კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი


პროლოგის ნაცვლად

რაშია ცხოვრების აზრი... ფულში? შეიძლება... თუმცა‚ ვისაც ფული უკვე აქვს‚ დაგიმტკიცებთ‚ რომ ის მხოლოდ ხელის ჭუჭყია და სხვა არაფერი... მართალია‚ ვინც გამუდმებით უფულობას უჩივის და ამ „ჯადოსნური ქაღალდის“ ქრონიკული დეფიციტი აქვს‚ უნდობლად უყურებს მდიდრების სკეპტიციზმს და თავისთვის იმასაც ბურტყუნებს‚ მაშინ‚ დაგვირიგონ თავისი მილიონებიო‚ მაგრამ ჩვენ ხომ ცხოვრების აზრის გარკვევას ვცდილობდით... მოდით‚ დავფიქრდეთ... რა უნდა ყველაზე მეტად ადამიანს‚ რისკენ მიილტვის ის და ბოლოს და ბოლოს‚ ყბადაღებული ფულიც რისთვის სჭირდება... აბა‚ მივხვდით?.. თუ ცოტას კიდევ მოვინდომებთ?.. ცოტას კიდევ და... მართალია! – ადამიანებს უნდათ‚ რომ შეამჩნიონ... დიახ‚ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას‚ თუკი ვერ შეგამჩნევენ... არავითარი! თითქოს ხარ‚ თითქოს არ ხარ... უფრო არ ხარ‚ რადგან არავის აინტერესებს შენი არსებობა. თუ არ იქნები‚ ესეც არავის შეაწუხებს. მისთვის ხომ ისედაც არ არსებობდი. სწორედ ამიტომაც‚ ბუნებრივად ჩნდება მოსაზრება – ცხოვრების აზრი სახელსა და დიდებაში‚ ანუ პოპულარობაშია. როგორ გახდები პოპულარული‚ ეს უკვე შენი საქმეა. ყველას თავისი გზა აქვს დაფნის გვირგვინისკენ. იმასაც ამბობენ‚ რომ პოპულარობისთვის ბრძოლაში ნებისმიერი საშუალება გამოდგება. მთავარია‚ შეგამჩნიონ. მიზანი ამართლებს საშუალებას. ჩვენი ყოველდღიურობაც ამას ამტკიცებს...

– გამარჯობა! თქვენ ჯერ არ მიცნობთ... მერე რა‚ ეს სულაც არ არის საგანგაშო‚ ძალიან მალე გამიცნობთ. მე ხომ ძალიან ცნობილი ვარ. დიახ... და თუ ჯერ ჩემზე არაფერი გსმენიათ‚ მხოლოდ იმიტომ‚ რომ თავმდაბალი და მორიდებული ვარ, პოპულარობა მაკომპლექსებს. თუმცა... მალე მაინც ყველას ყველაფერი ეცოდინება. არ გჯერათ? – თავადვე ნახავთ.

„ჩემი ცხოვრება უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი‚ როგორიც უწინ... ღმერთმა იცის‚ რომ ეს არ მინდოდა. მართლა არ მინდოდა‚ მხოლოდ ფული მჭირდებოდა‚ ისიც ცოტა... ბევრი არა... თუმცა‚ ამაზე აღარც ღირს ლაპარაკი. მე ხომ უკვე პოპულარული ვარ... ძალიან‚ ძალიან პოპულარული და ეს ყველაფერი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. თითიც რომ არ გამინძრევია‚ ისე... ოღონდ არ თქვათ‚ რომ ასე არ ხდება. თუმცა‚ მეც ხომ არ მჯეროდა... ჩემი ამბავი‚ იცით‚ რას ჰგავს? მოიცა... ჰმ‚ სიმართლე რომ გითხრათ‚ თავადაც არ ვიცი‚ რას შევადარო... მოდით‚ ცოტას მოვიცდი და ამ ამბის მოყოლას რომ დავასრულებ‚ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ‚ ბედისწერა იყო ეს‚ ჩემი ვაჟკაცობა და მცდელობა‚ თუ უბრალოდ‚ ღმერთის საჩუქარი. მე თვითონ რას ვფიქრობ ამ ყველაფერზე?.. საქმეც ისაა‚ რომ ვერაფერს ვფიქრობ‚ ყოველ შემთხვევაში‚ იქამდე მაინც‚ სანამ მთელ ამბავს არ მოგიყვებით... იმედი მაქვს‚ არ მოგბეზრდებათ და ჩვენი გზები არ გაიყოფა. ყოველთვის ხომ არ მოისმენთ პიროვნების ტრანსფორმაციის ამბავს‚ მით უმეტეს‚ თავად ამ პიროვნებისგან‚ ანუ პირველი პირისგან...

ზოგიერთ თქვენგანს‚ შეიძლება‚ ბევრი კითხვა გაუჩნდეს‚ ზოგმა სკეპტიკურად მოიწკუროს ტუჩები და დამცინავად ჩაიქირქილოს... ვიღაც „მამაპაპურად“ შემაგინებს და იტყვის‚ რომ უბრალოდ‚ თაღლითი ვარ... მე ყველასი მესმის. ახლა უკვე შემიძლია‚ ყველას გავუგო. მე უკვე ჩემი დიდების ზენიტში ვარ. ამ სიმაღლიდან კი‚ ყველაფერი გაცილებით მარტივი ჩანს. მაგრამ, არ იფიქროთ‚ რომ რაღაცით უკეთესი გავხდი... ან უარესი... უბრალოდ‚ ჩემს იმ რეალობას დავშორდი‚ რომელშიც მაგრად მქონდა ფესვები გადგმული... მე ამასაც ღმერთის „კაპრიზს“ ვაბრალებ‚ იღბლის ჭირვეულობას... ღმერთი კი ნამდვილად არსებობს. ამაში ეჭვი უკვე აღარ მეპარება... პრინციპში‚ არც არასოდეს მეპარებოდა...

