კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ხედავს ქართველი მამაკაცების უცნაურობებს ნინა წკრიალაშვილი და ვინ ცდილობს დღეს მისი გულის მონადირებას


იმ აზრს, რომ, თუ პოპულარული ხარ, აუცილებლად უნდა იჭორაონ შენზე, მომღერალი ნინა წკრიალაშვილი არ ეთანხმება. არც სხვაზე ჭორაობს და არც საკუთარ თავზე გაგონილ ჭორებზე რეაგირებს. მისთვის მთავარია, აკეთოს ის საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს; ყოველდღიურად იყოს ფორმაში, იყოს აქტიური, კომუნიკაბელური და, უბრალოდ, იცხოვროს ისე, რომ საჭორაო საბაბი არ მისცეს გარშემო მყოფებს. ნინა დღეს სახელმწიფო სამსახურშია, კერძოდ, კულტურული ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტში, მიმდინარე ღონისძიებების სამმართველოს უფროსია.


ნინა წკრიალაშვილი: ძალიან ძნელია საკუთარ თავზე ილაპარაკო, მაგრამ, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ. ყველანაირი კატეგორიის ადამიანთან შემიძლია საერთო ენის გამონახვა. ხანდახან დამცინიან ხოლმე, ამასთან როგორ ურთიერთობო, მაგრამ ჩემ ირგვლივ განსხვავებული შეხედულებების, ორიენტაციის, აზროვნების ადამიანებიც არიან და მათთან კონტაქტი არც მესირცხვილება და არც მიჭირს. ძალიან ცოტა ახლო მეგობარი და ბევრი ნაცნობი მყავს. ბოლო დროს მივხვდი, რომ ყველასთან არ უნდა გაიხსნა და არ უნდა გაანდო საიდუმლო.

– ესე იგი, ადამიანების ნდობა დაკარგე?

– არა, უბრალოდ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება. არ ვიცი, რა დაგვემართა ქართველებს. დაკვირვებული ვარ, ისევ ქართველი თუ გაგიფუჭებს საქმეს, თორემ, უცხო ერის წარმომადგენელმა, შესაძლოა, ისეთი არაფერი დაგიშავოს. ბოროტი ერი გავხდით და ეს სამწუხაროა. მართალია, ყველა ერშია ცუდიც და კარგიც, მაგრამ, ისეთები აღარ ვართ, როგორებიც ვიყავით. შესაბამისად, ადამიანებს შორის ნდობაც დაიკარგა და მეც ცოტა ვინმეს თუ ვენდობი.

– ვინ არის ის ადამიანი, ვისაც ბოლომდე ენდობი?

– ისე არ ვარ დაავადებული, რომ არავის ვენდობოდე (იცინის). ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და მესაიდუმლე ჩემი და და რამდენიმე მეგობარია, მათ შორის – მამაკაცებიც. თუმცა, ისეთი პრობლემებიც არ მაქვს, რომ ვჩქმალო. ჩემს ძმასთანაც მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. სხვათა შორის, მამაკაცი უფრო ჭკვიანურად გარიგებს. რომ ამბობენ, ქალები ცოტა შტერები ხართო გვწყინს, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, მამაკაცები ისეთ რჩევებს გვაძლევენ, რომლებიც ნამდვილად გვეხმარება. რაც უნდა ვიყვიროთ ქალებმა მაგრები ვართო, მაინც სუსტი სქესი გვქვია. თუმცა, ჩემი აზრით, მამაკაცებზე მიზანდასახულები ვართ და სტრესებსაც მათზე კარგად ვიტანთ. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ისე აღვიქვამთ მოვლენებს, როგორც ჩვენ გვაწყობს, მამაკაცები კი უფრო რეალისტები არიან. მეგობარი მამაკაცი კაცურად და სწორად გირჩევს და, როცა კი დამიჯერებია მათთვის, მომიგია. ისე, ყველას ვუსმენ, მაგრამ, ჩემებურად ვმოქმედებ.

– ამბობენ, ქალის ბედნიერებისთვის აუცილებელია გვერდით ისეთი მამაკაცი, ვინც გააბედნიერებს და ცხოვრებაში წინსვლის სტიმულს მისცემსო. ამაზე რას ფიქრობ?

– სიმართლე გითხრა, რა არის საჭირო ადამიანის სრული ბედნიერებისთვის, ჯერ ვერ მივხვდი. ზოგს ბედნიერს წარმატებული კარიერა ხდის, ზოგს – მოწყობილი ოჯახური თანაცხოვრება, ზოგს ერთი გაღიმება, ზოგს – ძვირფასი მანქანა, ზოგს კი – პირადი აწყობილი ურთიერთობა და ასე შემდეგ. ეს ინდივიდუალურია და რთულია, მიხვდე, როდის ხარ სრულიად ბედნიერი. თუმცა, არ მაქვს უფლება, ვთქვა ბედნიერი არ ვარ-მეთქი. მაქვს კარგი სამსახური, მყავს არაჩვეულებრივი შვილი, უსაყვარლესი ოჯახი, მეგობრები, მემღერება, მიხარია ცხოვრება და, როგორ დავიწუწუნო უიღბლობა?! უსუსური მამაკაცის გვერდით ყოფნას, მარტო ვიყო და თავი ასე ვიგრძნო ბედნიერად, ეს მირჩევნია.

– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, პირადი ცხოვრება?

– პირად ცხოვრებაში პრობლემები მქონია, მაგრამ მომავლის იმედი ყოველთვის მაქვს. ვერ შედგა ჩემი პირველი პირადი ცხოვრება, მაგრამ ამის გამო სიყვარულზე ხელს ხომ არ ჩავიქნევ?! მართალია, როცა ქალს გვერდით საყვარელი მამაკაცი უდგას, ეს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი სტიმულია, მაგრამ, დღეს იმდენად დაკავებული ვარ საქმით, რომ ამაზე აღარ ვფიქრობ, თუმცა, არ უარვყოფ, რადგან ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. იცი, რას დავაკვირდი? ქართველი მამაკაცები უცნაურები არიან: ურჩევნიათ, მათი ცოლები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ და არ უყვართ, როცა სახლიდან სამსახურში მიდიან. მართალია, ეს ყველა კაცს არ ეხება, მაგრამ, დამეთანხმეთ, უმრავლესობა ასე ფიქრობს. შეიძლება, წარმატებული ქალების ეშინიათ, მაგრამ, თუ ჯანმრთელი აზროვნება აქვს კაცს, დარწმუნებული ვარ, ასე არ იფიქრებს.

– საყვარელი მამაკაცისგან აკრძალვებს აიტან?

– თუ საყვარელმა მამაკაცმა ამიკრძალა ის, რაც მე ძალიან მიყვარს, არ მესიამოვნება. მაგალითად, რომ მითხრას, არ იმღერო და არ იმუშაოო, ამას ვერ ავიტან.

– ჩაცმაში რომ შეიტანოს კორექტივები?

– ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი გარდერობიც გადახალისდა. ძირითადად სოლიდურად მაცვია, მაგრამ, როცა ცხელა, ვიღას ახსოვს სოლიდურობა (იცინის). ჩემი აზრით, მამაკაცისგან ჩაცმის მხრივ აკრძალვას არ დავიმსახურებ და, თუ რამე არ მოსწონს ან აღიზიანებს, გავითვალისწინებ, რა პრობლემაა. როცა შეყვარებული ვარ, ჩემში დღესასწაულია, სიყვარული ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა. როცა გიყვარს, მეტად აქტიური ხარ, სტიმული გაქვს ადამიანს. მართალია, ამ ეტაპზე არ ვარ შეყვარებული, მაგრამ თავს გადასარევად და აქტიურად ვგრძნობ. გამოგიტყდებით, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, ვინც ჩემს მოხიბვლას ცდილობს და, თუ ასე გააგრძელა, ვფიქრობ, ნამდვილად დაიპყრობს ჩემს გულს (იცინის). ძლიერი მამაკაცები ცოტანი არიან და, მგონი, ერთ-ერთი მათგანი უკვე ვიპოვე. კარგი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში. რაღაც ეტაპი დამთავრდა, რაღაცეები გადავაფასე, მშვიდი პერიოდი დადგა ჩემთვის და, ზუსტად ვიცი, რა მინდა და როგორ მინდა. მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო საკუთარ თავს სურვილების შესრულებასა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში. თუმცა, მეტ-ნაკლებად, ყოველთვის ვიცოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში რა – არა. შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ, ისეთი არა, რომ მენანა.

– მამაკაცებში თუ გიმართლებს?

– საერთოდ, ძალიან მიჭირს ადამიანების პოვნა ცხოვრებაში და მერე უფრო მიჭირს მათი დაკარგვა. მყავდა ქმარი, რომლისგანაც შეუფასებელი განძი – ჩემი შვილი დამრჩა. მერეც მქონდა ჭეშმარიტი გრძნობა, მაგრამ, ისიც დასრულდა. სიყვარულში ერთგული ვარ, მინერვიულია საყვარელ მამაკაცთან განშორება, დეპრესიაშიც ჩავვარდნილვარ, მაგრამ, გასულა რაღაც პერიოდი და მივმხვდარვარ, რომ ცხოვრება გრძელდება და არ მაქვს უფლება, მოვეშვა. როცა დეპრესიაში ვარ, უფრო კარგად მესმის გაჭირვებული ადამიანების. ბოლოს მიყვარდა ადამიანი, რომელიც, ვიცოდი, არასდროს გამომადგებოდა და არც ჩემი ოცნების მამაკაცი იყო, მაგრამ, მაინც მიყვარდა და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემში. მერე მივხვდი, რომ ძლიერი მამაკაცები მომწონს და სუსტის გვერდით ვერ ვიარსებებ. ყველაფერი, რაც გავაკეთე, თავად გამომივიდა. ასე რომ, მამაკაცი, არ მჭირდება იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიო. მამაკაცის გარეშეც შემიძლია, წარმატებული ვიყო, მაგრამ, მაინც საჭიროა, გვერდით მყავდეს ჩემზე ძლიერი მამაკაცი.

