რომელი ქართველი მონარქი განისვენებს შაჰ-აბასის გვერდით და ვინ იყო პირველი ქართველი გამაჰმადიანებული მეფე
საქართველოს ისტორიაში როსტომ ხანისადმი არაერთგვარი დამოკიდებულებაა. მავანნი მას კარგ მონარქად მიიჩნევდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანამ ამოისუნთქა, ეკონომიკური განვითარების გზას დაადგა და ასე შემდეგ. ჩვენი რესპონდენტი – ისტორიკოსი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე ასე ნამდვილად არ ფიქრობს, თუმცა კი აღიარებს, რომ ამ მონარქმა პოლიტიკაში ბეწვის ხიდზე იარა და თითქმის არსად შეცდომა არ დაუშვია. დღევანდელ ინტერვიუში ბატონი სერგო შეეცდება დაგვანახოს როსტომ ხანის რეალური სახე და მისი მოღვაწეობის შედეგები.
სერგო ვარდოსანიძე: საქართველოს ისტორიაში საუკუნეთა განმავლობაში არიან, როგორც გმირები, ისე ანტიგმირები და ეს მარტო ჩვენი ისტორიისთვის არ არის დამახასიათებელი. ყველა ქვეყნის ისტორიას ჰყავს გმირებიც და ანტიგმირებიც. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ჩვენი ისტორიის განსაკუთრებულად ტრაგიკული პერიოდია მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეები. ამ საუკუნეების საქართველოს ისტორია ყველაზე კარგად გვიჩვენებს მთელ ხასიათს, როგორც გმირების, ასევე ანტიგმირების სახით. მეჩვიდმეტე საუკუნის გმირები არიან ქეთევან დედოფალი, ლუარსაბ მეორე, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, ზაალ არაგვის ერისთავი, მაგრამ ამ ეპოქას ჰყავს თავისი გამორჩეული ანტიგმირებიც. ამ გამორჩეულ ანტიგმირთა შორის, ყველაზე დამახასიათებელია როსტომ ხანი. შეიძლება სადავო იყოს ეს ბევრისთვის, მაგრამ რა კუთხიდან შევხედავთ და რა კრიტერიუმებით მივუდგებით გმირებისა და ანტიგმირების თემას, ეს არის მთავარი. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყო როსტომ ხანის მმართველობის დროს – მოშენდა ქვეყანა, ხელოსნობა, ვაჭრობა განვითარდაო. თუ მარტო ამ კუთხით შევხედავთ ისტორიას, როსტომ ხანის ეპოქა (1633-1658 წლები) ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია, მაგრამ, ვახუშტი ბაგრატიონი, მეთვრამეტე საუკუნის ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, დანანებით წერს, რომ თუ რამ სპარსული შემოვიდა იმდროინდელ საქართველოში, ეს იყო, როსტომის დამსახურებაო. როსტომი იყო პირველი გამაჰმადიანებული ქართველი მეფე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ირანის ინტერესების შესაბამისად.
ამ ტიპის ადამიანის თავისებურება ისაა, რომ ძნელად სამხილებელია, ისე დახვეწილად და რაფინირებულად მოქმედებს. პოლიტიკაში ბეწვის ხიდზე იარა როსტომმა, თითქმის არსად დაუშვია შეცდომა, არც რაინდობა აკლდა, არც ვაჟკაცობა.
თავდაპირველად, როდესაც როსტომი თბილისში ჩამოვიდა, ის ქართველებს არ ენდობოდა და ირანელი მცველები ჰყავდა. სწორედ ამ პერიოდში იყო – აბანოში შევიდა, და მოკვლა მოუნდომეს. როსტომი დაფიქრდა, თუ ეს ამბავი გამჟღავნდებოდა, ირანში იფიქრებდნენ, ეს კაცი ვერაფერს გააკეთებსო და მცველებს უბრძანა, კრინტი არ დაეძრათ ამ საკითხზე არავისთან. თავდამსხმელი კი, რომელიც შეპყრობილი ჰყავდა, გაუშვა და იმას, ვინც ამ საქმეში იყო გარეული, შეუთვალა, მეორედ იცოდე, თავს წავაგდებინებო.
