როგორ „დაეწია“ მამუკა ბერიკას სან-ფრანცისკოში ბედის ირონია და ვისთვის აცხობს ის ამერიკაში პურს
ქართული შოუ-ბიზნესის ძველი და პოპულარული სახე მამუკა ბერიკა უკვე ხუთი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. მას ამერიკულ რეალობასთან შეჩვევა აღარ უჭირს, თუმცა ბევრ და რთულ სამუშაოს ეწევა იმისთვის, რომ ამერიკული ოცნება აიხდინოს. ემიგრანტის მძიმე ცხოვრება მას თბილისს უფრო ხშირად და უფრო მეტად ანატრებს, მაგრამ როგორც ამბობს, დაბრუნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა.
– მამუკა, როგორ ხართ, როგორ მიდის თქვენი საქმეები, ამერიკაში მეორედ ჩასულს, ხომ არ გაგიჭირდათ ცხოვრების თავიდან დაწყება?
– არა, რთული მაშინ იყო, როდესაც პირველად ჩამოვედი ამერიკაში, ახლა ყველაფერს უკვე მიჩვეული ვარ. გასულ წელს ცოტა ხნით ჩამოვედი თბილისში, მივიღე კულტურული შოკი და ისევ დავბრუნდი აქ, სადაც ცხოვრება ძალიან რთული, მაგრამ საინტერესოა. საქართველოში იმდენი რამ დამხვდა შეცვლილი, კულტურულ შოკს მართლა ვერ გადავურჩი. ასე „მშოკავს“ თბილისი ყოველთვის. არასდროს არ ვყოფილვარ ასე შორს ფიზიკურად თბილისიდან, და თან, ასე ახლოს სულიერად, ხანდახან ისე მომენატრება ხოლმე თბილისური მიტინგები... (იცინის). თბილისში ორი ძალიან საინტერესო შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მანდ დარჩენას, მაინც აქ წამოსვლა ვარჩიე. ეგ წინადადებები ცოტა ხნით გადავდე, მაგრამ ოდესმე ხომ დავბრუნდები მანდ.
– როგორც ჩანს, ამერიკული ოცნება ისეთი მაცდურია, ვეღარ ელევით...
– ამერიკული ოცნება მხოლოდ კინოშია ლამაზი. აქ ვირივით უნდა იმუშაო, რომ ოცნება რეალობად იქცეს. ჯერჯერობით ჩემი ოცნება არ ასრულებულა, ვირივით მუშაობა კი არ მაკლია, თან ტოროლასავით მძინავს (იცინის). სახლიდან ისეთ დროს გავდივარ, ჩიტები სანამ გაიღვიძებენ. ეს არის ბედის ირონია, მთელი ცხოვრება დილით ადრე ადგომა მიჭირდა. ბავშვობაში ღამეს ვათენებდი, რათა „ამერიკის ხმისთვის“ მომესმინა, ან მონტე-კარლო „დამეჭირა“ არაბულ ენაზე. მერე გავიზარდე და ღამის ცხოვრებას შევეჩვიე, დილით ვბრუნდებოდი ხოლმე სახლში. ახლა სადაც ვცხოვრობ, თბილისის დროსთან სხვაობა 12 საათია. ბიოლოგიური საათი მემთხვევა, მაგრამ ღამით მაინც ვერ ვიძინებ. ეს ეტყობა ნევროზის ბრალია, მაგრამ როგორც კი ბინის ქირის, შუქის და გაზის გადასახადი მოდის, ჩემი ნევროზიც ქრება (იცინის). ამერიკაში დეპრესიისთვის არ გცალია, ანაზღაურებას საათობრივად გიხდიან, ამიტომ რამდენ საათსაც გააცდენ, იმდენ ფულს დაკარგავ, უფრო მეტსაც კი. შეიძლება, სამსახურიც კი დაკარგო, აქ სამსახურის შოვნა კი საკმაოდ რთულია. „ზავოდ-კრავოტი“ მარტო თბილისში კი არაა აქტუალური. თქვენ უნდა ნახოთ, აქ რა დატვირთვა აქვს ამ „ქართულ ფრაზას“. უნდა ნახოთ, აქ როგორი შრომა-გასწორების კოლონიაა... ვიცი, რომ ღამით წყნარ ძილს არაფერი ჯობია, მაგრამ მე უკვე ენერგონევროზი მაქვს და არაფერი მშველის. უნდა ნახოთ, როგორ მიხარია, როცა ამ ჩემს წყნარ და თავისებურად ლამაზ ქუჩაზე დილით ტროლეიბუსი ახრიგინდება, თან ისე, რომ ლამის სახლი შეზანზარდეს. ვხვდები, რომ დილის 6 საათია, ჩიტებს მართალია სძინავთ, მაგრამ მე უნდა გავიდე სახლიდან. როცა ამერიკელი ჩიტები იღვიძებენ, მე უკვე გრანიტს ვჭრი.
