კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გათხოვილ ქალს სხვა მამაკაცისგან და რა შეცდომებს უშვებენ ისინი


ურთიერთობა ორ ადამიანს შორის იგება მხოლოდ და მხოლოდ იმ პრინციპებისა და სტერეოტიპების მიხედვით, რომლებიც მხოლოდ მათთვისაა მისაღები. რა თქმა უნდა, ის საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობენ, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ცხოვრების სტილზე, მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე, შეხედულებებზე. თუმცა, როცა ქალი და კაცი ერთად იწყებს ცხოვრებას, ისინი საკუთარ მიკროგარემოს ქმნიან. მათი გადასაწყვეტია, რა აპატიონ ერთმანეთს, რა დათმონ, როდის და ვისთან გამოიჩინონ პრინციპულობა, როგორ დაგეგმონ ოჯახის ბიუჯეტი, რა პრიორიტეტები წამოსწიონ და საერთოდ, როგორი უნდა იყოს მათი ოჯახური ცხოვრება. რჩევების მიცემა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ სხვის მაგალითს ვერავინ „მოერგება“ და საკუთარ შეცდომებზე ყველა თავად არის პასუხისმგებელი.


თეო (35 წლის): როცა ვთხოვდებოდი, ეს იყო თორმეტი წლის წინ, დედაჩემმა მითხრა, ჯერ შენთვის ადრეა ოჯახის შექმნა, რადგან არ იცი, კაცისგან რა გინდა. სერიოზული პრობლემებისთვის იმეტებ საკუთარ თავს და იქნებ, გეფიქრა ამაზეო. მე გამეცინა და გავჯიუტდი – მიყვარს-მეთქი – ეჰ, შვილო, შენ ჯერ არც სიყვარულის არაფერი გესმისო. თურმე, მართალი ყოფილა. ამას, სამწუხაროდ, გვიან მივხვდი. ქალების უმეტესობა ზუსტად ჩემსავითაა. მათთვის მთავარი გათხოვებაა და ნაკლებად აინტერესებთ, რა იქნება მერე.

– ალბათ, იმიტომ, რომ „მერე“ ყველას ნათელ ფერებში წარმოუდგენია.

– შეიძლება, მაგრამ, როცა სრულწლოვანი ხარ და ჭკუა მოგეკითხება, ვალდებულებაც გაკისრია, გააანალიზო და შეაფასო შენი სამომავლო შანსები. არ შეიძლება, იმპულსებით იმოქმედო. ემოციებს აჰყვე და კარგად არ დააკვირდე ადამიანს, რომელსაც შენს ბედს უკავშირებ. მე მართლა არაფერზე მიფიქრია.

– მიგაჩნიათ, რომ პრობლემები წარმოიშვა იმან, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ?

– შეიძლება. მე, ფაქტობრივად, არ ვიცნობდი ჩემს მომავალ ქმარს. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ ოჯახში გაიზარდა, როგორი მშობლები ჰყავდა. ასწავლეს თუ არა მას ოჯახის სიყვარული და ოჯახური მყუდროების დაფასება, არც მიკითხავს, რა ფასეულობები გააჩნდა მას, რომ მერე ჩემი ფასეულობებისთვის შემედარებინა. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. თავიდან თითქოს არ ჩანს და ვერ ატყობ, მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ კაცს, რომელსაც გვერდით უწვები, საერთოდ არ იცნობ და უცხოა შენთვის. ამის გაცნობიერება საკმაოდ მძიმე და ისეთი სტრესია, რომ მერე ყველაფერი თავდაყირა დგება. მე რომ ჩემი ქმარი სხვა თვალით არ დამენახა, იქნებ, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. არ ვიმართლებ თავს და არავითარ შემთხვევაში, არ ვიტყვი იმას, რომ აბსოლუტურად უდანაშაული ვარ. რეალობას ჯერ არ მოვწყვეტილვარ და ვიცი, რა ბრალი მიმიძღვის თავად მომხდარში. ჩემი ცხოვრება ასე რომ წარიმართა, მე და ჩემი ქმარი თანაბრად ვართ პასუხისმგებლები. უცნაური ის არის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ისევ ერთად ვართ, ვითომ არაფერი ხდება. ორივე სირაქლემის პოზაში ვართ და რატომღაც ასე გვირჩევნია, თორემ ვიზრუნებდით იმაზე, რაღაც რომ შეგვეცვალა.

