როგორ გადაიყვანეს კეიტ ჯარეტმა და მელ დევისმა ჭკუიდან ქართველი ჯაზ-შემსრულებელი და როგორ მიიწვიეს ის თავისთან სამუშაოდ გია ყანჩელმა და რობიკო სტურუამ
პიანისტი გიორგი მიქაძე საოცრად ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანია. მან ახლახან დაამთავრა კონსერვატორია და რაც მთავარია, ის კლასიკასთან ერთად, არაჩვეულებრივად უკრავს ჯაზს. მართალია, ჯაზის სფეროში ჯერჯერობით თვითნასწავლია, მაგრამ უკვე მოახერხა მსმენელისა და მათ შორის „ბერკლის მუსიკალური კოლეჯის“ გამომცდელების გაოცება და აღფრთოვანება.
გიორგი მიქაძე: წლინახევრის ვიყავი, როდესაც რაღაც მელოდიებს სუფთად ვღიღინებდი. მშობლებმა გადაწყვიტეს, ჩემთვის კარგი მუსიკალური განათლება მოეცათ და შემიყვანეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში. შემდეგ გავხდი ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის კონკურსის დიპლომანტი, ვმონაწილეობდი ჩემი საყვარელი კომპოზიტორის, ნოდარ გაბუნიას სახელობის მეორე რესპუბლიკურ კონკურსში, სადაც მეორე ადგილია ავიღე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. კიევში ვიყავი ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის პიანისტთა მეექვსე საერთაშორისო კონკურსზე, მოვხვდი ფინალში და ავიღე სპეციალური პრიზი და დიპლომი. იმ წელს, ანუ 2005 წელს, მივიღე პრეზიდენტის სტიპენდია.
– როდის დაინტერესდით ჯაზით?
– სამწუხაროდ, ბავშვობაში არ მქონდა კომპიუტერი, ჩანაწერები, რომ გამეგო, რა იყო ჯაზი, თორემ უფრო ადრე დავიწყებდი მის მოსმენას. თუმცა, არ მგონია, რომ ჯაზი გვიან აღმოვაჩინე. სამაგიეროდ მივიღე ძალიან კარგი კლასიკური განათლება. დღევანდელ ყველა ვირტუოზ ჯაზმენს თუ მუსიკოსს კლასიკური განათლება აქვს. მაგალითად, ჰერბი ჰენკოკმა 11 წლისამ ჩიკაგოს ორკესტრთან ერთად დაუკრა მოცარტის კონცერტი. მეცხრე-მეათე კლასში ბავშვებთან ერთად პატარა ჯგუფი შევქმენი. პიანინოზე, ფლეიტაზე, ვიოლინოზე ვუკრავდით და ჩვენთვის ვწერდით მუსიკას. ამ პერიოდში კომპოზიციაზე დავიწყე სიარული ცნობილ ქართველ კომპოზიტორთან, ნუნუ დუღაშვილთან. ქალბატონმა ნუნუმ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, პირველად მან მომასმენინა სუფთად ჯაზი და კერძოდ, ოსკარ პიტერსონი. მისი მოსმენის შემდეგ ჩემთვის ძალიან ტკბილად მოსასმენი იყო ბილი ევანსი, ასე რომ, თანდათანობით ვცდილობდი, ამ საქმეში გავზრდილიყავი. საერთოდ, ჯაზს სხვანაირი ხელი სჭირდება, მაგრამ, როდესაც კარგი კლასიკური განათლება გაქვს, ხელი კარგად არის ჩამოყალიბებული, ბევრი ეტიუდი გაქვს წლების განმავლობაში შესრულებული, მერე ჯაზის დაკვრა ადვილად ხდება. ჩემი პროფესორი, ბატონი რევაზ თავაძე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განათლებაში, სულ მეუბნებოდა, გამოცდამდე ჯაზს ნუ დაუკრავო, მაგრამ მაინც ვუკრავდი და დავუკრავ ყოველთვის. როცა კონსერვატორიაში ჩავაბარე გამოცდები, კომპიუტერიც შევიძინე და უამრავი ჩანაწერი გადმოვწერე. ჯარეტმა ჭკუიდან შემშალა, მელ დევისმაც, პეტრუჩიანის მთელი დისკოგრაფია გადმოვწერე და რომ ვუსმენდი, მაგიჟებდა. კონსერვატორიის მეორე კურსზე ვიყავი, კიდევ გავაკეთეთ ახალი ჯგუფი, მე ვიყავი, დრამერი, ბასისტი და კონსერვატორიის დიდ დარბაზში დავუკარით ჯაზი. ეს იყო ჩემი ჯაზში ნათლობის დღე. შემდეგ გავიცანი ძალიან გამოცდილი მუსიკოსი გია მახარაძე, რომელმაც მასწავლა სტანდარტული ჯაზის შესრულება, სვინგის გრძნობა. შემდეგ შევხვდი ჩემს მეგობარს ლაშა სხილაძეს და ერთ თვეში გავაკეთეთ ჩვენი „ჯაზ-ტრიოს“ სოლო კონცერტი, ეს იყო „არტგენის“ ფესტივალზე.
– როგორც ვიცი, შენ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრთან არსებული ბავშვთა გუნდის სოლისტიც იყავი...
– ჯანსუღ კახიძე იყო შიდა შესარჩევი ტურის თავმჯდომარე, როდესაც დავუკარი და ვიმღერე, მითხრა: შენ ჩვენი სოლისტი იქნებიო. ვმღეროდით მის დაწერილ ნაწარმოებებს, ასევე, მოცარტის, ბახის მესებს. ჩემი ურთიერთობა გია ყანჩელთან ერთგვარად ამ ამბავს უკავშირდება. „ჯაზ-ტრიოს“ კონცერტი გვქონდა სავაჭრო ცენტრ „ჯითისიში“. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, მოვიდა ბატონი გია ყანჩელი. მას კონსერვატორიაში ჩემი კონცერტის აფიშა ჰქონდა ნანახი და მითხრა, ძალიან მინდა, მოგისმინო და თან, კარგად მახსოვხარ, ჩემი მეგობრის, ჯანსუღ კახიძის გუნდში მღეროდიო. ერთი სეტი დავუკარით, რამდენიმე ჯაზ-სტანდარტი და შემდეგ უკვე მითხრა, რობერტ სტურუასთან ერთად ახალ სპექტაკლს ვდგამ „ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი“ და მინდა, შენმა „ჯაზ-ტრიომაც“ მიიღოს მასში მონაწილეობაო. ანუ, ჩვენს ტრიოს უნდა გაეცოცხლებინა ძველი ტრადიცია, როდესაც მუსიკა ცოცხლად სრულდებოდა სცენაზე. თეატრში მისვლისას გავიცანი ბატონი რობერტი და თეატრის ვარსკვლავები. რეპეტიციების პერიოდში ბატონი რობერტი და მე ძალიან დავმეგობრდით. ადრე მივდიოდი ხოლმე დასაკრავად, რუსთაველის თეატრში კარგი როიალია. ბატონი რობერტიც ადრე მოდიოდა და სულ მიყვებოდა რაღაცეებს, მაგალითად, როგორ შეხვდა მაიკლ ჯეკსონს და სხვა ცნობილ ადამიანებს. ბატონი გია წერდა მუსიკას და მე დაწერილ სიმღერებს ვასწავლიდი მსახიობებს. იმის მერე, რაც ბატონმა რობერტმა მითხრა, შენ ხარ ჩვენი თეატრის ოჯახის წევრიო, იქ მართლაც, როგორც ჩემს მეორე სახლში, ისე შევდივარ. ხანდახან თავს უფლებას ვაძლევდი, ბატონი გიასთვის ჩემი ვერსია შემეთავაზებინა. სპექტაკლში ერთი სცენა მე მეკუთვნის, ეს არის ოპერის რეჩიტატიული სცენა, როდესაც სპექტაკლში ეს სცენა ვნახე, ძალიან გამიხარდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, არ გამოვიდა, ჩემი სპექტაკლში მონაწილეობა. როდესაც რუსთაველის თეატრში ყოველდღიურად უნდა გამართულიყო რეპეტიციები, მე ამერიკაში გავემგზავრე, კერძოდ, ტეხასის შტატში, სადაც კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდა და მთელი მსოფლიოდან მხოლოდ ოთხი პიანისტი აირჩიეს, მათ შორის, მეც. ამ ფესტივალის შესახებ ქალბატონმა ეთერ ანჯაფარიძემ შემატყობინა. მე გავაგზავნე საბუთები. კულტურის სამინისტროდან მივიღე მგზავრობის ხარჯების დაფინანსება და რაც მთავარია, ამერიკიდან მქონდა გრანტი, რომლითაც ფინანსდებოდა იქ საცხოვრებელი ხარჯები, კონცერტების სერიები. ეს იყო საზაფხულო სკოლა, სადაც ყოველდღე გვქონდა მასტერ-კლასები. ერთხელ კლასში ჩემთვის ვმეცადინეობდი და შემოვიდა აფროამერიკელი ბიჭი და მეუბნება, მოვისმინე, ჰენკოკის თემას უკრავდიო და შემოიტანა თავისნაირი შავი კონტრაბასი. მერე მეგობარს დაურეკა, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. მან მოიტანა ერთი თეფში, პატარა დოლი და დავიწყეთ დაკვრა. კლასიდან სარეპეტიციო დარბაზში გადავინაცვლეთ. ერთხელ რეპეტიციის დროს მოგვისმინა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ისე მოეწონა, რომ შემოგვთავაზეს კონცერტი გაგვეკეთებინა. ეს იყო არნახული რამ, სენსაცია. ამ ფესტივალის 39-წლიანი ისტორიის განმავლობაში არავის დაუკრავს ჯაზი. თავად გააკეთეს აფიშები და დაგვარქვეს „თბილისი ჯაზ-კვარტეტი“, რომელიც შედგებოდა ქართველის, კოლუმბიელის, ჩინელისა და ამერიკელისგან.
– როგორც ვიცი, „ბერკლის მუსიკალური კოლეჯისგან“ სრული დაფინანსება მიიღე?
– „ბერკლი“ ჩემთვის ოცნებასავით იყო. ერთ საღამოს ცოტა გაბრაზებული ვიყავი, შევედი „ბერკლის“ საიტზე, დავრეგისტრირდი. ყველაფერი შევავსე და მომივიდა წერილი. თქვენი საბუთები მიღებულია და 3 თებერვალს უნდა ჩამობრძანდეთ ბოსტონში, რომ გამოცდაზე დაუკრათო. კულტურის სამინისტრომ დააფინანსა ჩემი მგზავრობის ხარჯები. მანანიკო მუსხელიშვილის დახმარებით ჩავედი გამოცდაზე. ბაჩა მძინარაშვილს შევხვდი. მან მაჩვენა „ბერკლის“ შენობა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მე იქ აუცილებლად ვისწავლიდი. შენობაში დავდიოდი და თან ბაჩას ვეუბნებოდი – ეს ის ქალი-დრამერი არ არის, მე რომ ვგიჟდები; ეს ის არ არის, ამის ჩანაწერები რომ მაქვს მოსმენილი?! მოკლედ, ყველა ლეგენდა იქ ასწავლის: ჩიკორია, ტივ სმიტი ატარებენ მასტერ-კლასებს. გამოცდაზე დავუკარი ნოდარ გაბუნიას იმპროვიზაცია და სტოკატა. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, რომ გამაჩერეს და მითხრეს, ვისი დაწერილია, ვინ არის კომპოზიტორიო და ყველაფერი გამომკითხეს. ეთნოელემენტები შეიგრძნობაო და მე ვუთხარი, ჩემი ქვეყანა ამით ძალიან მდიდარია და მე ვაპირებ მომავალში ჩემი ეთნომუსიკა და ჯაზი სინთეზში მოვაქციო-მეთქი. ასევე დავუკარი ჯაზ-სტანდარტი, ერთი ბლუზი. ერთი გამომცდელი დრამთან დაჯდა და პატარა დუეტი გამოგვივიდა. ძალიან მოეწონათ ჩემი შესრულება, სახეზე ეტყობოდათ ყველაფერი. თეორიიდან არაფერი მკითხეს, ახსნა რომ დავიწყე, სად ვსწავლობდი, მითხრეს, ნურაფერს გვიხსნი, ჩვენ კარგად ვგრძნობთ შენს ნიჭს და წადი გასაუბრებაზეო. მივედი გასაუბრებაზე. მან შენზე არაფერი იცის, უდევს მხოლოდ ინფორმაცია და ქულები, რაც გადააგზავნა ჟიურიმ. გასაუბრების შემდეგ მითხრა, თქვენ ძალიან მაღალი ქულები გაქვთ, ნურაფერზე ნერვიულობთო. რამდენიმე კვირის შემდეგ მივიღე პასუხი, რომ მე მაქვს ოთხი წლის სწავლის სრული დაფინანსება და ეს იყო ჩემთვის სრული შოკი. ერთი წელი, მარტო სწავლა, 38 ათასი დოლარი ღირს, თუმცა ხანდახან თანხები იცვლება. ახლა მე ველოდები სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ხარჯებთან დაკავშირებით დაფინანსებას. იმედი მაქვს, დამეხმარებიან. მინდა, გავყვე ჯაზ-პიანოს. რეი სანტისმა იცის ჩემს შესახებ. მთავარია, სექტემბერში ჩავიდე და ჩემი სპეციალობის პედაგოგად მოვნიშნო რეი სანტისი. მანამდე კი, მონაწილეობას ვიღებ „ბლეკ სი ჯაზ-ფესტივალზე“ 16 ივლისს ბათუმში. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ამისთვის „ისთერ პრომოუშენს“, მიშა გიორგაძეს და კახა კანდელაკს. თან ყველაზე საპასუხისმგებლო ის არის, რომ მსოფლიო საყვირის, როი ჰარდროფის წინაშე უნდა დაუკრას ჩვენმა „ჯაზ-ტრიომ“, მე – პიანოზე, ლევან დეისაძემ – ბასზე, ლაშა სხილაძემ – დრამზე. ჯერჯერობით, ჯაზში თვითნასწავლი ვარ. ამიტომ, მინდა, ამერიკაში წავიდე და ვისწავლო ჯაზი პროფესიონალებისგან.