კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სიმღერა გახდა „ფიფას“ 2010 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი და რა აკავშირებს მის ავტორს სომალელ მეკობრეებთან


აფრიკული სახელმწიფო სომალის ხსენებაზე ადამიანებს, პირველ ყოვლისა, თვალწინ უდგებათ ძალადობა, ომი, მოშიმშილე ბავშვები, მეკობრეები და ქაოსი. სწორედ სომალიდან გზავნიან ფოტოგრაფები შოკის მომგვრელ ფოტოებს, სადაც 8 წლის ბავშვებს სათამაშოებივით უკავიათ ხელში „კალაშნიკოვის“ ავტომატები. თუმცა, ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იმართება, სომალი სულ სხვა კუთხით წარმოგვიდგინა. საქმე ისაა, რომ მუნდიალის ოფიციალური ჰიმნის „უეივინგ ფლაგის“ ავტორი და შემსრულებელი, სომალელი ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი კეინან აბდი ვარსამეა ანუ ყველასთვის ცნობილი კეი’ნაანი, რაც სომალურ ენაზე „მოგზაურს“ ნიშნავს.

კეი’ნაანი დაიბადა 1978 წელს სომალის დედაქალაქ მოგადიშოში. მისი დეიდა – მაგული, ცნობილი სომალელი მომღერალი იყო, ხოლო ბაბუა – ჰაჯი მოჰამადი – პოეტი. კეი`ნაანის ბავშვობის წლები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც სომალიში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და მას თავის ოჯახთან ერთად, პირდაპირი გაგებით, ყოველდღიურად სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევდა. ზუსტად იმ პერიოდში კეი’ნაანი ჰიპ-ჰოპით დაინტერესდა, რომლის ჩანაწერებს მას ამერიკაში ემიგრაციაში მცხოვრები მამა უგზავნიდა. 13 წლის ასაკში კეი ნაანიმ, დედასთან, უმცროს დასთან – საგალთან და უფროს ძმასთან – ლიბანთან ერთად, დატოვა სომალი და ისინი ნიუ-იორკში, კერძოდ, ჰარლემში, ნათესავებთან გადავიდნენ საცხოვრებლად. საბოლოოდ კი მომავალი ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავის ოჯახი კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ ტორონტოში დაფუძნდა, სადაც მსხვილი კანადურ-სომალური სათვისტომო არსებობს. აღსანიშნავია, რომ მისი ნათესავები დღემდე ტორონტოში ცხოვრობენ. კანადაში კეი`ნაანიმ ინგლისური ენის შესწავლა დაიწყო, რაშიც მას მუსიკოსების – ნასისა და რაკიმის სიმღერები ეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მას უჭირდა ენის ათვისება, პირველად მან სწორედ ინგლისურ ენაზე გარეპა, ამას კი ის ინგლისური ტექსტის ფონეტიკური კოპირებით ახერხებდა. მოგვიანებით კეი’ნაანიმ თვითონ დაიწყო ტექსტების წერა. მალე მან მიატოვა სკოლა და კანადაში მოგზაურობა დაიწყო, შემდეგ კი ისევ დაბრუნდა ტორონტოში, სადაც შეხვდა კიდეც პრომოუტერ სოლ გაის, რომელმაც კეი’ნაანის მუსიკალური მონაცემები სათანადოდ შეაფასა და საშუალება მისცა მას, სიმღერით გამოსულიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილების საქმის მმართველი უმაღლესი კომისარიატის პატივსაცემად დაგეგმილ სპეციალურ ღონისძიებაზე. თავის სიმღერაში კეი’ნაანმა გააკრიტიკა გაეროს ჰუმანიტარული მისია სომალიში, რითაც ამ ღონისძიების კიდევ ერთი მონაწილის, ცნობილი სენეგალელი შემსრულებლის, იუსუ ნ’დურის მოწონება დაიმსახურა. ნ’დური იმდენად მოიხიბლა დამწყები მუსიკოსის სითამამითა და მუსიკალური მონაცემებით, რომ ერთობლივი ალბომის ჩაწერაზე მუშაობა შესთავაზა. ნ’დურთან თანამშრომლობამ საშუალება მისცა კეი’ნაანს, თავი გამოეჩინა გაეროს ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებზე და, ასევე, მონაწილეობა მიეღო ჯაზის ფესტივალზე მონრეალში. 2001 წელს კეი’ნაანმა გაიცნო კანადელი პროდიუსერი ჟარვის ჩერჩი, რომელიც დაეხმარა მას პირველი სტუდიური ალბომის ჩაწერაში. ალბომი, სახელწოდებით „ზი დუსთი ფუთ ფილოსოფერ“, 2005 წელს გამოვიდა და იმავე წელს კეი’ნაანი საუკეთესო რეპ-ალბომის ავტორად დაასახელეს „ჯუნო ევორდსზე“, ხოლო მუსიკალურმა კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს სომალელი რეპერის სადებიუტო ფირფიტა. ალბომის ჩაწერაში სომალელ მუსიკოსს „მარუნ ფაივის“ სოლისტი ადამ ლევაინი, დემიან მარლი და „მეტალიკის“ გიტარისტი – კირკ ჰემეტი ეხმარებოდნენ. სხვათა შორის, კრიტიკოსები კეი’ნაანის შესრულების მანერას ბობ მარლის მუსიკის, ხარისხიანი ამერიკული ჰიპ-ჰოპისა და პროტესტის გამომხატველი პოეზიის ნაზავს უწოდებენ. მისი შესრულების მანერა არაერთხელ შეუდარებიათ ემინემის სტილთან. თვითონ კეი’ნაანი კი საკუთარ შემოქმედებას „მწვავე სოციალურ მუსიკას“ ადარებს, რადგან მის ტექსტებში ძირითადი აქცენტი სომალიში მიმდინარე მძიმე სოციალურ პირობებზე, მასობრივ მკვლელობებსა და ძალადობაზე კეთდება. სიმღერების წერის პროცესში ის ხშირად განიცდის სომალური ტრადიციული მუსიკის ზემოქმედებას. ასევე, მის მუსიკაზე მკვეთრად იგრძნობა ეთიოპიელი ჯაზმენების – ალემაიე ეშეტესა და ტილაჰუნ გესესეს გავლენა.