– ეს ყველაფერი ხომ აქაც გქონდათ, ამისთვის წახვედით ამერიკაში?
– თბილისში ეს ყველაფერი უფრო რთულადაა. აქ კი ისე ხდება, თითქოს კინოში ხარ. საკუთარი თავი ფილმის პერსონაჟი გგონია, თავიდან მონა იზაურა ხარ, მერე როგორც კინოში, სიუჟეტიც იცვლება... ცალკე და უფრო მძიმე ისტორიაში ხარ მოყოლილი, თუ საბუთებიც არ გაქვს. საბუთებამდე კი ალბათ, 15 წელი მაინც მაკლია. საბუთებს რომ მივიღებ, მერე ახალი კინო დაიწყება და ასე – მეორე სერია პირველზე უფრო ნაკლებად ამაღელვებელი იქნება. ამერიკული ოცნება სინამდვილეში იცით, რა მგონია? იყიდო სახლი და მერე მთელი ცხოვრება ამ სახლის ვალი უნდა დაფარო, ალბათ, მეც ეგ ბედი მელის, მაგრამ მთავარია, რომ კინოში ვარ. (იცინის) ამ ქვეყანაში ყველაზე პრივილეგირებულები არიან ბავშვები, მერე ქალები, ძაღლები, კატები, თუთიყუშები, ციყვები და ბოლოს მამაკაცები, მაგრამ მაინც მაგარი ქვეყანაა
– სან-ფრანცისკოში ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი ცხოვრობს, ხომ არ ნახულობთ მათ?
– ჩვენთან სულ ორად ორი ჰოლივუდის ვარსკვლავი ცხოვრობს. ვისაც თქვენ იცნობთ, ისინი აქედან შორს არიან. აქაც რომ იყვნენ, სად მცალია მათთვის. მე ჩემი, საკმაოდ რთული ცხოვრება მაქვს. ვმუშაობ, ვწერ წიგნს „ამერიკა – შრომა-გასწორების კოლონია გაძლიერებული კვებით“. ეს ფრაზა მეგობარს ეკუთვნის და ძალიან მომწონს, ამ წიგნში აღვწერ იმ ხუთ წელიწადს, რომელიც ამ კოლონიაში გავატარე, ოღონდ მისი დაბეჭდვა შორეული პერსპექტივაა.
– როგორ მიდის საქმეები ბგერითი თერაპიის კურსში? ახალი მიღწევები ხომ არ გაქვთ?
– ახალი მიღწევები არ მაქვს, ძველს ვაშალაშინებ (იცინის). ახლა ვქმნი ახალ ჯგუფს, ჩემი პრაქტიკა დღითიდღე იზრდება. ჩემთან სწავლობს ერთი იოგას ინსტრუქტორი და ორი ადამიანი, რომლებიც სნეულ ბავშვებთან მუშაობენ. ბგერითი თერაპია ამერიკაში ძალიან პოპულარულია, მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ნარკომანიით და ალკოჰოლიზმით დაავადებულთა სამკურნალოდ და ასევე, როცა ადამიანებს აქვთ მანიაკალური და სექსუალური პრობლემები. ბგერითი თერაპიის დროს უპირველესი ფუნქცია ენიჭება ბგერას. ბგერას აქვს ძალიან ძლიერი მუხტი. როდესაც ემბრიონი იმყოფება დედის მუცელში, ის ვერაფერს ხედავს, არ აქვს ყნოსვა, მაგრამ ესმის, რადგან მოთავსებულია წყალში, რომელიც ბგერას კარგად ატარებს. ბგერების მეშვეობით ადამიანზე ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეიძლება. ბგერით თერაპიაში დიდ როლს ასრულებს ფსიქოლოგიაც. საუნთერაპიაში გამოიყენება უამრავი მეთოდი, ერთ-ერთი მათგანია „აკუტონიკ“, რაც გულისხმობს პრობლემური წერტილების დამუშავებას ბგერის საშუალებით. ასეთ დროს გამოიყენება არა ნემსი, არამედ სხვადასხვა ზომის კამერტონები და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ორგანოზე არსებობს პრობლემა. ბგერები კამერტონის და ვიბრაციის მეშვეობით ეხება სხეულს, ბგერას გამოსცემს თავად კამერტონი. კამერტონი უნდა გააქტიურდეს პატარა ბალიშით. ამის შემდეგ ის გამოსცემს ბგერას და განიცდის ვიბრაციას. კამერტონის ის ნაწილი, რომლიდანაც ისმის ბგერა, ედება სხეულის დაავადებულ წერტილს.