–„მიუხედავად ყველაფრისა“, – ამაში რას გულისხმობთ?

– იმ სტილს თუ წესს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცხოვრობთ. პირველად რომ გავიგე, ქმარი მღალატობდა, ლამის გავგიჟდი. მეგონა, მოვკვდებოდი. ბავშვი წლისაც არ იყო. მერე ვიფიქრე, რატომ უნდა დავუჯერო ბოროტი დედაკაცების ენებს, ვინ ნახა, რომ მღალატობდა? სად არის ფაქტები? ჭორების გამო ხომ არ დავანგრევ ოჯახს-მეთქი. შევეცადე, ეს ყველაფერი დამევიწყებინა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ეჭვის ჭია ერთხელ რომ შემომიჩნდა, მერე მოსვენება აღარ მომცა. რამდენი სახლში მოსვლა შეაგვიანდებოდა, იმდენი ვირეოდი და ადგილს ვერ ვპოულობდი. გავწამდი და გადავწყვიტე, ბოლომდე გამერკვია ეს ამბავი. ნეტავი, ეს არ მექნა. რომ იტყვიან, აუტკივარი თავი ავიტკიე. როცა არ აპირებ ოჯახის დანგრევას, აჯობებს, ყურები დაიყრუო და თვალები დაიბრმავო. ვქექე და გამოვქექე... ისეთი რამეები გავიგე, კინაღამ გული გამისკდა. გავარკვიე, რომ ჩემი საყვარელი ქმარი „შემთხვევით“ და „ლაითად“ კი არ მღალატობდა, დაგეშილი იყო ამაზე და ერთ შანსს არ უშვებდა ხელიდან.

– როგორ გაიგეთ, ფაქტებით?

– ახლა ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ უკვე თავად ქმარს შევატყვე „ღალატის ნიშნები“. ოღონდ არ მკითხოთ, ახლა „ღალატის ნიშნები“ როგორიაო. ყველა მოღალატე კაცს ემჩნევა ორგულობა და სულაც არ არის საჭირო, ცოლს ხელში გამადიდებელი შუშა ეჭიროს. მეტისმეტად გულუბრყვილო არ უნდა იყო და ნდობა სიბრიყვეში არ გადაგივიდეს. გადავწყვიტე, ქმარს დავლაპარაკებოდი, მაგრამ მიმიხვდა და არაფრით არ მაძლევდა ამის საშუალებას. ბოლოს კედელთან მივიმწყვდიე და გასაქანი აღარ მივეცი. იძულებული გახდა, ყველაფერი ეღიარებინა. „დიახ, არის მის ცხოვრებაში სხვა ქალი, მაგრამ ის არ უყვარს. უნდა კიდეც დაშორდეს, მაგრამ არ გამოსდის“. ვისთვისაც ეს სიტუაცია ნაცნობია, ის გამიგებს, რა მოგდის, როცა ქმარი ასეთ სიტყვებს გეუბნება. როგორი მშვიდი ნერვებიც უნდა გქონდეს, როგორც უნდა ცდილობდე თავი ხელში აიყვანო, შანსი არ არის, მაინც ვერ დარჩები გულგრილი. მე „ისტერიჩკა“ არ ვარ, მაგრამ მაინც ვერ შევძელი „ცივილიზებულად“ გამერკვია ქმართან ურთიერთობა. თუ მართლა ყინულის არ ხარ და ქმარი ფეხებზე არ გკიდია, ვერ შეძლებ ამას. თითქმის ყოველ მეორე დღეს სკანდალი გვქონდა და ჩემს ქმარს ნელ-ნელა ჩვევად ექცა დაპირება, რომ „ხვალ“ ეს ამბავი მორჩებოდა. „ხვალ“ აღარ დამთავრდა და ჩვენი ამბავიც მთელმა ქვეყანამ გაიგო. ერთთან რომ ამთავრებდა რომანს, მეორესთან იწყებდა. ღამღამობით ვტიროდი. ბალიშს ვასველებდი ცრემლებით და ვიტანჯებოდი. თავიდან ჩემი ქმარი თითქოს გულგრილად ვერ უყურებდა ჩემს ცრემლებს. მეხვეოდა, მეფერებოდა და მეუბნებოდა, ყველაფერი მალე დამთავრდება და ჩვენ ისევ ბედნიერები ვიქნებითო. მაგრამ, მალე ჩემს ცრემლებსაც შეეჩვია და რეაქცია აღარ ჰქონდა.

