კრძალავს თუ არა ეკლესია პლასტიკური ოპერაციებისა და ტატუს გაკეთებას
ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე სულიერებაზე ზრუნვას. ასევე, ძალიან მოდურ ტენდენციად იქცა სხეულზე ტატუს გაკეთება, პლასტიკური ოპერაციები. როგორია ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი საბა (ბიგაშვილი).
– როდესაც ადამიანი ინათლება, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ამ დროს მან ღმერთი შეიმოსა და ის ვალდებული ხდება, თავის ცხოვრებაში გაატაროს ის პრინციპები, რომელთა შესრულებასაც უფალი ავალებს: ის უნდა იყოს ზნეობრივი ადამიანი, უნდა იღვაწოს, პირველ ყოვლისა, არა გარეგანისთვის, არამედ სულიერისთვის, საკუთარი „მესთვის“. ამის შემდეგ კი მას შეუძლია, იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, რადგან გარეგნობაზე ზრუნვაც ქრისტიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წმიდა მამები, წმიდა წერილი, გარდამოცემა გვეუბნება, ადამიანი, რომელიც არ უვლის თავს, არ უფრთხილდება, ამით აშავებს კიდეც, იმიტომ, რომ ადამიანი გამორჩეული არსებაა, ის ღვთის ქმნილება, ყველაფრის გვირგვინია, ის უნდა ზრუნავდეს საკუთარ თავზე, ამ შემთხვევაში – გარეგნობაზე. ადამიანი სწავლობს შემეცნებას, ასევე თვითშემეცნებასაც. შემეცნება, როგორც ეკლესიის მასწავლებლები ამბობენ, ცხოველსაც გააჩნია, ანუ შემეცნება იმისა, რომ მას რაღაც უნდა, რაღაც სჭირდება, დამოკიდებულია, ბუნებრივ თუ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. როდესაც ადამიანი იზრდება, ყალიბდება, ის არა მხოლოდ შეიმეცნებს გარესამყაროს, არამედ შეიმეცნებს საკუთარ თავსაც. ეს კი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა უკეთ გაიგოს საკუთარი მე, შინაგანი სამყარო და გახდეს უკეთესი იმის დახმარებით, რომ აღასრულოს უფლის მცნებები, უფლისგან დადგენილი ზნეობრივი კანონები.
– მამაო, როგორ უყურებს ეკლესია ადამიანების მიერ პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას?
– რა თქმა უნდა, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა სახის პლასტიკურ ოპერაციას ეხება ეს. ღმერთი ადამიანს უნაკლოს ბადებს, მას ყველაფერი აქვს: ყურები, თვალები, კიდურები და, ეს რომ არ დასჭირვებოდა, მაშინ ღმერთი არც მისცემდა, ანუ, ის, რაც შექმნილია ადამიანში ადამიანისთვის, უკვე გამშვენებულია და ერთმანეთთან იდეალურად არის შერწყმული, ანუ, ადამიანის აგებულება იდეალურია. თუმცა, ზოგჯერ ადამიანი ნაკლით იბადება და, უნდა ითქვას, რომ ეს ღმერთის ბრალი კი არ არის, არამედ გენეტიკის, რადგან დამახინჯდა ადამიანის გენეტიკა. როდესაც პირველმა ადამიანებმა შესცოდეს, წუთისოფელში შემოვიდა სიკვდილი, ხრწნილება, ადამიანისა და მთელი სამყაროს დაცემა. ამიტომაც ხდება ცხოვრებაში, რომ ადამიანი იბადება ნაკლით და ეს შეიძლება იყოს მშობლების ან მისი უახლოესი წინაპრების ბრალი. შეიძლება, მათ ჰქონდათ რაღაც ხინჯი და ის გადავიდა გენეტიკურად. ეს ყველაფერი კი ძალიან არის დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების წესზე. რა თქმა უნდა, ამის გამოსწორება შეიძლება პლასტიკური ოპერაციით. მაგალითად, ადამიანს, შეიძლება, სჭირდება ცხვირის გალამაზება, მით უმეტეს, გოგონები აქცევენ ამას ყურადღებას და, რა თქმა უნდა, მას შეუძლია, მივიდეს და გაიკეთოს ოპერაცია, ამაში ცუდი არაფერია, განსაკუთრებული საეკლესიო კანონი, სასჯელი ან, შეგონება ამაზე არ არსებობს. თუმცა, არსებობს საეკლესიო კანონი ადამიანის ჩაცმულობაზე, მორთულობაზე, მისი ცხოვრების წესზე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. 92-ე საეკლესიო კანონის თანახმად, იკრძალებოდა, თუ ქალი ჩაიცვამდა მამაკაცის ტანსაცმელს, ან მამაკაცი – ქალის სამოსს, მოირთვებოდა ზედმეტად, დაიმახინჯებდა სახეს. ეკლესია კოსმეტიკის გამოყენებას არ კრძალავს. უბრალოდ, აქ ზომიერებაა მთავარი, ისევე, როგორც ყველაფერში. ადამიანი, მით უმეტეს, ქალი, ისედაც ლამაზია და მას ზედმეტად გალამაზება არ სჭირდება. როგორც აღვნიშნე, ეკლესია არ კრძალავს პლასტიკურ ოპერაციებს, მაგრამ, გააჩნია ოპერაციას. თუ ადამიანი იმიტომ იკეთებს ამ ოპერაციას, რომ მას რაღაც ნაკლი აქვს, ეს კი მას პრობლემებს უქმნის, მაშინ, შეუძლია, გაიკეთოს, თუნდაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ცხვირის ოპერაცია, მაგრამ, თუ ეს ეხება სხეულის სხვა ნაწილებს და ეს ნაწილები ხდება საბაბი იმისა, რომ ამ ადამიანმა გაკეთებული ოპერაციით უნდა აღძრას ვნებები სხვა ადამიანში, ეს დაუშვებელია და ეკლესია ამ ყველაფრისგან გაიმიჯნება. ადამიანი ისედაც ლამაზია, ღვთის ქმნილებაა და მისი ზედმეტად შელამაზება არ არის საჭირო. მით უმეტეს, თუ ემსახურება იმას, რომ ადამიანი სხვა ადამიანებისთვის გახდეს უფრო მეტად მიმზიდველი, მოსაწონი, უფრო მეტიც – საცდური.
