ნიშნავს თუ არა ჰილარი ქლინთონის თბილისში ვიზიტი, რომ რუსეთ-საქართველოს ომის განახლების საფრთხე რეალურია .
რფ-ის პრეზიდენტი მედვედევი აგერ უკვე მეორედ ეწვია ვაშინგტონს და ლამის ისეთი ურთიერთობა გაება მასა და მის ამერიკელ კოლეგას შორის, ერთმანეთს თვალშიც რომ ჩავარდნენ, ხელსაც არ ამოისვამენ. ამის პარალელურად, მოარული ხმებით, მედვედევსა და პუტინს შორის იძაბება ურთიერთობა, რა თქმა უნდა, პირველობისთვის. ხოლო, ვიდრე ობამა და მედვედევი ერთმანეთის საზოგადოებით ტკბებიან, უკრაინა-სამხრეთ კავკასიის შემოსავლელად აშშ-ის სახმდივანი ჰილარი ქლინთონი ემზადება. ამ თემაზე რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი გვესაუბრება.
– მედვედევმა თქვა სულ ახლახან, მე პრეზიდენტი ვარ, პუტინი – პრემიერ-მინისტრი და ამით ყველაფერია ნათქვამიო. რაა ნათქვამი და ვისთვის?
– ყოველთვის ჩნდება ეჭვი, ვინ არის ჩვენთან მთავარი. სინამდვილეში, არანაირი ეჭვი არ არსებობს, რადგან მთავარი პუტინია, მაგრამ ბოლო დროს მედვედევი სულ უფრო და უფრო ენერგიულად ამტკიცებს, რომ ნული არ არის და ისიც მნიშვნელოვანი ადამიანია. როგორც ჩანს, შექმნილი მდგომარეობა მისთვის დამამცირებელია. ერთ-ერთ თავის ინტერვიუში, რომელიც პუტინმა საფრანგეთში გამგზავრების წინ მისცა ერთ-ერთ დიდ გამოცემას, მან თქვა, როდესაც რაიმე მჭირდება, ვურეკავ მედვედევსო და ხაზი გაუსვა, რომ მედვედევს შენობით ელაპარაკება. არადა, მედვედევი პუტინს თქვენობით მიმართავს. ამას ყველამ მიაქცია ყურადღება. მართალია, ყველამ ისედაც იცის, ვინ არის მთავარი, რა თქმა უნდა, ის, ვინც ფულს ანაწილებს, მაგრამ მედვედევს ეს სწყინს და დროდადრო რაღაც აფეთქებები აქვს. ის ხედავს, რომ მას არ უსმენენ. მინისტრები დიდად არ აქცევენ ყურადღებას იმას, რასაც მედვედევი ამბობს. მათი მიდგომა ასეთია: ამბობს და თქვასო. მედვედევი დიდ დროს ატარებს ინტერნეტში. თავად ამბობს ამის შესახებ. როგორც ჩანს, საქმე არ აქვს. თან ის ძალიან პატარა ტანისაა.
– პუტინიც არ გვყავს გოლიათი?
– მაგრამ მედვედევი პუტინზე დაბალია. როგორც ჩანს, მას ამის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ბოლოს და ბოლოს, ამ ყველაფერმა შეიძლება, მათ შორის რაღაც კონფლიქტიც გამოიწვიოს.
– ამის კითხვა მინდოდა სწორედ. ეს რამდენად რეალურია?
– რამდენჯერმე გამოთქვა მედვედევმა საკუთარი აზრი ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი სიტყვებისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. ყოველთვის, როდესაც პუტინი ერთს ამბობდა და მედვედევი – მეორეს, პუტინის აზრი იმარჯვებდა. მეორე მხრივ, მედვედევს შეუძლია, გაათავისუფლოს პუტინი თანამდებობიდან, პუტინს კი იმავეს გაკეთება არ შეუძლია. მე არ ვიცი, გააკეთებს თუ არა ამას მედვედევი, მაგრამ აშკარაა, რომ მათ ურთიერთობაში დაძაბულობაა.
– რუსეთის მთავრობაში როგორაა გადანაწილებული ძალები? ვის უფრო მეტი მომხრე ჰყავს: პუტინს თუ მედვედევს?
