როგორ გახდა ქეთევან ჯაიანი ჩინეთში „რუსული მაფიის“ წევრი და რატომ ეგონა მას თავი „ავატარის“ გმირი
სულ ახლახან, ჩინეთში ჩატარდა სილამაზის კონკურსი „მის მსოფლიო ლამაზმანი“, რომელშიც მონაწილეობას 21 წლის ქეთევან ჯაიანი იღებდა. ქეთევანი, გარდა იმისა, რომ მოდელია, დიზაინერიც არის და კონკურსზე თავისი შეკერილი კაბებით გამოვიდა. მისთვის ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – მან „მის პერსონის“ ტიტული მიიღო.
ქეთევან ჯაიანი: ჩინეთში, კონკურსზე „მის მსოფლიო ლამაზმანი“, 26 აპრილს წავედი. ჩავედი პეკინში, სადაც დამხვდნენ და წამიყვანეს ქალაქ ძიან-ძიან-ძიენში. ერთი წუთითაც არ მომცეს ამოსუნთქვის საშუალება, არადა, ძალიან დაღლილი ვიყავი, იმდენი ვიფრინე, მაგრამ, მაშინვე გადაღებები დაგვეწყო. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 53 გოგონა იღებდა მონაწილეობას და საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. დატვირთული დღის რეჟიმი გვქონდა: დილით ადრე ვდგებოდით, მერე გვეწყებოდა რეპეტიციები, რესტორნებში გვეპატიჟებოდნენ, ფოტოებს ვიღებდით, ქუჩაში გავდიოდით, ხალხს ვესაუბრებოდით. ორის ნახევარზე გვქონდა ლანჩი, შემდეგ, ნახევარი საათის განმავლობაში ვისვენებდით და მერე ისევ გვეწყებოდა რეპეტიციები. ძალიან ბევრ ადგილას მივდიოდით, ვათვალიერებდით, ერთი იმაზე დამწყდა გული, რომ ჩინეთის კედელი ვერ ვნახე. სამაგიეროდ, ვიყავით ლამაზ ადგილას, სადაც საბაგიროთი ავედით. გოგონებს ისე ეშინოდათ, სულ წიოდნენ და კიოდნენ. შენობაში ლიფტით ავედით, იმდენი სართული იყო, ნამდვილად არ მახსოვს, რომელზე ამოვყავით თავი. კედლებზე „ავატარის“ უამრავი ფოტო იყო გაკრული. თან, ხედი იყო საოცრად ლამაზი, ჩინეთში ასეთი ლამაზი ბუნება თუ იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი. რომ ვუყურებდი ამ ყველაფერს, თავი „ავატარის“ სამყაროში მეგონა, თითქოს ერთ-ერთი პერსონაჟი გავხდი. ფოტოებიც გადაგვიღეს, თან ყველაფერს გვიხსნიდნენ. ასევე, ვიყავით ერთ სანატორიუმში, ქალაქგარეთ, სადაც 50 პატარა აუზი იყო და იქ სამკურნალო, ტალახის აბაზანები მივიღე, ძალზე ვისიამოვნე. სასტუმროში სხეულისა და ტერფების მასაჟი გავიკეთე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს დავდიოდით, ფეხები მეღლებოდა, მაგრამ, ვუძლებდი.
– ასეთ კონკურსზე კონკურსანტები ერთმანეთის მიმართ არ არიან ხოლმე კარგად განწყობილნი, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო საქმე?
– როდესაც ასეთ კონკურსზე მიდიხარ, თავიდანვე უნდა გაითავისო, სად მიდიხარ, ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო. იქ ყველაფერი ძალიან რთულია – ადამიანებთან ურთიერთობა, დაძაბული სიტუაცია, ყველას უნდა გამარჯვება, საკუთარი ქვეყნის კარგად წარმოჩენა. თუმცა, მე არ მქონია ვინმესთან ცუდი ურთიერთობა. იმაშიც გამიმართლა, რომ ჩემთან ერთად ოთახში „მის ლიტვა“ ცხოვრობდა, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა და, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. ასევე, კარგი ურთიერთობა მქონდა „მის რუსეთთან“. მე, „მის მოლდოვას“, „მის ბელორუსიას“, „მის ლატვიას“, „მის ლიტვასა“ და „მის რუსეთს“ „რუსული მაფია“ გვქონდა შექმნილი, „ევროპულ მაფიას“ არაფერს ვუშლიდით, მაგრამ, მგონი, ისინი ცოტას გვერჩოდნენ.