თვალყური ადევნეთ ჩემს სვლას „ოლიმპოს“ მთაზე... არ ინანებთ‚ რადგან ყოველთვის საინტერესოა‚ წაიკითხო ის‚ რაზეც თავადაც არაერთხელ გიოცნებიათ. თუ ცოტათი შეგშურდებათ კიდეც ჩემი‚ არ მეწყინება... ერთი წლის წინ‚ შეიძლება‚ ცოტა მეტისაც კი‚ მეც ზუსტად თქვენსავით ვფიქრობდი... მგონი‚ ძალიან ბევრი ვილაპარაკე... მაშ‚ ასე... ვიწყებ...

***

მძინავს... არ მაინტერესებს რომელი საათია... ცხრა‚ ათი‚ თერთმეტი‚ თუ შუადღე მოახლოვდა... დიდი ხანია‚ დრო ფეხებზე მკიდია... არა‚ ვცრუობ‚ არც ისე დიდი ხანია... მაგრამ ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის‚ რომ ძილში თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. არა‚ ავად არ ვარ. კიდევ კარგი‚ რომ ამ მხრივ მაინც არ მაქვს პრობლემა. საბედნიეროდ‚ გენეტიკურად ჯანმრთელი ვარ‚ კაჟის ქვასავით. მართალია‚ ჩემმა ცოლმა ამასაც თავისებური‚ ორიგინალური ინტერპრეტაცია მოუძებნა‚ მეუბნება, ნერვი შენ არ გაქვს და გულთან დარდი არ მიგაქვს‚ ავად რა ჯანდაბა გაგხდისო‚ მაგრამ ამასაც უკვე შევეჩვიე. პრინციპში‚ ნაწილობრივ მართალია. მე რომ ჩემი ყველა პრობლემა ტრაგიკულად ვაქციო‚ სულ მინიმუმ, ინფარქტი გარანტირებული მაქვს. ეს რას შეცვლის? უკეთესობისკენ არაფერს. სამაგიეროდ‚ უარესობისკენ სულ „შხუილით“ დაეშვება თავდაღმართზე. ზოგჯერ ჩემი ცოლის ძალიან კარგად მესმის‚ მაგრამ მხოლოდ ზოგჯერ და ახლა იმიტომ ვამბობ ამას‚ რომ ლიკა არ მისმენს... რა საჭიროა, მის საყვედურებს საფუძველი გავუმყარო. მერე რა‚ რომ არცთუ იშვიათად‚ ცოლს სრულიად ვეთანხმები. ეს უკვე ჩემი პრობლემაა...

გაღვიძება ნაკლებად სასიამოვნოა‚ როცა ღრმა ძილით გძინავს და თვალის გახელას ძილში „გაპარვა“ გიჯობს. მაგრამ, მაინც ახელ‚ იმიტომ‚ რომ... მოკლედ‚ ეს რა სალაპარაკოა‚ მაგრამ როცა შენი ისედაც გაღიზიანებული ცოლის ხმაში სიავის „ნოტებიც“ გამოერევა‚ ძილზე კი არა‚ კიდევ ბევრ რამეზე იტყვი უარს... და შენც ზანტად‚ უხალისოდ‚ უკმაყოფილო სახით... მაინც იღვიძებ...

***

... ლიკამ იატაკზე დაგდებული ბალიში აიღო‚ მზრუნველად დაფერთხა და ჩვეულ ადგილას დააბრუნა. მერე საწოლზე გულაღმა გაშხლართულ კაცს მხარზე მოკიდა ხელი და შეანჯღრია.

– მმ... – დაიზმუვლა მან და გვერდი იცვალა.

– ადექი‚ ახლა‚ ნერვები არ მომიშალო‚ – ხმა გაიმკაცრა ქალმა. კაცი ისევ გულაღმა გადმობრუნდა‚ ცალი თვალი გაახილა‚ ტუჩებით რაღაც ღიმილისმაგვარი გამოხატა და...

– ლიკ‚ არ გინდა?..

– ადექი‚ რა... ლაშა. გეყოფა. ყველაფერს საზღვარი აქვს და ჩემი მოთმინების ფიალაც ნელ-ნელა ივსება. ყოველ დილით მიზანმიმართულად მიშლი ნერვებს. თითქოს შენ გარდა სხვა პრობლემა არ მქონდეს.

– არ გინდა-მეთქი?.. – ლაშამ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა და უკვე ორივე ხელით მიიხმო ცოლი თავისკენ‚ მაგრამ ქალი მაინც ვერ მიხვდა.

– ადექი‚ ლაშა‚ ადექი! ბავშვი მაინც წაიყვანე სკოლაში‚ ისე ხომ არაფერში მადგიხარ.

– ჰოდა‚ ვცდილობ‚ გამოგადგე‚ მეტი რა ვქნა?

– შენ მაგის მეტი არაფერი გახსოვს და არაფერი გაღელვებს. მე კი ასე ცხოვრება აღარ შემიძლია.

„დაიწყო“‚ – გაიფიქრა კაცმა და ამოიოხრა. ამით ქალი კიდევ უფრო გააღიზიანა. ლიკა გაანჩხლდა.

– რა გენაღვლება‚ ამოიოხრებ‚ აქშუტუნდები და მერე ისევ მხართეძოზე წამოგორდები. აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს.

– მერე‚ შენც რაღას მელაპარაკები? – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლაშამ და უკვე საბოლოოდ გამოფხიზლებული საწოლზე წამოჯდა. ზედმეტია იმის მტკიცება‚ რომ ცოლი უყვარდა. მაგრამ, ბოლო დროს ლიკა სულ უფრო იშვიათად აძლევდა შანსს‚ ეს გრძნობა სააშკარაოზე გამოეტანა. თითქმის ყოველი დღე მსუბუქი კინკლაობით იწყებოდა და უფრო ხშირად‚ ჩხუბში გადაზრდილი‚ გრანდიოზული სკანდალით მთავრდებოდა. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც გამოერეოდა‚ როცა ცოლ-ქმარი „საერთო“ ენას ლოგინში პოულობდა. ეს საქმე კარგად გამოსდიოდათ და ვნებების ქარიშხალიც ცოტათი ჩაცხრებოდა ხოლმე‚ მაგრამ თითქოს მხოლოდ იმიტომ‚ რომ მეორე დღეს „ვულკანს“ ახალი ძალით ამოეხეთქა.

– იცი‚ როგორ დავიღალე? – წამოსცდა ლაშას.

ლიკას თვალები გაუფართოვდა.

– რას მელაპარაკები?! ვაი‚ ეს რაღაც ახალია. ნუ იტყვით‚ დაიღალა ბიჭი. რამ დაგღალა? კვირაში ოთხი დღე მუშაობ? მაშინ‚ მე რა ვქნა‚ შვიდი დღიდან ერთი დღე ვისვენებ და მაშინაც თქვენ გემსახურებით. კარგად რომ დაიანგარიშო‚ შენზე მინიმუმ, ოთხჯერ ნაკლები მძინავს‚ უსინდისო!

ლაშა იატაკზე დაგდებულ შარვალს დასწვდა.

– შეგეძლო‚ სკამზე მაინც გადაგეკიდა‚ – უსაყვედურა ცოლს.

– ვაპირებდი‚ ბატონო‚ მაგრამ მერე შენს გაბადრულ სახეს მოვკარი თვალი და სურვილი გამიქრა. ღირსი არ ხარ.

– სიზმარს ვხედავდი.

– მივხვდი და იმაშიც დარწმუნებული ვარ‚ რომ შენს სიზმარში მე არ ვიყავი.

– რა თქმა უნდა. ასე რომ ყოფილიყო‚ გაბადრული კი არა‚ ნატანჯი გამომეტყველება მექნებოდა, – გახურება სცადა ლაშამ და მიიღო ცოლისგან ფერდში მუჯლუგუნი.

– უსინდისო‚ საკუთარ თავზე შეყვარებულო იდიოტო!

– აუ‚ ნუ წიკვინებ‚ რა!.. – ხელი აუქნია კაცმა‚ – მეც მაქვს ნერვები. რადგან შენსავით არ ვწუწუნებ‚ იმას არ ნიშნავს‚ რომ ძალიან მომწონს ის რეალობა‚ რომელშიც აღმოვჩნდით.

– ეჭვი მეპარება‚ – ირონიულად ჩაურთო ლიკამ. საწოლზე ფეხმორთხმით ჩამოჯდა და ქმარს მიაშტერდა. ლაშამ მისი თვალებიდან წამოსულ სიმხურვალეს ვერ გაუძლო და თავი დახარა.

– ჩემი ბრალი არ არის‚ რომ ბანკი ექვს დღეს მუშაობს. არც იმაში ვარ დამნაშავე‚ ჩემი სამუშაო დღეების რაოდენობა რომ შეზღუდულია. მთავარია‚ რომ უსაქმოდ არ ვზივარ‚ როგორც ბევრი ჩემი თანატოლი. ჰო‚ ხომ შეიძლებოდა‚ საერთოდ არ მემუშავა.

– შეიძლებოდა‚ რა თქმა უნდა‚ შეიძლებოდა‚ – გესლიანი ღიმილით დაუდასტურა ქალმა‚ – ბევრი რამე შეიძლებოდა... მაგალითად‚ ისიც შეიძლებოდა‚ რომ შენ ასეთი სულელი არ ყოფილიყავი. მაშინ ამდენი პრობლემაც არ გვექნებოდა.

ლაშამ ზუსტად იცოდა‚ რა გაგრძელება ექნებოდა ლიკას ამ სიტყვებს. იმასაც გრძნობდა‚ რომ გაჩუმება ამ სიტუაციაში ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა‚ მაგრამ შინაგანმა სიჯიუტემ სძლია. ენაც თითქოს თავისით ამოძრავდა და ის თქვა‚ რაც კამათის ჩხუბში გადაზრდის რეალურ შანსს ორმაგად ზრდიდა.

– პრობლემები რომ გვაქვს‚ ეს მარტო ჩემი მიზეზით მოხდა?

ლიკამ აღშფოთებისგან წამოიყვირა და ხელები გაშალა.

