კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის წივის და კივის შონზოს ცოლი სახლში და როდის არ აინტერესებს ის ქმარს


ზურა გაჩეჩილაძეს, იგივე შონზოს, რომელიც ტელევიზიას ნაწილობრივ ჩამოშორდა, შეიძლება ითქვას, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე აქვს. თხუთმეტი წლის წინ არჩევანი ისეთ ქალზე გააკეთა, რომელიც სახლშიც არაჩვეულებრივად გაუგებდა და გარეთაც. ცოლ-ქმარი დიდი ხანია, რაც ქირით ცხოვრობს. მათაც ის ყოფითი პრობლემები აწუხებთ, რაც თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ, როგორც ნინო ამბობს, რთულ სიტუაციებშიც ერთმანეთის კარგად ესმით და ლანძღვა-კინკლაობის ნაცვლად, დროს ისევ საქმეში ხარჯავენ.


– საიდან იწყება თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ხუთი წელი ვიცნობდით ერთმანეთს. მე უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე, ზურამ – საინჟინრო-ეკონომიკური, მაგრამ ჩემს ფაკულტეტზე მისი ძმაკაცი სწავლობდა და ზურაც სულ ჩვენთან იყო. ისე ყველას უყვარდა და ყველა დადებითად იყო მის მიმართ განწყობილი, რომ არ შემეძლო, მეც მის გვერდით არ ვყოფილიყავი. თავიდან მხოლოდ ვმეგობრობდით. ის თავის ისტორიებს მიყვებოდა, მე – ჩემსას. მესამე კურსზე მივხვდი, რომ მიყვარდა. მერე აღმოჩნდა, რომ თვითონაც იგივენაირად ფიქრობდა, მაგრამ არ ამჟღავნებდა. ცოლად გავყევი და სახელმწიფო გამოცდებს რომ მოვრჩი, ბავშვი შეგვეძინა.

– რა აღმოაჩინეთ მასში ისეთი, რამაც გაგაკვირვათ და დაგაფიქრათ იმაზე, ღირდა თუ არა მისი ცოლობა?

– ბუნებრივია, როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრებას იწყებს, აუცილებლად აღმოაჩენენ რაღაცას, რაც შეიძლება, არ მოეწონოთ. ეს წლების განმავლობაში გამოიკვეთა, თავიდან ასე არ ჩანდა. არ მომწონს, რომ სახლიდან სულ გასულია, მაგრამ მისი ბრალი არ არის. ბავშვს სულ ენატრება. ჩვენ დასასვენებლადაც მარტო დავდივართ. სადმე რომ ვართ, ერთი დღით თუ ჩამოირბენს. გულში ჩამრჩა, ჩემი შვილი სხვა ბავშვებს როგორ უყურებდა, მამებთან ერთად რომ იყვნენ და თვითონ კი – მარტო. არ მომწონს, ისიც, რომ არ უყვარს რაიმეზე ხაზგასმა, აღნიშვნა. შეიძლება, ეს ჩემთვის არის უარყოფითი თვისება და სხვისთვის – უმნიშვნელოა. მაგალითად, რომ გამოიპრანჭები და გინდა, თავი მოაწონო, ყურადღებას არ გაქცევს. ერთხელ რომ ვუსაყვედურე, მითხრა: ეს არც უნდა აღვნიშნო. მე რომ მომწონხარ, ჩემ გვერდით ამიტომაც ხარო. საერთოდ, სახლში ძალიან სიტყვაძუნწია. ისე დაღლილი მოდის, ლაპარაკის თავიც არ აქვს. კიდევ ერთი მომენტია, სადმე რომ მივდივართ, მე უფრო მიყვარს ხალხმრავლობა და აქტიური ვარ, ვიდრე ზურა. ისე მობეზრებული აქვს ყურადღება და ისე დაღლილია, ხოლმე, რომ ურჩევნია, სადმე, კუთხეში თავისთვის დაჯდეს.

– მოუწესრიგებელი მამაკაცების კატეგორიას მიეკუთვნება?

– მოწესრიგებულია, მაგრამ სულ თავზე უნდა დასტრიალებდე. ტანსაცმელს რომ გამოიცვლის, თვითონ არ აიღებს და არ გაიტანს მეორე ოთახში. რა თქმა უნდა, მე უნდა გამოვართვა და სხვა მივაწოდო. დილით რომ გაიღვიძებს, იცის, რომ ყველაფერი კარადაშია, მაგრამ შიგ მაინც ვერაფერს პოულობს. ზოგჯერ კი ის უნდა, რაც არ არის გამზადებული.

– თუ სახლში რაღაც წესრიგში ან თავის დროზე არ არის, ჩხუბობს?

