ტვინარეულები
„ფინანსური ალღოს“ მსხვერპლნი
რევოლუციურად მონათლული საგადასახადო კოდექსი უკვე პარლამენტშია და მისი საკომიტეტო მოსმენაც გაიმართა! წინასწარი სამთავრობო ინფორმაციით, სიახლის მიზანი მეწარმეთათვის საქმიანობის გაადვილება და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება იყო, წინასწარი ოპოზიციური ინფორმაციით კი – პირიქით. იმ საკომიტეტო მოსმენაზე ბეჭდური მედია ფრიად წარმომადგენლობითად მიიწვიეს და კიდეც დააიმედეს, რომ „შემთხვევითი ტექნიკური შეცდომები“ (პრესის დღგ-ით დაბეგვრა) გამოსწორდებოდა (უცნაურია, საპირისპირო ხასიათის შეცდომები რატომ არ ეპარებათ ხოლმე). მართალია, პრესას ეშველა, მაგრამ, სხვა მხრივ საქმე ისევ ძველებურად დარჩა. კერძოდ, დღგ-ს ვერ ასცდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში განათლების მიღება კიდევ უფრო დიდი ფუფუნება გახდება. თუმცა, ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ სწავლის საფასური არ გაძვირდება (საგანმანათლებლო დაწესებულებებმა თავიანთი მოგებებიდან დაფარონ დღგ-ო, რაც ბუნებრივად იწვევს რეპლიკას – „სადა ბანაობო“). მეტიც, ამ საგადასახადო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ტარიფს გაზრდიან, რადგან ამ მომსახურებაზე აქციზი დაწესდება (არადა, საზოგადოება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია, რადგან მობილური ოპერატორების ტარიფები ამ ჩვენს ქვეყანაში არაბუნებრივად მაღალია და როგორც ჩანს, „ძეხვს“ ისევ ვერ შევწვდებით!). მაგრამ ფინანსთა მინისტრი კვლავ გვაიმედებს (უფრო ზუსტად, ტვინს გვირევს), ამ კომპანიებს წელიწადში 200-მილიონიანი მოგებები აქვთ და ახალი გადასახადი ამ მოგებებიდან დაფარონო (მეორე მხრივ, მეტი დარდიც არ აქვთ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს, მოგება შეიმცირონ). რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ თავიანთ აქციებს მომხმარებელს ცხვირში ძმრად ამოადენენ.
მეორე მხრივ, მინისტრ ბაინდურაშვილს არ დაუმალავს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი მთავრობას შემოსავლებს შეუმცირებს, ამიტომაც დანაკლისი უნდა აინაზღაურონ (ჩვენ მხოლოდ ორ კონკრეტულ ცვლილებაზე ვისაუბრეთ, თორემ, ასეთი მარგალიტები უხვადაა) და, როგორც ჩანს, მოსახლეობის ხარჯზე. აქედან გამომდინარე, მართლაც შესაშური ფინანსური ალღო უნდა გქონდეს, ასეთი რევოლუციური კოდექსი რომ შექმნა!