– პუტინი ანაწილებს ფულს, ამიტომ ყველა პუტინთან მიდის. მედვედევს ფულთან საქმე არ აქვს, თუმცა აქვს მცირე მოცულობის სარეზერვო ფონდი. ასე რომ, ყველამ იცის, რომ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად პუტინია აუცილებელი. მაგალითად, როდესაც „მისტრალის“ ყიდვა გჭირდება, პუტინთან უნდა მიხვიდე. ანუ მნიშვნელოვან საკითხებს მაინც პუტინი წყვეტს. საერთოდ, ვისაც ფული აქვს, ის ფლობს რეალურ ძალაუფლებას. უფულო ხელისუფალი არ არსებობს, თუმცა მედვედევი აწერს ხელს შემდეგ პუტინის განკარგულებებს.
– მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკაში გამოკვეთილი ლიდერი პუტინია, ამერიკის პრეზიდენტი გამოკვეთილად აღიარებს პირველ პირად მედვედევს. თქვენ რით ხსნით ამას?
– ობამას გარემოცვაში შეიქმნა მოსაზრება, რომ მედვედევი კონსტრუქციულია, ამიტომ ჩვენ მასთან გვექნება საქმე და ამით მისი სტატუსი ამაღლდებაო. ანუ ისინი ცდილობენ, განამტკიცონ მედვედევის სტატუსი.
– ეს უფრო არ გააბრაზებს პუტინს?
– ბევრი მეგობარი მყავს ობამას ადმინისტრაციაში და ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს არც იყოს მთლად სწორი პოლიტიკა, რადგან გამოდის, რომ პუტინი, რომელიც იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ხვდება მხოლოდ მათ, ვისთანაც თავად აქვს შეხვედრის სურვილი. ასე რომ, ძალიან სახიფათო სიტუაციაა: დასავლეთს რეალურად საქმე აქვს და მოლაპარაკებებს ატარებს არა პირველ პირთან. მაგრამ თეთრ სახლში თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
– გამოდის, რომ მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტი არც არაფერს შეცვლის?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ობამას ადმინისტრაციაში, როგორც გითხარით, არიან ადამიანები, რომლებიც მედვედევის წინ წამოწევას არამართებულ პოლიტიკად მიიჩნევენ, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციაა, პრიორიტეტი მედვედევს მიანიჭოს. მეორე მხრივ, თუ დიდი კრიზისი არ იქნება, ასეთი მიდგომა სიტუაციას არ გაამწვავებს. საერთოდ, დასავლეთში ვერ ხვდებიან, რატომ იქცევა რუსეთი ასე თუ ისე. ისინი კვლავ გაკვირვებულები არიან, რატომ არ გავაგზავნეთ ჯარები ყირგიზეთში, მით უფრო, რომ გვეხვეწებოდნენ ადგილობრივები და არც დასავლეთი იყო ამის წინააღმდეგი. დასავლეთში არც ის ესმით, რატომ წარმოიქმნა კონფლიქტი ბელორუსიასთან სუფთა ადგილზე. დასავლეთს არასდროს ესმოდა, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები რუსეთში, თუმცა ამ ბოლო დროს კიდევ უფრო არ ესმით. არადა ის, რომ რუსეთის მოქმედებების წინასწარმეტყველება შეუძლებელია, ძალიან სახიფათოა.
– თქვენ რით ხსნით იმას, რომ რუსეთმა არ გააგზავნა ყირგიზეთში თავისი ჯარი?
– ჯერ ერთი, რუსეთს არ აინტერესებს ფერღანაში მომხდარი ამბები, სტრატეგიულად ეს არ არის საინტერესო ადგილი. ის, რომ იქ ვიღაცეებს ხოცავენ, მოსკოვში დიდად არავის აღელვებს, განსხვავებით 2008 წლის მოვლენებისგან, მაშინ გადაწყვეტილება ადრევე იყო მიღებული. ყირგიზეთთან მიმართებაში კი, როგორც ჩანს, არანაირი გადაწყვეტილება არ ჰქონდათ, იმიტომ რომ არ ელოდნენ მოვლენების ასე შემოტრიალებას. ერთი საქმეა ოსების დაცვა და ამით ამერიკასთან დაპირისპირება და მეორე ყირგიზეთი, სადაც არავისთან არ არის საჭირო დაპირისპირება. შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებას სხვა გეგმებიც აქვს და ამიტომაც იკავებს თავს ყირგიზეთში ჯარების გაგზავნისგან. ჩვენ არცთუ ბევრი კარგად მომზადებული სამხედრო ნაწილი გვყავს, შესაძლოა, მათ სხვა ამოცანებისთვის ინახავენ.
– ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ, მანამდე კი, ეს თემა დავასრულოთ. ყირგიზეთში რუსები არ ცხოვრობენ?
