როგორ დაქორწინდა ნინო კალანდაძე საკუთარ მეუღლეზე მეორედ და რა ძვირფას საჩუქარს ელოდება ის ქმრისგან
ნინო კალანდაძე: სოფო ჭყონიას სააგენტოში ვარ და ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. უახლოეს მომავალში პარიზში ვაპირებ წასვლას, ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან უნდა ვითანამშრომლო. მანამდე, თეძოზე ერთი სანტიმეტრი მაქვს დასაკლები და, როგორც კი ფორმაში ჩავდგები, მაშინვე წავალ. პოდიუმმა ძალიან იცის მიჩვევა და მერე მონატრება. ამიტომ, სულ მენატრებოდა, მინდოდა, დავბრუნებოდი.
– მეუღლე თუ გიწყობს ხელს?
– ჩემი მეუღლე ძალიან თავისუფალი, უკომპლექსო ადამიანია, ერთმანეთთან მეგობრებივით ვართ. ყველაფერში ხელს მიწყობს, უნდა, წარმატებას მივაღწიო როგორც სამოდელო საქმეში, ასევე, სწავლაში.
– როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ პარიზში აპირებ გარკვეული ხნით წასვლასა და მუშაობას?
– ეს თავიდანვე იცოდა. ადრე მითხრა სოფომ, რომ კარგი პერსპექტივები მქონდა. მშობიარობის შემდეგ კი, ჩემი მეუღლის ინიციატივით, გადავწყვიტე, ეს საქმე გამეგრძელებინა. მე სულ ვყოყმანობდი, ის კი მახსენებდა, ამ საქმიანობას დავბრუნებოდი, რომ მომავალში გული არ დამწყვეტოდა. ყველაფერში ეგ მაძლევს სტიმულს. ძალიან განსხვავებული ადამიანია, ქართული მენტალიტეტისგან შორს არის, ალბათ, მასზე უცხოეთში ცხოვრებამ მოახდინა გავლენა. ყველა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვს. ამაში ნამდვილად გამიმართლა, რადგან ისედაც რთული ხასიათის ადამიანი ვარ და, სხვანაირი რომ ყოფილიყო, ალბათ, ბევრ რამეში ვერ გავუგებდით ერთმანეთს. ძალიან რბილი ხასიათი აქვს.
– რაში გამოიხატება შენი ხასიათის სირთულე?
– ცოტა ჯიუტი ვარ, კაპრიზები მაქვს და ბოლომდე მაინც ჩემს პოზიციაზე ვრჩები ხოლმე, თუმცა, ბოლო დროს შედარებით უფრო ვისწავლე დათმობა. ძირითადად კი მეუღლე მითმობს, თუმცა, ისიც ჯიუტია.
– როგორც ვიცი, ახლახან ხელი მოაწერეთ და ქორწილიც გადაიხადეთ.
– უკვე სამი წელია, ერთად ვართ და ცოტა ხნის წინ მოვაწერეთ ხელი. მხოლოდ ჯვარი გვქონდა დაწერილი, მაგრამ, იმ დღეს ავარიაში მოვყევით და ხელის მოწერა ვეღარ მოვასწარით, თან ქორწილმაც ისე ვერ ჩაიარა, როგორც საჭირო იყო. სამაგიეროდ, ახლა ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. მოკლედ, ორი ქორწილი გამოგვივიდა.
– სად მოაწერეთ ხელი და სად გადაიხადეთ ქორწილი?
– გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“, რომელიც ჩემი მეუღლის აშენებულია. როგორც ყველა გოგონა, მეც ვოცნებობდი ლამაზ კაბაზე, ლამაზ ქორწილზე და ამიხდა ეს ოცნება – ქორწილი მართლაც ძალიან ლამაზი და განსხვავებული გამოვიდა.
– ვის ეკუთვნოდა ინიციატივა?
– მე. ერთხელ წამოვაძახე – რა არის, ხელი არ გვაქვს მოწერილი, იურიდიულად არ ვართ ცოლ-ქმარი-მეთქი და ეს საკმარისი აღმოჩნდა. დათო ისეთი ადამიანია, რასაც მიზნად დაისახავს, იმას აუცილებლად გააკეთებს. მე ძალიან დაკავებული ვარ და თითქმის ყველაფერი მისი ინიციატივით გაკეთდა. ჩემთვის ყველაფერი სიურპრიზი იყო. განსაკუთრებულად ლამაზად ვერანდა იყო გაფორმებული – სულ ვარდის ფურცლებით იყო მორთული. ვიოლინოს მუსიკის თანხლებით გამოვედი, უაღრესად ლამაზი იყო ყველაფერი. თუმცა, ბოლო ორი საათი ისეთმა ნერვიულობამ ამიტანა, თითქოს იმ დღეს ვთხოვდებოდი. მაშინ ყველაფერი ჩაგვშხამდა, რადგან, ავარიაში დავშავდით და ვერც კი გავაცნობიერეთ, რომ ჯვარი დავიწერეთ. თან, იმ დღეს ქართული, ნაციონალური კაბა მეცვა, დათოს კი – ჩოხა. ძალიან ტრადიციული ქორწილი გვქონდა – ხმლების ქვეშ გავიარეთ და ასე შემდეგ. ახლა კი უფრო ევროპული ქორწილი გამოგვივიდა. კაბა „მარიონელაში“ შევიკერე ჩემი ესკიზის მიხედვით. ვალსი და ტანგო ვიცეკვეთ. ყოველთვის მინდოდა, „ქალის სურნელში“ რომ ტანგოა, ის გვეცეკვა. სამ დღეში მოვამზადეთ და, ფურორი მოახდინა ჩვენმა ცეკვამ, არავინ ელოდა. თანაც, ორდღიანი ქორწილი გამოგვივიდა, მეორე დღეს „ფულ ფართი“ მოვაწყვეთ, დიდი „ბასეინის“ გარშემო მაგიდები იყო გაშლილი, ყველას საცურაო კოსტიუმი გვეცვა, მათ შორის – მეც, ოღონდ, ზემოდან ჰაეროვანი სარაფანა მქონდა გადაცმული და ძალიან კარგად გავერთეთ.
