ვინ არის ლოგინში მაგარი ეკა კვალიაშვილისთვის და როგორ იცილებს ის თავიდან არასასურველ მამაკაცებს
ეკა კვალიაშვილი შემოქმედებითად აქტიურ ფაზაშია შესული – სულ ახლახან მამიდამისის, მარიამ კვალიაშვილის საღამოზე გამოვიდა, კლიპი გადაიღო, სიმღერას წერს. იმ მამაკაცებისკენ კი არც იხედება, ვინც გატუტუცებულია და ქალის პატივისცემა არ იცის. სამი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ისევ ოჯახის შექმნას აღარ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ ისეთი ღირსეული და შეგნებული ადამიანი არ გამოჩნდება, როგორიც მას შეეფერება.
– ეკა, როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდში შენი ცხოვრება? რა ხდება ახალი და საინტერესო?
– ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც აქამდე ვცხოვრობდი. არაფერი შეცვლილა. წლების მატებას საერთოდ ვერ ვგრძნობ, საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ. სულ ადგილზეც რომ ვიჯდე, ცხოვრება მაინც გთავაზობს თავის ვარიანტებს. სულ ვაზროვნებ, ვფიქრობ, მინდა, რაღაც სიახლე მოხდეს, მაგრამ თუ ამის არანაირი შესაძლებლობა არ არის, თავი რომ ურტყა ჭერს, არაფერი გამოვა.
– მერე, შენც ადექი და შეცვალე. შენი ბედი შენს ხელში არ არის? ერთია, რას გთავაზობს ცხოვრება და მეორეა, შენ რა გინდა. ცხოვრების ჟინი და ბრძოლის უნარი თუ არ გაქვს, რა გამოვიდა?
– მთელი ცხოვრება ვმღერი და ამიტომ ვერ გეტყვი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება სიმღერის გარეშე. სულ ახლახან მამიდაჩემის, მარიამ კვალიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. სამი თვე არ გამოვსულვარ მისი სახლიდან. მომღერლები ვისხედით და ვრეპეტიციობდით. კლიპიც გადავიღე, ახალ სიმღერას ვწერ. პირადში კი არაფერი ხდება. გასაგებია, რომ ყველა აწვება ცხოვრებას, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა ვიაქტიურო მამაკაცებთან მიმართებაში. არ ვარ ასეთი კატეგორიის ქალი. თაყვანისმცემლები სულ მყავს, მაგრამ მეც ხომ უნდა მაინტერესებდეს? სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს ინტერესებსა და შეხედულებებს დააკმაყოფილებს. მამაკაცმა კაცური თვისებები არ უნდა დაკარგოს. მარტო ის არ არის საქმე, ლოგინში იყოს მაგარი. ყველანაირი ურთიერთობა უნდა შეეძლოს – ქალის პატივისცემა, სიურპრიზები, ფოიერვერკები და რაც მთავარია, სიყვარულის უნარი და არა მხოლოდ ხორციელი ლტოლვა.
– რა დროს ფოიერვერკები და სიურპრიზებია ამ გაგანია კრიზისში. ამ რაღაცეების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია?
– ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა მამაკაცი მხოლოდ ერთ რაღაცაზე ფიქრობს, თუმცა, პირდაპირ თქმას ვერ მიბედავს. მათი თვალების გამომეტყველებითაც მშვენივრად შეიძლება მიხვდე, ტვინში რა უდევთ. მთლად მასეც არ არის, რომ მარტო ერთი რაღაც აინტერესებდეთ, ჩემგან ძალიან ბევრი რამ აინტერესებთ. მამაკაცი შეიძლება, ბევრს ცდილობდეს, მაგრამ ჩემ გვერდზე ყოფნა ვერ „გაქაჩოს“. როცა ვხედავ, რომ კაცს არ აქვს ცხოვრებისეული პოტენციალი, ის ღირსეული ქალის გვერდით ვერ დარჩება.
– შენი ბუნებიდან და ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. აქტიური ცხოვრება გაქვს, დიდი ხანია, მარტო უძღვები შემოქმედებით საქმეებს თუ ოჯახს. ზოგ მამაკაცს ეშინია ასეთი ქალის გვერდით ყოფნა. როგორ ფიქრობ, ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რატომაც არ ჩერდებიან შენ გვერდით კაცები?