ღმერთს ვევედრებოდი, ამ კოშმარისგან მიხსენი-მეთქი. ჯერ მინდოდა, ქმარი გონს მოსულიყო, მოენანიებინა ჩადენილი დანაშაული და მიმხვდარიყო, როგორ მატკინა გული. მაგრამ, მერე, როცა ჩემმა მარტოსულობამ პიკს მიაღწია და მივხვდი, რომ გულშემატკივარი მართლა არავინ მყავდა, ღმერთს შევთხოვე, ისეთი ადამიანი გამომიგზავნე, ვინც მართლა შემიყვარებს-მეთქი.

– კონკრეტულად მამაკაცს ნატრობდით?

– ძნელი დასაკონკრეტებელია, რას ვნატრობდი. მე სითბო, სიყვარული და ყურადღება მჭირდებოდა. ძალიან მჭირდებოდა და ჩემი ნატვრაც ახდა. ნახევარი წლის წინ ბედნიერება თავისით „დამეცა“ თავზე. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, დიდხანს ვერ გამოვედი შოკიდან. არ მჯეროდა, რომ ეს რეალობა იყო და ნამდვილად ჩემს თავს ხდებოდა. შემთხვევით შევხვდი ადამიანს, მამაკაცს, რა თქმა უნდა, და ისე შემიყვარდა, როგორც არასოდეს არავინ მყვარებია. არ ველოდი ასეთ გრძნობას და შეიძლება, არც ვიყავი ამისთვის მზად. როცა ჩემს სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხეს, დავიბენი კიდეც. ღალატითა და სიმარტოვით დაღლილი, მთელი არსებით გადავეშვი გრძნობის ამ მორევში. გადავეშვი დაუფიქრებლად და ანგარიშმიუცემლად. არც კეთილგონიერებამ დამაბრკოლა და არც იმან, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავიყენე თავი. განა, სიყვარული გაძლევს საშუალებას, იფიქრო ასეთ წვრილმანებზე?

– ხომ არ იყო სხვა მამაკაცთან ურთიერთობა თქვენი მხრიდან შურისძიება ღალატზე?

– არა. გულახდილად გეუბნებით. მე არ მიფიქრია შურისძიებაზე. არ ვეძებდი შურისძიებას. სიყვარულს ვეძებდი და ვიპოვე. აღარც ის გავითვალისწინე, რომ მას ცოლი და შვილები ჰყავდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ქალების მიმართ განსაკუთრებული სისუსტით გამოირჩეოდა. თუმცა, მე ნაკლებად მაინტერესებდა მისი სისუსტეები. ბოლოს და ბოლოს, მისგან ის მივიღე, რაც ყველაზე მეტად მაკლდა და მჭირდებოდა. შეიძლება, ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ არავინ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მე ვიყავი. იმიტომ, რომ შეიძლება, უარესიც გააკეთოს – პირველივე შემხვედრ მამაკაცს ჩაუგორდეს ლოგინში. იცით, როცა მესიჯებს მწერდა თავიდან დავიბადე და ამხელა ქალი შეყვარებულ გოგონად ვიქეცი. ან როგორ არ იღლებოდა?! მიგზავნიდა და მიგზავნიდა, თან, ისეთ გზავნილებს, ვდნებოდი. თავი ისევ სასურველ ქალად ვიგრძენი. მივხვდი, რომ მეც შემიძლია, მამაკაცის შთაგონების წყარო ვიყო. ჩემი ქმრისთვის თუ აღარ ვიყავი ვნების ობიექტი, სხვა ხომ ნატრობდა ჩემთან ალერსს.

