არავის სჭირდები
ეს სიტყვები უფრო ხშირად ჩხუბის დროს წამოსცდებათ ხოლმე, მაგრამ არცთუ იშვიათად. ქალბატონები პარტნიორის მიმართ სრულიად მშვიდ და ჰარმონიულ გარემოშიც ამ ფორმით გამოხატავენ თავისზე მის აბსოლუტურ დამოკიდებულებას. იმედია, გაიგეთ. უფრო დაწვრილებით კი ამ სიტყვების დედაარსი ასეთია: მხოლოდ მე შემიძლია შენი ღისრებები დავაფასო და შევაფასო იმაზე გადაჭარბებულად, ვიდრე ეს არის რეალურად, და თუ ჩემზე უარს იტყვი, სრულიად მარტო აღმოჩნდები.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს მანიპულაციის ერთ-ერთი ფორმაა. შესაძლოა, ქალი ბოლომდე ვერც აცნობიერებდეს, რას ამბობს, როცა კაცს დაცინვით ეუბნება „არავის სჭირდები“, ან „შენ ვის სჭირდები“, მაგრამ მის ქვეცნობიერში აუცილებლად „იღვიძებს“ კითხვა – ან მე კი მჭირდები, საერთოდ?!
არ უნდა გვეგონოს, რომ მამაკაცები არ მიმართავენ ასეთ ეშმაკობებს, ვითომდა უწყინარს, მაგრამ საკმაოდ საშიშს. მაგალითად, არსებობენ მამაკაცები, რომლებიც სრულიად შეგნებულად ცდილობენ, საკუთარ ცოლებში თვითშეფასების კოეფიციენტი, რაც შეიძლება, დაბლა დასცენ და მათში არასრულფასოვნების კომპლექსი გაააქტიურონ. რატომ? – ამის მიხვედრა არ არის ძნელი. ისინი ეჭვიანობენ. მშვენივრად ხედავენ ცოლის ღირსებებს, მაგრამ ამას არ აღიარებენ, რომ ქალს სხვასთან წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს. იქნებ გეცინებათ, მაგრამ როცა ცოლს სისტემატურად ესმის, რომ შეუძლებელია ვინმეს მოსწონდეს, თუ ის განსაკუთრებულად ძლიერი პიროვნება არ არის, ადვილად დაეცემა სულით. ხელებსაც კი დაუკოცნის ქმარს, რომელიც „გულმოწყალედ“ ინახავს ასეთ ყოველმხრივ უვარგის ქალს.
თუ ხედავთ, რომ თქვენი ძვირფასი მეორე ნახევარი მონდომებით ცდილობს, დაგიქვეითოთ თვითშეფასების უნარი, დაგაკომპლექსოთ და საკუთარ პიროვნებაზე „მიგაბათ“, აღუდექით ამას წინ. „არავის სჭირდების“ დაუპირისპირეთ მტკიცე ნათქვამი „მე საკუთარ თავს ვჭირდები“ და თავაწეულმა განაგრძეთ ცხოვრება. ყველამ, მათ შორის საყვარელმა ადამიანმაც, უნდა იგრძნოს, რომ თქვენი დაჩაგვრა ადვილი არ არის.