როსტომ ხანს რამდენჯერმე შეეძლო შეეპყრა თეიმურაზი და ეს არასდროს გაუკეთებია.
– როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა ასე?
– რა თქმა უნდა, მან ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ თეიმურაზი უყვარდა. ამით ფაქტობრივად თავი ირანის ხელისუფლებისთვის საჭირო გახადა. სანამ თეიმურაზის სახით ირანს საფრთხობელა ეყოლებოდა, როსტომს ხელს ვერავინ ახლებდა და ის გამორჩეული და საჭირო იქნებოდა ირანის ხელისუფლებისთვის. აი, ამ ტიპის კაცია როსტომი. შემდეგ საუკუნეებშიც აღზევდნენ ასეთი ადამიანები. ანუ, გაორებული პირები, რომელნიც გარკვეულ ეტაპზე გმირებიც არიან, შეიძლება პატრიოტებიც, მაგრამ პატრიოტიზმია თუ იმ სახელმწიფოს ინტერესებს ეთავსება, ვისაც ემსახურება. როგორც კი იმ სახელმწიფოს ინტერესები და ქართული პატრიოტიზმი ერთმანეთს დასცილდება, ის მაშინვე იმ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე დგება და მხარს უჭერს. აი, ამიტომ არის როსტომ ხანი ანტიგმირი საქართველოს ისტორიაში. როსტომისნაირი გაორებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, ლავირებულად აწარმოონ, დახვეწილი დიპლომატია და ამავდროულად მტერს ემსახურონ, ზოგჯერ იმით ხსნიან, ქვეყანას ასე სჭირდებაო. აი, ეს არის ყველაზე საშიში ისტორიაში.
– ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს კულტურისა და მართლმადიდებლური რელიგიის განმტკიცებაში როსტომის მეუღლეს, მარიამ დედოფალს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა როსტომის თვალწინ და შეიძლება ითქვას, ხელშეწყობითაც. როსტომი ამაზე თვალს იმიტომ ხუჭავდა, რომ დიდი ქართველი იყო და ის, რასაც თვითონ ვერ აკეთებდა, მარიამ დედოფლის სახელით კეთდებოდაო.
– როდესაც როსტომი საქართველოში ჩამოვიდა, 67 წლის იყო და გადაწყვიტა, ცოლად სამეგრელოს მთავრის, ლევან მეორე დადიანის და – მარიამი შეერთო. სხვათა შორის, ეს ის მარიამია, რომელიც ძალიან უნდოდა რძლად ლუარსაბ მეფის დედას. ლუარსაბმა კი გიორგი სააკაძის დაზე იქორწინა. მართლაც მშვენიერი ქალბატონი იყო მარიამი, რომელიც ამ დროს გურიის მთავრის ცოლი გახლდათ და ლევან დადიანმა მას წაართვა.
– იმ დროისთვის უკვე გაშორებულები იყვნენ მარიამი და გურიელი?
– კი მაგრამ, ნაცოლარობა მაინცდამაინც დადებითი მოვლენა არ არის. ხომ წაართვა გურიელს ცოლი და წამოიყვანა ლევანმა თავისი და. ეს იმისთვის გააკეთა რომ სურდა, ამით იმერეთის მეფე მოექცია ალყაში. იმერეთში გადადიოდა ხოლმე თეიმურაზი და როსტომისადმი მტრულად განწყობილი ძალები. დადიანი თუ როსტომს მოკავშირე იქნებოდა, იმერთა მეფე უფრო თავს შეიკავებდა თეიმურაზისა და მისი მომხრეების მიღებისგან. ეტყოდა, თქვენ გამო, შესაძლოა, პრობლემები შემექმნასო. ამიტომ, დადიანის და – მარიამი, ცოლად რომ შეირთო როსტომ ხანმა, ამას წმინდა პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. იმერთა მეფე მიხვდა, რომ მას ამ ქორწინების შედეგად საფრთხე ემუქრებოდა. სამეგრელოდან მაყრიონს, ხომ უნდა გამოევლო იმერეთზე, ამიტომ ივარაუდა იმერთა მეფე გიორგიმ, რომ ბაღდათის გზით წამოვიდოდნენ და იქ ჩაუსაფრდა, ამ ქორწინების ჩასაშლელად. თუმცა, ლევან დადიანმა მოახერხა ჩასაფრებულთა დატყვევება.
– იმას, როგორ ახსნით, რომ როსტომ ხანმა მარიამ დედოფალი ქრისტიანად დატოვა?
– ის საქციელი, რომ მან მარიამი ქორწინების შემდეგ ქრისტიანად დატოვა, გათვლილი იყო იმ მასებზე, რომლებიც ამ პოლიტიკის არსს ბოლომდე ვერ მიხვდებოდნენ და როსტომის სახით ქრისტიანობისადმი ქომაგს დაინახავდნენ. მართალია მარიამმა ბევრი რამ გააკეთა ქართული ქრისტიანული კულტურის განმტკიცებისთვის, მაგრამ როდესაც როსტომის ანტიქართული პოლიტიკა ამხილა ევდემოს კათოლიკოსმა, როსტომმა ის დაახრჩობინა და კლდიდან გადააგდებინა. რატომ ვერ დაიცვა ის მარიამმა? ესე იგი, ამ შემთხვევაში, როსტომი შეუვალია. ის უნდა დაისაჯოს, რადგან კათოლიკოსი არის ის ფიგურა, რომელმაც როსტომის სახე, ყოველგვარი ნიღბის გარეშე დაანახვა იმდროინდელ ქართველობას. კიდევ ამიტომ დაისაჯა იგი. თუ როსტომი ნამდვილად ისეთი ღირსეული ქართველი, იყო, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, და ხანდახან ირანის მსახურიც უნდა ყოფილიყო, არავინ ეუბნებოდა მას ირანიდან, გინდა თუ არა, ევდემოს კათოლიკოსი დასაჯეო. არადა, ხომ დასაჯა და რისთვის გააკეთა ეს, თუ არა იმისთვის, რომ კათოლიკოსმა დაინახა მისი ნამდვილი სახე და შეაფასა ის მისია, რისთვისაც მოსული იყო საქართველოში.
ამდენად, ის ღონისძიებები, რაც განხორციელდა როსტომ ხანის მეფობის ხანაში, რა თქმა უნდა, კარგი იყო, მაგრამ იყო იძულებითი და არ მოდიოდა როსტომის შინაგანი ბუნებიდან. მაშ რით ავხსნათ ის, რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში, როდესაც თბილისში, ჟან შარდენი ჩამოდის, როსტომის დროინდელი საქართველოს ნაკვალევს იმაში ხედავს, რომ ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა სომხების ხელშია გადასული. ეს იმიტომ, რომ სომხებს დიდი მფარველობა ჰქონდათ ირანისგან და როსტომიც ირანის პოლიტიკას ატარებდა ქართლსა და მის დედაქალაქში. ამიტომ წერს შარდენი, რომ სომხური ეკლესიები, თითქმის იმდენია, რამდენიც მართლმადიდებლური ეკლესიები თბილისშიო. ეს როსტომის პოლიტიკის შედეგი იყო.
– არადა, ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობდა, რომ ეტყობა, შარდენს სომეხი გიდი დაჰყვებოდა თბილისში და ამიტომაც მიაწოდა ასეთი იმფორმაციაო...
