აჟღურტულებულები
სწავლული აგრონომები
იმას, რომ ჩვენი საზოგადოების პროგრამა-მინიმუმი ინგლისურის დაუფლებაა, ჩვენი პრეზიდენტი მუდამდღე გვახსენებს. არც გასულ კვირას დაიზარა, ეთქვა, რომ მთელი ინდოეთი ინგლისურად ლაპარაკობს და, დახეთ, რა სიმაღლეებს მიაღწიესო (დაახლოებით, ასეთი პათოსით: რა უნდა რუსულის სწავლას, მთელი რუსეთი რუსულად ლაპარაკობსო) . სწორედ აქედან გამომდინარე, დაასკვნა, რომ, თუ ჩვენც ავჟღურტულდებით ინგლისურად, ჯერ დავეწევით, შემდეგ კი გავუსწრებთ, ამ ეპატზე, ინდოეთს (ანუ, ჩვენს ბედს არც ძაღლი დაჰყეფს და არც დათვი დააბურდღუნებს). პრაქტიკულად კი, ეს ყოველივე შემდეგნაირად განხორციელდება: ინგლისური – პირველი კლასიდან!
ამ თუ სხვა მიზეზით, გასულ კვირასვე შევიტყვეთ კიდევ ერთი ახალი ნოვაციის – საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და სოფლის დასავლურ მეურნეობაში ინტეგრაციის შესახებ. რაკი ჩვენი ახლანდელი თაობა არ სწავლობდა ისეთ ნათელ წარსულში, რომლის დევიზიც იყო: „ინგლისური – პირველი კლასიდან“, ქართული სოფლის სიდუხჭირის დასაძლევად სოფლებში სწავლული აგრონომის ინსტიტუტი შემოდის. ამ მისიისთვის განწირულებს წინასწარ შეარჩევენ, ინგლისურს შეასწავლიან და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დასაუფლებლად დასავლეთში გაგზავნიან. სიდუხჭირიდან გამოყვანის სქემა მარტივია: აგრონომები იქ განისწავლებიან, შემდეგ თითო სოფელს თითო სწავლული აგრონომი ეყოლება. ეს უკანასკნელი დანარჩენ განუსწავლელ თანამემამულეებს უცხოეთში ნასწავლს შეასწავლის და სოფელიც გამოვა სიდუხჭირიდან. ხოლო, თუ ამას ერთ კარგ სიმღერასაც მივაშველებთ, სოფელი არათუ აშენდება, შესაძლოა, კიდეც გადაშენდეს.