– ამას როგორ მეკითხები‚ არ გრცხვენია მაინც? თუმცა‚ მართალი ხარ. მეც კარგი სულელი გამოვდექი. რა მინდოდა‚ რა მრჯიდა‚ ფეხებზე რატომ არ დაგიკიდეთ ორივე. ვიქნებოდი ახლა მშვიდად და არც ამხელა ვალი მექნებოდა ზურგზე აკიდებული.

– შენ რა შუაში ხარ? ეგ ჩემი ვალია და მე მივხედავ‚ – ლაშა მხოლოდ ბოლო სიტყვების წარმოთქმისას მიხვდა‚ რა დააშავა‚ მაგრამ უკვე გვიან იყო. ნათქვამს უკან ვეღარ დააბრუნებდა. ლიკას გადიდებულმა თვალებმა მიახვედრა‚ რომ სწორედ ამ მომენტში‚ ქარიშხლის ამოვარდნას შეუწყო ხელი. ცოტათი დამფრთხალმა (მორიგი სკანდალის ნახვისა და მოსმენის სურვილი აშკარად არ ჰქონდა) სწრაფადვე სცადა‚ ავისმომასწავებლად დამუხტული ატმოსფეროს განმუხტვა.

– ლიკ‚ მოდი‚ რა‚ არ გვინდა ამაზე. ისედაც ორივემ ყველაფერი ვიცით.

– აჰა‚ ახლა არ გვინდა‚ ხომ? იცი‚ რას მივხვდი? შენ სულ დაკარგე სინდისი. დიახ‚ დაკარგე და ახლა ცდილობ‚ როგორც მოახერხებ‚ ისე გამოძვრე? მე დღეს და ღამეს ვასწორებ. შენ ისვენებ‚ რატომ დაიღლები‚ აქ არ ვარ „შავი მუშა“?

– ძალიან უსამართლო ხარ‚ – წყენით წარმოთქვა ლაშამ‚ – რაც შემიძლია‚ გეხმარები.

– შენ მეხმარები? შენ? იქნებ დამიკონკრეტო‚ რაში გამოიხატება ეგ დახმარება. კვირასაც კი არ მაძლევ საშუალებას‚ რამდენიმე საათი საკუთარ თავს მოვახმარო. რამდენი ხანია‚ სალონში არ ვყოფილვარ.

ლაშამ ამოიოხრა და თვალები ჭერისკენ აღაპყრო. მისი ეს უტყვი ჟესტი ლიკამ თავისებურად გაიგო.

– შეწუხდი‚ არა? ხომ ამის თქმა გინდა, მაგ ოხვრა-კვნესით. საცოდავი კაცი‚ გამოძინების საშუალებას არ აძლევენ საკუთარ ოჯახში. დაჩაგრულია ბიჭი.

– ლიკ‚ ნუ მეჩხუბები‚ რა? ახალს მაინც ვერაფერს მეტყვი. ხომ იცი? შენი „რეპერტუარი“ უკვე ზეპირად ვისწავლე.

– სწორედ მაგიტომ ხარ უსინდისო‚ ამას რომ ამბობ. მაგრამ შენ ხომ დარწმუნებული ხარ‚ რომ მე ვხალისობ‚ როცა ვჩხუბობ.

– არა. არ ვფიქრობ ამას.

– კი არ ფიქრობ‚ დარწმუნებული ხარ. პრობლემები ყველა ოჯახშია და შეცდომები ყველას მოსდის‚ მაგრამ ის‚ რაც შენ ჩაიდინე‚ წარმოუდგენელია. მითხარი‚ მართალი არ ვარ?

– მართალი ხარ. ოღონდ‚ ახლა საუბრის თემა შევცვალოთ‚ – ლაშამ ყელი გამოიგლიჯა.

– თემა შევცვალოთ და რაზე ვილაპარაკოთ? იმაზე‚ რომ ქრონიკულად არ გვყოფნის ფული? დაცხა და ბავშვი აუზზე ვერ წავიყვანე? იცი‚ როგორ უნდა? თვალებში ჩახედე და მიხვდები. ერთხელ მაინც ჩაგიხედავს შენი შვილის თვალებში?

ლაშა შეიჭმუხნა.

– ახლა უკვე აჭარბებ. აქამდე კიდევ ვცდილობდი‚ იუმორით შემეხედა ამ ყველაფრისთვის‚ მაგრამ ჩემი იმაში დადანაშაულება‚ რომ ცუდი მამა ვარ და შვილი ფეხებზე მკიდია‚ მეტისმეტია.

– მერე‚ რით ამტკიცებ‚ რომ გიყვარს?

– ლიკა‚ რა გინდა? მგონი‚ რაც შემიძლია‚ ვაკეთებ. ვმუშაობ. მიშოვე უკეთესი სამსახური და დღესვე წამოვალ გამომცემლობიდან.

– მე უნდა გიშოვო? შენ მე შრომითი მოწყობის და დასაქმების მინისტრი გგონივარ? ესღა მაკლდა‚ მოგეთხოვა ჩემგან.

– არ გთხოვ‚ არა! – იყვირა ლაშამ და ორივე ხელისგული ყურებზე აიფარა. ერთი სიტყვის გაგონება აღარ მინდა. მიდი‚ ბავშვი გაამზადე და წავიყვან. გარეთ გავალ და იქ დაველოდები.

– გარეთ გახვალ‚ რომ მეზობლებსაც გააგებინო შენი ბედოვლათობის ამბავი?

– ლიკა‚ ამ სახლში თუ ვინმეა ჩხუბის ინიციატორი‚ მხოლოდ შენ. ბოროტად სარგებლობ იმით‚ რომ მიყვარხარ‚ მაგრამ იცი‚ რომ სიყვარულიც მთავრდება ერთ მშვენიერ დღეს.

ლიკამ თვალები მოჭუტა.

– ეს როგორ გავიგო? შანტაჟზე მიდიხარ? მაშინებ‚ რომ ერთ დღეს კარს გაიჯახუნებ და წახვალ?

– არა. რა სისულელეა. არ გაშინებ და საერთოდ‚ ეჭვი მეპარება‚ შენ ამან შეგაშინოს.

– სწორად მიმხვდარხარ. ნამდვილად არ დავიხოცებით უშენოდ მე და ვატატო.

ლაშამ ცოლისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ლიკა ვერ მიხვდა ქმრის განზრახვას და თავდასხმისთვის მოემზადა‚ უკან გახტა და საბრძოლველად შემართულმა შეუბღვირა. ლაშას უნებლიეთ გაეცინა. ამ სიცილმა სიტუაცია განმუხტა და ლიკასაც გაეღიმა.

– იცი‚ რა საყვარელი ხარ‚ როცა იღიმები? – ლაშამ ცოლს მხარზე მოხვია ხელი და მიიხუტა‚ – არ შეიძლება‚ სულ იცინოდე?

– ჰოო? მეც მინდა‚ რომ სულ ვიცინოდე‚ მაგრამ ეს რომ გავაკეთო‚ ან გიჟი უნდა ვიყო‚ ან ცხოვრების პირობები უნდა მქონდეს შესაბამისი. მე არც ერთი ვარ და არც მეორე მაქვს. როგორ მოვიქცე? ჩუმად ხარ? – იმიტომ რომ არ იცი‚ რა მითხრა.

– ვიცი‚ რაც უნდა გითხრა‚ მაგრამ ისე არ გაიგებ‚ როგორც საჭიროა. ამიტომ, ჩუმად ყოფნას ვარჩევ. არ მინდა‚ ხელახლა „აგაყეფო“.

ლიკამ უხეშად მოიშორა ქმრის მკლავები.

– „ვიყეფები“ ჰო?! ესე იგი‚ მე ძაღლი ვარ. ძალიან კარგი. ჰოდა‚ რომ გიკბენ‚ თანაც ძალიან მწარედ‚ მერე გაიგებ‚ ძაღლი რომ არ უნდა გააბრაზო.

– საერთოდ არ გესმის ხუმრობა‚ „აცრილი ხარ“‚ რა...

– მე შენი უადგილო „შავი“ იუმორი არ მესმის. ისიც არ მესმის‚ როგორ შეგიძლია‚ ჩვენს მდგომარეობაში სულ კარგ გუნებაზე იყო.

– იმიტომ‚ რომ ოპტიმისტი ვარ.

– ოპტიმისტი კი არა‚ იდიოტი ხარ! – მიახალა ლიკამ.

– ეჰ‚ შენ ისევ თავიდან იწყებ. დროზე თუ არ გავასწარი‚ სერიოზული ჩხუბი ატყდება. მე კი ჯერ ისევ მიყვარხარ. სად არის ბავშვი?

– სამზარეულოში. ჭამს‚ – ლიკას სახე დაუსევდიანდა‚ – მეცოდება ეგეც‚ სულ ჩვენს ჩხუბს უყურებს ბავშვი. ამ ბოლო დროს სულ მოწყენილია.

– მერე‚ ნუ ვიჩხუბებთ‚ ჩვენც... – ლაშამ ცოლს თმა მოუჩეჩა‚ კაპუეტო შენა‚ არაფრით არ შეგიძლია‚ რომ არ იწიკვინო.

– ვდარდობ‚ გესმის შენ? ვდარდობ და განვიცდი. შენ არაფერი გენაღვლება.

– მენაღვლება‚ ლიკ‚ მენაღვლება‚ მაგრამ რა ვქნა? მართლა არ ვიცი‚ რა უნდა გავაკეთო‚ გეფიცები.

– კაცი იმიტომ გქვია‚ რომ უნდა იცოდე‚ – გაიბუტა ქალი.

– მე ის ვიცი‚ რომ ყველაფერი კარგად იქნება.

– ნეტავი ვიცოდე‚ რისი იმედი გაქვს‚ – ამოიოხრა ლიკამ.

– რას ნიშნავს‚ რისი იმედი მაქვს? რა თქმა უნდა‚ ღმერთის!.. – სერიოზულად წარმოთქვა ლაშამ...

***

„ღმერთის არსებობის სჯერა იმასაც კი‚ ვისაც მისი არ სჯერა... ყოველ შემთხვევაში‚ ადამიანებს არსებობა არ შეუძლიათ რწმენის გარეშე. ნორმალურ ადამიანს ვგულისხმობ‚ რა თქმა უნდა... არ მახსოვს‚ სად წავიკითხე‚ რომელიმე ბულვარული ჟურნალი იქნებოდა‚ ჩემს ცოლს ასეთები თავზე საყრელად აქვს და გამომცემლობაშიც მიმიწვდება ხელი... მოკლედ‚ რა მნიშვნელობა აქვს‚ სად წავიკითხე. მთავარი მისი შინაარსია... ამ ჟურნალის‚ ანუ ბულვარული ენით რომ ვთქვათ‚ რამდენიმე უტყუარი ნიშანი არსებობს იმისა‚ რომ ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს... დიდი კათოლიკე მოაზროვნე თომა აქვინელი‚ მისი აზროვნება და პიროვნება მთელი ცხოვრება პატიოსნად ემსახურებოდა ღმერთთან მიახლოების მიზანს. სწორედ მან შეადგინა დოკუმენტი‚ რომელიც თითქმის კათოლიციზმის საფუძვლად იქცა. მაგრამ, ამაზე ლაპარაკი ჩემი ერუდიციის დემონსტრირება იქნება და რბილად რომ ვთქვათ‚ არ მინდა... მარტივად ვიტყვი იმათთვის‚ ვისაც ღმერთის არსებობაში ეჭვი ეპარება და მერე გადავალ ჩემს მთავარ სათქმელზე.

...არ არსებობს სამყაროში არაფერი‚ რაც დამოუკიდებლად‚ გარედან ჩარევის გარეშე არ მოძრაობდეს. თუ ეს სიმართლეა‚ მაშინ სამყარო მოძრავი ყოფილა და უნდა არსებობდეს სადღაც მარადიული ძრავა. ვინ შეასრულებს ამ ფუნქციას ყოვლისშემძლე ღმერთზე უკეთესად...

ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ყველა მოვლენას და ადამიანის ამქვეყნად მოვლინებას... სამყაროს გაჩენის მიზეზი ვინ შეიძლება იყოს‚ ხვდებით? – ღმერთი..

ყოფნა-არყოფნას, ჩვენ არ ვწყვეტთ. ხომ შეიძლება‚ არ ვყოფილიყავით‚ ან შენ არ ყოფილიყავი‚ ან რომელიმე კონკრეტული ნივთი არ ყოფილიყო... ვინ გადაწყვიტა ჩვენი ყოფნა-არყოფნა? – ღმერთმა (თუ საპირისპირო აზრი გაქვთ‚ კარგად ჩამოაყალიბეთ და მოგვიანებით მომმართეთ).

ადამიანებიც და ჩვენი სამყაროც ერთი კონკრეტული მიზნისკენ მიდის. ჯერ არ ვიცით და საერთოდაც‚ არც არასოდეს გვეცოდინება‚ რა არის ეს მიზანი. სამაგიეროდ‚ იცის „იმან“‚ – მიხვდით ხომ‚ ვინც ვიგულისხმე?! თუმცა‚ უსინდისო ადამიანები არსებობენ. ამ ყველაფერს რომ წაიკითხავენ და გაიცინებენ... მაგრამ მათაც დაუდგებათ ჟამი‚ როცა ღმერთს პატიებას სთხოვენ. ის კი ისეთი გულმოწყალეა‚ რომ აპატიებს... აუ‚ სად წავედი... ხომ არ დაიღალეთ. ახლავე გადავალ მთავარზე... მოკლედ‚ მე დარწმუნებული ვარ‚ რომ ღმერთი ჩაერია ჩემს რეალობაში... „კონტექსტიდან“ ამომგლიჯა და... რაც მოხდა‚ ამას მოგვიანებით შეიტყობთ. მოთმინება დასაფასებელი თვისებაა‚ მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან უცხოა. ახლაც კი დიდების მბრწყინავ სხივებში გახვეული და „შარავანდედით“ მოსილი ვერ ვითმენ და მოვლენებს წინ ვუსწრებ‚ არადა... სად გვეჩქარება?!.

***

ლაშამ მანქანა სკოლის ჭიშკართან მიაყენა. ბავშვს ლოყაზე აკოცა და გაუღიმა.

– ჰე‚ ახლა‚ გადადი! საღამოს ისევ მოგაკითხავ.

ბიჭი გადასვლას აყოვნებდა.

– რა იყო‚ ვატო‚ არ გინდა სკოლაში წასვლა?

– ბავშვმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

– მოიცა‚ ვერ გავიგე. გინდა თუ არ გინდა.

– მინდა‚ ძალიან მინდა... მა‚ სკოლიდან ხომ არ გამომიყვანთ?!

– რატომ უნდა გამოგიყვანოთ? ეგ ვინ გითხრა?

– არა. არავის უთქვამს‚ მაგრამ თქვენ ხომ ფული არ გაქვთ. ჩემი სკოლის გადასახადი კი ძალიან ბევრია. დედამ ბებოს უთხრა‚ გავიყიდე და თუ ჩემი ქმარი ტ...ს არ გაანძრევს‚ არ ვიცი‚ ვატოს რა ეშველება‚ რითი გადავიხდით ბავშვის სკოლის გადასახადსო.. მა‚ გაანძრიე‚ რა ტ...ი.

ლაშა ერთიანად გაწითლდა‚ მაგრამ ვატოს ისეთი საყვარელი‚ გაოცებული და შეწუხებული სახე ჰქონდა‚ რომ გაბრაზება ვერ შეძლო.

– შენ არ იდარდო‚ სკოლიდან არავინ გამოგიყვანს. დედაშენს მე დაველაპარაკები...

– მპირდები‚ მა? – ვატო გახალისდა.

– რა თქმა უნდა‚ გპირდები‚ – ლაშამ შვილს მხარზე დაჰკრა ხელი‚ – შენთვის მითქვამს როდისმე ტყუილი?!

– არა.

– ჰოდა‚ არც ახლა მოგატყუებ. გაიქეცი‚ თორემ ახლა კი მართლა დაგაგვიანდა.

ლაშამ რამდენიმე წუთი იფიქრა‚ პირდაპირ სახლში წასულიყო და მოთმინებით დალოდებოდა ცოლის დაბრუნებას‚ თუ ლიკასთვის ბანკში შეევლო და იქ ეთქვა მისთვის რამდენიმე „ტკბილი“ სიტყვა. ბოლოს ისევ სახლში წასვლა არჩია. იცოდა‚ ცოლის ხასიათი და ბოლომდე ვერ გარისკა. არ ჰქონდა იმის გარანტია‚ რომ იქვე არ მოაწყობდა ისტერიკას. ამოიოხრა. ლიკას ზოგჯერ ჯიუტად არ უნდოდა‚ მისთვის გაეგო. არადა‚ შეეძლო. სულ ცოტათი რომ მოენდომებინა‚ საერთო ენას ადვილად გამონახავდნენ. ცოლის სიყვარულში დარწმუნებული იყო და თვითონაც ძალიან უყვარდა. ვერც წარმოედგინა‚ მის გარეშე როგორ უნდა ეცხოვრა‚ მაგრამ ხან ისე უშლიდა ნერვებს... საკუთარ თავთან პირდაპირ დარჩენილი ლაშა აღიარებდა‚ რომ გარკვეულწილად თავად იყო დამნაშავე‚ ბიუჯეტში ასეთი სერიოზული გარღვევა რომ ჰქონდათ. ლიკას მარტო იმას საყვედურობდა‚ რომ ქალს არ სურდა, მონაწილეობა მიეღო პრობლემის მოგვარებაში. მართალია‚ კარგად თვითონაც არ ესმოდა‚ რა უნდა გაეკეთებინათ ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად‚ მაგრამ ლიკას ხომ შეეძლო‚ დროებით უარი ეთქვა პატარ-პატარა სიამოვნებებზე. მაგალითად‚ არ ეყიდა თავისთვის ძვირფასი კოსმეტიკა‚ ცოტა ხნით არ გაეახლებინა თავისი და ბავშვის გარდერობი (ლაშამ კატეგორიულად აუკრძალა მისთვის რამის ყიდვა‚ თუმცა ჩაცმა და ახალი ტანსაცმლის შეძენა ცოლზე მეტად თუ არა‚ ნაკლებად არ უყვარდა). ლიკა არ იყო გაჭირვებაში გაზრდილი. მისი მზრუნველი ბავშვობა ნათელი ფერებით იყო სავსე და „ფული არ გვაქვს‚ ვერ გიყიდით“ – ეს ფრაზა მისთვის ისეთი უცხო იყო‚ ყურს სჭრიდა. თავისი შემოსავალიც ჰქონდა‚ თანაც საკმაოდ სოლიდური. თავი მოჰქონდა იმით‚ რომ შეეძლო‚ ქმარზე დამოკიდებული არ ყოფილიყო. ლაშასაც ყოველთვის მოსწონდა საქმიანი‚ დამოუკიდებელი ქალები. ურთიერთობა შესანიშნავად ააწყვეს. ერთი წელიც არ გასულა მათი პირველი შეხვედრიდან‚ რომ დაქორწინდნენ. თავიდან ყველაფერი ისე კარგად იყო...

ლაშამ საჭეს ორივე ხელი ჩაავლო და სიჩქარეს მოუმატა... რა თქმა უნდა‚ თვითონ იყო დამნაშავე. წინდაუხედავად მოიქცა. აჩქარდა... არა‚ კი არ აჩქარდა‚ ენდო. თორემ ათი წელიც რომ ეფიქრა‚ ზუსტად იგივეს გააკეთებდა. ახლა ამ ნდობისთვის ისჯებოდა. დასჯა არ ერქვა იმას‚ რაც მის ოჯახში ხდებოდა? ყოველდღიური სკანდალები და მუდმივი შიში იმისა‚ ეყოფოდათ თუ არა ხელფასი თვის ბოლომდე... ლაშამ ისევ მოუმატა სიჩქარეს...

***

ლიკა კომპიუტერის მონიტორს მიაშტერდა. ყოველთვის ნერვიულობდა ქმართან კამათის შემდეგ და სინდისი ქენჯნიდა. ვერა და ვერ ისწავლა მოთმენა და საუბრისთვის ხელსაყრელი მომენტის შერჩევა. თუმცა‚ ლაშასთან ასეთი მომენტები საჭიროც არ იყო. კამათის მუდმივი მიზეზი თავად უზრუნველყო... ლიკამ ჩანთა გახსნა‚ მობილური ამოიღო და მესიჯის ტექსტის აკრეფა დაიწყო. მერე უცებ გაბრაზდა‚ აკრეფილი ტექსტი წაშალა და მობილური გულმოსულმა დაანარცხა მაგიდას...

– ნუ დაამტვრევ‚ ფული ღირს...

ლიკამ თავი ასწია.

– სოფო... რომ იცოდე‚ როგორი ნერვებმოშლილი ვარ...

– ისევ იჩხუბეთ? – სოფომ სკამი ფეხით გამოსწია და გვერდით მიუჯდა‚ – აი‚ რატომ არ ვთხოვდები... ყველა კაცი ერთნაირია. კარგად უნდა აწვალო‚ ახტუნაო და ჯიბეგამოცარიელებული გარეთ გააგდო.

– ჩემს შემთხვევაში‚ ეგ მეთოდი არ გაამართლებდა‚ – სევდიანად ჩაილაპარაკა ლიკამ.

სოფომ გადაიკისკისა.

