კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის გარდაუვალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და როგორ აპირებს ხელისუფლება ამ პრობლემის ოპოზიციის ხელით მოგვარებას


რაკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თითქმის ყველას „სახეზე გატყობთ კმაყოფილებას“, აშკარაა, რომ „მეორე განყოფილება“ გაცილებით მშვიდი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები თავიანთ ჭოგრიტიან დამკვირვებლებს კონფლიქტის ზონებიდან აღარ გაიწვევენ (ჯერ კიდევ აპრილში შეგვაფუცხუნა ბ-ნმა ბარუზომ, თუ 30 მაისის არჩევნები დემოკრატიული არ იქნება, ჭოგრიტებსაც წავიღებთ და ზედ დამკვირვებლებსაც მივაყოლებთო). მეორე მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, სრულიად ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საერთო თამაში ითამაშა: „ფორუმისა“ და „ლეიბორისტების“ ბოიკოტმა მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი სახლებში ჩატოვა, შესაბამისად, ხელისუფლებას იმაზე ნაკლები მომხრის მობილიზაცია დასჭირდა, ვიდრე ეს ზემოხსენებული ორი პარტიის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში დასჭირდებოდა. დანარჩენმა ოპოზიციამ (იმდენნი იყვნენ) წარმატებით გაართვა თავი ხმების დაქსაქსვის მისიას. რაც მთავარია, საბიუჯეტო დაფინანსება ყველას ერგო (ახლად და სახელდახელოდ გამომცხვარი თითქმის თითო-თითოკაციანი პარტიების გარდა, ლამის საკუთარი ოჯახ-ნათესავების გარდა, არავის რომ არ მიუცია ხმა და გული). იმის გარკვევას, თუ თამაშის რა წესებით ათამაშდა ქართული პოლიტელიტა, აკაკი ასათიანისგან შევეცდებით.


– თუ საბოლოო შედეგით ვიმსჯელებთ, ჩნდება ეჭვი, რომ ოპოზიციამ, შემთხვევით თუ განზრახ, სახელისუფლო თამაში ითამაშა. რამდენად საფუძვლიანია ეს ეჭვი?

– საფუძვლიანზე მეტიც არის. ეს ასე მოხდა. არ ვიცით, ვის რა ამოძრავებდა, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი შეგნებულად აკეთებს რამეს თუ შეუგნებლად. ექიმი შეგნებულად მოკლავს პაციენტს, უცოდინრობით თუ რაიმე სხვა მოსაზრებით, პაციენტისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დავარქვათ დღევანდელ მდგომარეობას ყაიმი. ქვეყნის იმიჯი არ გაუმჯობესებულა. თუ შენიშნეთ, არანაირი აქტივობა არ ყოფილა უცხოელი დამკვირვებლების მხრიდანაც. მეტიც, ისინი თითქმის არც იყვნენ წარმოდგენილი. ამით ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავი დაიზღვიეს, შესაბამისად, ოპოზიციას რომ აეტეხა აურზაური, არჩევნები გაყალბდაო, ისინი იტყოდნენ, ჩვენ არ ვიცით, იქ არ ვყოფილვართო. მეორე მხრივ, ამ არჩევნების გამო არც აღტაცება გამოთქმულა, არც არავის დაუწუნებია და არც გაუკიცხავს. ყველაფერი დარჩა ისე, როგორც იყო.

– სტატუსკვო შენარჩუნდა?

– დიახ. ეს იყო ხელისუფლების ამოცანა, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად იყო ეს ოპოზიციის ამოცანა. თუმცა ფაქტია, რომ ეს ალასანიასთვის შედეგი იყო.

– „მემარჯვენეებისა“ და „რესპუბლიკელებისთვისაც“, მათ აქამდე გამართულ არც ერთ არჩევნებში არ მიუღიათ ამხელა პროცენტი?

– იყო, თუ შედეგად მიიჩნევა თბილისის საკრებულოში თითო-თითო კაცის მოხვედრა. თუმცა ალასანიამ ამოცანა-მინიმუმი შეასრულა.

– ალასანიას შეფასებამ, რომ პირველები არიან ოპოზიციაში, გამახსენა საბჭოთა სახელმძღვანელოს პათოსი, რომლებშიც ეწერა, საბჭოთა კავშირს ამა თუ იმ სფეროში უჭირავს პირველი ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგო?

– ეჭირა, ეჭირა და ვნახეთ, რაც მოუვიდა საბჭოთა კავშირს.

– რა ჩიტიც დაიჭირა.

– მაგრამ ეს მაინც შეიძლება, იყოს ამოცანა. ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა, ადამიანი ფიქრობდეს, მოდი, სულ მეორე ვიქნები და ერთხელაც იქნებ პირველიც გამხადონო.

– ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა ძალიან საინტერესო რამ: მომავალ არჩევნებში, ოღონდ არ დაუზუსტებია, რომელში, ჩვენ, ალბათ, ვერ ავიღებთ ამდენივე პროცენტს, ამასობაში კი ოპოზიციაში გამოიკვეთება ძალაო. ეს როგორ? წინასწარაა ყველაფერი შეთანხმებული?

– თუ ასე დარჩა ყველაფერი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ეს არჩევნები კი რიგგარეშე იქნება (ამისთვის თვითონ ემზადება ხელისუფლება, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ნაწილი კი თავისი ინიციატივით ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს) და გაცილებით მეტი ოპოზიციური წარმომადგენლობით, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება უმრავლესობა.

– თუ სწორად გავიგე, ხელისუფლებას აღარ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა?

– ხელისუფლებას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ოღონდ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად.

– კოალიციის პრაქტიკის დანერგვას აპირებენ?

– „მოქალაქეთა კავშირს“ 1995 წლის არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ ასე ჰქონდა, ხან „აღორძინებასთან“, ხან სხვა პოლიტიკურ ძალასთან კომბინაციებით.

– და ვინ მოიაზრება ხელისუფლებასთან საკოალიციოდ გამზადებულ ძალად? „ქრისტიან-დემოკრატები“?

– არ ვიცი. შედეგი აჩვენებს, რომ ხელისუფლებას მათთვის არ დაუმატებია ხმები, რომ დაემატებინა, მეორე ადგილზე გავიდოდნენ. ვიცოდი და ადრევე ვთქვი, რომ, დაახლოებით, 20 პროცენტს აიღებდა ალასანია, მეორე ადგილზე, როგორც პარტია კი, გავიდოდნენ „ქრისტიან-დემოკრატები“.

– მათ რეგიონებით ამოქაჩეს მაჩვენებელი.

– რეგიონებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომ მოეგოთ კიდეც რეგიონებში არჩევნები, მერე რა?! ავიღოთ თბილისის მერი: უგულავამ მოიგო, მაგრამ მგონია, რომ თვითონაც არ არის ამის გამო ბედნიერი. თბილისს ბიუჯეტი არ აქვს; პოლიცია არ ექვემდებარება; საგადასახადო არ ექვემდებარება, არადა არავინ ამისთვის არ იბრძოლა. აშკარაა, მერის პირდაპირი არჩევნები შემოიღეს მემკვიდრის პრაქტიკის დასამკვიდრებლად, ოპოზიცია კი ამას უყურებს. თუ ასე გაგრძელდა, მომავალ პარლამენტში 40-კაციანი ოპოზიცია მოხვდება. ეს არის ოპოზიციის ამოცანა?!

– თუ იმ სიხარულს გავითვალისწინებთ, რაც 11 ოპოზიციონერის თბილისის 50-კაციან საკრებულოში მოხვედრამ გამოიწვია, ალბათ, 40 დეპუტატი პარლამენტში, მართლაც, ცას რომ ეწევი, ისეთი სიხარული იქნება მათთვის?

– 2006 წელს არ შეხვდნენ ასეთივე სიხარულით ორი კაცის შესვლას?!

– „ლეიბორისტებს“ გულისხმობთ?

– არა, „რესპუბლიკელებს“. ამოცანებს შეხედეთ, რა ამოცანები აქვთ.

– ამოცანაა პარტიული საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაც. ყველაზე მოხერხებულები მაინც „ლეიბორისტები“ აღმოჩნდნენ, პარტიული დაფინანსებაც მიიღეს და პარლამენტში ხელფასებსაც იღებენ, თან ისე, რომ პროტესტის ნიშნად თითქოს არც შედიან. ყველაზე მეტად გია თორთლაძე დაიჩაგრა, აი, მას პარტიული დაფინანსება არ აქვს.