– ფერღანაში რუსები არ ცხოვრობენ, რუსები, ძირითადად, ყირგიზეთის ჩრდილოეთში არიან, მაგრამ ცოტანი. ყაზახეთში გაცილებით ბევრია რუსი მოსახლეობა. ამას გარდა, მაინც არავის ააღელვებს რუსეთში ყირგიზეთის ამბები, რუსები რომ ცხოვრობდნენ კიდეც იქ. ჩვენ, რა, ოსების დასაცავად ჩავერთეთ ომში 2008 წელს?! (იცინის). როგორც ვიცი, ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანს ვთავაზობთ, რომ შევიყვანოთ ჩვენი სამშვიდობოები ყარაბაღში. ეს ჩემმა ერევნელმა მეგობრებმა მითხრეს. აი, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რუსეთისთვის. ამიერკავკასია, ფერღანისგან განსხვავებით, უფრო საინტერესოა.
– ყირგიზეთში რუსეთს არანაირი ინტერესი არ აქვსო, მაგრამ იქ არის ამერიკელების ბაზა, რომელიც მათ სჭირდებათ ავღანეთისთვის?
– რა თქმა უნდა. ამერიკელების სურვილია, რომ ყირგიზეთში იყოს სიმშვიდე, რათა შეძლონ „მანასის“ ბაზის გამოყენება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბაზაა კოალიციის პირადი შემადგენლობის ტრანზიტისთვის.
– ესე იგი, ლოგიკურია რუსეთის პასიურობა. ყირგიზეთში სიმშვიდის დამყარებით ხომ, უპირველესად, ამერიკელები იხეირებენ?
– ამერიკელებს სამოქალაქო თვითმფრინავებით ჩამოჰყავთ თავიანთი პირადი შემადგენლობა, რომლებიც „მანასის“ ბაზაზე ისვენებენ, შემდეგ მათ სხამენ შედარებით მცირე ზომის თვითმფრინავებში და ანაწილებენ ავღანეთის ბაზებზე. კოალიციის პირადი შემადგენლობები ავღანეთში და ავღანეთიდანაც მიდის „მანასიდან“. იქიდან ტვირთების გადატანაც ხდება, მაგრამ ტვირთები ავღანეთში, ძირითადად, მაინც სატვირთო ავტომანქანებით გადააქვთ პაკისტანის გავლით. რა თქმა უნდა, ამერიკელებს „მანასის“ გარეშეც შეუძლიათ თავიანთი პირადი შემადგენლობის გადაყვანა, მაგრამ უნდა გადაეწყონ, იქ კი, ასე თუ ისე, უკვე გამართული აქვთ ინფრასტრუქტურა. ასე რომ, „მანასი“ ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჩვენს ბაზას ყირგიზეთში: ის არანაირ ფუნქციას არ ასრულებს, უბრალოდ იმის დასტურია, რომ ჩვენ იქ ვართ.
– გასაგებია, რუსეთი არ არის დაინტერესებული იმით, რომ ამერიკელებმა კომფორტულად იგრძნონ თავი ყირგიზეთში. რა არის აქ გაუგებარი დასავლეთისთვის?
– შესაძლოა, ესეც იყოს მიზეზი, მაგრამ ჩვენთან გადაწყვეტილებებს სწრაფად არ იღებენ, რადგან გადაწყვეტილებების მიღების საკმაოდ რთული სქემა არსებობს. 2008 წლის აგვისტოში ყველაფერი მოულოდნელად რომ მომხდარიყო, მაშინ ჩვენი ჯარი იქ ორ კვირაში გამოჩნდებოდა, მაგრამ, რადგან ჩვენი ჯარი მაშინვე გაჩნდა, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებაში წინასწარ იცოდნენ. ეს იყო პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ წინასწარ იყვნენ მზად საამისოდ.
– შესაძლოა, სხვა მიზნები აქვს რუსეთის ხელისუფლებას და იმიტომაც არ აგზავნის ჯარს ყირგიზეთშიო. რა მიზნები იგულისხმეთ? ომის განახლება საქართველოსთან?
– ეს შეიძლება, იყოს ომი კავკასიაში ან შესაძლოა, გადავწყვიტოთ, რომ ბელორუსიაში რეჟიმი უნდა შეიცვალოს.
– ბელორუსიასთან ომს აპირებთ?
– რეჟიმის შეცვლას.
– ეს არ ნიშნავს ომს?
– არსებობს ასეთი ტერმინი: „რეჟიმ ჩეინჯ“. საქართველოსთანაც ხომ არ ვომობთ?!
– აბა, 2008 წელს რა იყო, სიყვარული?
