რა მივაყოლოთ საზაფხულო „სასიმამროს“, თევზის ჩახოხბილს და რატომ არის სასურველი პაპანაქებაში „ყვავილების სურნელის“ და „პოლარული ნათების“ დაგემოვნება
ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ყველა ცდილობს, ისეთი საკვები მიირთვას, რომელიც გაგრილებას უწყობს ხელს, არც ორგანიზმს ამძიმებს და ადვილად აღსაქმელ-მოსანელებელია. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამ დროს ცივი ყავით არ უყვარს გულის გაგრილება. თუმცა, როგორც სომელიე, ბატონი თეიმურაზ ბენიძე ამბობს, თუ ცივ ყავას რძით და ყინულით შევაზავებთ, ის მეტად სასიამოვნოა. ასევე, სწორედ მისგან შეიტყობთ, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი, საზაფხულო სალათები და ცივი კერძები, რომლითაც არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ახლობელ ადამიანებსაც გაანებივრებთ.
თეიმურაზ ბენიძე: ზაფხულში ბევრი ადამიანი უჩივის უმადობას, ეს პაპანაქება სიცხის ბრალია. სწორედ ამ დროს უნდა გამოიჩინოს დიასახლისმა წინდახედულობა, ჩართოს ფანტაზია და ისეთი კერძები დაახვედროს შინ დაბრუნებულ, სიცხისგან გათანგულ ოჯახის წევრებს, რომ ენერგიაც დაუბრუნოს და გააგრილოს კიდეც ისინი. ყველას ვეუბნები, ახლა ის დროა, ექსპერიმენტების არ უნდა შეგეშინდეს და ახალი ხილ-ბოსტნეულის სალათებითა თუ ცივი ყავით ისეთი შედევრები მოამზადო, მარტო გარშემო მყოფები კი არა, თავადაც გაოცდე.
– გეთანხმებით, ბევრი ადამიანი სიცხეს ვერ იტანს, უჩივის უმადობას და ცდილობს, მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ ცივი კერძები და დესერტი მიირთვას. იქნებ ისეთი კერძის რეცეპტი გაგვიმხილოთ, რომელსაც ზაფხულის პაპანაქებაში ადვილად და სასიამოვნოდ მივირთმევთ?
– კი ბატონო. მაგალითად, ასეთია სალათა „ყვავილების სურნელი“, რომელიც პირადად, მე ძალიან მიყვარს, ადვილი მოსამზადებელიცაა, საზაფხულოდ გამაგრილებელი ეფექტის მქონეც და ულამაზესი, დიეტური და გემრიელია. მის მოსამზადებლად არც ბევრი ინგრედიენტია საჭირო, კერძოდ, დაგჭირდებათ: სამი ცალი პომიდორი, ერთი ცალი კიტრი, სამი კვერცხი, 20 გრამი მწვანე ხახვი, ერთი მეორედი ჭიქა მაიონეზი და მარილი. „ყვავილების სურნელი“ ასე მზადდება: ბოსტნეული გარეცხეთ. კვერცხი კი გარეცხეთ, გააჩერეთ ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ ჩადეთ წყალში, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი და მოხარშეთ. ადუღეთ ათი წუთი, გადმოდგით, ჩადეთ რამდენიმე წუთი ცივ წყალში და გააცალეთ ნაჭუჭი. მოხარშული კვერცხი შუაზე გაჭერით, ამოიღეთ გული და დაჭყლიტეთ ჩანგლით. მოხარშული ცილა კი დაჭერით ნავის ფორმებად. პომიდორიც ასევე ნავის ფორმის ნაჭრებად დაჭერით, კიტრი რგოლებად, ხახვი კი წვრილად. თეფშზე მოაყარეთ მწვანე ხახვი, დაალაგეთ კიტრის ნაჭრები, წაუსვით მაიონეზი, დადეთ შუაში კვერცხის გული მრგვლად, თითქოს ყვავილის გულია, გარშემო კი ყვავილის ფურცლებივით შემოულაგეთ პომიდვრის და კვერცხის ცილის ნაჭრები თითოს გამოტოვებით. