კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უქმნიდა ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარულს წინააღმდეგობას და როგორ გაიმარჯვა დიდმა გრძნობამ


ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან ბევრი რამ ვიცით, წაგვიკითხავს, გვსმენია მისი მოღვაწეობის, შემოქმედების შესახებ, თუმცა, ნაკლებადაა ცნობილი დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მიმოწერები მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან. სიტყვაძუნწი და დინჯი ილია ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე და სიტყვაუხვი ხდებოდა მეუღლისადმი მიწერილ ბარათებში. ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსუდან კუსრაშვილი, ამბობს, ასეთი დიდი სიყვარულის შესახებ იშვიათად მსმენიაო. თუ რა წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ გაიმარჯვა ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარულმა, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან და როგორ გაგრძელდა მოსიყვარულე მეუღლის ცხოვრება დიდი ილიას სიკვდილის შემდეგ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



რუსუდან კუსრაშვილი: ილია ჭავჭავაძე ცნობილია, როგორც ძალიან დინჯი, აუჩქარებელი პიროვნება. ეს ჩანს მის შემოქმედებაშიც, ნაწერებშიც. როგორც ამბობდნენ, გარეგნობით ილია ყოფილა ხორცსავსე, საშუალო ტანის; შუბლი ჰქონია ძალიან ნათელი. მე ძველი არქივებიდან ვიცი, რომ იგი ძალიან ბევრ მანდილოსანს მოსწონდა და ეტრფოდა კიდეც.

– მაგალითად?

– მაგალითად, ილიას ეტრფოდა იმხანად ცნობილი მსახიობი ნატო გაბუნია. იგი იმდროინდელი ქართული თეატრის ვარსკვლავი და მშვენება გახლდათ.

– ცნობილია, რომ თვითონ ილია ჭავჭავაძეც მდგარა ქართული თეატრის სცენაზე.

– ძალიან იშვიათად, სულ რამდენჯერმე, თითქმის არც არის ცნობილი ილია ჭავჭავაძის გამოსვლები თეატრალურ სცენაზე.

1861 წელს ილია დაბრუნდა პეტერბურგიდან, სადაც ის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. ამავე წლებში მოხდა ის ამბავი, რომელიც მე ნატო გაბუნიას არქივიდან შევიტყვე. ერთ-ერთი წვეულების დროს, თურმე, ნატო გაბუნია კალთაშიც კი ჩაუჯდა ილია ჭავჭავაძეს. ეკატერინე გაბაშვილს ძალიან არ მოეწონა მსახიობის ეს საქციელი და ამის გამო გაკილა კიდეც ის. ილია ამ დროს ახალგაზრდა და უცოლო მამაკაცი გახლდათ. ოდნავ მოგვიანებით მან ოლღა გურამიშვილი გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა იგი.

– ოლღა გურამიშვილი თუ თანაუგრძნობდა ილია ჭავჭავაძეს?

– თანაუგრძნობდა. ოლღა გურამიშვილი იყო მდიდარი მემამულის თადეოზ გურამიშვილის შვილი. როდესაც თადეოზის ახლობლებმა შეიტყვეს ილიას გადაწყვეტილება ოლღასთან შეუღლების შესახებ, მაინცდამაინც არ მოეწონათ ეს ამბავი. მეტიც, ერთ-ერთ წერილში ოლღა სწერს ილიას – მამაჩემმა რომ შეიტყოს ჩვენი ამბავი, თოფით მომკლავსო.

ილიასა და ოლღას ქორწინება რომ შემდგარიყო, ძალიან ბევრი ქალბატონი ჩაერთო საქმეში ცნობილი და გავლენიანი ოჯახებიდან, მაჭანკლებიც, თუმცა, ამის მიუხედავად, ვერაფრით ვერ დაითანხმეს მათ ქორწინებაზე თადეოზის ოჯახი. მაჭანკლებს ჩუმად მიჰქონდათ და მოჰქონდათ ოლღასა და ილიას წერილები. ოლღას ოჯახის განწყობის გამო, შეყვარებულები ხშირად ვერ ახერხებდნენ შეხვედრას. ილია უამრავ თბილ და გრძნობით სავსე ბარათს ატანდა გულისსწორთან, რომლებსაც სხვადასხვანაირად და ამავე დროს, ერთნაირად ამაღელვებლად აწერდა ხოლმე ხელს. მაგალითად: „შენი საუკუნოდ ილია“, „უკუნიდან-უკუნისამდე ილია,“ „შენი მარად ერთგული ილია“, „შენი სიკვდილამდე ილია“. ასეთი უაღრესად თბილი ხელმოწერებით მთავრდება ყოველი წერილი ილიასი ოლღასადმი. ხანდახან, ისიც ძალიან იშვიათად, შეყვარებულები ახერხებდნენ შეხვედრას და ეს ხან ეკლესიაში წირვისას ხდებოდა, ხანაც, რომელიმე საერთო ახლობლის ოჯახში სტუმრობისას.

საბოლოოდ კი მაინც დადებითად გადაწყდა მათი ამბავი და 1863 წელს ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა ჯვარი დაიწერეს – როგორც ყოველთვის, სიყვარულმა ამჯერადაც გაიმარჯვა.

– როგორი ურთიერთობა ჰქონდათ უკვე ცოლქმრობის პერიოდში ილიასა და ოლღას?

– არაჩვეულებრივი. ილია სულ სხვა იყო სამსახურში, მწერლობაში, ოფიციალურ დაწესებულებებში და რადიკალურად განსხვავებული იყო ოჯახში. ეს აშკარად ჩანს მისი პირადი წერილებიდან ოლღასადმი.

