კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დაიბადება ნიკა ცქიტიშვილის პირველი ქალიშვილი და დაესწრება თუ არა ის მეუღლის მშობიარობას


ცქიტიშვილების ოჯახს თითქმის მთელი საქართველო იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრნი არიან, როგორც წესი, წელიწადის მხოლოდ ამ დროს იკრიბება ოჯახი სრული შემადგენლობით და ყველა ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობს. ამჟამადაც ასე მოხდა. ნიკა და სოფო ესპანეთიდან გასულ კვირას ჩამოვიდნენ საქართველოში, გიორგი – ამერიკიდან. ნინოს ოჯახი კი ბოლო წლებია, საქართველოში ამჯობინებს ცხოვრებას, ასე რომ, ისინი, ერთგვარად, მასპინძლის რანგში არიან. ამჟამად „თბილისელების“ რესპონდენტი ორი მშვენიერი მანდილოსანი, ნინო და სოფო არიან. რძალ-მულს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და თავს ერთმანეთის გვერდით კომფორტულად გრძნობენ. ნინოს სამი შვილი ჰყავს: თაკო, გუგა და ანა ნაცვლიშვილები, სოფო კი სულ რაღაც ორ თვეში ელოდება პირველ ცქიტიშვილს.


– რამდენი ხანია ერთმანეთი არ გინახავთ?

ნინო: დაახლოებით ოთხი თვეა. მე და ვატო თებერვალში ვიყავით მათთან ჩასულები სტუმრად.

– სოფო, რამდენი თვის ფეხმძიმე ხარ?

– 7 თვის ვხდები უკვე და გავიგეთ, რომ გოგოს ველოდებით.

– ნინო, პირველი ძმისშვილის მოლოდინში ხარ. როგორია მამიდობისთვის მზადება?

– ერთი სული მაქვს, როდის დაიბადება, ძალიან მაინტერესებს, როგორია მამიდობა და ძმისშვილის სიყვარული.

– სოფო, შენი საქართველოში ჩამოსვლა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აქ უნდა იმშობიარო?

– არა, ესპანეთში გვაქვს დაგეგმილი მშობიარობა, ანუ, სადაც ნიკა გააგრძელებს თამაშს. სანამ ნიკა გაემგზავრება მადრიდში, ორი კვირით ადრე მე უნდა წავიდე, რადგან მერე უკვე ჩემთვის ფრენა აღარ შეიძლება.

– მთელი ოჯახი სრული შემადგენლობით ხართ თბილისში?

ნინო: დიახ, გიოც ჩამოვიდა და ყველანი აქ ვართ. ყოველ საღამოს სრული შემადგენლობით ვიკრიბებით მთელი ოჯახი. ერთმანეთი ძალიან მონატრებული გვყავს და ახლა ვინაზღაურებთ. „დავიტენებით” ერთმანეთის ყურებით და გვეყოფა, ალბათ, ექვსი თვე. მერე კი ისევ თავიდან იწყება მონატრების პროცესი.

სოფო: მე რომ ვიმშობიარებ, მერე იქ ჩამოვლენ, ალბათ.

ნინო: ძალიან მინდა.

– დასწრებაც ხომ არ გინდა მშობიარობაზე?

– მე არა, სოფოს მშობიარობას ნიკა დაესწრება.

სოფო: უნდა გამამხნევოს...

– სოფო, როგორც ვიცი, პირველად იყავი ამდენი ხნით საქართველოდან წასული, შესაბამისად, ალბათ, ნოსტალგიაც გქონდა.

– ნოსტალგია კი მქონდა, მაგრამ, ზომიერად, ანუ, არ გავგიჟებულვარ. მხოლოდ რამდენიმე საათს ვატარებდი მარტო – მაშინ, როცა ნიკა ვარჯიშზე იყო. ასე რომ, სულ ერთად ვიყავით და ვერთობოდით.

