რატომ მოისურვეს ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე წარდგენილი ქართული დელეგაციის ლიკვიდაცია და რისთვის ლოცავდნენ რუსები ქართველ ელჩებს
მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოს გაძლიერებული ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სრულიად საქრისტიანომ გაერთიანებული გალაშქრება გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებით, რომის პაპმა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანო მიიწვია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოსმალეთის თემა, მეორეხარისხოვანი იყო, ხოლო უმთავრესი მიზეზი ამ კრების მოწვევისა სულ სხვა რამ აღმოჩნდა. რა პაექრობას ჰქონდა ადგილი ქართულ დელეგაციასა და რომის პაპს შორის, რის შედეგადაც ქართველებს ლიკვიდაციით დაემუქრნენ; რაზე მოაწერეს ხელი აღმოსავლეთის ქრისტიანულმა ქვეყნებმა პაპის ძალდატანებით, ურჩი ქართველების გარდა – ყოველივეზე ისტორიკოსი მირიან მახარაძე გვიამბობს.
მირიან მახარაძე: მეცამეტე საუკუნის ბოლოსა და მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში ანატოლიაში მკვიდრდება ოსმალეთის ძლიერი იმპერია. მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოდან, ოსმალები იწყებენ ექსპანსიას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ამ ფაქტმა დიდი შეშფოთება გამოიწვია, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქრისტიანოში. რომის პაპის ინიციატივით, მოიწვიეს საეკლესიო კრება ფერარაში. ამ დროს კი ფერარაში, შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ამის გამო კრება ფლორენციაში გაგრძელდა. კრების მთავარი მიზანი იყო მართლმადიდებლური და კათოლიკური სამყაროს ერთიანი დარაზმვა მუსლიმანური ოსმალეთის წინააღმდეგ. ამ კრებაზე მოწვევა რომის პაპმა ქართველებსაც გამოუგზავნა.
– მიიღო თუ არა ეს მოწვევა დაშლის პირას მდგარმა საქართველომ?
– მიუხედავად იმისა, რომ მეთხუთმეტე საუკუნე, ოფიციალურად, აღიარებულია საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდად, ამ მომენტში, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო არცთუ ისე სუსტი სახელმწიფო და ერთგვარად ფინანსურად ძლიერი ქვეყანაც იყო. ეს იქიდანაც ჩანს, რომ საქართველოს სამეფო კარმა თავისი დელეგაცია არათუ დააფინანსა აღნიშნულ საეკლესიო კრებაზე გასამგზავრებლად, არამედ 20 ათასი ოქროც გაუგზავნა ბიზანტიის იმპერატორს კონსტანტინოპოლის ელჩობის დასაფინანსებლად.
აღსანიშნავია, რომ ამ კრებაზე, საქართველოს გააჩნდა, სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის მანდატი და შესაბამისად, ის ამ სახელმწიფოსაც წარმოადგენდა, რადგან ამ დროისთვის სერბულ მიწებს უკვე ოსმალეთი აკონტროლებდა.
– საქართველოსა და ბიზანტიის გარდა, კიდევ ვინ ესწრებოდა კრებას აღმოსავლეთ საქრისტიანოს მხრიდან?
– გარდა საქართველოსი და ბიზანტიისა, აღნიშნულ კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ტრაპიზონისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიები და სომხეთის გრიგორიანული ეკლესია. რაც შეეხება დასავლეთ საქრისტიანოს, იგი კრებაზე სრულად იყო წარმოდგენილი. კრების მასალებიდან ჩანს, რომ საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა იმდროინდელ ქრისტიანულ სამყაროში. იმხანად, ქვეყნის მდგომარეობა ისაზღვრებოდა, იმისდა მიხედვით, ვინ რამდენად ახლოს იჯდა, კრების მსვლელობისას, იმპერატორთან და ეკლესიის მთავართან.
– როგორ და რის მიხედვით ნაწილდებოდა ეს ადგილები?