– ჩვენ ქართველები გვიყვარს, უბრალოდ რეჟიმის შეცვლა გვინდა.
– საქართველოსთან საინტერესოდ გამოგივიდათ: საქართველოსთან იომეთ და ხელისუფლება იგივე დარჩა.
– არ გამოგვივიდა შეცვლა. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხსნი, რა საჭირო იყო ლუკაშენკოზე თავდასხმა. მას იმაშიც სდებენ ბრალს, რომ ბაკიევი არ გადასცა ყირგიზეთის დროებით მთავრობას. ეს შესაძლოა, დამატებითი მიზეზი იყოს ბელორუსიასთან კონფრონტაციის დასაწყებად. ჩემთვის გაუგებარია, რა საჭიროა ეს გაზის ომი, როდესაც ჩვენებიც კი აღიარებენ, რომ ბელორუსიის უფრო მეტი გვმართებს, ვიდრე ბელორუსიას – ჩვენი?! როგორც ჩანს, ბელორუსიასთან მიმართებაში უფრო შორს მიმავალი ზრახვებია. თუ მიზანია ბელორუსიაში დესტაბილიზაციის შექმნა, მაშინ გასაგებია, რატომ არ გაგზავნეს ჯარები ყირგიზეთში: რა დროს ყირგიზეთია, როდესაც ბელორუსიაშია წესრიგი დასამყარებელი?! თან აქვეა კავკასიაც, ჩვენ კი, როგორც გითხარით, არც ისე ბევრი კარგად მომზადებული სამხედრო ნაწილი გვყავს, ამიტომ ჯანდაბაშიც წასულან ყირგიზები და უზბეკები, თვითონ გაერკვნენ თავიანთ პრობლემებში.
– რას ერჩიან ლუკაშენკოს?
– ის უარს ამბობს, ხელი მოაწეროს რუსეთთან საბაჟო კავშირს, არ აღიარებს აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“.
– ამას არ სთხოვენ ლუკაშენკოსო?
– რას ჰქვია, არ სთხოვენ?
– კონსტანტინ ზატულინმა მითხრა ორიოდ კვირის წინათ, რომ ლუკაშენკოსთვის არავის მოუთხოვია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაო?
– არა, არ მოუთხოვია?! ლუკაშენკომ ფული აიღო, დაჰპირდა და არ აღიარა. პუტინს კი არ უყვარს, როდესაც ფულს ართმევენ, ჰპირდებიან და დანაპირებს არ უსრულებენ. დსთ-ში პუტინი ორ ადამიანს ვერ იტანდა ფიზიოლოგიურად: სააკაშვილსა და ლუკაშენკოს. თანაბრად სძულს ორივე. თან ორივე ხომ ძალიან მაღალია?!
– ლუკაშენკოს სიმაღლე არასდროს შემიმჩნევია. მართლაც, ასეთი მაღალია?
– რა თქმა უნდა. ორივე გიგანტური ზომისაა და ორჯერ დიდები არიან პუტინსა და მედვედევზე ერთად აღებულზე, თან ორივე ცუდად იქცევა. ლუკაშენკოსადმიც ისეთივე დამოკიდებულება აქვს პუტინს, როგორც სააკაშვილისადმი.
– საწყალი ბელორუსია.
– მე არ ვიცი, რატომ მოაწყვეს ეს კონფლიქტი, მაგრამ შესაძლოა, ამას უფრო სერიოზული მიზნები ჰქონდეს, ვიდრე უბრალოდ სკანდალია. რადგან ეკონომიკური და ფინანსური მიზანი ამ კონფლიქტს ნამდვილად არ აქვს.
– რუსეთს უნდა, შეიყვანოს თავისი სამშვიდობოები ყარაბაღშიო და ჩვენთანაც აღნიშნავენ პოლიტოლოგები, რომ რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა ამიერკავკასიის შუაგულში მოხვედრა…
– სიტუაცია რთულია, რადგან ჩვენი სამხედრო ბაზა სომხეთში მოწყვეტილია და ისევე მარაგდებიან, როგორც გერმანელები – სტალინგრადში, ანუ მხოლოდ ჰაერიდან მარაგდებიან, სახმელეთო ტრანზიტი არ არის არც საქართველოდან, არც აზერბაიჯანიდან. მაგრამ, თუ ყარაბაღში სამშვიდობო ოპერაცია დაიწყება, მაშინ ჩვენი ბაზა სომხეთში აზერბაიჯანის გავლით მომარაგდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გავიმყარებთ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში. 1994 წელს პაველ გრაჩოვი ძალიან ცდილობდა, დაეწყო სამშვიდობო ოპერაცია ყარაბაღში, მაგრამ არ გამოვიდა.