– არ ვიცი, რატომ ჰქონდა თორთლაძეს იმედი, რომ ასე მცირე დროში შექმნიდა პარტიას, მაშინ ალასანიას მითი უნდა ჰქონოდა, თუმცა არჩევნებმა ალასანიას რეიტინგს განახევრებულს მოუსწრო, მაგრამ მაინც მოუსწრო. ალასანიას, სხვათა შორის, ბევრი კარგი თვისება აქვს, თუმცა ისინი არ ჰყოფნის გამარჯვებას. თუ კიდევ ერთი-ორი თვისებაც გამოუმუშავდებოდა, უკეთესი იქნებოდა. აი, „ალიანსის“ დაშლა მისი მხრიდან უკვე ნაბიჯი იყო. ჩვენთან ერთი რამ არ ესმით: საფრანგეთის ნაკრების სკანდალის არ იყოს. დაპირისპირებები ყველგანაა, მაგრამ გარეთ არ გამოდის ეს ამბავი. ასეა ევროპაში და განსაკუთრებით ამერიკაში. ამ ორ პარტიაში, „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებში“, ძალიან განსხვავებული ხალხია, მაგრამ ერთმანეთს გუობენ, შიდა გარიგებები ხდება და ამის კლასიკური მაგალითია ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია. ისინი ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ: ბაიდენი რვა კაცში მეშვიდე ადგილს ვერ ასცდა; ობამა გამოიკვეთა; ჰილარი ეწეოდა, მაგრამ რაღაც მოსაზრებების გამო პრეზიდენტი აუცილებლად შავკანიანი უნდა ყოფილიყო. გადაჯგუფდნენ და პოსტები მიიღეს. ჩვენ ეს სამი ვიცით მხოლოდ, თორემ იქ ყველაფერი რამდენიმე ბანაკს შორის გადანაწილდა. თუ ეს არ კეთდება ფულის ასაღებად, გარიგება კი არა პოლიტიკური თამაშია. ჩვენთან კი ვერაფრით ჩამოყალიბდა ეს კულტურა. ეს, თავის დროზე, მოახერხეს „მრგვალმა მაგიდამ“ და „ნაცმოძრაობამ“, თუმცა დიდხანს ვერც ერთმა გაერთიანებამ ვერ გაძლო, მაგრამ გასაკვირი იყო, რომ მოხერხდა მაინც.

– ვერაფრით ვიგებ: რატომ ნიშნავს ირაკლი ალასანიას, სალომე ზურაბიშვილის, ნინო ბურჯანაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ ნოღაიდელის, გოგა ხაინდრავას, სხვების, ანუ ყოფილი ჩინოვნიკების ხელისუფლებაში დაბრუნება ხელისუფლების შეცვლას?

– ეს ასე იქნება, სანამ გრძელდება თამაში ხელისუფლების მოედანზე: სადაც მაყურებელი მათია, სამივე მსაჯიც მათია, თან თერთმეტი-თერთმეტზე კი არ თამაშობ, არამედ მარტო დგახარ კარში და შენი ათივე თანაგუნდელი მათზე თამაშობს. ცნობილი გამონათქვამია: მეკარეს ერთადერთი მეგობარი ჰყავს, ძელიო. ასეთ დროს სათამაშოდ უნდა გადიოდე?!

– ასე, როგორ იქნება?

– „ნაცმოძრაობა“ შიგნიდან დაიყოფა. სხვათა შორის, არც ისეთი მკვეთრი დაყოფა მოხდება, როგორც „მოქალაქეთა კავშირში“ და ასე რბილად მივა ჩვენი ქვეყანა სრულ კატასტროფამდე, რომელშიც ახლაც არის. 45 პროცენტით შემცირდა ინვესტიციებიო. ესე იგი, პირობითად ვამბობ, 55 დოლარი ხომ მაინც უნდა იყოს სადმე ჩადებული?! ვინმეს ხომ უნდა ეფიქრა, რომ რეალური თვითმმართველობა ყოფილიყო, რომ თბილისის მერს უფლებები ჰქონოდა. თბილისის მერს უფლებები რომ ჰქონდეს, ძალიან ბევრის გაკეთება შეეძლებოდა. ჯერჯერობით ისევ ხელისუფლების მოედანზეა თამაში. არადა, როდესაც თავის მოედანზე არ გათამაშებენ, სხვა მოედანზე უნდა გადახვიდე.

– რასაც „ფორუმი“ აკეთებს? საარჩევნო გარემოს შეცვლა?