– საქორწილო საჩუქარი გაგიკეთა მეუღლემ?
– ახლა ველოდები, მანქანა უნდა მიყიდოს. ჩემი ავტომობილი გავყიდე, მექანიკა იყო და ავტომატიკა მირჩევნია, თან, ავარიის შემდეგ ცოტა დავშინდი. ახლა ცოტა გადავლახე შიში და დავჯდები საჭესთან. ძალიან მინდა „მურანო“ და დათო შემპირდა, როგორც კი აიღებ მართვის მოწმობას, მაშინვე გიყიდიო.
– შენ რა აჩუქე?
– მე თვითონ ვარ მისი ცხოვრების საჩუქარი. აქეთ უფრო ველოდები ხოლმე საჩუქრებს, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე ძალიან ყურადღებიანია. რაც დრო გადის, უფრო მეტად გვიყვარდება ერთმანეთი; გრძნობა, ურთიერთობა კი არ ხუნდება, პირიქით, ძლიერდება.
– რატომ გადაწყვიტე, რომ მისი მეუღლე გამხდარიყავი, თანაც, ასეთ პატარა ასაკში?
– ამ საკითხის მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. არ ვაპირებდი გათხოვებას, მამრობითი სქესის წარმომადგენლები საერთოდ არ მაინტერესებდა. დათო ძალიან განსხვავებული ადამიანი აღმოჩნდა, ბევრი დადებითი თვისება აქვს: სამართლიანია, ერთგული და მომხიბლა. მივხვდი, რომ ხელიდან ვერ გავუშვებდი, იმიტომ რომ, შეიძლება, მერე ასეთი ადამიანი აღარ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი მქონდა და მიხარია, რომ გამიმართლა. არასდროს მინანია, რომ პატარა ასაკში გავთხოვდი, იმიტომ, რომ, როგორც მანამდე ვცხოვრობდი, ახლაც ისევ ისე ვცხოვრობ, ვერთობი მეგობრებთან ერთად და არაფერში არ ვარ შეზღუდული. არც ჩემი მეუღლე და არც მე არ ვართ ეჭვიანები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, თავისუფლად ვიცხოვროთ და ყოველი დღე კარგად გავატაროთ – სიყვარულით, პრობლემების გარეშე. საერთოდ, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ადამიანს რომ ვხედავ, ვხვდები, როგორია და თითქმის არასდროს შევმცდარვარ. როდესაც ჩემი მეუღლე დავინახე, ვიგრძენი, რომ მას კარგი აურა ჰქონდა და მის გვერდით ბედნიერად ვიცხოვრებდი. სულ ვცდილობთ, ერთმანეთს მოვეფეროთ, მოვუფრთხილდეთ. პატარა ბავშვივით მექცევა და მეც ასე ვექცევი. სოლიდურად გამოიყურება, სამსახურიც ისეთი აქვს, მაგრამ სახლში ბავშვივით არის და ეს ძალიან კარგია.
– ხშირად გიწყობს სიურპრიზებს?
– ძალიან. უყვარს სიურპრიზები, ხშირად მოაქვს ყვავილები, ოღონდ, ყოველდღე არა. ნათქვამი აქვს, ყოველდღე რომ მოგიტანო, მერე უმნიშვნელო გახდება და აღარ გაგიხარდება, ფასს დაკარგავსო. მე დიდი კულინარი არ ვარ, მაგრამ, ლამაზ რაღაცეებს ვუმზადებ ბოსტნეულისგან, იმას, რაც მე მიყვარს. ლამაზი კია, მაგრამ მშიერი რჩება, თუმცა, მაინც მოსწონს, რასაც ვუკეთებ და კმაყოფილია. რომანტიკული საღამოებიც გვიყვარს – გავდივართ „რედისონში“ ან სხვაგან და განტვირთვის დღეებს ვიწყობთ.
– როგორ ეგუები თბილისში მის არყოფნას?
– კვირაში ერთხელ ჩამოდის, ხან – ორ კვირაში ერთხელ და ამის გამო ძალიან მიჭირს, რამე უნდა მოვიფიქროთ, თორემ, სულ იმის მოლოდინში ვარ, დღეები როდის გაივლის. ასე ცხოვრება ძალიან რთულია, იმედია, მალე ასე აღარ გაგრძელდება.