კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა მიაკითხოთ ყურის ექიმს ზღვიდან დაბრუნების შემდეგ და იწვევს თუ არა ზღვის წყლის ყურში ჩასვლა სმენის დაქვეითებას



უბრალო ყურის ტკივილი, შუილი ან სმენის უმნიშვნელო დაქვეითებაც კი, საკმაოდ სერიოზული დაავადებების სიმპტომებია. ბევრი ამ ჩივილებს ყურადღებას არ აქცევს, ექიმთან მისული კი აღმოაჩენს, რომ უკვე ძალიან გვიანია მკურნალობის დაწყება. როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ¹2 კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ექიმი, ბატონი გიორგი გოგნიაშვილი ამბობს, ადამიანმა სწორედ შემოდგომით უნდა მიაქციოს სათანადო ყურადღება სმენასა და ყურის დაგუბებას, ასევე შუილს და დროულად მიმართოს შესაბამის სპეციალისტს. სწორედ მისგანვე შევიტყვეთ, რომ, თურმე ექიმები შემოდგომას „ყურის სეზონს“ ეძახიან, რადგან ამ დროს მკვეთრად იზრდება დაზარალებულ პაციენტთა რიცხვი.



– რატომ არის შემოდგომა ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებით დასნებოვნებისთვის ყველაზე საშიში პერიოდი?

– ამ სეზონზე ძალიან გახშირებულია პაციენტების ჩივილები. ამ დროს განსაკუთრებით ხშირად მოდიან ზღვაზე დასვენებული პაციენტები. ისინი ყურის „საშემოდგომო“ პათოლოგიებს უჩივიან, კერძოდ, ეს არის ყურის ის პათოლოგიები, რომლებიც ზაფხულში, ზღვაზე ყოფნის დროს ვითარდება და, ჩვეულებრივ, შემოდგომით იჩენს ხოლმე თავს. ზღვის წყალი ძალიან აღიზიანებს ყურს და ეს მაშინ ხდება, თუ ადამიანს ეგრეთ წოდებულ გარეთა ყურში რამე დაზიანება აღენიშნება. ახლა გვაკითხავენ ეგრეთ წოდებული გარეთა ოტიტებით, ანუ ყურის გარეთა სასმენი მილის ანთებით შეწუხებული ადამიანები.

– რამ შეიძლება ეს დაავადება გამოიწვიოს?

– ეს, შესაძლოა, იყოს ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული, ასევე, მექანიკურად გაღიზიანების შედეგი. ზღვის წყლის ყურში შესვლის შემდეგ, მისი გაწმენდის დროს, ჩხირს ხშირად უხეშად „ირჭობენ“ ყურში, ეს კი პათოლოგიის მიზეზი ხდება და სწორედ შემოდგომით იჩენს თავს. ასეთ დროს ადამიანს აწუხებს ძლიერი ტკივილი, რადგან ამ დროს აღინიშნება გარეთა სასმენი მილის ანთება, რამაც საშინელი ტკივილი იცის. შესაძლოა, ტემპერატურამაც აიწიოს. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ ოტოლარინგოლოგს და მისგან მიიღოთ რჩევები, თუ როგორ იმოქმედოთ, რათა არ გაამწვავოთ დაავადება და არ განვითარდეს ეს ინფექცია აღმავალი გზებით სხვადასხვა ორგანოსკენ. ამ დროს ხდება სათუთი სანაცია, ანუ მიკროსკოპის ქვეშ ხდება ამოტუმბვა და პათოლოგიური პროცესის დაკვირვება, რათა ყურმა თავისი ფუნქცია დაიბრუნოს. გამღიზიანებელი პროცედურები კი ანთებას უფრო ამწვავებს და იწვევს გართულებებს. თუ დროულად არ უმკურნალეთ გარეთა ოტიტს, შესაძლოა, სმენის დაქვეითების წინაშე აღმოჩნდეთ. ამ დროს გარეთა სასმენი მილი შეშუპებულია, დახშულია და, ფაქტობრივად, ბგერას ვერ ატარებს. სმენის დაქვეითებასთან ერთად, როგორც გითხარით, მას ახასიათებს, ტკივილი და ტემპერატურული რეაქციაც.

– კონკრეტულად, რომელ დაავადებაზე მეტყველებს ყურის შუილი?