– გარემოს შეცვლა რას ნიშნავს? ისევ იმ სხვის მოედანზე ითხოვ, რომ გვერდითი ორივე მსაჯი იყოს შედარებით ობიექტური, მაგრამ, საბოლოოდ, ხომ ისევ მთავარი მსაჯი მიიღებს გადაწყვეტილებას?! მე ვამბობ: თამაში ორი მატჩისგან შედგება, ერთი შენს მოედანზე ვითამაშოთ, მეორე – ჩემს მოედანზე. ანუ მივდივარ ეროვნული კრების იდეამდე. თუ არავის ადარდებს ნორმალური არჩევნები, მაშინ სხვაგან უნდა ეძებო გამოსავალი. დღეს ბევრი იმეორებს იმას, რასაც მე ვამბობდი. არადა სერიოზული გაერთიანებების შექმნა შეიძლება და რამდენიმე მიმართულებით. ნოღაიდელმა და ბურჯანაძემ კარგი რამ გააკეთეს, როდესაც რუსეთთან ურთიერთობას ტაბუ ახსნეს, ფარულ ურთიერთობას აშკარა ჯობია. თუ ვინმე ამ მიმართულებით ფიქრობს, უნდა ჩამოყალიბდეს ამ მიმართულების პოლიტიკურ ძალად. თუ ვინმე ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ გაუცრუა იმედები პროდასავლურად განწყობილ საზოგადოებას, მაშინ ეს ნიშა უნდა დაიკავონ. ამას ცდილობენ „ქრისტიან-დემოკრატები“. „ალიანსი“ ცდილობდა, ახლა ალბათ, ცალ-ცალკე ეცდებიან. თუ ვინმე ფიქრობს, წმინდა წყლის ეროვნულ პოზიციებზე დგომას, მაშინ მკაფიოდ გამოხატული, არ შემეშინდება ამ სიტყვის, ნაციონალისტური მოძრაობა უნდა შეიქმნას. მე ეს არ მიმაჩნია დანაშაულად, თუმცა მესმის, რომ ჯერ კიდევ ყველგან აქვს პრობლემები ამ მიმართულების პოლიტიკურ ძალებს. როდესაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენი მეორე ტურში გავიდა, „სი ენ ენმა“ შეწყვიტა ყველა გადაცემა და მხოლოდ ამას აშუქებდა, ეს რა მოხდა, ლე პენი იმარჯვებსო.

– სწორედ იმ პერიოდში ამბობდა ლე პენი, ძუკნას სუფთა ჯიშის ინგლისური, ფრანგული თუ გერმანული მირჩევნიაო.

– რა თქმა უნდა, ლე პენი ვერ მოიგებდა და ახლა უკვე ასაკოვანია, მაგრამ მან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ფრანგული საზოგადოება გადაიხარა ეროვნულობისკენ. „ნაცმოძრაობა“ იმდენად ფსევდოპროდასავლურია, რომ ეს ნიშა თავისუფალია. ბევრს არასწორად ესმის ჩვენთან პროდასავლურობა. დასავლური გზა არის დასავლური ინსტიტუტების დამკვიდრების გზა, რასაც ბოლომდე არავინ ცდილობს. თუ „ნაცმოძრაობა“ არ არის ასეთი, ვიღაცას ხომ შეუძლია, თანმიმდევრულად იბრძოლოს დასავლური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის დასამკვიდრებლად?! ასევე, თავისუფალია პრორუსული პარტიების ნიშა, არადა ძალიან ბევრი ადამიანი წუხს რუსეთთან მოუგვარებელი ურთიერთობის გამო; მე არც ერთი მესმის, არც მეორე, მაგრამ ადამიანებს აქვთ უფლება, აირჩიონ განვითარების გზა. და, რაც მთავარია, არის ნაციონალისტური ნიშა. ჩვენთან ამას ეროვნულს არქმევენ, რაც არასწორია, რადგან, თუ ნაციონალისტურია, ნაციონალისტური უნდა დავარქვათ და ეს შეცვლიდა ვითარებას. თუ ვერ იქმნება ხელისუფლების ალტერნატივა, პოლიტიკური ალტერნატივა მაინც უნდა არსებობდეს. მაშინ ყველა იქნებოდა დაინტერესებული რეალური არჩევნების ჩატარებით, რომ ენახათ, რა განწყობაა საზოგადოებაში. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები მკვდარი იყო, მან მაინც ასახა განწყობები, თუ დავაკვირდებით: არ მოვიდა ამომრჩევლის 60 პროცენტი, მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ თავისი მომხრეები აშკარად მიიყვანა საარჩვენო უბნებთან ავტობუსებით. ესე იგი, 60 პროცენტი იმდენად მოწინააღმდეგეა, რომ ხელისუფლებას არც კი უცდია მათი მოყვანა. მოვიდა 40 პროცენტი და მათგან რუსეთის აგენტად შერაცხილ ნოღაიდელს, ძიძიგურსა და დავითაშვილს უწერ 9 პროცენტს. ხომ ცხადია, რომ მათი შედეგი ამაზე მეტი იყო?! როდესაც ალასანაის 20 პროცენტამდე უწერენ, ხომ ნიშნავს ეს, რომ მან, სულ ცოტა, ამაზე 5 პროცენით მეტი აიღო?! ამას გარდა, არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას ორი საკმაოდ პოპულარული პარტია: „ფორუმი“ და „ლეიბორისტები“. მაგრამ არის ერთადერთი პრობლემა: ოპოზიცია ამას ვერ ხვდება, ვერც მანამდე ხვდებოდა და ვერც ახლა ხვდება. მე ვხვდები და გამოვიყენებ ამას, თუ ვერ გავიმარჯვებ, იმდენს მაინც მოვახერხებ, რომ კლიმატს შევცვლი.


скачать dle 11.3