ფანტაზია და რეალობა
ქალები მამაკაცებზე ხშირად და ფაქტობრივად, ყველაფერზე ფანტაზიორობენ. ეს მათ მოსწონთ. გამოგონილ სამყაროში, ქალების უმრავლესობა თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე რეალურში. ზოგჯერ ეს აუცილებელიც კია. ანუ, რეალობას თუ ცოტა ხნით მოწყდებით, ამით არაფერი დაშავდება. მაგრამ, მუდმივად ფანტაზიორობას და ლოგიკურ აზროვნებაზე უარის თქმას, კარგი არაფერი მოაქვს.
ნუ გაუსწორებთ მოვლენებს. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი ურთიერთობა აუცილებლად მენდელსონის ვალსით დასრულდება. სიფხიზლე მაშინაც კი არ უნდა მოადუნოთ, როცა საქორწინო ბეჭედი უკვე თითზე გაქვთ. თუმცა, ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. მეტი იფიქრეთ მომავალზე. როგორი იქნება თქვენი ხვალინდელი დღე. რეალურად შეაფასეთ ის პიროვნება, რომელიც გვერდით გყავთ. რეალურად გათვალეთ თქვენი შანსები მასთან. დღევანდელი დღით ცხოვრება და ერთი წუთის ბედნიერებით ტკბობა, შეიძლება, სანანებელი გაგიხდეთ. ნუ დაუშვებთ ამას. მით უფრო, თუკი შორს მიმავალი გეგმები გაქვთ. ურთიერთობაში წინ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა წაიწიეთ. უკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოთქვით, როცა ხედავთ, რომ ის ადამიანი აშკარად უდიერად ეკიდება თქვენს ინტერესებს – უხეშობს, დაგცინით და ცდილობს, დაგამციროთ. არასოდეს შეგეშალოთ იუმორი ირონიაში. თქვენ არ გაგიჭირდებათ, ერთი მეორისგან გაარჩიოთ. მაგრამ, თქვენი უკმაყოფილებაც კორექტული უნდა იყოს, მოზომილი აგრესიით და მშვიდი ტონით. შეიძლება, დაშორდეთ ადამიანს და აღარ გინდოდეთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ მტრად რატომ უნდა გადაიკიდოთ. ფანტაზიებს აყოლილი ვერასოდეს მოიწყობთ პირად ცხოვრებას. თქვენს „ცისფერ ოცნებაში“ შესაძლოა, ყველაფერი ლამაზად და მარტივად ჩანდეს, რეალურად წარმოქმნილი ბარიერების წინაშე კი უძლური აღმოჩნდებით. ერთი სიტყვით, არჩევანი მხოლოდ თქვენზეა და თქვენი ბედნიერების „მჭედელიც“ თავად ბრძანდებით.