– არა, არ ჩხუბობს, მაგრამ ერთხელ ის მაისური რომ არ დახვდა დაუთოებული, რომელიც უნდოდა და მაშინ დავიწყე დაუთოება, გამებუტა და წავიდა. მე კი სწორედ ეგ მაბრაზებს, რომ დინჯი და სერიოზულია. მე უფრო ფეთქებადი ვარ, ვყვირი, ვწივი, ის კი ხმას არასოდეს აუწევს. გაცდის, რომ დაიცალო და მერე ერთ-ორ სიტყვას გეტყვის წყნარად. ძირითადად ბავშვის გამო შევკამათდებით ხოლმე. მე რომ რაღაცას დავუშლი, ეს მამამისს ურეკავს და სთხოვს, ისიც ყველაფერში ეთანხმება.

– გამოდის, რომ თქვენი ქმარი კრავივით უცოდველია.

– გულწრფელად გეუბნებით, მართლა კარგი ადამიანია. ზურასნაირი ქმარი, ალბათ, იშვიათია. ხომ გეუბნებით, მე უფრო მეტი უარყოფითი მაქვს, ვიდრე მას.

– ასეთი ქალები რომ არ მოსწონთ კაცებს, ქმრის წინ რომ გარბიან, თუ იცით?

– ზედმეტად აქტიურიც არ ვარ, რომ გაღიზიანდეს. წინ არასოდეს გავრბივარ. მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ და ბავშვსაც ასე ვზრდი. ფაქტობრივად, სრული თავისუფლება მაქვს, არაფერში ვარ შეზღუდული. მას ჩემთვის ერთი რამ აქვს ნათქვამი, მე შენ ყოველთვის გენდობიო. ამით ყველაფერი გასაგებია. ერთმანეთის მეგობრები ვართ. მიმაჩნია, რომ ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი ზურაა. აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვები და მისგან ყველანაირ რჩევებს ვიღებ. შეიძლება, ბევრი რამ არ გამითვალისწინებია და ცხვირიც წამიტეხავს. მაგალითად, დაქალებს რომ ვუყვები ჩემს პირად ამბებს, იმაზე მეტად ზურასთან ვარ გახსნილი.

– მაინც, ვერ გავიგე, მზრუნველი ქმარია თუ არა შონზო.

– ძალიან მზრუნველია და ამიტომ ვამბობ, ზურასნაირი ადამიანები ამქვეყნად იშვიათობაა-მეთქი. ალბათ, მასთან უნდა იცხოვრო, რომ გაიგო, როგორია. პრობლემები გვქონია და ახლაც გვაქვს, მაგრამ ეს უფრო ფინანსურს უკავშირდება, რაც ნაწილობრივ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იმდენად ძლიერები ვართ, ესეც არ გვერევა. ფაქტობრივად, დროს გავუძელით.

– ცოლები ქმრებს ხშირად სწორედ ფინანსებზე ვეწუწუნებით. ოჯახს ხომ ათასი რამ სჭირდება. როგორც კი ყურადღებას მოადუნებ, მთელი შენი შესაძლებლობები ნულზე ეცემა და ელემენტარული პირობების გარეშე რჩები. თქვენ შემთხვევაში როგორ არის?

– ზუსტად ეგ პრობლემები გვაქვს ახლა, მაგრამ არასოდეს, არც მე და არც ის, ზედმეტად ხმას, არ ვიღებთ, ზურა გაწონასწორებულია ძალიან. მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახი უზრუნველყოს. მეც ვმუშაობ და შეძლებისდაგვარად, ვეხმარები. ამჟამად ნაქირავებში ვცხოვრობთ. ჩვენი ბინის მშენებლობა გაჩერებულია. როცა რაღაც მჭირდება, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, მაძლევს ფულს. თვითონაც ყიდულობს ხოლმე ჩემთვის. ეს არის თანხა, რომელიც პირადად ჩემთვის უნდა გამოვიყენო, მაგრამ როცა ვხედავ, რომ ამის დრო არ არის, და ოჯახში რაღაცაა საჭირო, გული კი მწყდება, მაგრამ ვთმობ. თუმცა, ამას სხვა ვერავინ ხედავს. შეიძლება, ჩემმა დაქალმა იცოდეს, და ახლა შენთან ვამბობ პირველად. ოჯახი ისეთი რამაა, რაც შიგნით ხდება, კარს რომ გამოიხურავ, მის მიღმა უნდა დარჩეს. არასოდეს დამნანებია ფული ოჯახზე – ჩემი თავისთვის ვერ გავიმეტებ. და თუ ოჯახს აკლია, რაც არ უნდა მინდოდეს, რა ვქნა, არ არის და... ოჯახის უფროსი ზურაა. ბევრჯერ გათიშული მქონია ტელეფონიც და ინტერნეტიც. ეს ხომ ყველასთან ხდება, ეს ხომ ბუნებრივია.

– ზოგჯერ არ ფიქრობთ, რომ ქმარს გვერდში ამოუდგეთ, ერთად აკეთოთ ის საქმე, რაც ისევ თქვენი ოჯახისთვისაა საჭირო?