ნინო: მინდა აღვნიშნო, რომ სოფომ ძალიან კარგად გაართვა თავი დამოუკიდებლად ცხოვრებას. რომ ჩავედით, ყველაფერი დაწკრიალებული დაგვახვედრა. ცოტა მულურად შევხედე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. თან, ისეთ საჭმელებს აკეთებს, გავგიჟდი, სულ ნაირ-ნაირს.

სოფო: ნინოს ვერ შევედრები, მაგრამ...

– არ გაგიჭირდა?

– ნიკა მეხმარებოდა ძალიან, თორემ, გამიჭირდებოდა.

ნინო: არაჩვეულებრივი მეუღლეა და, წარმომიდგენია, როგორი მამა იქნება.

სოფო: ნიკა მართლა უზომოდ ყურადღებიანი და თბილია. იქ მამაც ეგ არის ჩემთვის, ქმარიც, ძმაც და ყველაფერი.

– საკუთარი გამოცდილებიდან ნინო დამეთანხმება, რომ ახალგაზრდა წყვილის მოშორებით, მარტო ცხოვრება ერთგვარი კომფორტია, რაც კიდევ უფრო იძლევა იმის საშუალებას, რომ ახალდაქორწინებულებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნონ. ალბათ, შენც დაგეხმარა ყოველივე ეს.

– ძალიან დამეხმარა. ნიკა, ფაქტობრივად, იქ გავიცანი ბოლომდე და შევეჩვიე. რაც დრო გავა, კიდევ უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს.

– ნინო, ფეხმძიმე სოფოს რომ უყურებ, ხომ არ გაქვს სურვილი, მეოთხე ბავშვზე იფიქრო?

ნინო: სოფოს რომ ვუყურებ, ხანდახან მეც მინდება ამ მდგომარეობაში ყოფნა. ორსულობა და ბავშვის გაჩენა ჩემთვის არასდროს არ არის პრობლემა, მერე მათი გაზრდაა მთავარი. ჩემი შვილები დამოუკიდებლები რომ გახდებიან, მერე, თუ ღმერთი მომცემს, აუცილებლად გავაჩენ კიდევ ერთ შვილს. ამ ეტაპზე ძალიან გადაღლილი ვარ და, უბრალოდ, ვერც ვიფიქრებ ამაზე, ძალიან გამიჭირდება. რამდენიმე წელიწადში – სიამოვნებით.

სოფო: დრო ჯერ საკმარისი აქვს.

– სოფო, შენ რამდენი შვილის ყოლის სურვილი გაქვს?

– ვნახოთ, ღმერთი რამდენსაც მოგვცემს. მე პირადად, ბევრი შვილი მინდა მყავდეს, ოღონდ, მიყოლებით არა, პატარ-პატარა შესვენებებით.

– წარმომიდგენია, როგორ გულშემატკივრობდით ესპანეთიდან შენ და ნიკა ნინოსა და ვატოს. ვგულისხმობ საარჩევნო ციებ-ცხელებას.

– ძალიან გვინდოდა არჩევნებზე აქ ყოფნა, მაგრამ, ვერანაირად ვერ მოვახერხეთ ჩამოსვლა. იქიდან კი ვატოს ძალიან ვგულშემატკივრობდით და იმდენად დარწმუნებულები ვიყავით მის გამარჯვებაში, არც გაგვკვირვებია.

– ნინო, შენ ალბათ განსაკუთრებით ნერვიულობდი.

ნინო: ნერვიულობა და პასუხისმგებლობა ნამდვილად იყო, მაგრამ, რომ გითხრა, ამით რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი – არა. პრინციპში, ვატო უფრო ნერვიულობდა. მე მაინც მჯეროდა, რომ ხალხი მას ენდობოდა, ბევრს უყვარს და იმის იმედიც მქონდა, რომ ხმებსაც მიიღებდა.

– თავს როგორ გრძნობ? რა შეიცვალა 30 მაისის შემდეგ შენში?