– ადგილები წინასწარ იყო დადგენილი ქრისტიანული სამყაროს მიერ, იმისდა მიხედვით, ვინ უფრო ძველი ქრისტიანული სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო და რა როლი მიუძღვოდა, ქვეყანას ქრისტიანული ეკლესიის აღმავლობაში. ქართველები ამ კრებაზე მეხუთე პოზიციას იკავებდნენ.
– რა არის ცნობილი ამ კრებაზე მონაწილე ქართული ელჩობის შესახებ?
– ცნობილია, რომ ამ კრებაზე საქართველოს წარმოადგენდა ერთი საერო და ორი სასულიერო პირი. აღსანიშნავია, რომ ევროპელები თავდაპირველად, განცვიფრდნენ ქართველების ჩაცმულობით. გადმოცემის მიხედვით, მათ თავზე დიდი ქუდები ეხურათ, უამრავი ძვირფასეულობით იყო შემკული. გარდა ჩაცმულობისა, ევროპელები განაცვიფრა ქართველების ქცევამ სადილზე.
– კერძოდ?
– ისინი უზომოდ დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ ხორცს და ეწაფებოდნენ ღვინოს.
– მხოლოდ ამით განაცვიფრეს ქართველებმა ევროპელები?
– საბედნიეროდ, არა. ევროპელები განაცვიფრა ქართული ელჩობის ღრმა განათლებამ და ქრისტიანული კანონების ზედმიწევნით ცოდნამ, რაც მათ ნათლად აჩვენეს რომის პაპთან პაექრობის დროს.
ამ კრებაზე დამსწრე სიროპულუსი (ფაქტობრივად, ამ კრების მემატიანე) გადმოგვცემს, რომ მაშინ როდესაც, ევროპას, დავიწყებული აქვს არისტოტელე და პლატონი, ქართველებმა მათი მსოფლმხედველობა ძალიან კარგად იციანო. აღნიშნავს აგრეთვე, რომ მაშინ, როდესაც ევროპას, დამატებები და ცვლილებები აქვს შეტანილი საღვთო სჯულში, ქართველებმა, ზედმიწევნით იციან ქრისტიანობის პირვანდელი კანონებიო. სიროპულუსი გადმოგვცემს, რომ ქართველებმა საღვთო კამათში რომის პაპიც კი დაამარცხეს და ეს უკანასკნელი იძულებული გახადეს, გაჩუმებულიყო.
– რის გამო შედგა ეს კამათი?
– მიუხედავად იმისა, რომ ფერარა-ფლორენციის შეკრების უმთავრესი მიზანი ოსმალების წინააღმდეგ ერთობლივი გალაშქრება იყო, კრებამ პირველსავე დღეებიდან ნათელყო, რომ ანტიოსმალური კოალიციის შეკრება, რომის პაპმა მეორეხარისხოვან საქმედ აქცია, ხოლო მისი უმთავრესი მიზანი აღმოსავლური საქრისტიანოს (მართლმადიდებლური, გრიგორიანული) კათოლიკურ რჯულზე მოქცევა გახლდათ. ანუ, როგორც რომის პაპი აღნიშნავდა, მართლმადიდებლობის ერესად გამოცხადება და დედაეკლესიასთან, ანუ პეტრეს ტაძართან დაბრუნებისთვის იღვწოდა. ქართველებმა პაექრობის დროს არგუმენტირებულად დაუსაბუთეს პაპს, რომ ერესი არა მართლმადიდებლობაში, არამედ კათოლიციზმში უნდა ეძებოს.
– რა შედეგი გამოიღო ამ კამათმა ქართველებისთვის და აღმოსავლეთ საქრისტიანოსთვის?
– აღსანიშნავია, რომ კრებამ დიქტატორული ხასიათი მიიღო. რომის პაპმა იძულებული გახადა აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნები, ხელი მოეწერათ თავიანთი სარწმუნოების გაუქმებასა და კათოლიციზმის მიღებაზე. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ ძალდატანებით უნიას ხელი არ მოაწერა, საქართველო იყო. უნიას ხელს აწერდნენ: ბიზანტიის იმპერია, ტრაპიზონის სამეფო, რუსეთისა და სომხეთის წარმომადგენლობები.
