კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასწავლეს პოლიციის აკადემიაში ლელა მებურიშვილს


მომხიბვლელი, საყვარელი, მუდმივად მომღიმარი თიკა, „შუა ქალაქიდან“, სულ ცოტა ხანში მკაცრი დეტექტივის როლში მოგვევლინება. მაგრამ, ისეთი ლურჯი და ლამაზი თვალები აქვს, შეუძლებელია, შეუვალი და გულცივი გამომძიებლის მიღმა, ულამაზესი ქალბატონი არ აღმოაჩინო. ლელა მებურიშვილი ახალ როლზე მუშაობას საოცარი აზარტით შეუდგა და იმედი აქვს, ძველი იმიჯის დამსხვრევას შეძლებს.


ლელა მებურიშვილი: ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს ტრანსფორმაცია. თავიდანვე, შემოთავაზების დონეზე, დავინტერესდი ამ ყველაფრით, რა და როგორ გამოვიდოდა. აბსოლუტურად განსხვავებული როლია. აქამდე არც თეატრში და არც კინოში მსგავსი არაფერი მითამაშია. უმეტესობა ჩემი როლებისა ისეთია, რომ სულ რომანტიკულ, სიფრიფანა გოგონას ვთამაშობდი, გამომძიებელი არასდროს ვყოფილვარ. ძალიან მინდოდა, ჩემი გმირი ცოტა მკაცრი ყოფილიყო. კონკრეტულად ვინმეს მსგავსად არა, მაგრამ ჩემი წარმოდგენით ავაგე გმირი, რომელიც ძალიან შეუვალია, ბოლომდე ჩართულია თავის საქმეში და ადამიანურ მომენტებში იხსნება, ნაკლები დრო რჩება სხვებისთვის და იმისთვის, თბილი და გულისხმიერი იყოს. ქალი, რომელიც სულ ერთი ვარცხნილობით დადის და გარეგნობას არ აქცევს ყურადღებას. ასეთი გმირის აგება მინდოდა, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს. ოთხი დეტექტივი ვართ, აქედან სამი კაცი და მხოლოდ მე, ერთი ქალი. ამიტომ, მაქსიმალურად, შეეცადნენ ძალიან გულისხმიერი ვყოფილიყავი. შეიძლება, უდიდესი პროფესიონალია, მაგრამ იოლად შედის კონტაქტში, თავისი ადამიანურობით მოიპოვებს ნდობას და მარტივი ურთიერთობებით ბევრს იგებს. ანუ, არ გამომივიდა ის, რაც მინდოდა...

– ანუ, ხარ ქალი შინაგანი დამალული რომანტიზმით?

– სხვათა შორის, ძალიან მინდა, რომ საინტერესო პირადი ცხოვრება ჰქონდეს და ეს, ასე თუ ისე, აისახებოდეს მის როლზე. მაგრამ, არც ეს ჩანს ჯერჯერობით, უკვე რვა სერია გადავიღეთ, მაგრამ მხოლოდ საქმით ვარ დაკავებული. სცენარისტებს სულ ვთხოვთ, დიდი ყურადღება მიაქციონ „ჩემს“ პირად ურთიერთობებს. მაინც ეს აყვარებს ხალხს გმირს, ეს ხდის მას ადამიანურს. გამომძიებელი, რომ დადის და მხოლოდ იმ ტერმინებით ლაპარაკობს, რომელიც გამოძიებას სჭირდება, ეს დიდად საინტერესო არ არის.

– ისწავლე ეს ტერმინები?

– რა თქმა უნდა, გადასარევად ვისწავლე. გავიარეთ სპეციალური მომზადების კურსი პოლიციის აკადემიაში. დავდიოდით ფსიქოლოგებთან, რომლებიც გვასწავლიდნენ – როგორ უნდა წარმართო დაკითხვა, როგორ დაიჭირო თავი, როგორ მიუდგე დაკითხვის დროს ბავშვს, როგორ უნდა ათქმევინო ადამიანს სიმართლე. ყველა შემთხვევაში, უნდა იყო თავშეკავებული და შენი პირადი დამოკიდებულება – დამნაშავეა, არ არის დამნაშავე, საზიზღარია, არ არის საზიზღარი – შენზე არ უნდა აისახოს. რა თქმა უნდა, ეს ძნელია. გარდა თეორიულისა, პრაქტიკული ცოდნაც მივიღეთ – იარაღის ხმარება და სხვა.

– რამდენ ხანში შლი და აწყობ იარაღს? მახსოვს, სკოლაში, სამხედროზე ამაში ნიშანიც კი იწერებოდა.

– (იცინის) დრო არ დამინიშნავს ნამდვილად, მაგრამ მიზანში არაჩვეულებრივად ვარტყამ. სიმართლე გითხრა, ძალიან მომწონს-მეთქი, ვერ ვიტყვი. სკოლაშიც კი მივიღე ამის გამოცდილება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახლა. სერიალისთვის ზუსტად ისე მოგვამზადეს, როგორც პატრულებს ამზადებენ. არ მიყვარს იარაღი და არასდროს მიყვარდა...