– მე ვფიქრობ, რომ ხანდახან ჩემი აქტიურობით ვაფხიზლებ. მის სამსახურებრივ საქმეებში არ ვარ ჩართული, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინტერესებს. თუმცა, იმის იქით არ ვერევი. ასევეა ზურაც. თუ რაღაც გადაუწყვეტელი პრობლემააა, მაშინ ვთხოვ, რომ ჩაერიოს ჩემს საქმეებში. ბევრი ცოლ-ქმარი ვიცი, ერთად რომ მუშაობს, მაგრამ, ჩვენი ერთად მუშაობა არ შეიძლება. ჯერ ერთი, მე სხვა პროფესია მაქვს, ზურას – სხვა.

– ენდობით ქმარს?

– იმდენად, რომ არ ვამოწმებ. ვიღაცამ რომ დამირეკოს და მითხრას, რაღაც ხდებაო, არ წავალ და არ გადავამოწმებ. ზურას სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის და პატივს ვცემ, ვიდრე სხვის ნაბოდვარს. შეიძლება, ცოტა ვინერვიულო კიდეც, ავფორიაქდე, მაგრამ სახლში რომ მოვა, თვითონ ვეტყვი, ასეთი და ასეთი ზარი შემოვიდა-მეთქი. ვფიქრობ, არაფერს დამიმალავს და მეც შესაბამისად, შევეცდები, გავუგო. შეიძლება, გავებუტო კიდეც. არ ვიცი, როგორ მოვექცევი. ყოველ შემთხვევაში, ოჯახი რომ დავანგრიო, გამორიცხულია. ჩემთვის და ჩემი შვილისთვის იმდენად წმინდა და ძვირფასია ოჯახი, ამას არასდროს გავაკეთებ.

– როგორც ჩანს, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ.

– ზურა ჩემთვის ერთადერთია და ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, მის გარეშე ცხოვრება, თუნდაც იმ თვისებების გამო, რაც ჩამოვთვალე. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ისე ვენდობი, როგორც ზურას. მე არ ვარ ისეთი დადებითი პიროვნება, როგორიც ზურაა. მისგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. „მაიმუნობა“ ყველა კაცს უყვარს, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა. სწორედ ამაშია მამაკაცის სიძლიერე, თუ რამეს ეშმაკობს, ისე გააკეთოს, ცოლის ყურამდე არაფერი მივიდეს. მისი ისე მჯერა, არც კი ვცდილობ, რაღაც საეჭვო შევამჩნიო.

– მომთხოვნი ქმარია?

– იცით, ისიც ჯიუტია და მეც. სხვა გზა არ არის, ყველაფერი უნდა გავაკეთო. ოჯახში ბავშვია და ყველაფერი თავის დროზე უნდა იყოს – საუზმე, სადილი, ვახშამი. ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ისე ცოტა დრო გვაქვს არ მინდა, ისიც დაძაბული იყოს. რატომ უნდა მოვიქცე ისე, როცა ვიცი, რომ გააღიზიანებს. დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ჩვენი სიყვარულიც სხვა რამეში გადაიზარდა. იმ დღეს ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით მე და ზურა. ისე ძლიერები აღმოვჩნდით, რომ თუნდაც ეს გარემოება, რომ ფინანსურად გავიჭედეთ, რაც ძალიან გვაწუხებს, არ ანგრევს ჩვენს ურთიერთობას. ჩემი ოჯახიც გვეხმარება და ზურასიც. მამიდაჩემი წამოვიყვანე ჩვენთან და ისიც ძალიან გვეხმარება ოჯახში. შეიძლებოდა, ქირით არ გვეცხოვრა და ვყოფილიყავით ჩემს ან ზურას მშობლებთან სახლში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ცალკე უნდა ვიცხოვროთ, რასაც ოჯახის მდგრადობისთვის და სრულყოფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ცალკე ცხოვრებას სხვა უპირატესობები აქვს, სხვა ურთიერთობებია, არავინ ერევა შენს საქმეში, თვითონ იღებ გადაწყვეტილებებს. ალბათ, ოდესღაც აშენდება ჩვენი ბინა და გადავალთ.

– სიყვარული სხვა რამეში გადაიზარდაო, რომ მითხარით, ეს რას ნიშნავს? თუ სიყვარული არ არის, შესაბამისად, აღარც ფიზიკური ლტოლვა და ჟინია.

– ესეც წლების შესაბამისად ხდება. რა თქმა უნდა, ისეთი ლტოლვა აღარ არის, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არც გაციებულა. ალბათ, ერთეულები არიან ამქვეყნად, ეს ჟინი და ლტოლვა ბოლომდე რომ შერჩეთ. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს ცხოვრება გავულამაზოთ სიურპრიზებით, თუნდაც საღამოს სადმე ერთი საათით გავიდეთ და უბრალოდ, ფეხით გავისეირნოთ.


скачать dle 11.3