– დღეს ძალიან ხშირად იკეთებენ სხეულზე ტატუს. ამის შესახებ რას გვეტყვით?
– ეს ყველაფერი ადამიანისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, პირიქით, შეიძლება, ეს ძალიან ცუდიც იყოს. თუმცა, ტატუს გაკეთება არ არის თავის დამახინჯება, არ აისახება ცუდად ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ, წლების განმავლობაში კარგად ამჩნევია ის ადამიანის სულს. თანაც, ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ისეთ ადგილას იკეთებენ სვირინგებს, რომ ის სხვებისთვის გახდეს საცნაური, ანუ გამოსაჩენი. თუმცა, ისეთ ადგილებშიც იკეთებენ, მაპატიეთ და, თუ ადამიანი არ გაშიშვლდა, ისე არ ჩანს. მაგრამ, ძირითად შემთხვევაში მაინც ისეთ ადგილებში კეთდება, რომ სხვებმა შეამჩნიონ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს საკუთარი თავის რეალიზების პრობლემა. ეს, შეიძლება, გამოიხატებოდეს სულიერებაში, ურთიერთობაში სხვა ადამიანებთან. თუ ასეთი ადამიანები კარგად დაუკვირდებიან საკუთარ თავს, მიხვდებიან, რომ სულის სიღრმეში რაღაც პრობლემა აქვთ, მეტად სჭირდებათ, ვიღაცას მოაწონონ თავი, მეტად გახდნენ მისაბაძები და, თუნდაც იმ დეტალის გამო, მასზე უფრო მეტად გაამახვილონ ყურადღება. ანუ ეს ყველაფერი სულიერებისგან ძალიან შორს არის. ჩვენ თუ დავუკვირდებით იმ ნახატებს, რომლებიც სხეულზე კეთდება, ჩავწვდებით მათ ხასიათს, მივხვდებით, რომ ეს ძალიან ცუდია. იშვიათია, რომ ადამიანმა გაიკეთოს ყვავილი ან მსგავსი რამ, რომელიც, შეიძლება, ალამაზებდეს ადამიანს, თუმცა, მაინც არ ალამაზებს. შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, მაგრამ, ძირითადად დამკვიდრებულია ისეთი ტატუები, რომლებიც მყარად არის დაკავშირებული ბნელ ძალებთან. მაგალითად, თავის ქალები და ჩონჩხი, რა თქმა უნდა, ასოცირდება ბნელ ძალებთან, დაცემული ადამიანების მდგომარეობასთან და ეს ადამიანს სულიერად აუცილებლად დაამცრობს, დააცილებს უფალს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ცუდად აისახება ადამიანის გარეგნობაზე და, უხეშად რომ ვთქვათ, მათ საშვიც კი აქვთ გარანტირებული ბნელ ძალებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობაში. ადამიანის დანიშნულება ის არის, რომ მან განავითაროს საკუთარი სულიერი ძალები და, თუ ეს ასე არ ხდება, მაშინ ადამიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდება ეშმაკის მოკავშირე – თუ არ არის ღმერთთან, ესე იგი, არის ეშმაკთან. ერთი შედარება მინდა მოვიყვანო: როდესაც ადამიანი ინათლება, განსაკუთრებით, როდესაც ის ჩვილია, მას მეურვეობას უწევენ ისინი, ვისაც ჩვენ ნათლიებს ვეძახით. ისინი აცხადებენ თანხმობას იმაზე, რომ განეშორებიან ეშმაკსა და მის საქმეებს, მაცდურ ვნებებს. ამ დროს ადამიანი ინათლება და ხდება ქრისტეს მეომარი – ის ბრძოლას უცხადებს ეშმაკს. ჩვენი უბედურება კი ისაა, რომ ჩვენ ვუცხადებთ ეშმაკს ბრძოლას, მაგრამ ბრძოლისთვის აღარ ვემზადებით. ეს კარგად იცის ეშმაკმა, არ ავიწყდება და მთელი ცხოვრება გააფთრებით გვიტევს. ჩვენ კი გვავიწყდება, რომ მას ბრძოლა გამოვუცხადეთ, რომ ყოველდღე უნდა მოვემზადოთ ამ ბრძოლისთვის მარხვით, ლოცვით, კეთილი საქმეების აღსრულებით და უფლის დიდი მადლითა და დახმარებით შევძლებთ გამარჯვებას და ეშმაკის დამარცხებას.