რა წვლილი მიუძღვით მშობლებს მოზარდისთვის სტრესული სიტუაციის შექმნაში და რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს
საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყო! ათასობით ახალგაზრდისთვის ნერვიულობა სულ უფრო ბუნებრივ მოვლენად იქცა, თუმცა, ამ დროს უმთავრესია მობილიზება, ყურადღების მაქსიმალურად კონცენტრირება. თემაზე, რომელიც აქტუალობას ივლისის ბოლომდე შეინარჩუნებს, გვესაუბრა ფსიქოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ქალბატონი ია აფთარაშვილი.
– რა ფაქტორები განაპირობებს აბიტურიენტის დაძაბულობას წინასაგამოცდო პერიოდში და კონკრეტულად ტესტირების დროს?
– ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც მოითხოვს ჩვენგან გონების კონცენტრაციას, ყველა კოგნიტური პროცესის მობილიზებას, ერთი მიმართულებით წარმართვას, დაუყოვნებლივ პასუხს და, თანაც, ეს პასუხი უნდა იყოს მართებული (სწორი), თავისთავად განაპირობებს სტრესს, – ასეთია ორგანიზმის რეაქცია. გამოცდების შემთხვევაში, სტრესული სიტუაცია დიდი პერიოდის განმავლობაში გრძელდება, რადგან მოსწავლემ იცის, რომ მას აუცილებლად მოუწევს გამოცდის ჩაბარება, ის ემზადება კიდეც ამისთვის. მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა კიდევ უფრო ძლიერდება და კულმინაციას აღწევს წინასაგამოცდო პერიოდში, როდესაც ის დღე, რისთვისაც აბიტურიენტი მთელი წლისა და თვეების განმავლობაში ემზადებოდა, უკვე მოახლოვდა და მან უნდა მოახერხოს თავისი ცოდნის რეალიზება ტესტში, რაც არცთუ ადვილ ამოცანად მიაჩნია. ასეთი სტრესული სიტუაციის შექმნაში უფროსების წვლილიც ძალიან დიდია. როგორ წესი, მშობლები, მასწავლებლები და ასე შემდეგ, მოსწავლეს შთააგონებენ, რომ მას ამ ეტაპზე მეტი ფუნქცია არ აქვს, მისი ერთადერთი საქმეა გამოცდებისთვის მომზადება, რომ აბიტურიენტს თავისუფალი დრო არ უნდა ჰქონდეს; ასევე, ამ პერიოდში თითქმის ყველა მოზარდი თავს ანებებს (დროებით მაინც) სხვა აქტივობებს: სპორტს, ცეკვას, სიმღერას და ასე შემდეგ, იმ მოტივით, რომ ყოველივე ეს დროს ართმევს და ვეღარ ახერხებს მეცადინეობას, რაც, თავისთავად, არასწორი მიდგომაა. აბიტურიენტობა არ ნიშნავს მხოლოდ წიგნებთან ურთიერთობას და სხვა ყველაფრისგან იზოლირებას. ეს კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას მოზარდში. მეგობრებთან ურთიერთობა, თუნდაც არასაგამოცდო თემებზე მსჯელობა, სეირნობა და ასე შემდეგ – ადამიანური მოთხოვნილებებია და გვერდს ვერ ავუვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ სტრესს.
– შესაძლებელია თუ არა ათვისებული მასალის ნერვიულობის გამო დავიწყება?