ილია ჭავჭავაძე ძალიან მეურნე კაცი გახლდათ, ამიტომ იგი სულ საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა ოჯახში. ოლღა მეტწილად საგურამოში ცხოვრობდა, ილია კი თბილისში მსახურობდა და ილიას წერილების დიდი რაოდენობა სწორედ თბილისიდანაა გამოგზავნილი. თუმცა მანამ, სანამ იგი თბილისში დამკვიდრდებოდა, ილია ჯერ ქუთაისში მუშაობდა საგუბერნიოს მოხელედ, შემდეგ დუშეთში გადავიდა მომრიგებელ მოსამართლედ. იყო პერიოდი, ოლღა გურამიშვილი დას, ეკატერინესაც გაჰყვა რამდენჯერმე ბაქოში.

ეკატერინე, მეფის რუსეთის დროინდელ საქართველოში ცნობილი პირის – სტარასენსკის მეუღლე გახლდათ. ბაქოში მიწერილი წერილებიც დიდი მზრუნველობითა და სიყვარულითაა აღსავსე: „როგორა ხარ? სიცხე რომ გქონდა გაგიარა? საბანს იხურავ? გაცივდი?“.. გარდა ამისა, არა მარტო ოლღა არის ნახსენები ამ წერილებში, არამედ ოლღას და, დისშილები... ყველას კითხულობს და გულთბილად იხსენიებს.

ილია ჭავჭავაძეს ერთი ცხენი ჰყავდა – „მიშკა“ და ძაღლი – „გაზილა“, ორივე განსაკუთრებულად უყვარდა. სულ მათ კითხულობდა, როგორ არიანო. ოლღამ მისწერა – შენ ისინი უფრო გიყვარს, ვიდრე მეო.

ბაქოდან დაბრუნებული ილია უკვე თბილისში დამკვიდრდა და დაიწყო „საქართველოს მოამბის“ გამოცემა. ძალიან ბევრს იბრძოდა სათავადაზნაურო ბანკის დასაარსებლად. თვეობით უწევდა ხოლმე ყოფნა მოსკოვში, რადგან აწვალებდნენ, აჯანჯლებდნენ: ხან, მეორე კვირას მოდიო, მეორე თვეს მოდიო. ძალიან განიცდიდა ილია, მოსკოვში რომ ყოვნდებოდა და იქიდანაც კითხულობდა ოჯახს, ყველაფერს დაწვრილებით, მაგალითად: მოურავი რას აკეთებს, როგორ არის, შაქარი რამდენი დარჩა ოჯახში და ასე შემდეგ. ოჯახური საქმეები სულ დაწვრილებით იცოდა. გაოცდებით, ასეთი დატვირთვის ადამიანი, ასეთი საქმიანობის ფონზე, როგორ იცლიდა, რომ გაერკვია და ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო.

– ცნობილია, რომ ილიას ოჯახი სტუმართმოყვარეობით ყოფილა გამორჩეული.

– ილია ჭავჭავაძეს წესად ჰქონია, რომ მისი ოჯახიდან სტუმარი ფხიზელი არ უნდა გამოსულიყო. სტუმრები რომ მიჰყავდა ილიას ოჯახში, ატყობინებდა ხოლმე ოლღას: ოლღა, ეს და ეს სურსათი მომაქვს, მომყავს ესენი (ასახელებდა), შენ არაფერზე იზრუნო, მხოლოდ იმაზე შეგაწუხებ, რომ ცხენები გამოგზავნეო.

– თავის მხრივ, ოლღაც განსაკუთრებული მეუღლე იყო.

– შემორჩენილია ილიას მიერ გამოგზავნილ ზოგიერთ წერილზე ოლღას მიერ გაკეთებული მინაწერები: „ჩემი ანგელოზი“, „ვენაცვალე ჩემს ილიას“... ძალიან დიდი გრძნობა აკავშირებდათ ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს. მე ასეთი დიდი სიყვარულის შესახებ იშვიათად მსმენია. ეს სიტყვაძუნწი კაცი, ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე და სიტყვაუხვი ხდებოდა მეუღლისადმი მიწერილ წერილებში.

– არაერთხელ გამიგონია, რომ უშვილო ცოლ-ქმარი ორმაგად მზრუნველი და მოსიყვარულენი ხდებიან ხოლმე ერთმანეთის მიმართო. იქნებ, ილიასა და ოლღას სიყვარულიც ამის მაგალითია?

– „მე რად მინდა შვილები“, – წერდა ილია ოლღას, საქართველო ხომ ჩემი შვილებით არის სავსე, ქართველები ჩემი შვილები არ არიანო?! ეს ერთგვარი ნუგეშიც იყო მისი მხრიდან და, ამავე დროს, ძალიან დიდი სითბო და სიყვარული გამოსჭვივის ამ ფრაზებიდან. უშვილობას, ალბათ, ძალიან განიცდიდნენ, ამდენი წერილიდან მხოლოდ ამ ერთ წერილში საუბრობს ილია შვილებზე.

– წიწამურის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ როგორ განვითარდა ოლღა გურამიშვილის ცხოვრება?

– ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ოლღა მთაწმინდაზე დასახლდა, პანთეონთან ახლოს. ამბობენ, ოლღა გურამიშვილი მწუხარებისგან უკვე ჭკუაზე აღარ იყოო. ბევრს ეჭვიც ეპარებოდა, რომ იგი შეიშალა, თურმე, ყოველ დილით გამოდიოდა აივანზე და მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით ყვიროდა: „ილია!.. ილია...“, როგორც წესი, ყოველდღე ადიოდა სასაფლაოზე. ძალიან განიცადა ოლღა გურამიშვილმა მეუღლის სიკვდილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ილიას გარდაცვალებიდან კიდევ 20 წელიწადს იცოცხლა.


скачать dle 11.3