ყველაფერი ნასინჯია...
თქვენი დეპრესია სერიოზულია. უკვე ყველაფერი სინჯეთ და არაფერმა გაამართლა. მზად ხართ, ხელი ჩაიქნიოთ და ბედს შეეგუოთ... ცოტა კიდევ მოიცადეთ. იქნებ, დარჩა რაღაც, რაც ჯერ არ მოგისინჯავთ. დასაწყისისთვის დამშვიდდით და საკუთარ ცხოვრებას ისე შეხედეთ, თითქოს ფილმს უყურებთ. ან, წარმოიდგინეთ, რას დაწერდით საკუთარ ცხოვრებაზე, რომანის შექმნა რომ გეცადათ. ალბათ, რაღაც მომენტებს, ეპიზოდებს შეალამაზებდით. ყოველ შემთხვევაში, ტრაგედიად არ გადააქცევდით. მიანიჭეთ თავს ის თავისუფლება, რომელსაც კინოში ან რომანში მისცემდით თქვენს გმირს. წლების განმავლობაში ჩახშული გრძნობა, ემოცია, საშინლად მოქმედებს ფსიქიკაზე – ანგრევს და თრგუნავს. მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ეს – წყენა, შური, სიყვარული, თუ საკუთარი თავის წინაშე სინდისის ქენჯნა.
არასოდეს დაუმტკიცოთ თავს, რაშიც დარწმუნებული არ ხართ. ტყუილი, თავისთავად, უკვე ნეგატივია. მით უმეტეს, თავი არ უნდა მოიტყუოთ. რას მიიღებთ ამით? მხოლოდ იმას, რომ დიდი ხნით შეიქმნით პრობლემებს. ეძებეთ პოზიტივი თქვენს ყოველდღიურობაში და აუცილებლად იპოვით. შეუძლებელია, თქვენი ცხოვრება მხოლოდ უსიამოვნებებისგან შედგებოდეს. ასე არ ხდება. ამიტომ, არასოდეს თქვათ, არასოდეს და ის, რომ უკვე ყველაფერი ნასინჯია. ასეც რომ იყოს, გაიღიმეთ და დაიწყეთ თავიდან.