– ალბათ, თქვენი გაგებაც შეიძლება.

– თუმცა, არ გესმით, ამისი თქმა გინდათ, ხომ მართალია? რა არის, იცით, ღალატი ისეთი ფსიქოლოგიური სტრესია ადამიანის ფსიქიკისა და პიროვნებისთვის, წინასწარ ვერავინ იტყვის, რა შეიცვლება მასში. აბა, ცოლებს როგორ კლავენ კაცები? ისინი დაბადებიდან მკვლელები კი არ არიან. ადამიანის ნერვული სისტემა ფაქიზია. საკმარისია, ტვინში ერთი „შარიკი“ ამოტრიალდეს, რომ მორჩა ყველაფერი! ჩემში, ეტყობა, სხვა „შარიკი“ ამოტრიალდა „სიყვარულის შარიკი“. ამიტომაც, არავინ არ უნდა განსაჯო, მით უმეტეს, მკაცრად. ახლა, იცით, როგორ სიტუაციაში ვარ? – პატარა გოგოსავით დავრბივარ მასთან პაემნებზე, თანაც მალულად, რაც ჩვენს შეხვედრებს კიდევ უფრო მეტ ვნებიანობას ანიჭებს. სულ ვკანკალებ ხოლმე მოლოდინისგან და ეს ბედნიერებას მანიჭებს. მაგრამ, ხომ იცით, მედალს ორი მხარე აქვს. რაც უფრო შორს მიდის ჩვენი ურთიერთობა, მით მეტად მიპყრობს შფოთი და მოუსვენრობა.

– ანუ, მაინც არ ყოფილა ადვილი ორმაგი ცხოვრება.

– მე ვამბობ, ადვილია-მეთქი? ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ ჩემმა ცხოვრებამ ასე მოიტანა. ოჯახის დანგრევა არ მინდა. მიუხედავად ყველაფრისა, ამდენი წელია, ერთად ვართ და შევეჩვიეთ ერთმანეთს. შვილი გვყავს და მას მამა სჭირდება. ჩემს ქმარს აქვს იმის უნარი, ოჯახი ყველაფრით უზრუნველყოს. ჩვენს დროში ეს უკვე ბევრს ნიშნავს. გარდა ამისა, ჩვენი საზოგადოების ამბავი ხომ იცით. ქმარი როგორი „მოგულავეც“ უნდა იყოს, მაინც ქმარია და ფარი. ამიტომაც ვიცი, რომ ჩემს რომანს, ადრე იქნება ეს თუ გვიან, წერტილი აუცილებლად დაესმევა. მე ეს ყველაფერი ჩემს საყვარელს უკვე ვუთხარი. ისიც ავუხსენი, რომ მე მისი ცოლის წინაშე დამნაშავე ვარ. იმ ქალმა რა დამიშავა. ფაქტობრივად, მე ვარ მიზეზი მისი ნერვიულობისა. ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია ჩემ გამო, როგორშიც მე ვიყავი ჩემი ქმრის ღალატით. ხვდებით, ხომ, რისი თქმაც მინდა. ეს ძალიან მძიმე განცდაა. მესმის იმ ქალის და სინდისი მის გამო უფრო მაწუხებს, ვიდრე იმიტომ, რომ ქმარს ვუღალატე.

– ქმარს რომ უღალატეთ, იმიტომ არ გადარდებთ, რომ ისიც ასე იქცევა უკვე მრავალი წელია?