– ყურადღების ცენტრში მანამდეც ვიყავით და მას შემდეგაც ვართ. რომ გითხრა, რამე მნიშვნელოვნად შეიცვალა-მეთქი – არა. თან, ვატოს წარმატებებს მიჩვეული ვარ. ხელს რასაც მოჰკიდებს, ყველაფერი კარგად გამოსდის. კალათბურთში თავადაც იცი, როგორი იყო.

– ნაკრების თამაშები იწყება. მართალია ნიკა ითამაშებს, მაგრამ, ალბათ, ვატო – ვეღარ.

– ვატო ვეღარ ითამაშებს, ნიკას დაუკრავს ტაშს და ნაკრებს „უბალეშჩიკებს.“

– გული არ სწყდება, რომ ვერ ითამაშებს?

– თავისთავად.

– სოფო, შენ თუ წახვალ სპორტის სასახლეში საგულშემატკივროდ?

სოფო: პირველ ორ თამაშს დავესწრები, მეტს ვერა, რადგან ესპანეთში უნდა გავემგზავრო.

– უცხოეთში ძალიან დიდი დრო ეთმობა და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მშობლების მოსამზადებელ ეტაპს შვილის შეძენამდე. თქვენ თუ ხართ ამაში ჩართული?

– ორსულობის მეექვსე თვიდან დედისა და მამის კურსებზე დადიან წყვილები, მაგრამ ჩვენ ამის სურვილი არ გვქონია. ვიცი, ნიკაც დამეხმარება და მეც, ასე თუ ისე, გავართმევ თავს. ასევე, დამეხმარებიან ნინო, დედაჩემი... თავისებურად, ცოტა შიში კი მაქვს, მაგრამ ეს, ალბათ, დროებითია. ხანდახან ისიც კი მავიწყდება, ფეხმძიმედ რომ ვარ.

– პროფესიონალი მოცეკვავე ხარ. ალბათ, ცეკვა ძალიან გენატრება.

– რა თქმა უნდა, მენატრება, მაგრამ, ამჯერად მაყურებლის ამპლუაში ვარ.

– როცა ორი ლამაზი მანდილოსანი ერთად მიდიხართ სადმე, ალბათ, ყველას ყურადღება თქვენკენ არის მომართული.

ნინო: კომპლიმენტი ვის არ სიამოვნებს, მაგრამ, ამას უკვე ისე შევეჩვიეთ, ყურადღებას აღარც ვაქცევთ. ბუნებრივია, როცა ლამაზი ქალი მიდის, ყურადღებას ყველა აქცევს, მით უმეტეს, როცა ორნი ერთად არიან.

– სოფო, როგორი მულია ნინო?

– ნინო ყველაზე მაგარი მულია და, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მამიდაც იქნება. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ნინოს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ.

– ნინო, შენ რას იტყვი, სოფო როგორი რძალია?

– ძალიან მაგარი. სოფო ძალიან საყვარელია, ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ჩემს პატარებს ძალიან ენატრებათ, სულ იმას მეკითხებოდნენ, სოფო როდის ჩამოვაო.

სოფო: რომ ჩამოვედით, ანამ ნიკა რომ ნახა, პირველი მე მომიკითხა, სოფო სად არისო.

– ალბათ, ნახე „ფეშენ-ვიქის“ ფოტოები. მული მოგეწონა?

– არავის არ ეწყინოს, მაგრამ, ნინოსნაირი მოდელი არც ერთი არ არის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მულია.

– სოფო, გამგზავრებამდე თბილისში იქნები. თუ გაქვთ გეგმაში სადმე დასასვენებლად წასვლა?

– საერთოდ, გეგმაში კი გვაქვს სადმე წასვლა, მაგრამ, ვნახოთ როგორ მოვასწრებთ. დრო ამ თვის ბოლომდე გვაქვს, ივლისიდან აღარ გვცალია, რადგან ნიკა ნაკრების ვარჯიშებს იწყებს.

ნინო: მადრიდის სიცხის მერე ნამდვილად ღირს დასვენება.


скачать dle 11.3