ექიმის რჩევები
კითხვა: გრიპის შემდეგ სრულიად დავკარგე ყნოსვა და გემოვნება. საერთოდ, ალერგიული ვარ, მაქვს ნახველი ბრონქებში და ვერანაირი მკურნალობით ვერ მოვიშორე. ზოგჯერ ყნოსვა და გემოვნება რამდენიმე წუთით მიბრუნდება, მაგრამ დახველებისას კვლავ მეკარგება. ადრე ასეთი რამ არ მქონია. რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: თქვენ მიერ აღწერილ კონკრეტულ შემთხვევაში სუნისა და გემოს აღქმის უნარის დაკარგვა უკავშირდება ვირუსულ ინფექციას, რომელიც ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ანთებას და, რთულ შემთხვევაში – მის დისტროფიულ ცვლილებებსაც იწვევს.
თქვენ გჭირდებათ ანტიანთებითი და ანტიალერგიული მკურნალობა, რათა ლორწოვანა დროულად აღდგეს. ამისთვის კი ოტოლარინგოლოგისა და ალერგოლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ.
კითხვა: გამუდმებით მაწუხებს ხმაური მარჯვენა ყურში. მეგონა, გამივლიდა, მაგრამ უკვე 4 თვეა, უკეთესობა არ მიგრძვნია. გთხოვთ, გამარკვიოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ყურებში ხმაურს მრავალი პათოლოგია იწვევს. დღეს ყველაზე გახშირებულია კისრის მალების ოსტეოქონდროზი, ანემია, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული გადაგვარება. ერთ ყურში ასეთი ჩივილის მიზეზი შესაძლოა იყოს შუა ყურის ანთება, რომელიც ქრონიკულად მიმდინარეობს. გირჩევთ, მიმართოთ თერაპევტს, რომელიც თქვენი საგულდაგულო გამოკითხვისა და გასინჯვის შედეგად დაადგენს სავარაუდო დიაგნოზს.
კითხვა: ხველის ან სიმძიმის აწევის დროს მემართება მცირე რაოდენობით შარდის უნებლიე გამოყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, დისკომფორტს მიქმნის ყოველდღიურ ყოფაში. ვხმარობ საფენებს. ანალიზებში ცვლილება არ მაქვს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფა ხველის ან სიმძიმის აწევის დროს, შეიძლება უკავშირდებოდეს შარდის ბუშტის ინერვაციის მოშლას რომელიმე დონეზე, კერძოდ, მენჯის ნერვული წნულის, ზურგის ტვინის, წელის ან გულმკერდის ნაწილში. საჭიროა დამატებითი გამოკვლევები, შარდის ბუშტის ექოსკოპია, ნარჩენი შარდის გამოკვლევა, უროლოგიური კვლევა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ შარდის ბუშტის კუნთების ტონუსი.
კითხვა: ჩემს შვილს ჰქონდა შუა ყურის ანთება. როგორც ექიმმა მითხრა, გაუსკდა დაფის აპკი. მაინტერესებს, აღუდგება თუ არა ის გამოჯანმრთელების შემდეგ, ხომ არ დაუტოვებს რაიმე დარღვევას? გთხოვთ მიპასუხოთ.
პასუხი: სიამოვნებით დაგამშვიდებთ: პერფორაციული ოტიტისგან განკურნების შემდეგ დაფის აპკი უნდა შეხორცდეს. თუ ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობა ნორმალურად მიმდინარეობს და გართულება არ აღენიშნება, ბავშვს არაფერი დაემართება.
კითხვა: ვარ 25 წლის ვაჟი. ზამთარში ამტკივდა მარცხენა ფეხი მუხლისა და ბარძაყის არეში. ტკივილი არ იყო ძლიერი და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ შემდეგ გამიძლიერდა და დღემდე მაწუხებს. თანაც თანდათან იმატებს და აუტანელი ხდება. რამდენიმე დღეა, ტკივილი გავრცელდა მარცხენა დუნდულისა და ტერფის არეში. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: თქვენი მონათხრობის მიხედვით, ყველაზე სავარაუდოა საჯდომი ნერვის ანთება. გირჩევთ, დროულად მიმართოთ ნევროლოგს. ასეთ დროს ნიშნავენ არასტეროიდულ ანტიანთებით პრეპარატებს, B ჯგუფის ვიტამინებს.
კითხვა: ჩემს 15 წლის გოგონას აქვს თეთრი გამონადენი. ორჯერ დაეწყო სასქესო ორგანოს ქავილი. ვუმკურნალე სოდიანი წყლით და ნისტატინის მალამოთი ექიმის გარეშე. სამ-ოთხ დღეში გაუარა. მაინტერესებს, რისგან შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ექიმთან არ მომყვება.
პასუხი: თეთრად შლა ბევრ ახალგაზრდა ქალს აწუხებს, რასაც გოგონები ყურადღებას არ აქცევენ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო უსიამოვნება, შესაძლოა, მძიმე პათოლოგიის საწყისად იქცეს. რაც შეეხება გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს, რომელიც ნისტატინითა და სოდიანი აბაზანებით განკურნეთ: სავარაუდოა, თქვენს ქალიშვილს ჰქონდეს სოკოვანი ინფექცია, რომელიც, თუ ზედმიწევნით არ უმკურნალებთ, კიდევ შეგახსენებთ თავს. გირჩევთ, დაარწმუნოთ გოგონა, გინეკოლოგთან გამოგყვეთ. იგი დიაგნოზს დააზუსტებს და დაუნიშნავს მკურნალობას, რაც მომავალში თავიდან აგაცილებთ უფრო მძიმე გართულებებს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია