როგორ თქვა ყველაფერზე უარი ტატიანა რომანოვამ კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის გამო და რა ბრძანების გამოცემა მოუწია რუსეთის იმპერატორს
კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელისა და ტატიანა რომანოვას სიყვარული, შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს, რომელიც მოგვიანებით, დიდი ტანჯვის შემდეგ, კარგად დასრულდა. თუმცა, ამ წყვილს ერთად ყოფნა დიდხანს არ ეწერა. კონსტანტინე დაიღუპა, ხოლო ტატიანა საბოლოოდ უფლის გზას დაადგა და მონაზვნად აღიკვეცა. თუ როგორია მათი სიყვარულის ისტორია, როგორ გაიცნეს ერთმანეთი და როგორ ცხოვრობდნენ მათი შთამომავლები, ამის შესახებ დაწვრილებით, ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი გვესაუბრება.
– 1910 წელს პავლოვსკში იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილმა, დიდი მთავრის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის 19 წლის ქალიშვილმა ტატიანა რომანოვამ გაიცნო კავალერგარდის პოლკის კორნეტი, 21 წლის თავადი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი (1889-1915), სახელმწიფო მრჩევლის, კამერჰერისა და კავკასიის მეფისნაცვლის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელის, ალექსანდრე მიხეილის ძე ბაგრატიონ-მუხრანელის უმცროსი ვაჟი. კონსტანტინეს უფროსი ძმა, გიორგი სათათბიროს ბოქაულის თანაშემწე, შემდეგში პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელე იყო. დაიღუპა 1922 წელს სამოქალაქო ომში მიღებული ჭრილობების გამო. 1901 წელს 11 წლის კონსტანტინემ ექსტერნად ჩააბარა პაჟთა კორპუსში. სამხედრო სასწავლებლის დირექტორმა მისი ჩარიცხვა დედამისს, ნინოს შეატყობინა. ძმამ კი პეტერბურგში ჩაიყვანა და სასწავლებელში მიაბარა. 1907 წელს კონსტანტინემ სასწავლებელი დაამთავრა და უფროს ოფიცრად – კორნეტად ჩაირიცხა იმპერატორის დაცვისთვის შექმნილ ცხენოსანთა პოლკში – კავალერგარდში.
მომხიბლავი კორნეტისადმი ტატიანას სიყვარულს უთანაგრძნობდა მისი უმცროსი ძმა, ოლეგი, რომელსაც სასიყვარულო ბარათები მიჰქონდა შეყვარებულებისთვის. ახალგაზრდებმა დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ რომანოვები წინ აღუდგნენ ამ ქორწინებას. საქართველოს ანექსიის შემდეგ ბაგრატიონთა ყველა შტო რუსეთის იმპერიის თავადაზნაურებს გაუთანაბრდა. ისინი აღარ ითვლებოდნენ მმართველ დინასტიად. ამდენად, წარმოშობით კონსტანტინეს ტატიანას თანასწორად არ თვლიდნენ და პეტერბურგის დატოვება უბრძანეს. ციგურებზე სრიალისას დაშავებული ტატიანა ისედაც ვერ დადიოდა, კონსტანტინეს თბილისში გაგზავნით გულმოკლული კი სულაც ლოგინად ჩავარდა. შვილის დასამშვიდებლად მამამ მსახურს საქართველოზე რამე წიგნის ყიდვა დაავალა. მაღაზიაში მხოლოდ ერთი ბროშურა აღმოჩნდა – ნიკო მარის „თამარ მეფე – საქართველოს ოქროს ხანა“. ამ პატარა წიგნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გოგონაზე. მას ყველაფერი ეძვირფასებოდა, რაც ბაგრატიონებს შეეხებოდა და გულით შეიყვარა მეფე-ქალი. წიგნმა საქართველოზე ქართველი ვაჟკაცისადმი სიყვარული და მასთან განშორებით გამოწვეული სასოწარკვეთა კიდევ უფრო გაუცხოველა. ავადმყოფი სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. შეშფოთებულმა რომანოვებმა „ოჯახური თათბირი“ მოიწვიეს, იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს: 1911 წელს გამოქვეყნდა იმპერატორის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საიმპერატორო სისხლის პირებს არადინასტიური ქორწინების უფლება პირველად ეძლეოდათ. თუმცა, ამ ქორწინებათა შედეგად დაბადებულ ბავშვებს ტახტის მემკვიდრეობის უფლება ერთმეოდათ. ტატიანამ წერილობით თქვა უარი თავისი და მომავალი შვილების სახელით ტახტის მემკვიდრეობაზე და ასე გადაწყდა მისი ქორწინების საკითხი. მალე ახალგაზრდებს ნება დართეს, ერთმანეთს შეხვედროდნენ ყირიმში, სადაც 1911 წლის 1 მაისს მათი ნიშნობა შედგა. 24 აგვისტოს კი ოჯახურ წრეში ქორწილიც გადაიხადეს. ნახევრად ოფიციალურ ცერემონიაზე ქალები არა სამეფო, არამედ სამოქალაქო კაბებში იყვნენ გამოწყობილი. ახალგაზრდა წყვილს პავლოვსკში, ტატიანას მშობლების სასახლის ერთ-ერთი ფლიგელი გამოუყვეს, სადაც 4 ბედნიერი წელი გაატარეს.
ამ ქორწინების შედეგად დაიბადა ორი ბავშვი – 1912 წელს თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი, 1914 წელს – ნატალია. ისინი ადრე დაობლდნენ – კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი კავალერგარდის პოლკის ოფიცერი, მოგვიანებით – იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, თავის 5 ცოლისძმასთან ერთად, ომში წავიდა. იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე. 1915 წელს დაიღუპა იაროსლავთან. პავლოვსკში პანაშვიდების შემდეგ კონსტანტინე საქართველოში გადაასვენეს და მცხეთაში, სვეტიცხოველში დაკრძალეს. ქმრის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, ფრონტზე მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა ტატიანას გულის მესაიდუმლე ძმა – ოლეგი. ქმრის დასაფლავების შემდეგ კი ტატიანას მამის, ცნობილი პოეტის, რამდენიმე კრებულისა და თარგმანის ავტორის, კონსტანტინე რომანოვის სიკვდილიც შეატყობინეს. ერთბაშად სამი უახლოესი ადამიანის დაკარგვა დიდი დარტყმა იყო საბრალო ქალისთვის. იგი საცხოვრებლად და დაობლებული შვილების აღსაზრდელად ბიძამისთან, დიდ მთავარ დიმიტრი კონსტანტინეს ძესთან გადავიდა.
რევოლუციის შემდეგ დიდი მთავარი დიმიტრი გადაასახლეს. ტატიანა, შვილებთან ერთად, ბიძას ნებაყოფლობით გაჰყვა ვოლოგდაში, საიდანაც დიმიტრი რომანოვი მალე დააბრუნეს პეტერბურგში და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. მალე ბოლშევიკებმა ტატიანას 4 ძმაც დააპატიმრეს. თვითონ მას კი, რომელიც რომანოვების გვარს აღარ ატარებდა, ხელი არ ახლეს. ტატიანა დარბოდა ძმებისა და ბიძის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ – იოანე, კონსტანტინე და იგორი დახვრიტეს, გავრილი – მაქსიმ გორკიმ გადაარჩინა. გავრილმა და უმცროსმა და-ძმამ – გიორგიმ და ვერამ რეპრესიებს უცხოეთში გაასწრეს. ბიძის დახვრეტის შემდეგ დედაქალაქში დარჩენა ტატიანასთვის უკვე აღარ იყო უსაფრთხო. ამიტომ, პეტროგრადს გაერიდა და კიევში წავიდა, რომელიც ბოლშევიკებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკავებული. გზაში ტატიანასა და მის შვილებს ახლდა და იცავდა დიდი მთავრის, დიმიტრის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ალექსანდრ კარაჩინცოვი, რომელიც სიყმაწვილიდან ეტრფოდა ტატიანას. მალე მათ კიევის დატოვებაც მოუწიათ. დიდი წვალებით გადალახეს საზღვარი და ჯერ რუმინეთში – ბუქარესტში ჩააღწიეს, შემდეგ შვეიცარიაში. 1921 წლის ბოლოს ტატიანა ცოლად გაჰყვა კარაჩინცოვს, რომელმაც ასეთი მფარველობა გაუწია მას და მის შვილებს დიდი გაჭირვების ჟამს. მაგრამ, 3 თვის შემდეგ დიფტერიით მეორე ქმარიც დაეღუპა. ტატიანა რომანოვამ მარტო გაზარდა შვილები. 1946 წელს, როცა უმცროსმა შვილმაც დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო – ნატალია 1944 წელს ცნობილი ინგლისელი დიპლომატის, პოეტისა და მთარგმნელის, სერ ჩარლზ ჰეპბერნ-ჯონსტონის ცოლი გახდა, ტატიანა მონაზვნად აღიკვეცა. მან თავისი პირველი ქმრის დიდი წინაპრის, მეფე-ქალის სახელი – თამარი მიიღო. შემდეგ იერუსალიმში გადასახლდა. მალე ელეონის ქალთა მონასტრის წინამძღვარი გახდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1979 წელს.
