ფილტრიანი კრემები რთულ კრემებად ითვლება. ამაზე რას იტყვით?

– მართალია, კრემები, რომლებიც ფილტრს შეიცავს რთულ კრემებადაა მიჩნეული. ამიტომ, ზაფხულში უნდა გამოიყენოთ ისეთი, რომელიც SPF-თან ერთად სხვა კომპონენტებსაც შეიცავს. ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ კანის ნორმალური ჰიდრატაციის დონე არ დაირღვეს. ასეთი კრემები, სახლიდან გასვლამდე, დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე უნდა წაისვათ და შემდეგ გადაისვათ სხვა კოსმეტიკური საშუალებები.

– დასასვენებლად წასვლის წინ გოგონები ცდილობენ, სხეულის ზოგიერთი ადგილიდან მოიშორონ არასასურველი თმა და ეპილაციას იკეთებენ. ზღვაზე წასვლის წინ თუ არის ეს დასაშვები?

– ეპილაციას, დეპილაციას, ელექტროეპილაციას, ბიოეპილაციას, ლაზერულ პროცედურებს თუ სწორად ჩაიტარებთ და ექიმის რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ კვალიფიციურ დონეზე, მაშინ ეს პროცესი გართულებების გარეშე ჩაივლის. არასწორად ჩატარებული ეპილაცია-დეპილაციის დროს, შესაძლოა, განვითარდეს კანის დამწვრობა, ალერგია, წვა, ქავილი და გამონაყარი კანზე; ზედაპირული კაპილარული ქსელის არსებობის შემთხვევაში კი – სისხლჩაქცევა. ამიტომ, შესაბამისმა სპეციალისტმა ჯერ კარგად და გულდასმით უნდა შეისწავლოს პაციენტის კანისა და თმის ფერი, სტრუქტურა და ამის გათვალისწინებით, დაიწყოს არასასურველი ადგილიდან თმის მოცილება. თუ კანი მგრძნობიარეა, არ არის გამორიცხული, განვითარდეს ზედაპირული შრის, ანუ ეპიდერმისის დამწვრობა, პიგმენტური ლაქები, კანის სიწითლე, შეშუპება, წვა, ქავილი და ნაწიბურებიც კი. იმისთვის, რომ მსგავს პრობლემებს თავი დააღწიოთ, პროცედურების წინ ჩაიტარეთ სინჯები. დღეს ბევრი იკეთებს ლაზერულ ეპილაციას. ლაზერული ეპილაციის გაკეთების შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, დამწვრობის საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მალამოები გამოიყენეთ. ეს პროფილაქტიკის ყველაზე კარგი საშუალებაა. არ შეიძლება, ამ პროცედურის შემდეგ გარუჯვა ორი კვირის განმავლობაში, რომ არ წარმოიქმნას ჰიპერპიგმენტური ლაქები კანზე. ასევე, უნდა მოერიდოთ საუნას და ხანგრძლივ წყლის პროცედურებს. დაახლოებით, ხუთი დღის განმავლობაში არ წაისვათ დამატენიანებელი და დამარბილებელი კრემები, სკრაბები და სპირტის შემცველი ლოსიონები. არ არის სასურველი, ეპილაციის გაკეთება გარუჯულ სხეულზე, ორსულობის დროს და ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში.


скачать dle 11.3