სიბრძნე მინიატურებში
მყიფე საჩუქრები
ერთხელ ერთ სოფელში მოვიდა და საცხოვრებლად დარჩა მოხუცი ბრძენკაცი. მას ბავშვები უყვარდა და მათ დიდ დროს უთმობდა. პატარებისთვის საჩუქრების ჩუქებაც უყვარდა, მაგრამ ძალიან მყიფე და სათუთ რაღაცეებს სჩუქნიდა. როგორ არ ცდილობდნენ ბავშვები, ძალიანაც ფრთხილობდნენ, მაგრამ მათი ახალი სათამაშოები იოლად იმტვრეოდა და ფუჭდებოდა. ბავშვებს ამის გამო გული სწყდებოდათ და ხმამაღლა ღრიალებდნენ. გადიოდა დრო და ბრძენკაცი ისევ სჩუქნიდა საჩუქრებს, მაგრამ კიდევ უფრო ნაზსა და სათუთს. ერთხელაც, მშობლებმა ვეღარ მოითმინეს, მივიდნენ ამ მოხუცთან და უთხრეს:
– ბრძენი ხარ და ჩვენი შვილებისთვის მხოლოდ კარგი გინდა, მაგრამ ასეთ საჩუქრებს რატომ აკეთებ? ბავშვები ყველანაირად ფრთხილობენ, მაგრამ სათამაშოები მაინც ტყდება და ფუჭდება, ამიტომ ისინი ხშირად ტირიან. არადა, სათამაშოები ისეთი მშვენიერია, არ შეიძლება, თამაში არ მოგინდეს.
– გავა სულ რამდენიმე წელიწადი, – გაეღიმა მოხუცს, – და ამ ბავშვებიდან თითოეულს ვიღაც თავის გულს აჩუქებს. იქნებ მათ ამ შემთხვევამ ასწავლოს, რომ ფასდაუდებელ საჩუქარს ოდნავ მაინც გაუფრთხილდნენ და ნაზად მოექცნენ.
გაბზარული ქოთანი
ინდოეთში ერთი მეთულუხჩე ცხოვრობდა. ორი დიდი ქოთანი ჰქონდა კეტის ბოლოზე ბაწრით ჩამოკიდებული. გაიდებდა კეტს მხარზე, წყალზე ქოთნებს აავსებდა და უკან ბრუნდებოდა. ერთი ქოთანი გაბზარული იყო, წყალი იპარებოდა და მეთულუხჩეს ადგილზე ნახევარი ქოთანი წყალიც ვერ მიჰქონდა, მაშინ, როდესაც მეორე ქოთანი პირთამდე იყო სავსე და პატრონს ერთ წვეთ წყალსაც არ აკლებდა. ორი წელი გავიდა თითქმის და მეთულუხჩეს ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ქოთან-ნახევარი წყალი მიჰქონდა სახლში. მთელი ქოთანი ქედმაღლურად უყურებდა გაბზარულს, თავი მოჰქონდა მასთან და ვერ გაეგო, რატომ არ იშორებდა თავიდან პატრონი ასეთ უსარგებლო ნივთს. გაბზარული ქოთანი კი გულით წუხდა, რომ იმ სამუშაოს ნაწილსაც ვერ ასრულებდა, რაც ბედმა არგუნა. ბოლოს ვერ აიტანა მთელი ქოთნის დამამცირებელი ცქერა და წყაროსთან რომ მივიდნენ, პატრონს მოწიწებით უთხრა:
– მრცხვენია ჩემი ნაკლისა და ბოდიში უნდა მოგიხადო.
– რისთვის, რაზე მებოდიშები? – გაუკვირდა მეთულუხჩეს.
მთელი ორი წელი სახლამდე ნახევარი მიმაქვს იმ წყლისა, რაც წესით უნდა მიმქონდეს – გულწრფელი სინანული ისმოდა ქოთნის ჩურჩულში. მეთულუხჩეს შეეცოდა გაბზარული ქოთანი. ის საერთოდ გულჩვილი იყო და მუდამ ცდილობდა, ენუგეშებინა მწუხარებაში მყოფი. მან სიყვარულით გადაუსვა ხელი ქოთანს და უთხრა:
– ახლა ჩვენ სახლში დავბრუნდებით, მიაქციე, გეთაყვა, ყურადღება იმ ულამაზეს ყვავილებს გზის პირას რომ იზრდებიან.
– მართლაც, აღმართი რომ აიარეს და გზაზე გავიდნენ, გაბზარულმა ქოთანმა პირველად შეამჩნია საუცხოო ყვავილები და ცოტა ხანს ტკბებოდა მათი მშვენებით, მაგრამ ჩქარა ისევ იმაზე დაიწყო ფიქრი, რა უბედური იყო თვითონ და კვლავ ცრემლები გადმოყარა იმის გამო, რომ სახლამდე ნახევარი წყალიც ვერ მიჰქონდა.
მაშინ მეთულუხჩემ ქოთანს აუხსნა:
– შენ რომ წუწუნით არ იყო გულგაწყალებული, შეამჩნევდი, რომ ის საუცხოო ყვავილები, ასე რომ ალამაზებენ აქაურობას, გზის იმ ნაპირზე გაიზარდნენ, საითაც შენ ხარ ჩამოკიდებული კეტზე. როგორ გგონია, არ ვიცოდი, გაბზარული რომ ხარ? მაგრამ შენი ნაკლი ჩემთვის სასარგებლოდ გამოვიყენე: დავთესე ყვავილები გზის იმ მხარეს, საითაც შენ ხარ ჩემს მხარზე გადადებული და ყოველდღე, როცა წყაროდან ვბრუნდებოდი, სწორედ შენ რწყავდი ამ ყვავილებს. მთელი ორი წელი მუდამ მაქვს ლამაზი თაიგული, რომ სიცოცხლე გავიხალისო და შენ რომ არა, საიდან ვიქნებოდი ამ სილამაზის მფლობელი?! და ამიტომაა, რომ მჭირდები სწორედ ისეთი, როგორიც ხარ.