რაც შეეხება თეიმურაზს – შვეიცარიაში დაფუძნებულებმა იგი ჯერ ჟენევის სასწავლებელში შეიყვანეს, შემდეგ კი – ფრიბურგის წმიდა ჟანის სახელობის კოლეჯში. 1927 წელს, ოჯახის იუგოსლავიაში გადასახლების შემდეგ, თეიმურაზი ქალაქ ბელოცერკოვის ყირიმის კადეტთა კორპუსის კადეტი გახდა, ნატალია კი – მარინის დონის ინსტიტუტის მოსწავლე. კორპუსის რეფორმირებისა და მისთვის ბაბუის, დიდი თავადის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელის მინიჭების შემდეგ, ხელმძღვანელობა შეეცადა, თეიმურაზისთვის გარკვეული პრივილეგიები დაეშვა. მაგრამ, მან უარი განაცხადა და თანატოლთა შორის ძველებურად განაგრძო ცხოვრება. 1932 წელს თეიმურაზმა კადეტთა კორპუსი დაამთავრა და იუგოსლავიის სამხედრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიის დამთავრების შემდეგ 10 წელი იმსახურა იუგოსლავიის სამეფო ლეგიონის გვარდიულ-საარტილერიო პოლკში. იყო რუსეთის ეკლესიის უცხოური სინოდის მზრუნველთა საზოგადოების თავმჯდომარე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი. 1933 წლიდან ის გახდა ილამაზ დადეშქელიანის თავმჯდომარეობით პარიზში დაარსებული „წმიდა ქეთევანის მართლმადიდებელი ძმობისა“ და წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის საძმოს წევრი.
მეორე მსოფლიო ომის წლებში მუშაობდა ქალაქ ბელგრადის ცენტრალურ ბანკში. იყო დიპლომატიურ სამსახურში, ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა გერმანელთა წინააღმდეგ. ომის შემდეგ გადასახლდა შვეიცარიაში და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა იუგოსლავიის საელჩოში ჟენევაში, პარიზსა და ლონდონში. 1949 წელს თეიმურაზ ბაგრატიონმა მიიღო ლევ ტოლსტოის ქალიშვილის ალექსანდრას წინადადება, შევიდა „ტოლსტოის ფონდის“ ადმინისტრაციაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. ჯერ ფონდის წარმომადგენელი იყო ბეირუთში, 1979 წლიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, 1984 წელს კი ფონდის თავმჯდომარედაც აირჩიეს. იმავდროულად, იყო ამერიკული საქველმოქმედო ფონდ „კერის“ და ლტოლვილთა დამხმარე ამერიკული საბჭოს მოხალისე აგენტთა წევრი. იყო რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კომუნისტთა ბატონობას გარიდებულ ლტოლვილთა დამხმარე, 100 სხვადასხვა საქველმოქმედო სააგენტოს გამაერთიანებელი ორგანიზაციის „ინტერქშენის“ დამფუძნებელი.
ამერიკაში ჩასული თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი გახდა 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი. მალე სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უამრავი ლტოლვილი იყო დასაბინავებელი, მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც და ყოფილი „საბჭოთა ქართველებიც“. ინგლისურენოვან ქვეყნებში მათ გადანაწილებასა და სამუშაოს შოვნაში დახმარებას უწევდა „ტოლსტოის ფონდი“. თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი, როგორც ფონდის თანამშრომელი, ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილე და იურისტი, ქართველებს იურიდიულ საქმეებსაც უგვარებდა, რითაც საყოველთაო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
1933 წელს თეიმურაზი დაქორწინდა ეკატერინე რაჩიჩზე. ჯვარი დაიწერეს ბელგრადის წმიდა სამების რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. პირველი ცოლის გარდაცვალებისა და ამერიკაში გადასახლების შემდეგ, 1949 წელს დაქორწინდა ირინა ჩერნიშოვა-ბეზობრაზოვაზე.
თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა 1992 წლის 10 აპრილს ნიუ-იორკში, ნიუ-იორკის გაერთიანებულ კადეტთა მედროშისა და სხდომების უცვლელი თავმჯდომარის კუბოსთან საპატიო ყარაულში იდგნენ მეგობრები კადეტთა კორპუსიდან. 14 აპრილს ნიუ-იორკის ეპისკოპოსმა ილარიონმა, სხვა სასულიერო პირთა თანხლებით, წესი აუგო ხალხით სავსე სინოდურ ტაძარში. მეუფე გრიგოლმა წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ გარდაცვლილმა, როგორც მორწმუნე მართლმადიდებელმა, თავისი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ მცნებას – მოყვასისადმი მსახურებას უძღვნა.