ვინ გაულამაზა ცხოვრება თაკო ცქვიტინიძეს და სად ამოფეთქავს მისი დიდი ხნის დაგროვილი ენერგია
მართალია, ტელესახე და მსახიობი თაკო ცქვიტინიძე ეკრანზე დიდი ხანია, არ გამოჩენილა, მაგრამ მის შესახებ ყოველთვის საუბრობენ და ახალ-ახალი ამბებით ხშირად ახსენებს ხალხს თავს. ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემა მისი ქორწინება გახდა. თაკომ უკვე თითქმის ორი წელია, მსახიობ ნიკა კუჭავას დაუკავშირა თავისი ცხოვრება და მალე ოჯახის შექმნასაც გეგმავენ. ინტერვიუზე მისულებს თაკო უჩვეულო გარემოში დაგვხვდა. მისით უცნობი უცხოელი ფოტოგრაფი დაინტერესებულა და ფოტოებს დიდი სიამოვნებით უღებდა.
– თაკო საკმაოდ დიდი ხანი არ გამოჩენილხარ ტელევიზიაში. რა ხდება შენს ცხოვრებაში, რით ხარ დაკავებული?
– ერთ-ერთი ტელევიზიიდან შემოთავაზება მივიღე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ დაგიკონკრეტებთ, რომელ არხზეა საუბარი. მართალია, სინჯები გავიარე და „პილოტიც“ გადავიღეთ, მაგრამ კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მომიწერია. გეტყვით, რომ ჩემი სფეროა, საკმაოდ საინტერესო გადაცემის წამყვანი ვიქნები. გადაცემა მოდას ეხება, ცქვიტინიძე ვარ და გვარი ხომ უნდა გავამართლო. თუ არაფერი შეიცვალა, ალბათ, სექტემბრიდან დავიწყებთ. მე, პირადად, დიდი შემართებით ვარ. იმხელა პაუზა მქონდა, რომ მთელი ჩემი ენერგია ერთად დაგროვდა და ერთბაშად უნდა იფეთქოს.
– მართალია, არ ჩანხარ, მაგრამ შენს პირად ცხოვრებაზე ბევრს საუბრობენ. თაკო ცქვიტინიძისა და ნიკა კუჭავას სიყვარულის ისტორია უკვე მთელმა ქალაქმა იცის. როდის გეგმავთ ურთიერთობის დაკანონებას?
– ძალიან მალე, სულ რამდენიმე კვირაში გეგმაში გვაქვს ოჯახურ წრეში ნიშნობის გაკეთება. მას შემდეგ კი ჩვენს პატარა სახლში გადავალთ საცხოვრებლად. ორივეს გვინდა, დიდი, გრანდიოზული ქორწილი გვქონდეს. წარმოიდგინე, რა მხიარული ქორწილი გამოვა, სადაც ამდენი მსახიობი, მომღერალი და შემოქმედებითი სახე იქნება. ეს ცოცხალი შოუ-პროგრამა იქნება. უცნაური რაღაცეების გაკეთება გვინდა.
– ანუ, პომპეზურ ქორწილს უნდა ველოდოთ?
– შეიძლება 500-კაციანი არ იყოს და ქორწილში მხოლოდ 100 სტუმარი გვყავდეს, მაგრამ არაორდინარული და არაჩვეულებრივი ქორწილი ნამდვილად გვექნება.
– ქორწილს როდის გეგმავთ?
– ზუსტად არ ვიცი. შეიძლება, რამდენიმე თვეში. მიხარია, რომ მე, სანდრიკა (თაკოს შვილი) და ნიკა სამივე ერთად ჩვენს პატარა სახლში ვიცხოვრებთ. ოღონდ რა მეშველება ორ კაცთან, არ ვიცი. სულ ვამბობ, კიდევ რომ ბიჭი გამიჩნდეს, რომ არ გავგიჟდე, მდედრობით ცხოველს მაინც ავიყვან-მეთქი. ნიკა და სანდრო ერთად ისეთი სინთეზია, ვერ აგიწერთ. ერთმანეთი ძალიან უყვართ, სანდროსთვის ნიკა იდეალია. ორივე ერთად სასწაულებს აკეთებს – ჭიდაობენ, თამაშობენ, გიჟობენ. ისე კარგად ვეწყობით ერთმანეთს, რომ დარწმუნებული ვარ, ერთი კარგი ოჯახი გვექნება. ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი იწყება, თან ძალიან საინტერესო. მით უმეტეს, თუ სამსახურიც დავიწყე, ერთდროულად ძალიან კარგი რაღაცეები მოხდება. ყველაზე საინტერესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში.
– თქვენი სიყვარულის ისტორია რამდენ წელს ითვლის?
– ერთმანეთი როდის შეგვიყვარდა ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 30 ოქტომბერს 2 წელი გახდება, რაც მე და ნიკა ერთმანეთს შევხვდით.
– საერთოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას. შენ როგორ გახსენდება?
– იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული – არ მახსოვს, მგონი 5 წლიდან ვიცნობ მას, ძალიან ბევრი გვაქვს გასახსენებელი. ერთად ვთამაშობდით, ვაშლებს ვიპარავდით. სხვათა შორის, 9-10 წლის რომ ვიყავი, ნიკას მაშინაც ვუყვარდი თურმე. ეს მაშინ სხვისგან გავიგე. მართლა ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან. მერე წლების განმავლობაში აღარ გვქონია აქტიური ურთიერთობა.
– თუ წარმოიდგენდი, რომ ნიკასნაირ ტიპს დაუკავშირებდი შენს ცხოვრებას?
– მე და ნიკა ისე რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რომ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ წლების მერე ცხოვრებას ერთმანეთს დავუკავშირებდით. ჩვენი აზრები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, თუნდაც სამოსთან დაკავშირებითაც კი. მე რაც მომწონს, მას არ მოსწონს. – მე თუ ძალიან მიყვარს „ბეემვე“, მას მოსწონს „მერსედესი“ და ასე შემდეგ. მე ვამბობ, რომ მინუსი და პლუსი ერთმანეთს ავსებს და ამიტომ ვუგებთ ჩვენც ერთმანეთს. ერთ დღეს რამდენიმე რამეზე შევთანხმდით და ძალიან გაგვიკვირდა. მართლა ძალიან უცნაურია, ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს, ისე უყვარდეს ერთმანეთი, რომ უერთმანეთოდ წამსაც ვერ ძლებენ.
– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ის ნიკას დაუკავშირე?
– ნიკას გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში, ფაქტობრივად, ყველაფერი შეიცვალა და ყველაფერი სხვანაირი გახდა. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. სხვათა შორის, ცხოვრებაში პირველად შევიღებე თმა, მინდა ნიკას დავემსგავსო და ერთი ფერის თმა გვქონდეს. ჯერჯერობით შედეგს ვერ მივაღწიე, მაგრამ იმედი მაქვს, გამომივა. ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემთვის, პირველ ყოვლისა, ნიკას სახით ახალი მეგობარი შევიძინე, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და მეხმარება. ის ყველაზე მაგარი მეგობარი და ყველაზე ახლო ადამიანია ჩემთვის. ნიკა არის ის, რომელმაც ყველაფერი იცის ჩემზე. ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ და თავს კარგად ვგრძნობთ. თან, ოჯახებით ვართ ძალიან ახლოს. იმ დღეს ნიკას დედამ თქვა, ასე მგონია, თაკო 15 წელია ჩვენთან არისო. ჩვენი ოჯახები ტრადიციებითაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ოჯახში მოვხვდი, ორი ფანტასტიკური მული მყავს, რომლებზედაც ვგიჟდები. ასევე ძალიან კარგი დედამთილ-მამამთილი მყავს. ნიკას დედა არ მყავს ნანახი, რადგან ის 7 წელია ამერიკაშია, ნიუ-იორკში ცხოვრობს. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ და როდის ჩავეხუტები. ძალიან თბილი და ბრძენი ქალია, ყველაფერი ესმის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ იმის შეგრძნება საერთოდ არ მაქვს, რომ პირველად უნდა ვნახო. ერთმანეთს ხშირად სკაიპით ან ესემესებით ვეკონტაქტებით. ძალიან ყურადღებიანია და მანებივრებს ყურადღებით და საჩუქრებით. ასევე ჩემი მულებიც მანებივრებენ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ასე გამიმართლა.
– არასდროს გიფიქრია, თუნდაც გულში, თუ მაინც ერთად უნდა ყოფილიყავით, ამდენი წელი რატომ დაკარგეთ?
– ამას ვამბობთ კიდეც, სად ვიყავით აქამდე, რატომ გაიყო ჩვენი გზები და ასე შემდეგ. ერთმანეთს თეატრალურშიც ავცდით. ნიკა რომ ამთავრებდა, მე მაშინ ჩავაბარე. მართალია, ერთი წელიწადი ერთ პერიოდში ვსწავლობდით, მაგრამ დიდი შეხება არ გვქონია. დღეს კი ვნანობთ, ამდენი დრო რატომ დავკარგეთ ერთმანეთის გარეშე, მაგრამ, ალბათ, ასე იყო საჭირო. ალბათ, მაინც რაღაც ძალა არსებობს, რომელიც ადამიანებს მართავს.
– ჯვრისწერას სად გეგმავთ?
– ნიკას უნდა პატარა, მყურდო ტაძარში დავიწეროთ ჯვარი, სადაც ბევრი ხალხი არ იქნება და მხოლოდ ჩვენ და ჩვენი მეგობრები ვიქნებით. ჯერ რამდენიმე თვე გვაქვს წინ და ამიტომ, კონკრეტულად არ გვისაუბრია.
– იმედი მაქვს, მალე თქვენი ურთიერთობის დაკანონებას მოგილოცავთ.
– კი, მალე მოხდება ეს. როგორც გითხარით, მალე ნიშნობა გვექნება, მერე ჩვენს ბინაში გადავალთ საცხოვრებლად და შეგიძლიათ, უკვე სახლში გვესტუმროთ. მერე იმასაც გეტყვით, როგორ შევეგუეთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას. ჩემი აზრით ძალიან მხიარული ოჯახი გვექნება.