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მერწმუნეთ, ამ სალათის ჭამისას, თავი ნამდვილად ყვავილნარში გეგონებათ და არ არის გამორიცხული მინდვრის ყვავილების სურნელიც შეიგრძნოთ. თუ ასე მოხდა, ესე იგი სალათამ თქვენზე ამოუცნობი ეფექტი მოახდინა და შეძლო სხვა გალაქტიკაზე გაგესეირნათ (იცინის). ეს სალათა ძალების აღდგენაშიც დაგეხმარებათ და იმდენად მსუბუქია, რომ ძალიან გესიამოვნებათ მისი დაგემოვნება. აქვე შემოგთავაზებთ, თევზის ჩახოხბილის რეცეპტს, რომელიც სამარხვოცაა, არც გასუქების შეგეშინდებათ და თან მისი ჭამა შეგიძლიათ, როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით. მოსამზადებლად საჭიროა: 2 კილოგრამი თევზი, 3-4 თავი ხახვი, თითო კონა ქინძი და ოხრახუში, 100-150 გრამი ზეთი, 1,5 კილოგრამი პომიდორი, 2-3 ცალი დაფნის ფოთოლი, 5-6 მარცვალი პილპილი, ხმელი ქინძი და მარილი გემოვნებით. თევზის ჩახოხბილი ასე უნდა მოამზადოთ: კარგად დამუშავებული თევზი დაჭერით ნაჭრებად, დაამარილეთ და მოათავსეთ ღრმა ტაფაზე. მოაყარეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და მსხვილ სახეხზე დახეხილი პომიდორი. ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ხმელი ქინძი და შავი პილპილის მარცვლები. დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ არ მომზადდება. სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ როგორც ცხელი, ასევე ცივი.
– რომელი საზაფხულო ალკოჰოლიანი სასმელი მივაყოლოთ თევზის ჩახოხბილს?
– მას შეგიძლიათ მიაყოლოთ 9 გრადუსზე ჩაცივებული ერთი-ორი ჭიქა თეთრი, მშრალი ღვინო. ასევე, საზაფხულო და გემრიელი კერძია შემწვარი თევზი ნიგვზის საწებლით, რომელსაც „სასიმამრო“ ჰქვია. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ, ეტყობა, ამ კერძით შეიძლება, სასიმამროს გულის მოგება (იცინის). მოკლედ, მისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 1 კილოგრამი თევზი, 200 გრამი ნიგოზი, 3-4 კბილი ნიორი და მარილი გემოვნებით. კერძი „სასიმამრო“ ასე მზადდება: თევზი გაწმინდეთ, გარეცხეთ, დაჭერით ნაჭრებად, ჩააწყვეთ ადუღებულ მარილწყალში და კარგად მოხარშეთ. დუღილის დროს არ დაგავიწყდეთ, ქაფის მოხდა. როცა მოიხარშება, ამოალაგეთ სინზე. ნიგოზი და ნიორი ერთად დანაყეთ, გახსენით წყალში არაჟნის სისქემდე და ზემოდან გადაასხით მოხარშულ თევზს. ზაფხულში მის ჭამას არაფერი ჯობია, მით უმეტეს, თუ სასიმამროს გულის მოგება გსურთ (იცინის). ამ კერძსაც თეთრი, მშრალი, 9 გრადუსზე ჩაცივებული ღვინო უხდება.
– ვისაც ბოსტნეულის კერძები უყვარს, რომელ ორიგინალურ და საზაფხულო კერძის რეცეპტს შესთავაზებთ?
