ვის აქვს ლეილა მესხის მილიონობით ვალი და ეწვია თუ არა მას დიდი სიყვარული
ცნობილი ჩოგბურთელი, ლეილა მესხი, იღბლიან ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება – მისთვის არც სპორტულ ფორტუნას უქცევია ზურგი და არც ის დაჰკლებია, რაც ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება. მართალია, 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდა, მაგრამ თავს უიღბლო ქალად მაინც არ მიიჩნევს. იმის მიუხედავად, რომ ცხოვრება სიურპრიზებს ხშირად არ უწყობდა და წარმატებებს დიდი გამოცდების შედეგად მიაღწია, ფიქრობს, რომ მაინც ყველაფერში გაუმართლა და საკუთარ იღბალს საყვედურს ვერასდროს ეტყვის.
ლეილა მესხი: ასე მგონია, იღბლიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს იღბალი მაინც ძალიან ბევრი შრომის შედეგად მოდის. მხოლოდ იღბლის იმედზე ვერ იქნები, შენც უნდა იბრძოლო, რომ რაღაც მიიღო ან მერე შეინარჩუნო. არსებობენ ისეთი იღბლიანებიც, ვინც იყიდის ლატარიის ბილეთს და მილიონერი ხდება, ჩემს შემთხვევაში ასეთი რამ არ ყოფილა და ასეთი სიურპრიზებიანი იღბლის არც იმედი მაქვს და ნაკლებადაც მჯერა. როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, ყოველთვის ვფიქრობ, რამდენი შრომა გავწიე ამა თუ იმ საკითხზე. თუ მართლა ბოლომდე დაიხარჯე, გამორიცხულია, შედეგი არ მიიღო და არ გაგიმართლოს. მე არ მჯერა, რომ ისე, უბრალოდ, შემთხვევით შეიძლება დაგეცეს თავზე წარმატება. ჩემს ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი მაინც კანონზომიერად ხდება.
– იღბალი მაინც მოულოდნელი შემთხვევითობაა, რაშიც ჩვენ ნაკლებად მიგვიძღვის წვლილი. ასეთები თქვენს ცხოვრებაში არ ყოფილა?
– ასეთი, ალბათ, იყო, ჩემი ოჯახი, სადაც დავიბადე და გავიზარდე – ამ ოჯახში რომ გავჩნდი, ეს არ ყოფილა ჩემი დამსახურება (იცინის). ძალიან მნიშვნელოვანია ის სტარტი, რომელიც გვეძლევა მშობლებისგან, ის, თუ როგორ იცხოვრეს შენმა წინაპრებმა, მშობლებმა... ცხოვრებას შეცდომების გარეშე ვერავინ გაივლის, ყველას მილიონობით ცოდვა გვაქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ სწორად ცხოვრება შევძლოთ. მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ოჯახში გავჩნდი. ჩემი მშობლები აბსოლუტურად ჩვეულებრივი მშობლები იყვნენ, მაგრამ მათ მომცეს ყველაზე მნიშვნელოვანი – გავიზარდე დიდ სიყვარულში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს – სითბო და სიყვარული მას არ აძლევს საშუალებას, რომ აგრესიული გახდეს. სულ ვცდილობ, იგივე სიყვარული მივცე ჩემს შვილებს, რაც მე მივიღე მშობლებისგან – ეს, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ დაიბადო ძალიან მდიდარ ოჯახში და ვერც სითბოს ფასი გაიგო და ვერც სიყვარულის. ჩემი წარმატებული სპორტული კარიერა იყო მშობლების დამსახურება: მამაჩემმა, ფაქტობრივად, თავი გადადო ჩემთვის, ბევრი მსხვერპლი გაიღო – ჩემთან ერთად ცხოვრობდა ჩოგბურთით, ჩემთან ერთად დადიოდა ვარჯიშზე. დედამ ორი ადამიანი დაკარგა, მაგრამ იტანდა იმას, რომ დროებით ისინი ერთმანეთს დავაშორე. თავიდან სწავლაზე ჰქონდა აქცენტი, მაგრამ, როცა უკვე პროფესიონალის დონეზე დავინტერესდი ჩოგბურთით, თვითონაც ჩაერთო ჩემს სპორტულ ცხოვრებაში. მანამდე კი ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი გატაცება – ძალიან მინდოდა მსახიობობა, გამუდმებით როლებზე ვოცნებობდი, მაგრამ ამისთვის არავინ არაფერს აკეთებდა, მათ შორის, არც მე. მერე, როცა გავიზარდე, ისე ჩავერთე ჩოგბურთში, რომ მსახიობობა აღარც გამხსენებია... (იცინის).
– როგორც ამბობენ, სპორტსმენისთვის სპორტული ფორტუნა ძალიან მნიშვნელოვანია.
– მე ძალიან ხშირად მითქვამს, რომ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღმერთი შანსს არ აძლევს. ასევე ხდება სპორტშიც. წლის განმავლობაში დაახლოებით 25 ტურნირს ვთამაშობდით. არ შეიძლება, რომ არც ერთ ტურნირში არ გაგიმართლოს. ხან გაგიმართლებს, ხან – არა, მუდმივად არც ერთი ხდება და არც – მეორე, მაგრამ, მაშინ, როცა შეგხვდებიან სუსტი კონკურენტები ან სხვა ფაქტორები მუშაობს შენთვის, ეს აუცილებლად უნდა გამოიყენო და შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. მე ძალიან ხშირად მეძლეოდა ეს შანსები, თუმცა, მქონდა რთული პერიოდებიც. ერთხანს უმძიმესი ორი წელიწადი გავატარე, მაგრამ, ალბათ, ესეც ჩემი გამოცდა იყო, რომ გადამელახა და უფრო გავძლიერებულიყავი. სპორტსმენებს პროფესიული მარცხები უფრო იოლად გადააქვთ, ყველა წაგების მერე იწყებ ფიქრსა და სამზადისს მოსაგებად და ივიწყებ წარსულს. ეს პროფესიული თვისება ცხოვრებაშიც ძალიან გამომადგა – ტრაგედიად არც ის მიქცევია, რაშიც დავმარცხდი, პირიქით, ყოველთვის თავიდან ვიწყებდი ცხოვრებას.
– საჭირო დროს თუ ყოფილხართ საჭირო ადგილას ან ადამიანებს თუ შეუცვლიათ თქვენი ცხოვრება ამა თუ იმ ეტაპზე?
– იმ პერიოდში, როცა მოხდა „პერესტროიკა“, მეც, შეიძლებოდა, ისე წავსულიყავი სპორტიდან, რომ არაფერი დამრჩენოდა – ასე ბევრ ჩემს კოლეგას დაემართა საბჭოთა კავშირში. მე დავიწყე ჩემი საპრიზო თანხების აღება და ამ ფულით გავაკეთე ჩოგბურთის აკადემია. მანამდე სახელმწიფო იღებდა ამ თანხას – ძალიან ბევრი ფული მაქვს მიცემული „გოსკომსპორტისთვის“ მოსკოვს ჩემი მილიონობით ვალი აქვს (იცინის). მე გამიმართლა ადამიანებში, ბევრი კარგი ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ცდილობდნენ, ფეხი დაედოთ. როცა ხარ ლიდერი, ამა თუ იმ სფეროში, ეს უნდა გამოსცადო და ამასაც უნდა გაუძლო. დღეს მყავს ბევრი კარგი მეგობარი, რომლებიც წლებმა გამოსცადა, მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გარკვეული ტკივილი დამიტოვეს. ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც ბევრი რამ შენზეა დამოკიდებული – მე უკვე ცხოვრების დიდი გზა გავიარე და ეს კარგად ვიცი. წარმატებულ ადამიანებს სხვა წრე აქვთ, „ნეუდაჩნიკებს“ – სხვა, ამიტომაც, ყოველთვის უნდა ეცადო, რომ იყო წარმატებული.
– როგორც ქალი, იღბლიანი ხართ?
– მე მგონი, არც ამ მხრივ ვყოფილვარ უიღბლო. ძალიან ადრე გავთხოვდი, ამიტომაც, დაოჯახებამდე ჩემს ცხოვრებაში თითქმის არ ყოფილა ამ მხრივ არაფერი საინტერესო. ისე ვიყავი ჩართული სპორტში, ფლირტისთვის არ მეცალა (იცინის). 16 წელი ვიყავი გათხოვილი და იმის მიუხედავად, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ, არ მიმაჩნია, რომ უიღბლო ვარ. ეს წლები ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი, მით უმეტეს, რომ ეს იყო ძალიან ბედნიერი წლები. დღეს მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ჩვენ გვაკავშირებს შვილები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყველაფერი მაქვს, რაც ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება, რატომაც არა?! (იცინის) თუმცა, ქალისთვის, საყვარელ მამაკაცზე მეტად მნიშვნელოვანი – შვილებია, სიყვარული ასე თუ ისე გადის, მარადიული სიყვარული ქალსა და კაცს შორის, თითქმის, არ არსებობს, წლების განმავლობაში, ყველაზე დიდი სიყვარულიც კი იკარგება. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება – შვილებია.
– მუდმივად უცხოეთში გიწევდათ ყოფნა, ექსტრემალურ სიტუაციებში თუ აღმოუჩენიხართ იღბალს?
– არა, ექსტრემალურ სიტუაციებში თითქმის არ მოვხვედრილვარ, არც თვითმფრინავის ჩამოვარდნის საფრთხე შემქმნია. და, მაინც, ბოლო დროს თვითმფრინავის ისე მეშინია, რომ ამაზე საუბარიც კი მაშინებს. გლობალურად მჯერა ბედისწერის. არსებობს რაღაც, რასაც ჩვენ ვერ ვცვლით. უამრავი შემთხვევაა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც, რომ არ მომხდარიყო, რაღაც სხვა მოხდებოდა. მაგრამ, შემთხვევით, ალბათ, არაფერი ხდება.