– როგორ ფიქრობთ, ქართველებზე გაჭრის ბგერითი თერაპია?
– ბგერითი თერაპია ზუსტად ქართველებზეა ზედგამოჭრილი, ჩვენ, ქართველები ხომ, ყველაზე კომფორტულად ერთმანეთთან მხოლოდ სიმღერის დროს ვართ, როცა არავინ ურევს და არ იპარავს. სიმღერა ერთადერთია, რა დროსაც არავინ არავის უშლის ხელს და არ ეჯიბრება (იცინის).
– ვისთან ერთად ცხოვრობთ ამერიკაში, კიდევ ხომ არ დაქორწინებულხართ?
– არა, დაქორწინების რა მოგახსენოთ, უფრო განქორწინების პროცესში ვარ, რაც არცთუ ისე იოლია. მე ვცხოვრობ ჩემს უახლოეს მეგობართან ვოლფთან ერთად, ის მუსიკოსი კაცია და ერთად ვუკრავთ კლუბებში. მე აქ დიჯეობასაც დავუბრუნდი, ძველი ხელობა გავიხსენე. ჩემს პუბლიკას ყოველთვის ვპოულობ. ამერიკელები ისეთი ხალხია, ყველაფრით „კაიფობენ“. შეიძლება, საერთოდ არ მოეწონოთ შენი მუსიკა, მაგრამ ამას არ გაგრძნობინებენ. ჩემი მეგობარი ექიმიც არის, აკუპუნქტურის სპეციალისტია, ჩინეთში, ისრაელსა და იაპონიაში აქვს ნასწავლი. ისიც გაცილებულია ცოლთან და ვართ ასე... ვცხოვრობთ როგორც მშრომელი ხალხი, მკურნალობა, მუსიკა და პურის ცხობა მიდის, თუმცა პურს მარტო მე ვაცხობ (იცინის).
– როგორ მიდის თქვენი ბიზნესი, უსაფუარო პურმა ბოლოს და ბოლოს ფული გაშოვნინათ?
– პურის ცხობა ჯერ კიდევ არ გამხდარა ჩემთვის ბიზნესი და შემოსავლის წყარო. ეს არის ჩემი პროექტის ერთ-ერთი ნაწილი და უფრო გამიმართლებს, თუ ხვიჩა შარაბიძე გადაწყვეტს და ბაკალეას გახსნის. მე ჯერ ძალიან ცუდი კრედიტ-ისტორია მაქვს, მერე ნახეთ შეკვეთები. პურის გამოცხობა ხვიჩამ მასწავლა, მე უნდა გამომეცხო ებრაული პური, მაგრამ ხან კვერცხი მავიწყდებოდა, ხან მარილი, ხან შაქარი. მთელი პარტია მიფუჭდებოდა ხოლმე. მერე ხვიჩამ გამოსავალს მიაგნო და საცხობში ყველგან „შპარგალკა“ მქონდა გაკრული. ახლა უკვე ისე დავოსტატდი, „შპარგალკა“ აღარ მჭირდება, ჩემი უსაფუარო პური სან-ფრანცისკოში პოპულარულია. შეკვეთებს ვიღებ „ივენთებისთვის“. ამას წინათ, ერთ-ერთ საპროდიუსერო ცენტრში ვიყავი, პურის შეკვეთა უნდოდათ „ივენთისთვის“. მოლაპარაკების პროცესში რომ ვიყავით, ჩვენთან მოვიდა ქალაქში ცნობილი რესტორნის მეპატრონე. მისთვის ადრე ორი პარტია პური მქონდა, გამომცხვარი. მაქო და მადიდა იმ ტიპმა და მაგარი რეკომენდაცია გამოუვიდა. ასე რომ, სან-ფრანცისკოში ჩემი პურის ფასი უკვე კარგად იციან (იცინის).