– თუნდაც, ასე იყოს, სომეხი გიდი რატომ უნდა დაჰყვებოდეს შარდენს. შარდენი ვახტანგ მეხუთემ მიიღო, შაჰნავაზად წოდებულმა, დიდი პატივით და ქართველი გიდი ვერ მოუძებნა?! ჩემი აზრით, ეს ვერსია უსუსურია.
შაჰ სეფიმ მოახერხა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში თეიმურაზის განდევნის შემდეგ, 1733 წელს, პირველად მაჰმადიანი მეფე დასვა ტახტზე და ეს, პირველი გამაჰმადიანებული მეფე იყო როსტომ ხანი. აქედან მოყოლებული, 1744-1745 წლამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლსა და კახეთში მაჰმადიანი მეფეები იყვნენ. ზოგი ფორმალურად, ზოგიც რეალურად. მაგალითად, ფორმალურად არის გიორგი მეთერთმეტე. როდესაც ის 1709 წელს, ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპა, მას გულის ჯიბიდან ძვირფასი, მინიატურული სახარება და ჯვარი ამოუღეს, ესე იგი, ის ფარულად ქრისტიანი იყო, რასაც ვერ ვიტყვით როსტომზე. როდესაც როსტომი გარდაიცვალა, წაასვენეს და ყუმში დაკრძალეს შაჰ-აბასის გვერდით. მის გვერდით, არაირანული ორიენტაციის კაცს, არავინ დაასაფლავებდა. ეს ყველაზე ნათელი დასტურია იმისა, თუ ვისი კაცი იყო და ვის ემსახურებოდა როსტომ ხანი.
რაც შეეხება როსტომის გარდაცვალების შემდგომ პერიოდს, ამ დროიდან შაჰ-ნავაზი ჩაუდგა ქვეყანას სათავეში – როსტომის ძმისწული, მუხრანული შტოს ბაგრატიონთა წარმომადგენელი. ვახტანგ მეხუთისა და როსტომისნაირი, უარესიც. მან შეაპყრობინა თეიმურაზ პირველი და მიჰგვარა ირანის ხელისუფლებას.
– რა ბედი ეწია თეიმურაზს?
– ის ციხეში გამოკეტეს. სთხოვდნენ, გინდა თუ არა, გამაჰმადიანდიო. ამაზე მან უარი განაცხადა და იმავე ციხეში განუტევა სული საბოლოოდ.
მნიშვნელოვანია, რომ ვახტანგ მეხუთე იგივე პოლიტიკას აგრძელებდა სომხეთთან მიმართებაში, რასაც როსტომი აკეთებდა.
– მაგალითად?
– ხელს უწყობდა ქართული ეკლესია-მონასტრების სომხებისთვის გადაცემას. შემთხვევითი არაა, რომ გორელმა სომხური წარმოშობის გაქართველებულმა პოეტმა ფეშანგი ხითარიშვილმა „შაჰნავაზიანში” განსაკუთრებით განადიდა ვახტანგ მეხუთე და ლამის დავით აღმაშენებელს შეადარა, რაც, რა თქმა უნდა, რეალობასთან არავითარ კავშირში არ იყო. როდესაც ვახტანგ მეხუთე გარდაიცვალა, ისიც წაასვენეს და ყუმში დაკრძალეს.
როსტომ ხანიც და ვახტანგ მეხუთეც, გაორებული პიროვნებები არიან. გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ. მაგალითად, კომუნისტების პერიოდში როსტომი გმირი იყო, რადგან ის გაორებული პიროვნება გახლდათ, ისევე როგორც თვით კომუნისტები. ისინი საყრდენს ეძებდნენ გაორებულ პიროვნებებში. მაგრამ, თუ ჩვენ მას იმ კუთხით შევხედავთ, რომ „არვის არ ხელეწიფების ორთა უფალთა მონება“, მაშინ როსტომიც და შაჰნავაზიც ანტიგმირებად დარჩებიან საქართველოს ისტორიაში.