– თილისმები თუ გაქვთ?
– სპორტსმენები ცოტა ცრუმორწმუნე ხალხი ვართ: მატჩის წინ ხურდას თუ იპოვიდი, კარგის ნიშანი იყო. მეც ვატარებდი თან ბევრ რამეს. დღემდე მაქვს ერთდოლარიანი მონეტა, რომელიც, არც კი მახსოვს, ვინ მაჩუქა და ამ მონეტას, მუდამ თან ვატარებ, ახლაც კი თან მაქვს. რატომღაც, სულ მეგონა, რომ ამ მონეტას წარმატება მოჰქონდა.
– აზარტულ თამაშებში გიმართლებთ?
– თითქმის არასდროს არაფერი მომიგია, მხოლოდ ერთხელ, ერთ-ერთი ფირმის პრეზენტაციაზე, ჩემი ბილეთი დავუტოვე მეგობარს, რომელმაც იმ ბილეთით მოიგო პრიზი. საერთოდ, არ ვარ აზარტული, კაზინოში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, ისე, ინტერესისთვის, თითქოს მუზეუმში შევსულიყავი (იცინის). მონტე-კარლოში როცა ხარ, კაზინოში რომ არ შეხვიდე, უბრალოდ არ შეიძლება. იქ გამოვცადე ჩემი იღბალი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით – ფული დავხარჯე, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოვიგე. გულიც არ დამწყდა, რადგან წაგებისთვის ვიყავი განწყობილი, მაგრამ, თამაშით ვისიამოვნე. კაზინოში ფულის წაგებას, მირჩევნია, ფეხსაცმელები ვიყიდო.
– რატომ, ფეხსაცმელი თქვენი სისუსტეა?
– მიყვარს ჩანთები და ფეხსაცმელები, საკმაოდ ბევრს ვყიდულობ. ძალიან მიყვარს დელიკატესების ყიდვა, შეიძლება, არ მივირთვა, მაგრამ, სახლში დელიკატესები უნდა მქონდეს. ვაღიარებ, რომ ფულის კარგი მხარჯველი ვარ, იმის მიუხედავად, რომ ფული ჩემთან მხოლოდ შრომით მოდის – არც განძი მიპოვია და არც მემკვიდრეობა მიმიღია. კარგად ვიცი ფულის ფასი, მაგრამ, არ ვიცი, რა არის ეკონომია. უარს არ ვამბობ იმაზე რაც მომწონს, მიყვარს და მინდა (იცინის).
– საოჯახო საქმეში მარჯვე ხართ?
– არც ისე. ადრე, როცა ჩოგბურთს ვთამაშობდი, მქონდა ერთი გატაცება – ვქარგავდი. ეს გატაცება 1995 წელს დავასრულე. ვქარგავდი ყველგან: მატჩების შემდეგ, თვითმფრინავში, მით უმეტეს, თუ ავსტრალიაში მივფინავდით. მაშინ მატჩების მერე დროის სატარებლად კი არ მივდიოდით, სასტუმროში ვბრუნდებოდით და მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა?! ჩოგბურთის სამყაროში მარტო მე არ ვიყავი გატაცებული ქარგვით, ეს ერთგვარი ტენდენცია იყო. ძალიან ბევრი ნივთი მაქვს გაკეთებული, რომლებიც ძალიან მომწონს და ვინახავ, როგორც რელიკვიას. ძალიან მიყვარს წესრიგი და სისუფთავე, მაგრამ ამას ვახერხებ სხვების დახმარებით და ხანდახან მეც არ ვაკლებ მცდელობას. ალბათ, მაინც ქარგვა იყო ჩემი ხელმარჯვეობის მწვერვალი (იცინის).
– როგორც ამბობენ, ლეილა მესხს დიდი სიყვარული კიდევ ეწვია. არ ფიქრობთ, კვლავ შექმნათ ოჯახი?
– ასე ამბობენ? (იცინის) მე ახლა ახალი სახლის რემონტით ვარ დაკავებული, უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც სახლში მუშები და ხელოსნები მყავს და ამ სახლის მოწყობის გარდა ვერაფრისთვის ვერ ვიცლი, თუმცა ეს ნამდვილად არ უშლის ხელს სიყვარულს. დიდი სიყვარული ნამდვილად არ მწვევია, მაგრამ, თუ გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც თავს კარგად ვიგრძნობ, რატომაც არა! თუმცა, ოჯახის შექმნაზე უახლოეს მომავალში არ ვფიქრობ, ისე, რა თქმა უნდა არაფერს გამოვრიცხავ, რადგან არასოდეს არ უნდა თქვა „არასოდეს“.