კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ისწავლა ნატო გელაშვილმა კაცების ენა და რას ხვდება ის პირველივე შეხედვაზე


მისი სიმღერები არ ჰგავს ქალის დაწერილს. ეს არ არის ჩემი აზრი ან სუბიექტური შეფასება. უბრალოდ, ასე ამბობენ მამაკაცები, რომლებსაც ან შურთ ნატოსი, ან, უბრალოდ, იმდენად თავისიანად მიიჩნევენ, რომ, მზად არიან, მისი ქალობაც კი „უარყონ“. კაცების ძალიან კარგად ესმის, არც ადამიანების ამოცნობა ეშლება. შეიძლება, ეს თანდაყოლილი ნიჭია, ან, წლების განმავლობაში შეძენილი გამოცდილება. მაგრამ, ფაქტია, რომ ნატო გელაშვილი კომპოზიტორი რომ არ ყოფილიყო, მშვენივრად გაართმევდა თავს ფსიქოლოგობას, ისე კარგად იცნობს მამაკაცებს და, საერთოდ, ადამიანებს. რაც მთავარია, ძალიან ბედნიერია, ქალად რომ დაიბადა და ერთი წამითაც კი არ ნდომებია მამაკაცობა...


ნატო გელაშვილი: არაფერში შეუშლია ჩემთვის ხელი იმას, რომ ქალი ვარ და არა მამაკაცი. ეტყობა, ჩემს თავში ვპოულობ ძალას, თავი გავართვა სირთულეებს, მაშინაც კი, თუ გვერდში მეუღლე არ მეყოლება და ყველაფერი მარტო ჩემზე იქნება დამოკიდებული. ბევრი რამის გაკეთება და ატანა შემიძლია. ყოველ შემთხვევაში, თავს გავიტან.

– მამაკაცებს არ აქვთ ქალებთან შედარებით რაღაც უპირატესობები?

– როგორ არ აქვთ და ეს ყოველთვის ასე იქნება. უბრალოდ, ქალებმა ეს ტრაგედიად არ უნდა ვაქციოთ. თანაც, მამაკაცსაც გააჩნია. მე, მაგალითად, ისეთ ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, კაციც რომ ვყოფილიყავი, მაინც ვერ ვიქნებოდი ბოლომდე თავისუფალი. ძალიან ბევრ რამეს აუცილებლად გავუწევდი ანგარიშს. რაღაც ნაბიჯების გადადგმა, ალბათ, კაცსაც კი გამიჭირდებოდა. თუმცა, დღეს ბევრი ქალი ძალიან თავისუფლად ცხოვრობს. გარკვეულ კატეგორიას საერთოდ ვერაფერში უშლის ხელს ქალობა.

– მაგრამ საზოგადოება ნაკლებად შემწყნარებელია მათ მიმართ, მაშინ, როცა მამაკაცს ბევრ რამეს ჰპატიობენ.

– რა თქმა უნდა. მაგრამ, მე მაინც მირჩევნია, ვყოფილიყავი ქალი და არა მამაკაცი (იცინის), მართლა. ერთი წუთით არ მდომებია, ვყოფილიყავი კაცი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებს ძალიან კარგად ვუგებ. ჩემი ორი ვაჟიშვილისაც კარგად მესმის. საქმე ისაა, რომ ჩემი ძმის მეგობრების გარემოცვაში გავიზარდე. სულ ბიჭებში ვიყავი. მიყვარდა მამაჩემის სამეგობრო და სულ ვცდილობდი მათთან სიახლოვეს. კლასშიც ბიჭებთან უფრო კარგად ვმეგობრობდი, ვიდრე გოგონებთან. ასე ნელ-ნელა ვისწავლე კაცების ენა და მეც ლამის ბიჭურად ვცხოვრობდი (იცინის). ეტყობა, ამიტომაც აღარ გამიჭირდა ბიჭების გაზრდა, რომლებიც ჩემს მეგობრებად აღვზარდე, არა ყვირილითა და ჩხუბით, არამედ ურთიერთგაგებით და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით. დღემდე ასეთი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. როცა რაღაც არ მომწონს, პირდაპირ ვეუბნები, რომ კაცს ეს არ შეშვენის. ყოველთვის კაცის ენაზე ველაპარაკები.

– ბევრი ქალი ინატრებდა, სცოდნოდა კაცების ენა.