– გარკვეულ ზღვრამდე სტრესი და ემოცია ხელს უწყობს მობილიზებას და გარემოსთან ადაპტაციას, მაგრამ, როცა საქმე გვაქვს ძლიერ ემოციასთან, ის უკვე ადამიანს დეზორგანიზებულს ხდის. ამ დროს ცნობიერება ვიწროვდება და საღად აზროვნებას უშლის ხელს. შესაძლებელია, ძლიერი ღელვის ნიადაგზე ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ არაფერი ახსოვს, რაც აქამდე უსწავლია, ამ დროს პანიკამ არ უნდა მოგვიცვას. როგორც ვიცით, ტესტების შევსება დროსთანაა დაკავშირებული, ეს არ ნიშნავს, რომ დროის კონტროლს გადავყვეთ – 2-3 წუთი აუცილებლად უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს: დავხუჭოთ თვალები და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, დავმშვიდდეთ, რადგან, რაც უფრო ვნერვიულობთ, მით გაძნელებულია აღქმის პროცესიც და, თავს ძალაც რომ დავატანოთ, მაინც არაფერი გამოვა. კრიტიკულ მომენტში გვჭირდება საკუთარი თავის რწმენა, ამიტომ, უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ ამდენი ტყუილად არ გვიშრომია, რომ, რადგან აქამდე მოვედით, ესე იგი, იმის უნარიც შეგვწევს, გადავლახოთ ეს პრობლემა. შევეცადოთ, წავიკითხოთ დავალება ყურადღებით, გავიაზროთ და, მთელი მასალა, რომელიც დავიწყებული გვეგონა, ისევ ამოტივტივდება. მაგრამ, აქვე უნდა შევნიშნოთ: ხშირად ის, რაც გვგონია, რომ ნასწავლი გვაქვს, სინამდვილეში სულაც არაა ნასწავლი. რაღაც ინფორმაცია, შეიძლება, აქტიურ ცოდნას წარმოადგენდეს, რაღაც კი – პასიურს. პასიური ცოდნის შემთხვევაში, ჩვენ ვიცით მასალა ცნობის დონეზე: როცა მას წავიკითხავ, მაქვს შეგრძნება, რომ ვიცი, მაგრამ, როცა დამჭირდება მისი რეპროდუქცია, აღმოჩნდება, რომ ვერ ვიხსენებ, რადგან თავის დროზე არ იყო დასწავლილი. თუ ასეთ დასწავლილს არ ვგულისხმობთ, მაშინ, დავმშვიდდეთ და გვახსოვდეს, რომ ჩვენი ნასწავლი არსად არ გამქრალა, უბრალოდ, გვჭირდება ყურადღების მეტი კონცენტრაცია და ამისთვის სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებისგან თავის დაღწევა.
– თუ არსებობს ფსიქოლოგიაში რაიმე პრაქტიკული სავარჯიშო, რომელიც ყურადღების კონცენტრაციასა და მობილიზებას უწყობს ხელს?
– ჩვენთვის სასურველ თემაზე, საკითხზე კონცენტრირებისთვის, აუცილებელია ისეთი გარე ფაქტორების აღკვეთა, რომლებიც თავისი მახასიათებლებით უნებლიეთ იპყრობენ ჩვენს ყურადღებას. საგამოცდო პირობებში ეს შეიძლება იყოს:
* ხმაური აუდიტორიაში;
* დამკვირვებლის დაბალი ხმით მონოტონური საუბარი.
კვლევებმა აჩვენა, რომ, თვით ჩაცმულობაც (კაშკაშა ტანსაცმელი) და ქუსლების ხმაურიც კი ხელს უშლის სამუშაო გარემოს შექმნას. მას შემდეგ, რაც მინიმუმზე იქნება დაყვანილი გარე გამღიზიანებლები, უფრო ადვილია კონცენტრირება სამიზნე კითხვაზე. თუ ატყობთ, რომ ყოველივე ამის შემდეგ, მაინც გიჭირთ მობილიზება, შეგიძლიათ, ცოტა ხნით გადაერთოთ, მოდუნდეთ და თვითშთაგონებას მიმართოთ. შესაძლებელია, პატარა წარწერაც გააკეთოთ ქაღალდზე – „მე ეს შემიძლია“, – რაც, გარკვეულწილად, საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ.
– აბიტურიენტთა დიდი უმეტესობა გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე გაორმაგებული ძალით იწყებს მეცადინეობას, ათვისებული მასალის განმეორებას. იქნებ, უფრო სწორი იქნებოდა ბოლო დღეების სრული რელაქსაციისთვის დათმობა?
– საერთოდ, იმისთვის, რომ წარმატებულად მოვამზადოთ საგამოცდო მასალა, აუცილებელია, დრო სწორად გამოვიყენოთ; უნდა დავგეგმოთ ჩვენი დრო და, სასურველია, გავაკეთოთ ჩვენი პროგრესის მონიტორინგიც, შევამოწმოთ, რამდენად წავიწიეთ წინ. ხოლო, იმ დროისთვის, როცა გამოცდებამდე დარჩა მხოლოდ ერთი კვირა, სასურველია, მასალა უკვე ათვისებული გვქონდეს, რადგან ღამეების თენება და მასალის „თავში შეტენა“ სტრესს კიდევ უფრო გვიმძაფრებს და, შესაბამისად, ათვისების პროცესიც ნაკლებ პროდუქტიულია.
სასურველია, მეცადინეობა დავიწყოთ იმ საკითხიდან, რაც ყველაზე ცუდად ვიცით, რადგან ამ საკითხის გადადება იწვევს იმას, რომ ის ისეთივე აუთვისებელი და გაუგებარი რჩება, როგორიც მანამდე იყო. სწორედ ასეთ მასალასთან გვიწევს შეჭიდება უშუალოდ გამოცდების წინ, ეს კი საკუთარი თავის რწმენას გვირყევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული აბიტურიენტისთვის. წინა დღეები დაუთმეთ მხოლოდ ცოდნის მობილიზებას და საკუთარ თავს. ღამეების თენება კიდევ უფრო გამოგფიტავთ. შეეცადეთ აბიტურიენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ერთმანეთს შეუნაცვლოთ გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა (სეირნობა სუფთა ჰაერზე, გამაჯანსაღებელი ვარჯიშები). ასევე, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს კვებას. გონივრული კვება ამ დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს აბიტურიენტის გამძლეობასა და პროდუქტიულობაზე.
– რას ურჩევდით აბიტურიენტებს, როგორ შეიქმნან დადებითი წინასაგამოცდო განწყობა?
– პირველ ყოვლისა, უნდა ახსოვდეთ, რომ ცხოვრება გამოცდით არ იწყება და არც მისით მთავრდება. წინასწარ ნუ იფიქრებენ ცუდ დასასრულზე, იზრუნონ საკუთარ განწყობაზე. გამოცდისთვის უნდა მოემზადონ ფიზიკურადაც – ჩაიცვან ისეთი სამოსი, რომელშიც განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ თავს, მოერიდონ მყვირალა, გამაღიზიანებელ ფერებს.
ის, რომ ღელავენ – ბუნებრივია, მაგრამ, არ უნდა აჰყვნენ პანიკას. ნუ ჩაიკეტებიან საკუთარ შიშთან მარტო, ისაუბრონ ამ თემაზე თანატოლებთან, უფროსებთან, რადგან მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ახსოვდეთ, შრომა უკვალოდ არასდროს იკარგება. ყურადღებით მოისმინონ მითითებები, დაიცვან ყველა წესი, რაც მოეთხოვებათ აბიტურიენტებს. დაიწყონ უფრო ადვილი, მათთვის ნაცნობი საკითხით – ეს მოდუნების საშუალებას მისცემთ, აზროვნებასა და შემეცნებით პროცესებს ბუნებრივ რიტმს დაუბრუნებს. უმთავრესი პირობა კი მაინც ერთია: ყურადღებით და ბოლომდე წაიკითხონ დავალებები. კარგად წაკითხული პირობა – უკვე ნახევარი პასუხია. ნუ აჩქარდებიან, ნუ დაკარგავენ დიდ დროს ერთ საკითხზე – დროებით გამოტოვონ და მოგვიანებით დაუბრუნდნენ მათ, რადგან, როდესაც აზროვნებ ერთი მიმართულებით, თუ ცოტა ხნით არ გამოხვედი იმ ლოგიკური ჯაჭვიდან, რომელსაც მიჰყვები, ძნელია, ალტერნატიული გზის დანახვა.
მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება!