რაზე მოქმედებს დადებითად ოჯახში ძაღლისა და ბავშვის თანაცხოვრება
ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ოჯახში პატარა ბავშვის დაბადების შემდეგ ცხოველი გაუჩუქებიათ. ბევრს ჰგონია, რომ ცხოველისა და ბავშვის თანაცხოვრება წარმოუდგენელია და ამას არასასურველ შედეგამდე მივყავართ. არის მეორე უკიდურესობაც: ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომლებსაც მართლა ძალიან უყვართ ცხოველები, ამ შემთხვევაში – ძაღლები, ამტკიცებენ, რომ ბავშვისა და ცხოველის თანაცხოვრება ცუდი სულაც არ არის, პირიქით, მას თავისი პლუსებიც კი აქვს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილს ვესაუბრეთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: თითქმის ყველა ოჯახი ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს და აპირებს ლეკვის აყვანას, ან ჰყავთ ძაღლი და ოჯახის პატარა წევრი უნდა შეემატოს, დგება არჩევნის წინაშე – აიყვანონ თუ არა ლეკვი, ან, მოიშორონ, მისცენ სხვას, ან, სულაც, აგარაკზე გაუშვან ძაღლი, რომელიც უკვე კარგა ხანია, მათ ოჯახში ცხოვრობს. პრობლემა, რომელიც, შეიძლება, წარმოიშვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გაზვიადებულია, მაგრამ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც გულგრილობა ვარგა.
– რეალურად, დასაშვებია ბავშვისა და ძაღლის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?
– ფსიქოლოგების აზრით, ოჯახში ძაღლისა და ბავშვის თანაცხოვრება დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე, კერძოდ, ბავშვს უყალიბდება სულიერი გახსნილობა და გარემო სამყაროსადმი მზრუნველობის გრძნობა: უვლის ძაღლს, თავს ევლება, ასეირნებს მას – ეს არის კომუნიკაცის საუკეთესო საშუალება.
– თუ არის მათ შორის ეჭვიანობის მომენტი?
– ძაღლისა და ბავშვის პირველი შეხვედრის დროს, შეიძლება, ძაღლმა იეჭვიანოს. ეჭვიანობა, შეიძლება, განუვითარდეს საკმაოდ მყარი ფსიქიკის ძაღლსაც. საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შეხვედრას. თანდათანობით უნდა მოხდეს მათი ერთმანეთთან შეჩვევა, ბავშვი უნდა მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს ძაღლთან მიმართებაში. ხშირად უნდა მოვეფეროთ და შევაქოთ ცხოველი ბავშვთან კონტაქტის დროს და ბავშვსაც ავუხსნათ, რომ ძაღლი მისი მეგობარია, რომ არაფერს დაუშავებს და მივცეთ მათ ერთად თამაშის საშუალება.
– მაშინ რა უნდა ვქნათ, თუ ძაღლმა კვლავ განაგრძო ბავშვზე ეჭვიანობა?
– კარგია, თუ ბავშვსა და ძაღლს ერთად გაასეირნებთ. ეს მათი ერთმანეთის გაცნობის, დაახლოებისა და დამეგობრების საუკეთესო საშუალებაა. მიუხედავად ყველაფრისა, თუ ძაღლი განაგრძობს ეჭვიანობას და გამოხატავს აგრესიას, საჭიროა, კინოლოგს ან პროფესიონალ მწვრთნელს მიაბაროთ.
– არის შემთხვევები, როცა თვითონ ბავშვები არიან აგრესიულები ცხოველის მიმართ.
– თუ თქვენ ოჯახში პატარა ბავშვი გყავთ, სასურველია, მოერიდოთ ისეთი ჯიშის ლეკვის აყვანას, რომელიც მეტად აგრესიულია და ბუნებით ლიდერობას არავის უთმობს. რაც შეეხება ბავშვის აგრესიას: ბავშვებს 3-4 წლის ასაკში უყალიბდებათ აგრესია ცხოველების მიმართ: ურტყამენ, ითრევენ კუდით. ამ დროს კი ცხოველი, თავდაცვის მიზნით, შეიძლება, თავს დაესხას ბავშვს. ამიტომ, მოცემულ მომენტში საჭიროა, ბავშვს აუხსნათ და დაარიგოთ, რომ ასეთი მოქცევა არ შეიძლება. აუხსენით ისიც, რომ ძაღლთან კონტაქტისა და თამაშის შემდეგ მან აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები.
– რაც შეეხება დაავადებებს, რომლებიც, შეიძლება, ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს, როგორ ავიცილოთ თავიდან?
– რაც შეეხება დაავადებებს, რომლებიც, საერთოა ადამიანისა და ცხოველისთვის და საშიშია თავისთავად ბავშვისთვის, თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა, ჩვენს ცხოველს დროულად ჩავუტაროთ ყველა საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიება. ყოველ სამ თვეში ერთხელ სავალდებულოა დეჰელმინთიზაცია და ვაქცინაცია. ასევე, უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, როგორც უკვე გითხარით, მივაჩვიოთ ბავშვი, ცხოველთან კონტაქტის შემდეგ აუცილებლად დაიბანოს ხელები საპნით. ხშირია ბავშვების მიერ ქუჩაში ძაღლებთან, განსაკუთრებით კი, პატარა ლეკვებთან თამაში. აუცილებლად უნდა ავუხსნათ ჩვენს პატარას, რომ ეს არ შეიძლება, რადგან, შესაძლოა, ძაღლმა რამე დაავადება გადასდოს ან უკბინოს. ქუჩის ძაღლები ხშირად ისეთი დაავადებების მატარებლები არიან, რომლებიც საერთოა ადამიანისა და ცხოველისთვის და მეტად საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. თუ შემთხვევითი კონტაქტის დროს მოხდა ბავშვის დადორბვლა, დაკაწვრა ან დაკბენა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმ-რაბიოლოგს.