ბიჭოლას კრუიზული კოლექცია “კრუიზში„
თავად, კოლექციაზე უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ამიტომ ბიჭოლას ჩვენებაზე უფრო კულისებით დავინტერესდით. ჩვენება გემბანზე უნდა გამართულიყო, მაგრამ, ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით პოდიუმმა რესტორნის ევროპულ დარბაზში გადმოინაცვლა. ადგილი გაცილებით ცოტა იყო იმასთან შედარებით, რამდენი მოსაწვევიც დარიგდა. თუმცა, დეფილეს ყურება ყველა მხრიდან იყო შესაძლებელი, ასე რომ, ფეხზე მდგომებსაც დიდად არ უწვალიათ. ყველაფერ ამაზე თავად დიზაინერი ძალიან ნერვიულობდა, და, ამის გამო, მასთან ლაპარაკიც კი შეუძლებელი იყო. ჩვენებაზე სრულიად ქართული ბომონდი შეიკრიბა, კულმინაცია კახა კალაძისა და ანუკა არეშიძის მოსვლა იყო. წყვილი იმ წამსვე მოექცა ყველა იქ დამსწრისა და ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში, მით უფრო, რომ კახის ჩაცმულობა ქართული სტანდარტული ჩაცმის სტილისგან რადიკალურად განსხვავებული იყო, წითელი შარვალი და ფეხსაცმელები ინიციალებით „KK“ ფეხბურთელს აშკარად გამოარჩევდა ყველასგან. ულამაზესი იყო სალომე ღვინიაშვილი, რომელსაც გარუჯულ სხეულზე საოცრად უხდებოდა ყვითელი ბლუზა. მოკლედ, დამსწრე საზოგადოებას ვერაფერს დაუწუნებდი. ჩვენება თიკო სადუნიშვილმა დახურა, რომელსაც ბიჭოლას კაბები თითქმის ყველა გადაცემაში აცვია. საღამოს ძალიან უხდებოდა დიჯეი რემბოს არაჩვეულებრივი მუსიკა და „რედბულის“ უგემრიელესი კოქტეილები, რომელმაც კიდევ უფრო მეტად შესძინა საღამოს სადღესასწაულო ელფერი. კარგი მუსიკა, კარგი სასმელი, ლამაზი გოგონები და საოცრად ჰაეროვანი კაბები – ამ ყველაფერს თბილისიდან ძალიან შორს მივყავდით, – თითქოს ოკეანის ტალღების ხმაც კი ისმოდა.
მათ კი, ვინც ჩვენებაზე ვერ მოვიდა, ვაცნობებთ, რომ ბიჭოლას საზაფხულო კრუიზული კოლექციიდან ვერც ერთი კაბის შეძენას ვეღარ შეძლებთ, რადგან ყველა გაიყიდა, თუმცა, გული ნუ დაგწყდებათ, რადგან შეკვეთის მიცემა ყოველთვის შეიძლება.