რატომ მოხდა ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილის ბერად აღკვეცა სრულიად საიდუმლოდ
მისი უწმიდესობის, ილია მეორის ამგვარი ცხოვრება, ჯერ კიდევ მისი ჩვილად ყოფნის პერიოდში იქნა გადაწყვეტილი, როცა მას თავისი კეთილმორწმუნე ოჯახი ვლადიკავკაზში, ქართულ ეკლესიაში ნათლავდა და რომელსაც მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. ჩვენ ექსკლუზიური უფლებით გაგაცნობთ უწმიდესისა და უნეტარესის დაბადების, ბავშვობის, სტუდენტობის, ბერად აღკვეცისა და პატრიარქად კურთხევის პერიოდებს, რაც ყველა ქართველს აინტერესებს.
ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, მერე კი ბავშვის სახელზე ციხე აუშენებია. ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცები იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.
უწმიდესის მამა, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილი, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა, ნატალია კობაიძე, სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი და დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის, სრულიად საქართველოს პატრიარქს, კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან. ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. 1933 წლის 4 იანვარს ღუდუშაურების წყვილს ვაჟი შეეძინა. ახალშობილი ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ქართულ ეკლესიაში მონათლეს და მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკმა) მონათლა. ბავშვის ნათლია იყო აგრეთვე მონაზონი ზოილე (დვალიშვილი), რომელიც ჯერ ბედისის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. ნათლიას ხშირად დაჰყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში. სწორედ აქ, სამთავროს მონასტერში შეხვდნენ ღვთის განგებით ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი. პატარას პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა მიუღია. გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა, გიორგის კი შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია ჰქონდა მოწყობილი. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს: „არ მახსოვს ჩემი თავი უფლისადმი რწმენისა და სიყვარულის გარეშე... ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს: სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა-ლოცვებზე დასწრების ეშინოდა, ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ გვაყენებდა და ლოცვებს გვიკითხავდა. ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა. მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა. შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა. თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“.
1952 წელს ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. „მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიც და მოსწავლეებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალ-ღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველურ და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად (იმ დროს წმიდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი). ჩვენ განსაკუთრებით ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა“, – იხსენებს პატრიარქი. 24 წლის ასაკში, სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცა საიდუმლოდ შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა. „ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის, იმიტომ, რომ აქ 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის, მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს“. ამავე წელს, სიონის საპატრიარქო ტაძარში, ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ორი წლის შემდეგ კი, წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში, იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდესის, ალექსი პირველის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. აკადემიაში სწავლების დროს, მეოთხე კურსზე მღვდელ-მონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის ისტორია“, რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმიდესისა და უნეტარესის, ეფრემ მეორის კურთხევა ამგვარი იყო: მღვდელ-მონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა. აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ის ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს იგი აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაყო. ამავე დროს, ის მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი. 1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს პატრიარქი დავით მეხუთე (დევდარიანი). ამავე წლის 23 დეკემბერს, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეთორმეტე ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს პატრიარქად. „ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და, თან, ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“.
გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საპატრიარქოს არქივის ხელმძღვანელსა და წიგნ „პატრიარქის“ რედაქტორს, ქალბატონ მზია კაციტაძეს.