რას არ ანდობენ ჩინოვნიკები კერძო დეტექტივებს და როგორ აწარმოებენ ისინი გამოძიებას მოღალატე ცოლების წინააღმდეგ
უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში კერძო დეტექტივის რამდენიმე სამსახური მუშაობს და საკმაოდ აქტიურადაც. მათი კლიენტები ძირითადად „ახალი ქართველები“ არიან, რომლებიც საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების ფასად საკუთარი ოჯახის წევრების, ბიზნესპარტნიორებისა და საყვარლების ცხოვრების დეტალებს იკვლევენ. კერძო დეტექტივები საკუთარ მეთოდოლოგიას თავისუფლად იყენებენ, რადგან მათ საქმიანობას კანონი არ კრძალავს, ამის შესახებ გვესაუბრა „ომერტას“ ხელმძღვანელი კოტე გიგიტაშვილი, რომელსაც კერძო დეტექტიური საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.
კოტე გიგიტაშვილი: გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი ვარ, საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე სამხედრო უწყებასა და უშიშროების სამსახურში. ვარ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე და ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი. დრომ მოიტანა და გავხდი კერძო დეტექტივი, „ომერტა“ ოთხი წლის წინ დავაარსე და ამ პერიოდში ძალიან ბევრი საქმის „გამოძიება“ მომიწია. კერძო დეტექტივის სამსახური ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს და როგორც ჩანს, ის საქართველოშიც საჭირო და აუცილებელი გახდა. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს რა ხდება მის ირგვლივ, როგორ ცხოვრობენ მისი ახლობლები.
– ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კანონი კერძო დეტექტივის შესახებ, თუმცა, კონსტიტუცია კრძალავს ადამიანის პირადი საიდუმლოს გამჟღავნებას მისი ნებართვის გარეშე. რამე მექანიზმი არეგულირებს თქვენს საქმიანობას თუ სრული თავისუფლება გაქვთ?
– კანონი კერძო დეტექტივების შესახებ არ არსებობს, მაგრამ, არც ის წერია კონსტიტუციაში, რომ ჩვენი საქმიანობა აკრძალულია. მაქვს ინფორმაცია, რომ კანონმდებლები იწყებენ მუშაობას კანონზე კერძო დეტექტივის შესახებ და მიმაჩნია, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია. ადამიანის ცხოვრებაში ჩარევა მორალურად საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ჩვენს საქმეს ამის გარეშე ვერ გავაკეთებთ. როდესაც მოდის კლიენტი, რომელიც მთხოვს, რომ მივაწოდო ინფორმაცია თავისი ოჯახის წევრზე, უფრო მეტად თავისუფლად ვგრძნობ თავს, ვიდრე მაშინ, როდესაც ინფორმაციის მოპოვებას უცხო ადამიანზე მთხოვენ. ისეთი შემთხვევაც მქონია, როცა კლიენტისთვის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი მომითხოვია – ასეთ შეკვეთებს უფრო ფრთხილად ვეკიდებით. კატეგორიულად ვერიდები ჩინოვნიკებთან დაკავშირებულ საქმეებს, შემკვეთი მყოლია ცნობილი ადამიანი და თანამდებობის პირი, მაგრამ მათ თვალთვალზე უარს ვამბობ.
– ძირითადად ვინ არიან თქვენი კლიენტები?
– „ახალი ქართველები“, იმიტომ რომ, მათ ფული აქვთ. თუმცა, მქონდა რამდენიმე შეკვეთა როსტოვიდან, ბაქოდან, ისრაელიდან. ისრაელიდან დამიკავშირდა ხალხი, აინტერესებდათ ინფორმაცია ბორჯომელ მამაკაცზე, რომელიც ისრაელში ამბობდა, რომ ქილერი იყო და საქართველოში პოლიცია ეძებდა. ეტყობა, ეს იმიჯი რაღაცაში სჭირდებოდა. ორ დღეში დავადგინე, რომ ის ბორჯომელი ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი იყო და, რა ბოევიკი, რის ბოევიკი, ბორჯომში კომბლებს თლიდა. შეკვეთები, რომლებიც უცხოეთიდან მოდის, ძვირი ღირს. ინტიმურ თემებზე მუშაობისას დღეში ას დოლარს გვიხდიან, თუ უფრო რთული შემთხვევებია, როგორიც არის, ვთქვათ, ბიზნესპარტნიორზე საჭირო ინფორმაციის მოპოვება, ფასი იმატებს. ჩვენი სამუშაო შრომატევადია, შესაბამისად, არც ანაზღაურებაა იაფი. ჩვენი კლიენტების უმეტესობა ქალები არიან, რომლებიც იკვლევენ, ღალატობს თუ არა მათ ქმარი. მამაკაცები საყვარლების ცხოვრებითა და შეხვედრებით ინტერესდებიან, თუ ცოლთან დაკავშირებით უჩნდებათ ეჭვი, ამას მალავენ და საგამოძიებო სამუშაოებს თავად ატარებენ – ქართული მენტალიტეტი არ აძლევთ უფლებას, რომ კერძო დეტექტივთან მივიდნენ (იცინის). ძალიან ხშირად ჩვენი მომსახურება სჭირდებათ თინეიჯერი შვილების მშობლებს, რომლებიც გვიკვეთენ, რომ გავარკვიოთ, სად დადიან მათი შვილები, ხომ არ იყენებენ ნარკოტიკს. ჩვენ ბოლომდე ვიცავთ კონფიდენციალობას და შემკვეთი ჩვენგან სრულ ინფორმაციას იღებს ისე, რომ ობიექტი ამას ვერასოდეს იგებს. ძალიან შრომატევადია ბიზნესპარტნიორებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება. ასეთი შეკვეთები ხშირია – ადამიანებს აინტერესებთ მომავალი ბიზნესპარტნიორების წრე, ინტერესები, შემოსავალი. ამ უკანასკნელის დადგენა იოლია არაა და ამ ინფორმაციას მე თავადაც ვყიდულობ ჩემი წყაროების დახმარებით. ამქვეყნად ყველაფერი იყიდება, მათ შორის საბუღალტრო ჩანაწერებიც.
– კრიმინალური სიუჟეტები არ არის თქვენს პრაქტიკაში? სამართალდამცველებთან კონკურენციის შემთხვევები არ გქონიათ?
– მქონდა ასეთი რამდენიმე შემთხვევა. მე მყავდა კლიენტი, რომელმაც მთხოვა, რომ გამომეძიებინა მისი ოჯახის წევრის თვითმკვლელობის საქმე, რომელიც პოლიციაში რეგისტრირებული იყო როგორც თვითმკვლელობა. ამ საქმესთან დაკავშირებით მე და ჩემი ჯგუფის წევრებმა საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ და ბოლოს ჩვენი კლიენტის ეჭვი გამართლდა – ჩვენ მოვიძიეთ მასალები, რომლის მიხედვითაც ის ადამიანი მოკლული აღმოჩნდა, ამის შემდეგ კლიენტმა აიყვანა ადვოკატი, მიმართა პროკურატურას და საქმის ძიება თავიდან დაიწყო. ოფიციალურმა სტრუქტურებმა ჩაატარეს ბალისტიკური ექსპერტიზა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს, თუმცა, მეგობრების წყალობით ყველაფერს ვახერხებთ (იცინის). ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ იყო მკვლელობა, რის შემდეგაც საქმეს მსვლელობა მიეცა. კერძო დეტექტივებსა და სამართალდამცველებს შორის კონკურენცია არ არსებობს, მაგრამ, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ალბათ, შესაძლებელი გახდება კერძო დეტექტივებისა და სამართალდამცველების ოფიციალური თანამშრომლობა. მე მქონდა ორი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცველებმა დამაკავეს. ერთხელ აეროპორტში ვიყავი ჩასაფრებული, უნდა მეთვალთვალა ქალბატონისთვის, რომელიც უცხოეთიდან მოფრინავდა. ჩვეულებრივი, კერძო შეკვეთა იყო. იმავე თვითმფრინავით თურმე მოფრინავდა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირიც. კამერებმაც დამაფიქსირეს და უშიშროების თანამშრომლებმაც, მათ ტერორისტი ვეგონე და ჩემ წინააღმდეგ ნამდვილი სპეცოპერაცია მოაწყვეს, დამაკავეს, მიმიყვანეს „სოდში“, დამკითხეს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც შეამოწმეს ჩემი ვინაობა, უპრობლემოდ გამათავისუფლეს. მეორედ დამაკავეს იტალიის საელჩოსთან, სადაც ერთ პიროვნებას ვუთვალთვალებდი. იქაც კამერებმა დამაფიქსირეს, მოვიდა პოლიცია, დამკითხეს, მაგრამ, როცა შეიტყვეს, რომ ოფიციალურად დარეგისტრირებული სამსახურიდან ვარ, მაშინვე გამომიშვეს.
– როგორც ჩანს, კერძო დეტექტივებიც იშიფრებიან.
– ეს არც ისე იოლია, მე ორივე შემთხვევაში კამერებმა „გამყიდეს“, გამორიცხულია, რომ თავად ობიექტი რამეს მიხვდეს. ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში მხოლოდ ერთხელ იყო და მაშინაც იოლად დავიძვრინე თავი: ერთ ტიპს ვუთვალთვალებდი. მან, როგორც ჩანს, შეამჩნია, რომ „კუდი“ ჰყავდა და ჩემი მანქანისკენ წამოვიდა. მე მალევე მივხვდი და მანქანიდან გადმოსვლა მოვასწარი. მანქანაში „მასკიროვკისთვის“ მეჯდა ლამაზი ქალბატონი. ის ტიპი მივიდა მანქანასთან და მე შორიდან ვუყურებდი, როგორ მოუხადა მან ბოდიში ჩემს პარტნიორს. „მასკიროვკისთვის“ ვიყენებ ქუდებს, სათვალეებს, ულვაშსაც კი, რომელსაც ხან „ავპრეხ,“ ხან „დავპრეხ“. სამოსი სტანდარტული უნდა გეცვას, რომ ადამიანის ყურადღება არ მიიქციო. ხშირად ვიცვლი ავტომობილს, ძირითადად „პროლეტარული“, მასობრივად გავრცელებული ავტომობილებით ვსარგებლობ. მანქანა სამ დღეში უნდა გამოიცვალოს, შუშები აუცილებლად დაბურული უნდა იყოს, რომ ვიდეო და ფოტოგადაღება იოლად შეძლო. ჯგუფში მყავს რამდენიმე ადამიანი და თითოეული მათგანი გამოცდილი ყოფილი ოპერატიული მუშაკია. ერთდროულად ორ ადგილზე ვერ იქნები, ამიტომ ამ საქმეშიც მცირე გუნდით მუშაობაა საჭირო. მაქვს თანამედროვე ტექნიკური საშუალებები: კამერა, რომელიც შორი მანძილიდანაც კარგი ხარისხით იღებს, მოსასმენი აპარატები. დღეს მათი შოვნა პრობლემა აღარ არის, მაქვს, აგრეთვე, როგორც ძვირად ღირებული მოსასმენი, ისე იაფფასიანი აპარატები, რომლებიც ჩვენს ბაზრობებზეც კი იყიდება სულ რაღაც 70 ლარად. ეს აპარატი განსაკუთრებული ხარისხით არ გამოირჩევა, მაგრამ საუბარს 24-საათიან რეჟიმში იწერს.
– თქვენი მეთოდებიდან ყველაზე ხშირად რომელს იყენებთ?
– ჩასაფრებას, თვალთვალს. ზოგი საქმე სამი დღე გრძელდება, ზოგს, შეიძლება, უფრო მეტიც დასჭირდეს, კლიენტისგან დროში შეზღუდულები არ ვართ. ჩვენ ვიღებთ სურათებს, ვიდეო და აუდიომასალას. თუ შემკვეთს აინტერესებს, შემიძლია, სათვალთვალო ობიექტს თავზე დავაყენო, მაგრამ, კლიენტები ძირითადად ფოტოებითაც კმაყოფილდებიან ხოლმე. ძალიან ხშირად მიწევს სასიყვარულო ურთიერთობების დამამტკიცებელი ფოტოების გადაღება რესტორანში, ბარში, სადაც ჩანთაში დამალულ კამერას ვდებ მაგიდაზე და ყველაფერს ვიღებ. გადაღება მიხდება სასტუმროებშიც, სადაც წინასწარ ვქირაობ ნომერს, ვაყენებ გადამღებს, ხმის ჩამწერს, რომელიც ისეთი პატარა ზომისაა, ჭიკარტს ჰგავს და მისი აღმოჩენა არაპროფესიონალისთვის შეუძლებელია. წყვილის მგზნებარე სასიყვარულო ღამის შემდეგ ისევ ვქირაობ იმ ნომერს და მოპოვებული მასალა უპრობლემოდ გამომაქვს. ძალიან ხშირად მოსასმენ აპარატს თავად შემკვეთს ვაძლევ ხოლმე, რომ მან მიუმაგროს ობიექტს ტანსაცმელზე, ასეთ შემთხვევებში საქმე უფრო იოლადაა და მე მხოლოდ მოსასმენი აპარატის გამყიდველისა და კონსულტანტის როლში ვარ (იცინის). ყველაზე უფრო რთულია ობიექტის ბინაში შეღწევა. ამიტომ, არაერთხელ მომიწია სანტექნიკოსის, გაზის ან წყლის საავარიო სამსახურის თანამშრომლის როლში ყოფნა, სულ ახლახან მერობის ერთ-ერთი კანდიდატის ბუკლეტებიც კი დავარიგე, რომ საჭირო ვიდეომასალა მომეპოვებინა.
– ჭირვეული შემკვეთებიც გყავთ ხოლმე?
– უამრავი. მყავდა ერთი კლიენტი, ცნობილი ადამიანის ცოლი, რომელმაც მთხოვა, რომ მისი ქმრისთვის მეთვალთვალა. დღეში ას დოლარსა და ოც ლარს მიხდიდა. ის ქალბატონი დარწმუნებული იყო, რომ მის ქმარს ჰყავდა საყვარელი, რომელიც მისგან ბავშვს აჩენდა. ამის გამო გინეკოლოგიურ კაბინეტთან დარაჯობამაც კი მომიწია (იცინის). რამდენიმე დღე ვდიე იმ ქალბატონის ქმარს, მაგრამ, უშედეგოდ – ობიექტი დადიოდა საქმიან შეხვედრებზე, როგორც თბილისში, ასევე ქალაქგარეთ, საღამოს კი ჩვეულებრივ ბრუნდებოდა სახლში. ბოლოს ვუთხარი კლიენტს, რომ მის ქმარს საყვარელი არ ჰყავდა, რაც მან გამიპროტესტა და იცით, რა მითხრა? ეს ინფორმაცია მკითხავისგან მაქვსო. ასე რომ, ცნობილი ადამიანის ცოლები ან მკითხავებთან დადიან, რომ ქმრებზე რაიმე გაიგონ, ან კერძო დეტექტივებთან (იცინის).