– წნევის ცვალებადობა დამოკიდებულია შიგნითა ყურში სისხლძარღვთა მომარაგებაზე. აქედან გამომდინარე, წნევის ცვალებადობამ, შეიძლება, შიდა ყურის კვება დაარღვიოს და შემდგომ განვითარდეს სმენის დაქვეითება – ტინიტუსი. მინდა გითხრათ, რომ ტინიტუსით დაავადებულია 50-55 წლის ასაკს ზემოთ მყოფი ადამიანების ნახევარზე მეტი. ეს არის გადაუჭრელი პრობლემა ჩვენს სფეროში, რომელსაც, სამწუხაროდ, არ აქვს დიდი ალტერნატიული, კონსერვატიული მკურნალობის მეთოდები. მისი მკურნალობა ხდება მხოლოდ იმ პრეპარატებით, რომლებიც აძლიერებს სისხლმომარაგებას შიდა ყურში. ყურის შუილი საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა და მას პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა ყურადღების მიქცევა. ასევე, სმენის დაქვეითებას იწვევს. დიდ პრობლემას ქმნის ბავშვებში პოლიპები, ანუ ადენოიდები. ამ დროს ირღვევა შუა ყურის ვენტილაცია, ვითარდება ანთებითი სტადია. შემდეგ ის გადაიზრდება ექსუტაციურ ოტიტში, ანუ სითხოვან შუა ყურის ანთებაში. ამიტომ ბავშვის სუნთქვას ყურადღება უნდა მიაქციონ. საერთოდ, ცხვირით ნორმალური სუნთქვა ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბრონქული ასთმის შეტევაც კი შეიძლება არასწორი სუნთქვის შედეგად განვითარდეს. როცა სუნთქვა ცხვირით გაძნელებულია, ეს ქვედა ტრაქტს გადაეცემა და ვითარდება სხვადასხვა პათოლოგია. ღრმა სასუნთქი სისტემის პათოლოგიამ, შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ყური არის ტვინთან ძალიან ახლო მდებარე ორგანო. აქედან გამომდინარე, შუა ყურის ზედა კედელი პირდაპირ კავშირშია ტვინთან. თუ დროზე არ მიხედა ადამიანმა თავს, სამწუხაროდ, სიკვდილი გარდაუვალია. ჩვენს პაციენტებს არ ვუკრძალავთ ზაფხულში ზღვაში ბანაობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ყურის დაფის აპკია დაზიანებული. ის არის შუა ყურისა და გარეთა ყურის გამყოფი. თუ ის გახვრეტილია და დაზიანებული, შესაძლოა, ნებისმიერმა ბაქტერიამ, ასევე, ქარის დროს მტვერმა, ბანაობისას კი წყლის შუა ყურში ჩასვლამ ანთება გამოიწვიოს. როცა დაზიანებულია დაფის აპკი, უნდა ეცადოთ, ყურში წყალი არ შევიდეს. ეს არა მხოლოდ ზღვას, არამედ შხაპსაც ეხება. ასეთ დროს უნდა გამოიყენოთ ყურის სპეციალური საცობები ან ბამბის ტამპონები. ყურში მოთავსებულ გოგირდის ჯირკვლებს, რომლებიც გამოყოფს გოგირდს, დამცველობითი ფუნქცია აქვს. ფრთხილად იყავით ჩხირებით ყურის გამოწმენდის დროს. საწმენდი ჩხირების უხეში ხმარება აზიანებს ეგრეთ წოდებულ „წამწამებს“, რომლებიც განლაგებულია ყურის მილში. მათ გოგირდი გარეთ გამოაქვთ, დაზიანების შემთხვევაში კი ისინი კარგავენ თავის ფუნქციას და გოგირდი ყურში გროვდება, რაც სმენის პრობლემას ქმნის. ამიტომ ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს, ზღვიდან ამოსვლის ან ბანაობის შემდეგ წყალი ყურიდან ნეკი თითით გამოდევნონ.

– თქვით, შემოდგომა „ყურის სეზონიაო“. და მაინც, როგორ გადავჭრათ ამ სეზონზე პრობლემები და ავიცილოთ თავიდან გართულებები?

– როგორც გითხარით, შემოდგომით უამრავი პაციენტი გვყავს. თუ ცხვირის ფუნქცია დარღვეულია, მთაში დასვენების დროს, შესაძლებელია, შუა ყურის ანთება განვითარდეს წნევის ცვალებადობასთან დაკავშირებით. თუ ცხვირით სუნთქვა დარღვეულია და ოპერაციაა საჭირო, ჯობია, ამ სეზონზევე გადაჭრათ ეს პრობლემა. სამწუხაროდ, ბევრი მიმართავს თვითმკურნალობას და ყურის დაგუბების დროს ამა თუ იმ პრეპარატს იწვეთებს. ეს დაუშვებელია.

– როგორ მოვუაროთ შემოდგომით ყელ-ყურს, რა რეკომენდაციას მოგვცემთ?

– გირჩევთ, შემოდგომით, თუ ყურის აპკი დაზიანებულია, ბანაობის დროს არ ჩავიდეს მასში წყალი, ქარიან ამინდში კი – მტვერი. ამ დროს გამოიყენეთ სილიკონის დამცავი საცობები ან ბამბის ტამპონები. გლანდების გაუარესებისგან დაცვა კი რთულია. უბრალო გაციების ან სურდოს დროსაც კი მიხედეთ ცხვირს, რომ არ გართულდეს სიტუაცია და არ გადავიდეს ის სინუსიტში, ჰაიმორიტში და არ განვითარდეს წიაღების ანთება. ეს პერიოდი ძალიან რთულია – ხან ცხელა და ხან ცივა, ამიტომ გაციების მეტი ალბათობაა და, შესაბამისად, დაავადების მეტი შანსიც.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3