თამუნა ლეჟავა: „ძალიან არ მიყვარს ნივთის გამეორება. თუ ექსკლუზიური მოთხოვნა არ არის, ამას არ ვაკეთებ“
თამუნა ლეჟავას კოლექციაში ასამდე სამკაულია თავმოყრილი, რომლებსაც გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია, ვუწოდოთ ხელოვნების ნიმუშები. ეს არის ულამაზესი და უნატიფესი, ქალბატონი თამუნას მიერ მოწნულ-მოქსოვილი ყელსაბამები. კოლექციონერს არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, რომელზე წარმოდგენილ ყელსაბამთა დიდი ნაწილი გაიყიდა. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მის ნახელავებს შორის არის ისეთი ნივთები, რომლებსაც ვერასოდეს შეელევა და მხოლოდ ისინი ჰპოვებენ მის კოლექციაში ადგილს. თუ როგორ დაიწყო პროფესიით ფიზიკოსმა, ამგვარი კოლექციის შექმნა-შეგროვება, რაში ჰპოვა განტვირთვა და რა არის ქალბატონი თამუნასთვის მისი კოლექცია, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამუნა ლეჟავა: ჩემს ბებიებს ძალიან კარგად ეხერხებოდათ ხელსაქმე და შესაბამისად, მთელ ბავშვობაში, პირადად შეხება არ მქონია, მაგრამ ჩემს თვალწინ იქმნებოდა უამრავი უმშვენიერესი ნივთი. თვითონ არ ვქმნიდი, მაგრამ შეიძლება ითქვას, თეორიულად უკვე ვიცოდი, მძივთან ურთიერთობის კულტურა, სამკაულის თავისებური ნიუანსები. მერე და მერე, ალბათ, გახსოვთ, მძიმე პერიოდი დადგა ყველას ცხოვრებაში. ოთხმოცდაათიანი წლები, როგორც ყველამ, მეც მძიმედ გავიარე და დეპრესიული ფონი ძალიან მძაფრი მქონდა, პირადული თუ ქვეყნის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე. სწორედ ამ პერიოდში მოვკიდე ხელი ამ საქმეს და ვიგრძენი, რომ მასში ძალიან დიდი განტვირთვა ვიპოვე. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე... ახლა უკვე ვერც წარმომიდგენია, თუ არა ამით, რით შეიძლება დავკავდე.
– ანუ, ძირითად საქმიანობად იქცა ამ შესანიშნავი ყელსაბამების შექმნა თქვენი კოლექციისთვის?
– კი, რა თქმა უნდა. ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი პროფესიაა, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ შემოსავლის თვალსაზრისითაც. შეკვეთებიც მაქვს უკვე. თუმცა, არის ისეთი ნივთებიც, რომელსაც არასდროს შეველევი და ისინი ჩემი კოლექციის ნაწილია. ის, რასაც მე ვქმნი, სპეციფიკური სამკაულებია. ეს არ არის ყოველდღიური. მათ შორის რამდენიმე ისეთია, რომლებიც გამოფენებზე გამაქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იყიდება. ისინი მუდმივად ჩემთან არის.
– გამოფენები ხშირად გაქვთ?
– საკმაოდ, სულ ახლახან მქონდა კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა, ბაია წიქურიძის გალერეაში. კმაყოფილი ვარ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– სულ რამდენი სამკაული გაქვთ შექმნილი?
– ბევრი, ალბათ ასამდე. ძალიან არ მიყვარს ნივთის გამეორება, თუ ექსკლუზიური მოთხოვნა არ არის, ამას არ ვაკეთებ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი საყვარელი დამკვეთია ნინო სუხიშვილი. მას ზუსტად ესმის, რას ვაკეთებ და მეც ზუსტად ვიცი, რას ითხოვს ჩემგან. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია. მით უმეტეს, ვიცი, რომ ჩემს მიერ შექმნილი სამკაული მან სცენაზე უნდა გაიკეთოს. „სუხიშვილები“ ხომ საუკეთესო სცენებზე გამოდიან მსოფლიოში და როდესაც ნინო აპლოდისმენტებზე ჩემი სამკაულით გამოდის ეს ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა.
– პირადად თუ გამხდარხართ ამის მოწმე როდისმე?
– დიდი ილიკოს 100 წლისთავთან დაკავშირებულ კონცერტზე ვიყავი, სადაც საოცრად ამაღლებული და სასწაული წარმოდგენის მოწმე გახდა იქ მოსული საზოგადოება. კონცერტის ბოლოს, ნინო გამოვიდა და ჩემი გაკეთებული ყელსაბამი ეკეთა. მაშინ ჩემმა დამ მითხრა: აი, ახლა შეგიძლია თქვა, რომ სუხიშვილების პატარა ნაწილი გახდიო.