– მათ შევთავაზებ ბადრიჯანს ბრინჯით. ამ სეზონზე მისი ჭამა როგორც მანდილოსნებს, ისე მამაკაცებს, რომლებსაც ხორცის გარდა არაფერი უყვართ, ნამდვილად მოეწონებათ. მართალია, მასში ხორცი არ შედის, მაგრამ ისეთი გემრიელია, პირადად, მე ნამდვილად ვურჩევ ყველას ამ კერძის დაგემოვნებას. მისთვის საჭიროა: 8 ცალი ბადრიჯანი, 200 გრამი პურის ფქვილი, ნახევარი ჩაის ჭიქა ზეთი, 12 ცალი პომიდორი, ნახევარი ჩაის ჭიქა ბრინჯი, 2-3 თავი ხახვი და მარილი გემოვნებით. მოკლედ, ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და დატოვეთ რამდენიმე ხანს. როცა წვენს გამოუშვებს, გადაწურეთ. თითოეული ბადრიჯნის ნაჭერი ამოავლეთ პურის ფქვილში და შეწვით ორივე მხრიდან ზეთში. ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, გადაიტანეთ საწურზე, დაამატეთ ზეთში მოშუშული დაჭრილი ხახვი და კარგად ამოურიეთ. ქვაბში ჩააწყვეთ ერთ ფენად დაჭრილი და შემწვარი ბადრიჯანი, მეორე ფენად დააყარეთ მოხარშული ბრინჯი ხახვით და ასე ჩააწყვეთ ქვაბში, სანამ მასალა გეყოფათ. წითელ პომიდორს დაასხით მდუღარე წყალი, მოაცილეთ კანი, სათითაოდ შუაზე გაჭერით და ისიც ქვაბში ზემოდან მოაწყვეთ ბადრიჯნისა და ბრინჯის ფენებს. დაასხით ზეთი და რამდენჯერმე წამოადუღეთ. სულ ეს არის, კერძი მზად არის. სხვათა შორის, მას „საზაფხულო ოჯახურსაც“ ეძახიან. აქვე გაგანდობთ, ბერძნული „ხილოპიტესის“ რეცეპტს. მას არ ვაქებ, უბრალოდ გააკეთეთ, დააგემოვნეთ და შემდეგ გამოთქვით აზრი. მასალად საჭიროა: 1 კილოგრამი ფქვილი, 3 ცალი კვერცხი, 250-300 მილილიტრი რძე, 250 გრამი პომიდორი, 1 სუფრის კოვზი კარაქი და მარილი. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი, ფქვილი გადმოყარეთ თასში და გააკეთეთ შუაში ჩაღრმავება. ჩაასხით შიგ ათქვეფილი კვერცხი, ცოტა რძე და მოზილეთ ცომი. უმჯობესია, ამ პროცესში დაამატოთ რძე, რადგან ცომი არ უნდა გამოვიდეს მაგარი და არც ელასტიკური. ფქვილმოყრილ ფიცარზე გააბრტყელეთ მიღებული ცომი, დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად და გააშრეთ. პომიდორი გახეხეთ, მიღებული ტომატპიურე მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ კარაქი, ცოტა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი სითხე წამოდუღდება, ჩაყარეთ მასში ცომის ნაჭრები და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ, რომ ცომის ნაჭრები ერთმანეთს არ შეეწებოს. როცა სითხე ამოორთქლდება, კერძიც მზად არის. გამზადებული „ხილოპიტესი“ გადმოიღეთ თეფშზე და გააფორმეთ ქორფა, წვრილად დაჭრილი მწვანილით. ასევე, შეგიძლიათ გააფორმოთ უკურკო ზეთისხილითაც. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ, მომზადების პროცესში ტომატის წვენი გააზავოთ არა წყლით, არამედ მშრალი წითელი ღვინით. ამ კერძს უნდა მიაყოლოთ ერთი ან ორი ჭიქა წითელი, ცივი ღვინო.
– პაპანაქება სიცხეში ცივი ყავა თითქოს აგრილებს ადამიანს, თუმცა ეს გამაგრილებელი ეფექტი მალევე იკარგება. ხომ ვერ გვასწავლით პატარა ეშმაკობას, რა გავაკეთოთ, რომ ცივი ყავის სიგრილით დიდხანს ვისიამოვნოთ?
– (იცინის). სხვათა შორის, ისეთ ეშმაკობას გასწავლით, რომელიც სიგრილის შეგრძნებასაც დიდხანს შეგინარჩუნებთ და ამ პაპანაქება სიცხეში, თავს ჩიტივით იგრძნობთ. ამისთვის კი უნდა მიირთვათ ყინულოვანი ყავა-კოქტეილი „პოლარული ნათება“. დაგჭირდებათ: 100 მილილიტრი შავი ყავა, 0,25 ლიტრი რძე, 4 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი, მწიკვი სოდა და დატეხილი ყინული. „პოლარული ნათება“ ასე უნდა მოამზადოთ: გახსენით სოდა რძეში, დაამატეთ შაქარი და ცივი ყავა. დაამატეთ რამდენიმე ნატეხი ყინული და ჩაასხით უფეხო, გაშლილ ჭიქაში. ამ სასმლით უმჯობესია, შუადღეს ან საღამოს გაგრილდეთ და მერწმუნეთ, მისი წყალობით, მთელი დღის განმავლობაში სიცხით გათანგულები თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ.