რა დარღვევებს იწვევს ორგანიზმში მეხის დარტყმა და რაში მდგომარეობს პირველადი დახმარება მსგავს სიტუაციაში
ელვით ძირითადად ის პირები ზიანდებიან, რომლებიც ღია, ტრიალ ტერიტორიაზე იმყოფებიან ჭექა-ქუხილის დროს, ამიტომ, შეიძლება ითქვას, დაზიანების ეს ტიპი ერთგვარად პროფესიულად შეიძლება ჩაითვალოს და ძირითადად სოფლებში მცხოვრებთ ემუქრება. დაზიანების საფრთხე შეიძლება შეექმნათ ასევე, დამსვენებლებსაც, რომლებიც დროს ძირითადად ტრიალ, ნაკლებად დასახლებულ ადგილას ატარებენ, მით უმეტეს, რომ წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით ნალექიანი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პრობლემამ აქტუალობა რამდენიმე სამწუხარო ფაქტის შემდეგ შეიძინა, რასაც ადამიანების სიცოცხლეც კი შეეწირა, ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუ გარკვეული მზადყოფნით შევხვდებით შესაძლო საფრთხეს.
ელვით დაზიანება
ელვა არის ატმოსფერული ენერგიის განმუხტვა, ამიტომ დამაზიანებელი ეფექტიც ელექტრული ენერგიის მსგავსი გააჩნია. ატმოსფერული ელექტროობის დამაზიანებელ ეფექტს პირველ ყოვლისა, განაპირობებს ძალზე დიდი მუხტი, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში 10 000 000 ვოლტსაც კი შეიძლება აღწევდეს. მსგავსი სიდიდის მუხტი მომენტალურ სიკვდილს იწვევს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენს გეოგრაფიულ არეალში ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია, ამიტომ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ სიტუაციაზე, როდესაც პირველად დახმარებას ელვის დაზიანების შემდეგ აზრი ექნება. ასევე ძლიერი დამაზიანებელი ეფექტი აქვს ენერგიის ნაკადის დაჯახების ძალას, რის გამოც დაზარალებული დიდ მანძილზე შეიძლება გადავარდეს, ამიტომ, მსგავსი დაზიანებისას ხშირია სხვადასხვა ტიპის მოტეხილობები, დაჟეჟილობები და ტრავმით გამოწვეული გონების დაკარგვა. ასევე ხშირია სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა, რომელიც ვარირებს პირველიდან მეოთხე დონემდე, რადგან ტემპერატურა ელვის მიერ განვლილ ატმოსფერულ სივრცეში ცალკეულ შემთხვევაში 25 000 გრადუს ცელსიუსსაც კი აღწევს. ასეთი მაღალი ტემპერატურისას ვიღებთ მეოთხე ხარისხის დამწვრობას, რომლის დროსაც სხეულის დაზიანებული არე, ფაქტობრივად, ნახშირდება და ძვალიც კი ზიანდება, პათოლოგიური პროცესები სიღრმისაკენ მიიწევს და დაზიანებული არეალი კარგავს რეგენერაციის უნარს. ამ ტიპის დამწვრობის შემდეგ ადამიანის გამოჯანმრთელება დამოკიდებულია დაზიანების სიფართოვეზე. დამწვრობის მკურნალობა ხორციელდება შესაბამისი სპეციალობის ექიმების მიერ, ჩვენ, უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჭრილობა ინფექციის წყაროა და ექიმთან მისვლამდე უკვე მრავალგზის ნახსენები ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ნორმები უნდა დავიცვათ. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ, კონტაქტის მცირე დროის მიუხედავად, ელვით დაზიანებისას ადამიანის მდგომარეობა ძალზე მძიმეა, ამიტომ, ყურადღების მოდუნება დაზარალებულის მიმართ არ შეიძლება. ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე, პირველ ყოვლისა, განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, რაც, თავის მხრივ, მრავალ სხვა პათოლოგიურ პროცესს უდევს საფუძვლად და საფრთხე ექმნება სიცოცხლისთვის აუცილებელი ფუნქციების შეუსრულებლობას.
მეხის დარტყმისას დაზარალებული მომენტალურად კარგავს გონებას და ვერ ასწრებს, სრული სიმძაფრით აღიქვას ამ დროს განვითარებული ტკივილი, რაც ერთგვარად სასიკეთო როლსაც კი ასრულებს. გონების დაკარგვა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე და თან სდევდეს მცირე ხანგრძლივობის კლონური კრუნჩხვები, რომელიც დაზიანებიდან პირველი წუთების განმავლობაში ვითარდება. კრუნჩხვებისას დაზარალებული ენას ვერ „გადაყლაპავს“, ეს შეუძლებელი იმიტომაა, რომ ენაც კუნთია, სხვა კუნთების მსგავსად, ისიც დაძაბულ-დაჭიმულია და ამიტომ ვერ ჩაბრუნდება საპირისპირო მიმართულებით. ასე რომ, კრუნჩხვის განმავლობაში საშიშროება იქმნება მხოლოდ ენაზე კბენის სახით, ამიტომ ჩვენი ქმედებებიც მსგავსი ფაქტის აღსაკვეთად უნდა იყოს მიმართული, შემდეგ კი მშვიდად უნდა დავიცადოთ კრუნჩხვების შეწყვეტამდე. ცნობიერების აღდგენის შემდეგ ავადმყოფი აგზნებულია, მოუსვენრად გრძნობს თავს, დეზორიენტირებულია, აწუხებს ძლიერი ტკივილი კიდურებში და დამწვრობის ადგილას, რასაც აქტიურად და არაადეკვატურად გამოხატავს. შეიძლება, აღმოცენდეს ჰალუცინაციები, კიდურების პარეზი, ჰემი და პარაპარეზი, ტვინთან დაკავშირებული დარღვევები. ხშირად ავადმყოფები უჩივიან თავის ძლიერ ტკივილს და დასერვის შეგრძნებას თვალში, მხედველობის დარღვევას – რომელიც, შეიძლება, სრულ დაბრმავებამდეც კი გართულდეს, ხმაურს ყურებში. ასევე ხშირია ქუთუთოებისა და თვალის კაკლის დამწვრობა, ბროლისა და ბადურის მძიმე და შეუქცევადი დაზიანებები, რისი მკურნალობისთვისაც უკვე ოპერაციული ჩარევა ხდება საჭირო. კანის საფარველზე აღინიშნება ელვის სხვადასხვა ფორმის კვალი, რომელიც სისხლძარღვთა რაოდენობისა და ზედაპირის მიმართ განლაგების მიხედვით, სხვადასხვა ფერით ხასიათდება. ცალკეულ შემთხვევებში ვლინდება სმენის დაქვეითება, ტკივილი გულმკერდის ზედაპირზე და მის შიგნით, სისხლის შესქელება, გარკვეული დროის შემდეგ ვითარდება ფილტვების ანთება. გულმკერდის მიდამოში ტკივილის არსებობისას უნდა ვიფიქროთ გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ყურადღება უნდა გავამძაფროთ ამ ორგანოზე დაკვირვებით. ისეთი ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა პარეზი და ჰიპერესთეზია, შეიძლება, შენარჩუნდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ამიტომ საჭიროებს აქტიურ, შეუპოვარ მკურნალობას, რასაც გარკვეული სპეციფიკურობები ახასიათებს და სასიკეთო შედეგს, პრქტიკულად, ყოველთვის იძლევა.
გადაუდებელი დახმარება
თუ დაზარალებულს განუვითარდა სუნთქვის შეჩერება, სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ გულის არაპირდაპირ მასაჟს და ფილტვების ხელოვნურ ვენტილირებას. ფილტვების ვენტილაციას განვაგრძობთ მაშინ, თუ გულის მუშაობა შენარჩუნებულია, მაგრამ განვითარდა სუნთქვის მძიმე დარღვევები, ამავდროულად, გულის ხელოვნური მასაჟი სასწრაფოდ უნდა შევწყვიტოთ, რადგან, შესაძლებელია, ამ ქმედებით მისი გაჩერება გამოვიწვიოთ. თუ გულის ფეთქვა არ აღდგა, მაგრამ დაზარალებულს გულის მასაჟის განმავლობაში უნარჩუნდება თვალის ვიწრო გუგები, აღენიშნება პულსაცია მსხვილ სისხლძარღვებზე და ერთეული აგონიური ჩასუნთქვა, რეანიმაციული ღონისძიებების შეწყვეტა არ შეიძლება და გაუმართლებელია სამედიცინო თვალსაზრისით. ხშირად გულის გაჩერების მიზეზია პარკუჭების ფიბრილაცია. ამიტომ, უნდა გაგრძელდეს გულის არაპირდაპირი მასაჟი, ასევე ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და, ამას გარდა, საავადმყოფოში მისვლის შემდეგ აუცილებელია ელექტრული დეფიბრილაცია.
დაბალი არტერიული წნევის შემთხვევაში, რომელიც ელექტრული მუხტის ზემოქმედებისას ყოველთვის აღინიშნება, აუცილებელია პოლიგლუკინის არტერიაში შეყვანა, 500 მილილიტრ 5-პროცენტიანი გლუკოზის ხსნარისა და 90 მილიგრამი პრედნიზოლონის ნარევის ინტრავენური ინფუზია. მკვეთრი აგზნებადობისა და ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, მედიკამენტების გამოყენება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან ელვით გამოწვეული ნერვული სისტემის დაზიანება თავის მხრივ იწვევს ფართო სპექტრის დარღვევებს. დაზიანების სიმრავლისას მედიკამენტების არასწორად შერჩევა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ერთი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებით, შესაძლებელია, სხვა მრავალის გაუარესება. ამგვარად, ექიმის გარეშე თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ტიპისა და ეფექტის პრეპარატის მოხმარებისგან.
საავადმყოფოში მისვლა უნდა მოხდეს ძალზე სწრაფად. თუ საშუალება იქნება, რომ თავად გადაიყვანოთ დაზარალებული, ასეც უნდა მოიქცეთ, რადგან სრულფასოვან დახმარებას ექიმი მხოლოდ საავადმყოფოს პირობებში შეძლებს. ამიტომ, სასწრაფოს გამოძახებაზე დრო არ უნდა დავკარგოთ. დაზარალებულის ტრანსპორტირება აუცილებელია საკაცის მეშვეობით. საკაცეზე დაწვენა უნდა მოხდეს რამდენიმე ადამიანის სინქრონული მოქმედების საშუალებით, რადგან დაწვენისას აუცილებელი ხდება ჰორიზონტალური მდგომარეობის შენარჩუნება. უკეთესი იქნება, თუ დაზარალებულს რომელიმე გვერდზე გადავაბრუნებთ, რადგან დიდია ღებინების საფრთხე. ავადმყოფის გადაყვანა უნდა მოხდეს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უნდა იყვნენ: ქირურგი, ნევროპათოლოგი, თერაპევტი, ოკულისტი, ოტოლარინგოლოგი, რომლებიც აღმოფხვრავენ შესაბამის დარღვევებს.
ერეკლე ასპანიძე