– არა, ამას ვერ ვიტყვი. როგორ არ მადარდებს. თუმცა, თავიდან რომ გამეორდეს ეს ყველაფერი, არაფერს შევცვლი. გულახდილად ვამბობ. არ ვნანობ მომხდარს, იმ წუთებს არაფერი შეედრება, რომლებსაც ჩემს საყვარელთან ვატარებ. ისე, რომ დავაძალო, ან მოვინდომო, სულ ერთად ვიქნებით. გაშორდება ცოლს და მე შემირთავს, მაგრამ მე თვითონ არ მინდა.

– მისი ცოლის თუ თქვენი ქმრის გამო?

– უფრო მისი ცოლის გამო. თუმცა, არც ჩემი ქმარი მეთმობა. ხომ გითხარით, ერთმანეთთან ბევრი რამ გვაკავშირებს. ჩვენი ერთად ყოფნით – საყვარელს ვგულისხმობ, ძალიან ბევრ ადამიანს მივაყენებთ ტკივილს და ასეთი ეგოისტი ვერ ვიქნები. დედა ვარ ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილი მამამისის გვერდით რომ არის, ასე კარგად არც ერთი მამაკაცის გვერდით არ იქნება. რეალურად უნდა შეხედო ცხოვრებას. სულ საკუთარ თავსა და სიამოვნებაზე ვერ იფიქრებ. დედას ნამდვილად არ აქვს ამის უფლება.

– ამ ყველაფერს ეუბნებით თქვენს საყვარელს?

– რა თქმა უნდა, საკმაოდ ხშირად. მან იცის, რომ ქმარს არ დავტოვებ. მისი მესამე ცოლი არ გავხდები. ეს გამორიცხულია.

– მეორე ცოლი ჰყავს?

– დიახ და მისი მეორე ცოლის ბედი ჩემს ხელშია. საკმარისია, ცოტა ვიაქტიურო, რომ ოჯახს დავუნგრევ. მაგრამ, ეს არაფერში მჭირდება. გულახდილად გეუბნებით.

– თუ არჩევანს ვერ აკეთებთ ქმარსა და საყვარელს შორის?

– მე არ ვდგავარ არჩევნის წინაშე და არც დავდგები. ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე თორმეტი წლის წინ.

– ქმარმა რომ გაიგოს თქვენი ღალატის შესახებ?

– არ უნდა გაიგოს. ძალიან ვფრთხილობ. მარტო ჩემმა ქმარმა კი არა, მისმა ცოლმაც არ უნდა იცოდეს, რომ მე ვარ მისი ქმრის საყვარელი. თორემ, რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. აბსოლუტურად შესაძლებელია, მაშინვე ჩემს ქმართან მივარდეს და ისტერიკა მოაწყოს.

– ამისი ალბათობა დიდია?

– დიახ. ამას მეც ვხვდები. იცით, რა მინდა იცოდეს იმ ქალმა? – რომ არც ერთი კაცი არ ღირს ტირილად და ღამეების თენებად. საკუთარ თავზე უნდა იზრუნო. არავინ დაგიფასებს თავგანწირვას. ვის უნდა შენი მსხვერპლი – კაცს? რა სისულელეა. ყველა ერთნაირი ეგოისტი და არამზადაა. დიახ, ჩემი საყვარელიც ასეთია. გამონაკლისები არ არსებობენ. მერე რა, რომ ერთად კარგად ვართ. ეს არაფერს ნიშნავს. ისიც ისეთივე მოღალატეა, როგორც ჩემი ძვირფასი მეუღლე. ნეტავი, უკაცოდ ყოფნა შეიძლებოდეს, მაგრამ რა ვქნა, ჯანმრთელი, ნორმალური, მგრძნობიარე ქალი ვარ და სიყვარული მჭირდება. თუ მარტო ვარ, განვიცდი, ვნერვიულობ... მაგრამ დამირეკავს „ის“ და ცხოვრება მაშინვე ფერადდება... ეტყობა, ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ტვირთია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვათრიო.


скачать dle 11.3