2008 წელს კეი’ნაანის პირველი ალბომის ხელახალი, გარემიქსებული ვერსიის გამოცემა მოხერხდა, რის შემდეგაც მუსიკოსი თავისი ალბომის მხარდასაჭერ ტურნეში გაემგზავრა, რომლის განმავლობაში მან ითანამშრომლა სხვადასხვა ცნობილ შემსრულებლებთან, მაგალითად, ნელი ფურტადოსთან და მოს დეფთან, რომლებმაც მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს კეი’ნაანის მეორე ალბომის – „ტრუბადურის“ ჩაწერაში. ალბომი 2009 წელს გამოვიდა და მასში შემავალი სიმღერების უმეტესობა სხვადასხვა ჟანრის კომპიუტერული თამაშების საუნდთრეკებად გამოიყენეს. სხვათა შორის, მეორე ალბომის ჩაწერა იამაიკაზე, ქინგსტონში მდებარე ცნობილ სტუდია „ტუფ გონგში“ მიმდინარეობდა – იქ, სადაც თავის დროზე საკუთარ მუსიკას ლეგენდარული ბობ მარლი ვინილის ფირფიტებზე წერდა. სწორედ მისი მეორე ალბომის სიმღერის „უეივინგ ფლაგის“ რემიქსული ვარიანტი გახდა „ფიფას“ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი. 2009 წლის 21 სექტემბრიდან კეი’ნაანმა ჰიმნის მხარდამჭერი ტურნე დაიწყო, რომელმაც მსოფლიოს 86-მდე ქვეყანა მოიცვა, მათ შორის – 21 აფრიკული სახელმწიფო. ტურნეს საბოლოო კონცერტი კი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შედგა. ჰიმნმა მალევე მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოში და, „ფიფას“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატების საუკეთესო ჰიმნის გამოსავლენად გაიმართა, ჩამორჩა მხოლოდ 1990 წლის იტალიაში გამართული მუნდიალის ჰიმნს „უნ ესტატა იტალიანოს“, რომელსაც იტალიელები ჯიანა ნანინი და ედუარდო ბენეტო ასრულებდნენ. საინტერესოა, რომ კეი’ნაანმა თავისი სიმღერის ორი ვერსია ჩაწერა: ერთი – ინგლისურენოვანი, ხოლო მეორე – ესპანელ პოპ-შემსრულებელთან, დევიდ ბისბალთან ერთად.

გარდა საფეხბურთო ჩემპიონატისა, თავისი ჰიტური კომპოზიცია კეი’ნაანმა, ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის მსვლელობის დროს, ბრაიან ადამსის სტუდიაში, ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად, 50 კანადელ მომღერალთან ერთად ჩაწერა. საქველმოქმედო სახის პროექტს „იანგ არტისტს ფორ ჰაიტი“ ეწოდა და ჩაწერილი სიმღერის გაყიდვა ინტერნეტის საშუალებით გახდა შესაძლებელი. შემოსული თანხა კი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ფონდში გადაიგზავნა.


скачать dle 11.3