– და ვერ იპოვე?

– აი, ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩემ ირგვლივ მოვლენები და ამაზე პასუხს მერე გაგცემთ (იცინის). როგორ არ შემხვედრია ძლიერი მამაკაცები, მაგრამ ისინი ჩემები არ ყოფილან. ვინც მიყვარდა, მათზე ძლიერი მე ვიყავი. არაფერს ვითხოვ მამაკაცისგან და არც ულტიმატუმს ვუყენებ, უბრალოდ, უსიტყვოდ უნდა მიხვდეს, რა მინდა. ვფიქრობ, წარმატებული ქალების შიში აქვთ მამაკაცებს.

– ნინა, ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა შენზე. მათზე რა რეაქცია გაქვს და რომელი ჭორი გაიგე ბოლოს საკუთარ თავზე?

– მართალია, ძალიან ბევრი ჭორი მსმენია ჩემზე და, მინდა გითხრათ, არ განვიცდი. ჭორი ცოტა რეალობასთან ხომ უნდა იყოს კავშირში? ისეთი ჭორები მსმენია საკუთარ თავზე, გამცინებია. ხან პოლიტიკოსთან დამაკავშირეს; ხან ვისი მეგობარი გოგონა ვიყავი და ხან – ვისი; ხან ვიღაცის ოჯახის დანგრევა მომიგონეს. ვის აწყობდა ეს, ვერ გეტყვით. ხომ იცით, ქვეყანაზე არაფერი იმალება, ამიტომ, თუ ჭკვიანი ქალი ხარ, ისე არ მოიქცევი, უკან რომ მოიხედო და შეგრცხვეს შენი ნამოქმედარის. ისეთი საშინელი ჭორიც გამიგია ჩემზე, ადამიანს თმა რომ ყალყზე დაუდგება, მაგრამ, არ მინერვიულია და ამის გამო დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. უკვე ვეღარ ვიგებ, ვის გავყევი ცოლად, ვის დავშორდი, ვის დავუნგრიე ოჯახი, რომელ პოლიტიკოსს ავურიე თავგზა (იცინის). სულ ვფიქრობ, ასე რომ იყოს, და ამდენი შემეძლოს, მაშინ ხომ იმასაც მოვახერხებ, რომ დავმალო და საქვეყნოდ არ გავიტანო საკუთარი საქციელი განხილვაზე?! ურთიერთობა დასამალი რომ იყოს, ვერ დავმალავ? არ დარჩენილა არც ერთი წარმატებული პოლიტიკოსი, ვისაც ცოლად არ მივყვები. ამაზე მაგრად ვხალისობ და გვერდით მოვიხედავ ხოლმე, აბა, სად არიან-მეთქი (იცინის). გეტყვით, რომ, ნინა იმდენად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, საჭორაოდ არ სცალია და არც უაზრო ჭორებზე აქვს რეაქცია. ასე რომ, ტყუილად ნუ დაიღლიან ენას და ნუ გაიჭყლეტენ ტვინს ჩემზე საჭორაოდ. ზოგი ავადმყოფურად განიცდის ჭორებს, მე კი არ მაინტერესებს, რას იტყვიან ჩემზე. ცუდს ნუ გამიკეთებენ და იჭორაონ, რა ვქნა!

– ცხოვრებაში შენი ადგილი უკვე იპოვე?

– ჯერ ისევ ძიების პროცესში ვარ, თუმცა, მიმართულება, როგორ ვიცხოვრო და დავიმკვიდრო ადგილი საზოგადოებაში, უკვე ვიპოვე. ასე რომ, ჩემს ადგილს ცხოვრებაში ჯერ კიდევ ვეძებ და, იმედი მაქვს, მალე ვიპოვი. ვიცი, როგორ ვიცხოვრო გემრიელად; როგორ ვიცხოვრო ისე, რომ გული არ დამწყდეს; ისე, რომ მართალი ვიყო. არასდროს ვეძებ არავის, თავად მპოულობს ცხოვრებაში ყველა და ყველაფერი. მინდა, გამოვიყენო ყოველი დღე ისე, რომ ბედნიერი ვიყო.


скачать dle 11.3