– მაგრამ სომხეთი უარზეა, რომ რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანიდან შევიდნენ ყარაბაღში, საქართველოზე კი ისინი უბრალოდ ვერ გაივლიან?
– იქ რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა, სამშვიდობო ოპერაციის დაწყება. მით უმეტეს, რომ იქ შეტაკებებიც დაიწყო. სტრატეგიულად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებაში იფიქრეს, რომ კავკასიისთვის შეინახონ ძალები.
– თუ რუსეთი მოახერხებს და შეიყვანს თავის სამშვიდობოებს ყარაბაღში, ეს გადაანაცვლებს მეორე პლანზე საქართველოსთან ომის შესაძლებლობას?
– ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შეყვანა დიდწილად გადაწყვეტდა სომხეთში ჩვენი კონტინგენტის იზოლაციის პრობლემას და განამტკიცებდა ჩვენს პოზიციებს ამიერკავკასიაში, ამასთან, გამოიწვევდა საქართველოს იზოლაციას…
– ვისგან, აზერბაიჯანისგან?
– ახლა სომხეთია იზოლირებული, ხოლო, თუ ჩვენი ჯარები სომხეთსა და აზერბაიჯანში დადგებიან, აზერბაიჯანი რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა.
– ანუ საქართველოს რეგიონული იზოლაცია იგულისხმეთ.
– ასეთ შემთხვევაში აღარ იქნება მწვავე აუცილებლობა იმისა, რომ საქართველოზე გარღვევით გავიდეთ სომხეთის ბაზისკენ.
– საქართველოში ჩამოსვლას აპირებს ჰილარი ქლინთონიც. პირადად მე უსიამოვნო ასოციაციაც მიჩნდება, აშშ-ის სახმდივნები, კონდოლიზა რაისის გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთთან ომის პერიოდში აქტიურობენ ხოლმე. რა მიზანი აქვს ქლინთონის ვიზიტს? ომის განახლების საშიშროებაა?
– დაძაბულობა ყოველ ზაფხულსაა. ივლისი-აგვისტო ყველაზე მწვავე პერიოდია. მე ეს ავუხსენი ამერიკელებს, ისინი განსწავლული ხალხია და ყველაფერი გაიგეს.
– ამის თავიდან ასაცილებლად მოდის ქალბატონი ქლინთონი?
– შესაძლოა, ეს ვიზიტი დაგეგმილიც იყო, მაგრამ ფაქტია, არის პრობლემები და ისინი უნდა მოგვარდეს.
– უკრაინა რა შუაშია?
– ამერიკაში აინტერესებთ, გაიგონ, რა ხდება უკრაინაში, რა განზრახვები აქვთ სამომავლოდ. ბელორუსიასთან გაზის ომმაც დამატებით გაამწვავა სიტუაცია.
– მედვედევი ვაშინგტონშია, ქლინთონი – უკრაინა-კავკასიაში. ანუ?
– მედვედევის ვიზიტი ექსკურსიასაც მოიცავს, სილიკონის ველები უნდა მოინახულოს, რომ შემდეგ ჩვენთანაც გააშენოს. მედვედევი იქ გაერთობა, ვიღაცეებს შეხვდება. მისი ვიზიტები არაფერს ნიშნავს.
– გამოდის, რომ ობამა გაართობს მედვედევს და ამ დროს ქლინთონი შეეცდება, გაერკვეს პრობლემებში, პუტინი კი გამოიმუშავებს რაღაც საიდუმლო გეგმებს, რომელთა შესახებ არავინ იცის და ფაქტის წინაშე დაგვაყენებს ყველას?
– ფერღანის ამბები მოულოდნელობა იყო მოსკოვისთვის, ამიტომაც რეაქცია ცუდად ორგანიზებული აღმოჩნდა. საერთოდ, რუსულ აპარატს არ უყვარს მოულოდნელობები და იმპროვიზაციის რეჟიმში მუშაობა.
– 2010 წელს როგორი პროგნოზი გაქვთ რუსეთ-საქართველოს ომზე?
– 2008 წელს ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა, ახლა არ ვიცი. შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებაში საზაფხულოდ რაღაც გეგმები აქვთ, მაგრამ, თუკი შარშან ომის საფრთხე აშკარად ჩანდა, ახლა არ ჩანს, მაგრამ ჩვენს სამხედროებს უყვართ მოულოდნელობები და ამას გამარჯვების გასაღებად მიიჩნევენ.