– როგორც ვიცი, კალაძეებიც თქვენი კოლექციით არიან მოხიბლული, როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება?
– შარშან, ჩემს მეორე პერსონალურ გამოფენაზე ჩემთან მოვიდა ანუკა არეშიძის (კახი კალაძის მეუღლე – ავტორი) დედა, ქალბატონი ნინო და მას შემდეგ სულ გვაქვს ურთიერთობა. ისინი პერიოდულად მოდიან, ეცნობიან სიახლეებს ჩემი კოლექციიდან და მათთვის საინტერესო ქმნილებებს ირჩევენ. პირველად რომ შევხვდით, ანუკამ კოლექციის ყველა ნიმუშს ფოტო გადაუღო და არჩევანში დაიკარგა, ბევრი რამის შეძენა უნდოდა.
– საბოლოოდ როგორი არჩევანი გააკეთა?
– არჩევნის გაკეთება ვერ მოასწრო, დაურეკეს და სასწრაფოდ მოუხდა წასვლა. შემდეგ ქალბატონი ნინო მოვიდა ჩემთან და შეიძინა ძალიან დიდი ჰალსტუხი, რომელშიც ფირუზისფერი ჭარბობდა. ეს ჰალსტუხი დაბადების დღეზე გაუგზავნეს ანას. მოგვიანებით, ქალბატონმა ნინომ დამირეკა, აღფრთოვანებული იყო, უამრავი თბილი სიტყვა მითხრა, საკუთარ ნახელავზე საუბარი ძალიან უხერხულია ქების ტონით.
– რაო, რა გითხრათ?
– კახი კალაძეს ანასთვის დაბადების დღე გადაუხდია მილანში. ამ საღამოზე ანას ჩემი შექმნილი ფირუზისფერი ჰალსტუხი ამშვენებდა. როგორც მიამბეს, ძალიან კარგად გამოიყურებოდა, უხდებოდა და უამრავი კომპლიმენტი მიიღოო. ამის შემდეგ, ჩემთან მოვიდა ქალბატონი ნინო და გამოფენაზე გამოტანილი ნივთებიდან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც იყო, ყველა შეიძინა. მათ შორის ის, რომელიც ჩემი საიტის სახეა და მიჭირდა მასთან განშორება. არადა, ანა უთვლიდა, რომ ძალიან უნდოდა მისი შეძენა. მაშინ ვთხოვე, 3 კვირა მოეცათ. სწორედ ამ დროში გავაკეთე ასლი და პრობლემაც მოგვარდა.
– ძირითადად, რა მასალაზე მუშაობთ?
– ვმუშაობ ყველა ზომისა და ხარისხის ბისერებზე. არის წახნაგოვანი და გლუვზედაპირიანი ბისერი. გარდა ამისა, ვიყენებ სხვადასხვა ფერის სინთეტიკურ მარგალიტს, ლითონის მძივებს, სვაროვსკის ყველანაირი ზომისა და ფორმის მძივებსა და ბრტყელ კრისტალებს. ბოლო პერიოდში გადავერთე ნახევრად ძვირფას ქვებზე. ძალიან მომწონს შავი ონიქსი, ელეგანტურია და ნივთებსაც უხდება. გარდა ამისა, დატოტვილი მარჯანი ორიგინალური კომპოზიციების შექმნის საშუალებას იძლევა. ვიყენებ ოქროს ბისერებსაც, ეს თოთხმეტკარატიანი ოქროა, ძალიან ძვირფასი და ელეგანტური მასალაა.
– რა პერიოდია საჭირო ერთი ყელსაბამის შესაქმნელად?
– ხუთი დღიდან სამ კვირამდე, მოწვნის სირთულისა და ზომის მიხედვით. ძალიან მომწონს ფირუზისფერი, ოქროსფერი გამები.
– როგორც ვიცი, ბისერებით მოწვნის რამდენიმე ტექნიკა არსებობს, თქვენ რომელს იყენებთ ამ კოლექციის შესაქმნელად?
– არსებობს უამრავი ტექნიკა, მაგრამ საბაზისო რამდენიმეა. მე ყველას ვიყენებ. გარდა ამისა, არასდროს ვაკეთებ ესკიზს. როდესაც მუშაობას ვიწყებ, უკვე ვიცი, ვხედავ, რაც უნდა მოვწნა ფანტაზიაში თუ სადღაც...
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ყველაფერს. ეს კოლექცია ვარ მე. ყველაფერს ამით გამოვხატავ.