– (იცინის) ალბათ. მე ვერ ვიტყვი, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება, კაცი ყველაფერზე წავიდეს. არ უნდა დაკარგოს ღირსება, არ უნდა გახდეს მეწვრილმანე, მოწუწუნე მათხოვარი. ხვდებით, ხომ მათხოვარში რა ვიგულისხმე? ფული, შეიძლება, დღეს ჰქონდეს კაცს, ხვალ – არა, მაგრამ, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რთულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა. შეინარჩუნებს, თუ არა თავის კაცურ ღირსებას. დაცემული კაცი არც ერთ ქალს არ მოსწონს. სუსტი სქესის წარმომადგენელს არ უნდა მოახვიო თავზე შენი პრობლემა და არ უნდა აუტირდე. აბა, რის მამაკაცი ხარ? ბევრ კაცს არ აქვს ფული და არ აკლია განსაცდელი, მაგრამ შენ ამას ვერ იგრძნობ. არ გაგრძნობინებს.

– შენი სიმღერებით მოხიბლული მამაკაცები, ალბათ, შენთან ქეიფს ნატრობენ.

– საკმაოდ ხშირად უთქვამთ, ნეტავი შენთან ერთად მაქეიფაო. მაგრამ, ძირითადად, კოვზი ნაცარში უვარდებათ ხოლმე (იცინის). დღეს ქეიფმა თავისი უწინდელი ხიბლი დაკარგა, ის ხიბლი, რომელიც მე მომწონდა. სუფრა აღარ არის ის, სადაც შეიძლება, სიამოვნება მიიღო. ვინატრებდი იმ ხალხთან მოლხენას, ვინც ქართული სუფრის კულტურა იცოდა და იცავდა მას. დღეს ეს ძალიან მაკლია. მე ამ ხალხში, ამ ტრადიციებზე გავიზარდე. აღარ არის მამაპაპური ქეიფი. ან პოლიტიკაზე გადადიან, ან ერთმანეთის შეურაცხყოფაზე.

– როგორი კაცი იქნებოდა ნატო გელაშვილი?

– ალბათ, ისეთი, როგორი კაცებიც მე მომწონს. იდეალური არავინ არის, მაგრამ, ძალიან კარგად გავუგებდი ქალებს. მე, საერთოდ, კარგად ვიცნობ ადამიანებს, მამაკაცებსაც, რა თქმა უნდა. არ არსებობს, მე კაცი გავიცნო და მაშინვე არ მივხვდე, რა კატეგორიაა, არ შემეშლება. იმ ადამიანს ძალიან მალე მივუჩენ ხოლმე ადგილს და აღარ მაინტერესებს, იმიტომ, რომ წინასწარ ვიცი, რას გააკეთებს, როგორ მოიქცევა, რის შემდეგ რას იტყვის. ჩემი მეგობრების სიტუაციებშიც, როცა ისინი მიყვებიან თავიანთ ურთიერთობებზე მამაკაცთან, ზუსტად ვიცი, ეს ურთიერთობა როგორ გაგრძელდება. ამიტომ, თითქმის ამოწურულია ჩემთვის მამაკაცი თავისი თვისებებით და არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც განზრახვას ან ჩანაფიქრს ვერ მივუხვდები; ან, იმას, თუ რას წარმოადგენს პიროვნულად. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ისეთი კაცი ვიქნებოდი, როგორსაც ნატრობენ ქალები (იცინის). მე არ შემეშლებოდა ის ნიუანსები, რომლებსაც კაცები, რატომღაც, ვერასდროს ვერ ხვდებიან.

– როგორც მივხვდი, მეგობრები ხშირად გირეკავენ რჩევისთვის.

– დიახ, ძალიან ხშირად ვარ ხოლმე მრჩეველის როლში და, მიმაჩნია, რომ, როცა სუსტი სქესის წარმომადგენელი დაბნეულია, არ იცის, როგორ მოიქცეს და რა გააკეთოს, მას აუცილებლად უნდა დაეხმარო, როგორც შეგიძლია, რა თქმა უნდა.

– ფსიქოლოგად გამოდგებოდი. სერიოზული ნიჭი გქონია.