– რისი გაკეთება გეკრძალებოდათ?
– ადამიანებთან ურთიერთობა გვეკრძალებოდა, თითოს ათი კაცი დაგვყვებოდა, უცხო ადამიანს არ ჰქონდა ჩვენთან მოახლოების უფლება. ჩვენც არ გვქონდა უცხო პიროვნებასთან გასაუბრების უფლება. ჩვენთან, სასტუმროში, დაბინავდა ცნობილი და ძალიან წარმატებული ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანიის მფლობელი. რომ დამინახა, მაშინვე გამესაუბრა, თავისი „ვიზიტკა“ მომაწოდა – მომეწონე და შემეხმიანეო. მაგრამ, დაცვამ რომ დაინახა, მაშინვე მივიდნენ და აუხსნეს, რომ ჩვენთან ურთიერთობა არ შეიძლებოდა. ძალიან დასწყდა გული. მეც ავუხსენი, რომ გვეკრძალებოდა უცხო ადამიანთან ურთიერთობა.
– როგორც ვიცი, შენ დიზაინერიც ხარ და კონკურსზე შენი შეკერილი კაბები გეცვა.
– სულ ჩემი შეკერილი კაბები მქონდა წაღებული და ყველამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მეკითხებოდნენ, რომელ დიზაინერთან შეიკერეო და, რომ იგებდნენ, ჩემი შეკერილი იყო, უკვირდათ. კონკურსმა ძალიან კარგად ჩაიარა. გამარჯვებული გახდა „მის ლატვია“ და, მიუხედავად იმისა, რომ ძნელი იყო არჩევნის გაკეთება, მას მაინც ეკუთვნოდა პირველი ადგილი. მე ამ კონკურსზე გავხდი „მის პერსონა“, რაც ძალიან გამიხარდა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩატარდა ჩინეთის „ფეშენ-ვიქი“, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდით. დღეში ათი დიზაინერის სამოსის ჩვენება გვიწევდა და დაჯდომასაც ვერ ვასწრებდით, სულ გადარბენები გვქონდა. მე ძალიან მიყვარს შრომა და, მიუხედავად იმისა, რომ დავიღალე, მაინც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი კარგი დიზაინერები ეყოლებოდათ ჩინელებს.
– არ მოგეწონა ჩინელი მამაკაცები?
– ისე ვიღლებოდით, იმდენი რამ უნდა გაგვეკეთებინა, რომ ჩინელი მამაკაცებისთვის ნამდვილად არ გვრჩებოდა დრო. მამაკაცებთან, ვისთანაც ურთიერთობა გვქონდა, ეს იყო ჩვენი დაცვა და მათგან არც ერთი არ მომწონებია. მათ კი მოვწონდით, მაგრამ, დალაპარაკების უფლებაც არ ჰქონდათ.
– შემოთავაზებები თუ მიიღე?
– რამდენიმე შემოთავაზება იყო, მაგრამ ჯერ არ ვარ იმისთვის მზად, რომ ჩინეთში ორი-სამი წელი დავრჩე. მომავალ წელს, ალბათ, კიდევ წავალ. სექტემბერში ვაპირებ თბილისში ჩვენების მოწყობას და ჩამოვა რამდენიმე „მისი“, რომლებიც კონკურსზე გავიცანი. მანამდე კი ჩვენი სააგენტო გააკეთებს კონკურსს „მის ლამაზმანი“ და გამარჯვებულს გავუშვებთ ჩინეთში, კონკურსზე.