– არ არის გამორიცხული. წლების განმავლობაში მაქვს ჩემი სახელი, ავტორიტეტი. ძლიერი პიროვნება ვარ, მარტო ვცხოვრობ, ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვუძღვები ოჯახს. ვიღაცაზე დამოკიდებული ქალები სხვა კატეგორიაა. თავისთავად, მინდა, რომ მამაკაცი ჩემზე უფრო ძლიერი იყოს და სამწუხაროდ, ასეთები არ ჩანან. ყველას უკვირს – როგორ, მეგობარი არ გყავსო? არ მყავს. არ შემიძლია, თავი გავიცვითო ასეთი ურთიერთობებისთვის. ჩემთვის არ არის მიღებული ცხოვრების ასეთი წესი. ტრადიციებზე გაზრდილი ადამიანი ვარ. ჩემმა მამაომ, იცი, რა მითხრა? სრულიად სხვა გარეგნობა გაქვს და შინაგანად სულ სხვა ხარო. მაინცდამაინც არ ვზრუნავ იმიჯზე. ასეთი ვარ, ასე მინდა, რომ მეცვას, ასეთი ვარცხნილობა მქონდეს. ერთხელ ვცხოვრობ და სარკეში რომ ჩავიხედავ, საკუთარი თავის დანახვა უნდა მსიამოვნებდეს. რაც შეეხება, მიტოვებას, ყველა ის მამაკაცი, ქმრებს ვგულისხმობ, ვინც ჩემ გვერდით იყო, თვითონ მივატოვე. ჩავალაგე ბარგი და წამოვედი.
– სიმართლე გითხრა, ჩემთვისაც გასაოცარია – ეკა კვალიაშვილი მეგობარი მამაკაცის გარეშე.
– დღეს ჩემთვის არ არის მამაკაცი აქტუალური. ჩემს ცხოვრებაში დღეს აქტუალურია ის, რომ გავაკეთო ახალი სიმღერები, ახალი პროგრამა.
– შენ იდეალურ მამაკაცს ეძებ და ასეთები რომ არ არსებობენ, ხომ იცი? თუმცა, საკმაოდ სიმპათიური და კარგი ქმრები გყავდა.
– ნამდვილად არ ვაპირებ ნაძვის ხის სათამაშოებივით ავასხა მამაკაცის ის თვისებები, რაც მომწონს და მისგან რაღაც ტიპი შევქმნა. ჩემი ყოფილი ქმრები სიმპათიურები და კარგებიც იყვნენ, მაგრამ რაღაც ეტაპამდე. მიყვარს ლამაზი ადამიანები, მაგრამ იმის იქით კიდევ რაღაც ღირებული უნდა ჰქონდეს. ჩემი პირველი ქმარი – თემური, მსახიობი, კარგი იუმორით სავსე და თბილი ადამიანი იყო და დღემდე ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს მასთან, მაგრამ აბსოლუტურად მეგობრული. ჩვენ არანორმალურად გვიყვარდა ერთმანეთი. დანარჩენები კი, უბრალოდ, მომწონდა.
– თუ კარგად უგებდით ერთმანეთს, რაღას შორდებოდით?
– ჩვენ არ დავშორებივართ ერთმანეთს ჩხუბით და აყალ-მაყალით. დავჯექით და ერთმანეთს ავუხსენით, რომ ცოლქმრობას მეტი რაღაც სჭირდება და ეს მეტი არ გამოდის ამ ჩვენი ოჯახისთვის. ამიტომ, მოდი, რა, შენ შენთვის იყავი, მე – ჩემთვის.
– თქვენ-თქვენთვის ყოფნა როგორ გამოგდით? ერთმანეთის მიმართ ლტოლვას არ განიცდით?
– არასოდეს არაფერი ქრება, უბრალოდ, სხვა განზომილებაში რჩება. ჩვენი ცხოვრება ხომ განზომილებებად იყოფა – წარსული, აწმყო, მომავალი. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ იმ განზომილებაში, როცა შეყვარებული ვიყავი მასზე. არ გამოვიდა ჩვენი ცოლქმრული ურთიერთობა და დავშორდით.
– ყოფილ ქმართან კარგი ურთიერთობა, არა მგონია, მის მომავალ ცოლს ან შენს მომავალ ქმარს მოეწონოს.