– რატომ‚ თავიდანვე ჯიბეგაფხეკილი იყო?

– არა. ეგ რა შუაშია. უბრალოდ‚ მე მიყვარს ჩემი ქმარი. ძალიან მიყვარს... და‚ როცა გიყვარს‚ რადიკალურ ზომებს ვერ გაატარებ.

– ზომებს თუ სადამსჯელო ღონისძიებებს?

– რა მნიშვნელობა აქვს... ამოიოხრა ლიკამ‚ – დილითაც ვერ შევძელი თავი შემეკავებინა. ხომ იცი‚ ჩვენი მდგომარეობა. მაგას კი ისე მშვიდად ეძინა‚ გავცოფდი.

სოფომ წაუსტვინა.

– და‚ მაგის გამო ეჩხუბე? გიჟი ხარ?

– გიჟი ვარ‚ აბა‚ რა ვარ. ის ვალი რომ გამახსენდება‚ ჭკუა აღარ მომეკითხება... აქეთ კიდევ საკრედიტო ბარათები...

– კიდევ ვერ შეავსე?

– რას შეავსებ... ცოტას მოვაგროვებ და მაშინვე რაღაც გამოხტება. ლაშას ხელფასი არაფერში გვყოფნის. ვეხვეწები‚ კიდევ ერთი სამსახური იშოვე-მეთქი‚ მაგრამ...

– შენ რომ იშოვო დამატებითი შემოსავალი? – სოფომ ეშმაკურად გაიღიმა და საგულდაგულოდ შეღებილ ტუჩებზე ენის წვერი მოისვა.

– რა დამატებითი შემოსავალი... კვირასაც ხომ არ ვიმუშავებ?! – გაიოცა ლიკამ.

– იმუშავეო‚ ვინ გეუბნება. არ მითხრა‚ რომ ვერ მიხვდი‚ რა ვიგულისხმე‚ – სპონსორი იშოვე და შენი ყველა პრობლემა მოგვარდება.

ლიკამ შუბლზე მოისვა ხელი. სოფო ისევ უღიმოდა‚ თითქოს ეუბნებოდა‚ ტყუილად ცდილობ‚ თავი მიამიტ ადამიანად მომაჩვენო. ძალიან კარგად იცი‚ რა ხდება და როგორო...

– სოფო‚ ხომ გითხარი‚ ჩემი ქმარი მიყვარს-მეთქი.

– ჰმ‚ მერე რა! ეგ რა შუაშია?

– იმ შუაშია‚ რომ სხვა კაცი არ მჭირდება‚ – მოუჭრა ლიკამ.

– მაშინ‚ იხადე ვალები და ნუღარ იწუწუნებ‚ – მხრები აიჩეჩა სოფომ‚ – კიდევ რამდენი წელი უნდა იხადო?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

– ის მნიშვნელობა აქვს‚ რომ საუკეთესო წლები გადის. შენ კი‚ დღე და ღამე ამ მონიტორს მისჩერებიხარ. აბა‚ მითხარი‚ ბოლოს როდის იყავი‚ თუნდაც კინოში.

– სოფო‚ ისედაც საშინელ გუნებაზე ვარ... – პასუხს თავი აარიდა ლიკამ.

– ვიცი და ამიტომაც მინდა‚ ცოტა შეგაჯანჯღარო‚ რეალობა დაგანახო და იმასაც მიგახვედრო‚ რომ ხვალ შეიძლება ძალიან ინანო შენი ახირება.

– ქმრის სიყვარული ახირებაა?

– ამ შემთხვევაში‚ ახირებაა. შენმა ქმარმა არც კი გკითხა‚ ისე აიღო ძმაკაცის გამო სესხი‚ რომელსაც ახლა შენ იხდი. ხომ ასე იყო‚ ხომ არაფერი მეშლება?

– რა ექნა‚ უჭირდა იმ ბიჭს‚ დედა უკვდებოდა.

– ჰო‚ ჰო‚ უკვდებოდა... მერე „მოკვდა“‚ მერე‚ საბერძნეთში წავიდა და დღეს ეგ „მკვდარი“ თავის შვილთან ერთად მთელ ევროპაში გრიალებს. ლიკა‚ ეგ ამბავი „ცვეტში“ ვიცი. ხომ ხვდები‚ რომ ჩემთან ეგეთები არ გჭირდება.

– მართალი ხარ‚ სოფო. ლაშა ცუდად მომექცა‚ ძალიან ცუდად‚ მაგრამ ეს კიდევ არ მაძლევს იმის საფუძველს‚ რომ საყვარელი გავიჩინო.

– ეგ შენი გადასაწყვეტია‚ საყვარელო. შენნაირები ფიქრობენ‚ რომ ყველასგან განსხვავებულები და განსაკუთრებულები არიან. მაგრამ, ასე არ არის... – სოფომ დამცინავად ჩაიცინა და ხმაურით მისწია სკამი‚ – საყვარელო‚ კიდევ იმის თქმა მინდოდა‚ რომ ამ სტილის ჯინსებს დღეს აღარავინ იცვამს. მოდაში აღარ არის. მართალია‚ რომ ზიხარ არ ჩანს და პრინციპში‚ ფეხსაცმელებსაც მეტ-ნაკლებად უხდება‚ მაგრამ შენ არ მემეტები ასეთი ცხოვრებისთვის. აშკარად მეტს იმსახურებ. იმაზე მეტს‚ რისი მოცემაც ლაშას შენთვის შეუძლია...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3