– მაგრამ თავის დაცვას შეძლებ.

– (იცინის) აბა, რა?! უნდა მიფრთხილდნენ. მაგრამ, ჯერჯერობით ჩემი თავდაცვითი გამოცდილების გამოყენება არ დამჭირვებია და იმედია, არც დამჭირდება. ისეთი აბეზარი თაყვანისმცემელი არ მყავს, რომ იარაღის გამოყენების სურვილი გამიჩნდეს (იცინის). ჯერჯერობით ამის სურვილი არ მქონია...

– სიტყვით უმკლავდები?

– უყურადღებობით. თუმცა, ზოგჯერ ეს პირიქით მოქმედებს ხოლმე. მაგრამ სიტყვიერი კონტაქტი, როცა რაღაცას აუხსნი, ჰგონიათ, რომ პოზიტიური იმპულსია და მერე თავიდან გთხოვენ ერთი და იგივეზე საუბარს. თან, ამიტომაც, ბუნებრივად გებადება სურვილი, რომ ყურადღება არ მიაქციო. ეს არანაირ აგრესიას არ იწვევს ჩემში. ზოგჯერ – მეცოდება. ცუდი სიტყვაა, მაგრამ მართლა სიბრალულს უფრო იწვევს ჩემში მათი ქმედება – ვერ ხვდებიან რეალურად რა ხდება. ჰგონიხარ ის პერსონაჟი, რომელიც ეკრანზე ჩანს და რომლის თვისებებს კარგად იცნობენ. რეალურად კი ყველაფერი სხვაგვარადაა...

– და როგორაა რეალურად?

– საზიზღარი ვარ (იცინის). არა, უარყოფითი თვისებები, რა თქმა უნდა, ყველას აქვს. მართლა არ ვარ ისეთი – სულ მომღიმარი – ყველაფერი კარგად იქნებაო, მხოლოდ ამას რომ ამბობენ. ასეთი კი ვარ, მაგრამ ხანდახან თუ დავიღალე და მდგომარეობიდან გამოვედი, უხეში ვხდები, მით უმეტეს, იმ ადამიანთან, ვინც ნერვებს მიშლის. კბენა და ჩხუბი არ მიყვარს, უფრო უყურადღებო ვხდები, თითქოს კედელს ვაგებ ჩემს წინ და ეს მგონი, ყველაზე დიდი საშინელებაა. ჩემი გადმოსახედიდან ეს ყველაზე დიდი საზიზღრობაა. ვერ ვიტან საკუთარ თავში ამ თვისებას. მაგრამ, მართლა ვერაფერს ვუხერხებ თავს. ეგრევე, ჩემდა უნებურად, კედელი აღიმართება ხოლმე და მას ვერაფერს ვუხერხებ.

– და, ვინც არ გაღიზიანებს?

– მათთან ძალიან საყვარელი ვარ. ყველაფერი კარგად იქნება, რა კარგია ცხოვრება... ასეთი უფრო სახლში ვარ ხოლმე. ჩემი რძალი მეუბნება, შენ სულ ასეთი გადარეული ხარ – ვაიმე, ცოდოა, ეს რა საყვარელია... მაგრამ თუ გაგიჟდი, ისე მკაცრდები, ვერ გცნობო. მაქსიმალურად ვცდილობ, მკაცრი და აგრესული არ ვიყო, მაგრამ თუ გავხდი ასეთი, ეს მართლა არ არის სასიამოვნო, უპირველესად, საკუთარი თავისთვის.

– არადა ვინც კონსერვატორიას ამთავრებს, უფრო რბილი ხასიათისაა.

– (იცინის) კონსერვატორია ძალიან სასაცილო თემაა, რადგან არ დამიმთავრებია, არასწორად გაიგეს და დაწერეს ჩემი ნათქვამი. რეალურად, კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედი დავამთავრე, მანამ სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი. ძალიან მიყვარდა მუსიკა და ახლაც მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, მისთვის ვეღარ ვიცლი. ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ აღარ დამიკრავს. არ მგონია, ჩემგან კარგი პიანისტი გამოსულიყო, რადგან ძალიან არ მიყვარდა სოლფეჯიო, მუსლიტერატურა, ოთხი საათი ვარჯიში. ისე, ჩემთვის დაკვრა მომწონდა. მაგრამ, ახლა მგონია, რომ დაკვრაც აღარ ვიცი, შვიდი-რვა წელია ინსტრუმენტისთვის სახურავი არ ამიხდია. ისე მოვწყდი ამ სფეროს, დროც კი აღარ მრჩებოდა დაკვრისთვის.

– როგორ ფიქრობ, ახალი როლი შენ მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის?

– ლელას მიმართ დამოკიდებულება არ მგონია შეიცვალოს, მაგრამ თიკას მიმართ კი აუცილებლად შეიცვლება. ვიღაცას, ვისაც მოვწონდი როგორც საყვარელი გოგო, რომელიც სულ ხუმრობს და იცინის, უცებ აღმოაჩენს დეტექტივს, რომელიც მკაცრიცაა და ადამიანურიც. ბევრს ვფიქრობდი ასაკზე, ნორმალური იქნებოდა თუ არა ჩემი ასაკის გოგოსთვის ასეთი სერიოზული დეტექტივობა – თმაც შევიჭერი, მაკიაჟითაც ვეცადეთ, მაგრამ როგორ მოვახერხეთ ეს, არ ვიცი. მაქსიმუმ სამი წლით უფრო დიდს ვგავარ.

– მაინც, ასე თუ ისე, პერსონაჟი იგება პირადიდან, შენ რა გაქვს საერთო შენ როლთან?

– გარეგნობა! (იცინის). რეალურად მართლა პირადიდან იგება ყველა გმირი. კონკრეტულად რაღაც თვისებით მგავს-მეთქი, ვერ ვიტყვი. ცხოვრებაში საკმაოდ გულისხმიერი ვარ მეც. სულ იმის სურვილი მაქვს, რომ ადამიანს გავუკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია. ხანდახან იმასაც ვცდილობ, რაც არ შემიძლია და არ გამომდის. უცხო ადამიანებიც კი, რატომღაც ძალიან უცნაურია, მაგრამ ჩემთან მოდიან დახმარების სათხოვნელად. ხშირად უარი ვერ მითქვამს და ზოგჯერ ამის გამო, ძალიან ცუდი შედეგი მიმიღია. მერე რატომღაც ჰგონიათ, რომ შენ ვალდებული ხარ რაღაც გაუკეთო. გავაკეთებდი, უბრალოდ, ფიზიკურად არ შემწევს მეტის ძალა. კიდევ მეტი და მეტი, აღარ შემიძლია ხოლმე. ჩემი გმირი, მგონია, რომ უფრო გულიანი გოგოა, მაგრამ თავს იკავებს და მაქსიმალურად ცდილობს, ეს დამალოს.

– შენ თუ ამჟღავნებ შენს ემოციებს?

– ძალიან იშვიათად, თითქმის, არასდროს. არ ვიცი, ეს კომპლექსია თუ რა, მაგრამ ვიღაცაზე გაბრაზებული ვარ თუ ნაწყენი, მაინც ვცდილობ, არ შევიმჩნიო. არ მომწონს, ჩემი პრობლემებით გარშემო მყოფების დატვირთვა. მაგრამ ეს არ ეხება დადებითს. დადებით ემოციებს ვაფრქვევ, რომ იტყვიან, ყველაფერი სახეზე მაწერია – სიხარული, ბედნიერება. თუნდაც, ეს პირადს ეხებოდეს. არც პირადში ვიზღუდავ თავს. როცა საჭიროა, მაქსიმალურად გამოვხატავ. მირჩევნია, ხოლმე უარყოფითი საკუთარ თავზე ავიღო, ჩემში მოვკლა და სხვები არ დავტვირთო ჩემი პრობლემებით.

– თუ ვიღაც მოგწონს?

– მაშინაც არ მაქვს გამოხატვის პრობლემა. არ მიყვარს თამაში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს. ვთამაშობ პროფესიულ დონეზე და არა ცხოვრებაში. თუ რაღაცა მომწონს ამის დამალვას და კეკლუცობას არ ვიწყებ, თუ რაღაც არ მომწონს, მაშინაც არ ვთამაშობ. ისე, ეს ხშირად არასწორად ესმით და თუ რაღაც არ მომწონს და ვამბობ, ალბათ, მოთხოვნად აღიქვამენ. შეიძლება, მომთხოვნი ვარ, ვერ გამოვრიცხავ. მაგრამ ვიცი, რაღაცეებზე თვალი რომ დავხუჭო, მერე შეიძლება, მასზე სულ ამიცრუვდეს გული და დავკარგო. ამიტომ, მირჩევნია, რაღაცეები თავიდანვე ვთქვა.

– ეჭვიანი თუ ხარ? თუ ითხოვ ყურადღებას?

– ისე არა, რომ მინდა სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებდეს, მაგრამ ყურადღება, რა თქმა უნდა, მიყვარს. სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ყოველ ნაბიჯზე უნდა იფიქრო, თითოეულ სიტყვას უნდა დაუკვირდე. ჩემი პოპულარობა ნამდვილად არ მზღუდავს, რადგან დადებითად აღმიქვამს ყველა. ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ და ეს სასიამოვნოა. რა აცვია და როგორ დადის – ასეთი რაღაცეები ჩემს მიმართ არ გამიგია. ეჭვიანიც არ ვარ დიდად, გააჩნია სიტუაციას. თუ რაღაც კონკრეტული ვიცი, იქ ეჭვს აზრი აღარ აქვს, თუ არადა, უბრალოდ მიზეზი ვეძებო, ასეთი პარანოია არ მაწუხებს.


скачать dle 11.3