– კრებაზე გამოჩენილი ამ ურჩობის გამო რა ბედი ეწია ქართულ დელეგაციას?
– ქართულ დელეგაციას ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ისინი იძულებულნი შეიქნენ კრებიდან გაპარულიყვნენ, მიეტოვებინათ ყველაფერი, რაც სადგომებში ჰქონდათ. ფაქტობრივად, ქართული დელეგაცია, რომელმაც მეზობელი სახელმწიფოც კი დააფინანსა ამ კრებაში მონაწილეობის მისაღებად, უსახსროდ აღმოჩნდა ღია ცის ქვეშ. ერთ-ერთი წყარო მოგვითხრობს, რომ ფლორენციის მთავარ მოედანზე, ნიღაბაფარებული ქართული დელეგაცია, მათხოვრობდა, რათა სამშობლოში დასაბრუნებელი ფული შეეგროვებინა. ისინი, ტირნოვოს ეპისკოპოსმა აღმოაჩინა და გზა კონსტანტინოპოლამდე დაუფინანსა. შესაძლებელია, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ 1444 საქართველოს სამეფომ მონაწილეობა არ მიიღო ვარნის ბრძოლაში, რომელიც ევროპელებმა ოსმალებს გაუმართეს. თუმცა, არსებობს წერილი – რომის პაპის საქართველოს მეფისადმი, სადაც პაპი ალექსანდრე პირველს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმას სთხოვს.
– როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, უნიაზე ხელმოწერილ ქვეყანათაგან არც ერთს არ უარუყვია თავისი რელიგიური მიმდინარეობა, ანუ არ გაკათოლიკებულან. რა მოხდა, როგორ შეხვდნენ ეს ქვეყნები საკუთარი დელეგაციების ნაბიჯს?
– ბიზანტიასა და ტრაპიზონში ხალხი ელჩობას მღელვარებით შეხვდა. ისინი გაკიცხეს და ქვეყნიდან გააძევეს. სომხეთში, ეჩმიაძინის ტაძარში სამასამდე საერო და სასულიერო პირი შეიკრიბა, რომელთაც უარყვეს, სომხური გრიგორიანული ეკლესიის რომის კათოლიკურ ეკლესიასთან შეერთება.
საინტერესო ფაქტი მოხდა რუსეთში: რუსული ეკლესია, ქართულ ეკლესიას ლოცავდა და ამბობდა, რომ მხოლოდ ივერიელებმა გადაარჩინეს მართლმადიდებლური სამყარო. ამავე დროს, ისინი კიცხავდნენ და აძაგებდნენ თავიან წარმომადგენელს, რომელსაც არ ჰქონდა ღმერთისაგან მომადლებული ის რწმენა, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია დაეცვა. ეს ელჩი გახლდათ რუსი სამღვდელო პირი – ისიდორე. სამშობლოში დაბრუნებისას იგი გაპარსეს და ქვეყნიდან გააძევეს. გასაკვირია, რომ ეს გაპარსული მართლმადიდებელი მღვდელი მაშინვე კათოლიკური პოლონეთის არქიეპისკოპოსი გახდა. ამის შემდეგ, უკვე პადრედ წოდებულ ისიდორეს ჩვენ ვხვდებით 1453 წელს კონსტანტინოპოლში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებს ქალაქისთვის ალყა აქვთ შემორტყმული და ბიზანტიის იმპერია ბოლო დღეებს ითვლის. ისიდორე არწმუნებდა კონსტანტინოპოლის იმპერატორს, რომ კათოლიკედ მოქცეულიყო, მისი ქვეყანაც მოექცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდა ბიზანტია ევროპელებისგან დახმარებას. ამ მაგალითიდან რეალურად ჩანს, თუ რა გეგმები ჰქონდა კათოლიკურ სამყაროს, ოსმალეთისა და აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს მიმართ.