– თემური ჩემი ძმაკაცია. ეჭვი მეპარება, ისეთ ადამიანთან დაიჭიროს საქმე, რომელსაც ქმრის ჩემთან მეგობრობა გააღიზიანებს. თემურს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი და უკვე შვილიშვილიც ჰყავს. ამჯერად ცოლი არ ჰყავს, მაგრამ ქალი, რომელიც მის გვერდით იქნება, ხომ ეცოდინება, რომ ამდენი ცოლისა და შვილის პატრონია. თემურის შემდეგ ორჯერ გავთხოვდი, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ შემიწყვეტია. იმ კაცთან შვილი მყავს და აბსოლუტური უფლება აქვს თავის შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს. რაც შეეხება ჩემს ქმარს, რას ჰქვია ულტიმატუმი წამიყენოს?! კიდეც გაუყვება თავის გზას. თუ ჩემი ცხოვრების წესს ვერ იტანს, კარგად იყოს. მე ულტიმატუმების ქალი არ ვარ. ვინც ჩემ გვერდით იქნება, მინდა, ვუყვარდე, ესმოდეს და სჯეროდეს ჩემი. გოიმებთან და ქაჯებთან საქმე არ მაქვს. ადამიანს, რომელსაც შეგნების დონე ძალიან დაბალი აქვს, ჩემს გვერდზე არაფერი ესაქმება. ასეთ საკითხებში ძალიან მკაცრი ვარ. სულ რომ არაფერი, ჩემი შვილის გამო მაინც მექნება კარგი ურთიერთობა თემურთან. ჩემს შვილს რომ არ ჰქონდეს იმის განცდა, დედა და მამა ცალ-ცალკე არიან.
– კაცებს ხშირად არ ესმით ქალის შინაგანი მოთხოვნილებების და ალბათ, ვერც ვერასდროს გაიგებენ – რაში სჭირდება ქალს ლამაზი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, სალონში სიარული. ცდილობენ, რაც შეიძლება კარგად გამოძვრნენ ასეთი სიტუაციებიდან. ეს გაღიზიანებს?
– მატერიალური მოთხოვნები შენ კი არ უნდა წაუყენო კაცს, თავად უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, მის გვერდით ქალი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს, თორემ, შენ თუ უკარნახე კაცს, როგორ მოიქცეს, რა აზრი აქვს ასეთი კაცის გვერდზე ყოფნას. კაცური თავმოყვარეობაც ხომ არსებობს? ძალიან მინდა, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, თავის ცოლს რაღაც სასიამოვნო გაუკეთოს. კარგად მესმის მისი, ვისაც უნდა, რომ პატივი სცეს მეუღლეს, თუმცა, არ აქვს. თუმცა, მაინც ჯობია, წელგამართული იყოს, ვიდრე გარყვნილი თავისი ცხოვრებით.
– გარყვნილებაში რას გულისხმობ?
– შეიძლება, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გატუტუცებული იყოს, „პარადი“ წაიყვანოს ოჯახში. გათავხედებული ხალხის ატანა არ შემიძლია. ასეთი მამაკაცი პრიმიტიულია. თუ შეგნებულია და გვერდით შეგნებული ქალი ჰყავს, ის ქალი პრიორიტეტებს არ წაართმევს. ქალები რომ ყველაფერს თავის თავზე იღებენ და აკეთებენ, არ შეიძლება.
– საბოლოო ჯამში, ალბათ, არ აპირებ მარტო დარჩენას?
– რა თქმა უნდა, მინდა, ოჯახი მქონდეს, ოღონდ ღირსეულ ადამიანთან. იმიტომ, რომ ოჯახი ერქვას, არ მინდა, მაგას მირჩევნია, ისევ მარტო ვიყო. მაინცდამაინც ხელში უნდა ჩამაკვდეს სიბერეში და ქვრივი უნდა მერქვას? ამ კაცის მიმართ მეც უნდა გამიჩნდეს ლტოლვა და ყველაფერი უნდა მქონდეს, რაც დღესდღეობით არავის მიმართ არ მაქვს. ვერავინ აღძრა ასეთი სურვილი ჩემში. არ შემიძლია, ერთ დღეს ვიღაც მყავდეს, მეორე დღეს – სხვა.
– რა ხდება, კაცები ხომ არ შეგზიზღდა?
– არა, ჩემო კარგო. ზიზღი რომ გამიჩნდეს მამაკაცების მიმართ, გადახრა დამწყებია და ეგ არის.
– დღეს არავის გადახრა აღარ არის გასაკვირი, სულ გადახრილები არ დადიან?
– შეიძლება, ვიღაცის მიმართ არასასიამოვნო განცდაც მქონია, მაგრამ ზიზღი – არანაირად. ბავშვობიდან მოყოლებული, გარშემო სულ ბიჭები მყავს. ცოლები მოიყვანეს, ახლა მათ ცოლებთან ვმეგობრობ. და-ძმებივით ვართ. ასე რომ, არ შეიძლება, მათ მიმართ ცუდი განცდა დამეუფლოს.