ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ოჯახის წევრები მალე აგარაკზე ვგეგმავთ გამგზავრებას. მაინტერესებს, საკმარისია თუ არა მინდვრის თვეში ერთხელ შეწამვლა მავნებლების წინააღმდეგ?
პასუხი: სრულიად საკმარისია. ბალახის კარგად შეწამვლის შემდეგ ერთი-ორი თვე არც ტკიპა შეგაწუხებთ, არც რწყილი და არც ბაღლინჯო. ეზოს წინასწარი დამუშავება მხოლოდ ძაღლისთვის კი არა თქვენთვისაც კარგია, რადგან ბაღლინჯო, რწყილი და ტკიპა როგორც ძაღლს, ასევე ადამიანსაც ეტანება.
კითხვა: ხშირად მსმენია, რომ ალბინოსი ძაღლები კარგად ვერ ხედავენ. მაინტერესებს სარწმუნოა თუ არა ეს წყარო? ახლახან თეთრი ფერის ლეკვი მაჩუქეს და ეჭვი მაქვს, რომ ალბინოსია.
პასუხი: ალბინოს ძაღლებს ჩვეულებრივი მხედველობა აქვთ. მათი ღია ფერის თვალები იმდენად ბაცია, წითელი ფერი გადაჰკრავს. ამას რუბერუზი ეწოდება, რაც უფრო ხშირად დოგებში გვხვდება. თეთრი ძაღლების გამრავლება სწორედ ამ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თუ თეთრ ძაღლს ამრავლებენ, მას აუცილებლად შავი ცხვირ-პირი უნდა ჰქონდეს და თვალებიც მაქსიმალურად შეფერილი.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა დავბანოთ ძაღლი ზაფხულში?
პასუხი: ზაფხულში არ არის საჭირო ძაღლის ხშირად დაბანა. თუ დასასვენებლად ხართ წასული და გამდინარე წყალში აბანავებთ მას, ეს შეიძლება, ყოველდღეც გააკეთოთ. ერთი რამ დაიმახსოვრეთ, ძაღლი სარეცხის საპნით არ დაბანოთ, რადგან ის კანზე ცხიმს აცლის და უფრო იოლად აიღებს დაავადებას. ცხიმის ფენა მისი დამცავი საშუალებაა. წყლით და საპნით ამ ფენას ვრეცხავთ, რის აღდგენასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება. აღდგენის პერიოდში კი შეიძლება, რაიმე ინფექციამაც ჩაიბუდოს.
კითხვა: როგორც ამბობენ, ცუდი ძაღლი არ არსებობს და, თუ ძაღლი კარგად არ არის აღზრდილი, ეს უკვე პატრონის ბრალია. მართალია?
პასუხი: ყველა ჯიშს ახასიათებს ცუდი, საშუალო და კარგი წარმომადგენელი. გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ძაღლი, შეიძლება, ცუდი გამოდგეს თუ მას სათანადოდ არ აღზრდით და დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებთ. მაგალითად, თუ დოგს ჯაჭვით დააბამთ, თუკი არ დაიღუპა, მაშინ ის აუცილებლად უაზროდ აგრესიული გახდება როგორც უცხოების, ასევე საკუთარი პატრონის, ოჯახის წევრების მიმართ. თუ კავკასიურ ნაგაზს მოფერებითა და მზრუნველობით გაათამამებთ, ათამაშებთ ყველასთან განურჩევლად და ნებისმიერ შემხვედრს გაატანთ გასასეირნებლად, ის აღარასოდეს დაიცავს თქვენს ქონებასა და საკუთრებას. გამომდინარე აქედან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია თქვენი როლი ძაღლის შერჩევასა და აღზრდაში.
კითხვა: თუ შეიძლება, რამდენიმე სიტყვით დამიხასიათეთ იორკშირ-ტერიერი, როგორი ძაღლია და რა თვისებებით გამოირჩევა?
პასუხი: მისი წარმომავლობა დიდი ბრიტანეთიდან მოდის. სიმაღლე მინდაოში, იდეალურ შემთხვევაში 2. 24 მეტრია, ხოლო წონა – მინიმუმ 2, მაქსიმუმ 3.1 კილოგრამი. როგორც ამბობენ, იორკშირ-ტერიერი დიდი ძაღლია პატარა სხეულში. ის იდეალურად ეგუება მცირე საცხოვრებელ ტერიტორიას, აქვს ძალიან კარგი იმუნური სისტემა, არის იდეალური კომპანიონი, ხასიათდება სიცოცხლის ხანგრძლივობით. იორკშირს ესაჭიროება ყოველდღიური წმენდა და ვარცხნა. მას ძალიან უყვარს სხვა ძაღლებთან ჩხუბი.