– არ ვიცი, მაქვს თუ არა ნიჭი, მაგრამ, როცა წყვილს ვხედავ, შემიძლია, ვთქვა, როგორი ურთიერთობა აქვთ მათ. არის თუ არა მათ შორის სიყვარული ან რომელს მეტად უყვარს. გეუბნებით, სულ რომ არ ვიცნობდე, მაინც ვხვდები. მართლა ვატყობ, კაცს უფრო მეტად უყვარს, ქალს თუ, ორივე ირევა ერთმანეთზე. ძალიან ბევრ რამეზე ეტყობათ.

– მამაკაცი, რომელიც ქალს ჯეროვნად ვერ აფასებს, ხშირად მარტო რჩება.

– გეთანხმები და მარტოდ დარჩენილი კაცი უფრო ცოდვაა, ვიდრე მარტოდ დარჩენილი ქალი, თან, გაცილებით უსუსურიც არის. მახსოვს, ბაბუაჩემს სულ ის ჰქონდა ნატვრად, ნეტავი ჯერ მე მოვკვდე და მერე ბებიაშენიო. მაგრამ, ჯერ ბებია გარდაიცვალა და, სხვათა შორის, ბაბუაც ძალიან მალე მიჰყვა. ყოველდღე ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, მალე წამიყვანე, სიცოცხლე მაინც აღარაფრად მიღირსო და, თითქოს ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება. ქალი უფრო აგრძელებს ცხოვრებას მარტო.

– ბუნების გვირგვინი კი მამაკაცს ჰქვია.

– (იცინის) სახელადაც აღარ ერქვათ?! მე მაინც ვფიქრობ, რომ ოჯახური ცხოვრების მთელი სირთულე გადააქვს ქალს და „პარადიც“ მას მიჰყავს – ამ სიტყვის კარგი გაგებით. ვაიმე, მცემენ, მგონი, კაცები, ამ ინტერვიუს მერე და „თბილისელების“ ბრალი იქნება! მაგრამ, იცი, რა ვიგულისხმე? ის ოჯახი, სადაც ქალს არ უყვარს და არ უხარია სტუმარი, არ იცის ფულის, მეუღლის ყადრი და არ არის კარგი დედა, მამაკაცი, როგორი კარგიც უნდა იყოს, არ შედგება და იქ მისვლა არავის ენდომება. ანუ, ვერ იქნება ოჯახი ძლიერი და დადებითი აურის. არაჩვეულებრივი მამაკაცის ცოლს თუ ცხვირ-პირი ჩამოსტირის, მისი სახლის კარს არავინ შეაღებს. კომუნიკაბელურ ქალს კი კაციც მიჰყავს თავისკენ, მასაც თავისნაირს გახდის. ქალს ძალიან ბევრი რამე შეუძლია და ბევრია ჩვენზე დამოკიდებული.

– როგორ ქალს ვერ აიტანდი?

– უჰ, ზოგი ქალი ისე მაგიჟებს, კაცი რომ ვყოფილიყავი, არ ვიცი, რას ვუზამდი. არ მომწონს ქალი, რომელიც არის „ძველი გოგო“, ბილწსიტყვაობს და უზრდელობს. ქალი ქალურობას უნდა გამოასხივებდეს. ის „მარილი“ უნდა ჰქონდეს, რომელიც მის გვერდით მთელი ცხოვრება არ მოგაწყენს. არ უნდა იყოს ამპარტავანი და ქრისტიანული თვისებები უნდა ჰქონდეს. მე არ მესმის, რას ნიშნავს – საქმე მაქვს და არ მცალია შვილისთვისო. ან – ბევრი საქმე მაქვს და ქმარს ვერ მოვუმზადებ სადილსო. აბა, სხვა რა თვისებებით ფასდება ქალი? არანაირი გარეგნობით არ შემიყვარდებოდა ქალი. „ცარიელი“ სილამაზე არ არის მომხიბვლელი. ლამაზი – არ ნიშნავს ქალს მთლიანობაში.

– პრეტენზიული დედამთილი იქნები?

– არ ვიქნები პრეტენზიული. მე მეგობრობის მომხრე ვარ, მაგრამ, გამიჭირდება ისეთ პიროვნებასთან ურთიერთობა, რომელსაც არ ეცოდინება ადამიანების ენა და არ ეყვარება ადამიანები. იქნება ამბიციური. ასეთები მე მთელ ენერგიას მართმევენ. მე ვერავის არჩევანში ვერ ჩავერევი, მით უფრო – შვილების. არც ხმას ამოვიღებ, მაგრამ, გვერდზე გავდგები.


скачать dle 11.3