კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-24(494)


რა მიმართულებით უნდა გავიხედო, არ ვიცი, მაგრამ ინსტინქტურად აღმოსავლეთისკენ ვიხედები. ასე მგონია, აზრით წრფეს თუ გავავლებ, ფისომდე მიაღწევს და რაღაც შეტოკდება მის არსებაში... ფისო მიმტკიცებდა, ინფორმაციის მიმღები და გადამცემები ყველანი ვართ, უბრალოდ, არ ვუგდებთ ყურს საკუთარ შეგრძნებებსო.

ჩემი „როკი“, სანამ სახლში მივიდოდი, 15-20 წუთით ადრე იწყებდა ყეფას და კარს აღარ შორდებოდა. მიწისძვრებმა რომ ერთი ხანობა თავი შეგვაჩვია, ნახევარი საათით ადრე წვივებზე მკბენდა, ადექი, გარეთ გავიდეთო. რამდენი ძაღლიანი ადამიანი ვიცი, მაგრამ ყველას ძაღლი კი არ ამჟღავნებს ამ უნარს. კატა მყავდა „მანონი“, სკოლიდან მოსვლისას მორიგესავით გზაზე მხვდებოდა. რა იცოდა იმან ჩემი სკოლის გზა? რამდენი ასეთი რამის ჩამოთვლა და შედარება შეიძლება, ხომ აზრზე ხარ. შენ რომ დამცინი ხოლმე გიჟებზე და რაღაცეებზე, ესეც ისაა. გიჟებსაც, ჩვილ ბავშვებსაც და ცხოველებსაც ეს რაღაც გრძნობა ზომაზე მეტად აქვთ განვითარებული, იმიტომაა, გარს რომ მეხვევიან და ჩემს ხელში მშვიდდებიან. ისინი ჩემგან იღებენ სიყვარულის იმპულსს და თვითონაც შესაბამისად იქცევიან. რამდენჯერ მითქვამს, მე რომ ვიღაც თვალში არ მომივა, ის ადამიანი მარტო ჩემთვის კი არა, ადამიანად არ ვარგა-მეთქი. გვიკამათია იმ ვიღაცის გამო, მაგრამ მერე, თავი რომ გამოუმჟღავნებია, ხომ მოგიკაკვავს თითი?

– რა შებერტყილი მყავხარ, ფისო?

– შებერტყილი კი არ ვარ, ყველაფრის სათავეს ვეძებ და ეგაა, მეტი არაფერი. რომ დამადგები ხოლმე თავზე, ერთი ხელის მოსმით შეგიძლია ადამიანის გაწირვაც და ვიღაცის უაზროდ შეყვარებაცო, ესეც მაგ მიზეზით ხდება. ხომ იცი, როგორ მძულს კონფლიქტი და მსგავსი სიტუაციები, მაგრამ ამის გამო კი არაა, რომ უკონფლიქტოდ ვშორდები საძაგელ ადამიანებს, არა, ისინი თავიდანვე შორს იყვნენ ჩემგან და ამას ოფიციალურ სახეს ვაძლევ. გაგიგონია, მე თავს დავესხა ვინმეს?

– არა, ფისო, მარტო მე მეკაპასები.

– გაჩერდი ერთი! თუ თავს დამესხა ვინმე, მერე კი იცი შენ... იმიტომ ვიკავებ თავს. კაცო, ადამიანს არ ვიცნობ, არ მიცნობს, რას მერჩის? იმწამსვე ვიღებ იმის განწყობას ჩემდამი და მერე რამდენიც უნდა, იმდენი მელაქუცოს სიტყვიერად. არიან გარემოების მძევლებიც...

– ვინ არიან, გაფიცებ! არა, „გარემოების მძევალი“ მომეწონა.

– კეტი რომ მირტყა თავში, აზრს ვერ შემაცვლევინებ – დედაშენს სული და გული ექაჩებოდა ჩემკენ და არც მალავდა, ასევე ვიყავი მეც მის მიმართ. ამან გააშმაგა ბარე ორი და დანებდა დედაშენი, გარემოების მძევლად იქცა, მაგრამ რა ექნა, თავს ზემოთ ხომ ვერ ახტებოდა... სასწაულია, ვიღაცისგან სითბო მოდიოდეს და, კარს ჩავრაზავ კი არა, ფართოდ გავუღებ... არა უშავს, არასდროს არაფრისთვის არ არის გვიან...

რამდენი რამე გაახსენდება ადამიანს! მაინც სად იტევს ამდენ ინფორმაციას ეს ერთი ბეწო, რამდენიღაც გრამი ტვინი?

როგორ უყვარს ფისოს შემწვარი ტვინი, გიჟდება. ვაფშე, რა აჭმევს ამ გულისამრევ რაღაცეებს? ერთ დღეს აიტეხა, რატომ აღარ იყიდება ბაზარში ყვერებიო. ჯერ მეგონა შაყირობდა, თურმე მართლა იჭმევა, მე რა ვიცოდი...

– ხორცეული კაცის საჭმელია და ფაფები, ნამცხვრები, ხაჭაპური და ეგეთი რამეები ქალის? იმდენი შენ რა გითხარი! ჯერ საჭმელი ვინ გაყო სქესის მიხედვით და მერე, კაცებს რომ ნამცხვრები და ფაფები უყვართ, მასე უნდა სიყვარული! – ცხვირმოჭმუხნულმა გადმომხედა ფისომ.

ეჰ, ფისუნია, ფისუნია, როგორ მომენატრა შენთან ქაქანი...

ერთ დღეს ვდგავართ, ზოგი ვბაზრობთ, ზოგი რაღაც და ჩამოიარა რეჟიმის უფროსმა.

– 15 ñóòîê!

– Çჭ ÷òî?

– ჟèჰåë íჭ êîðòî÷êჭõ, ñòჭðûå êჭòîðæჭíñêèå ïðèâû÷êè, ïðèჰåðæèâჭåøüñÿ âîðîâñêèõ òðჭჰèöèé. Îხøèðíûìè ჯëჭçჭìè ñìîòðåë ÷åðåç çჭïðåòêè â ñòîðîíó მîñêâû. ოîïûòêჭ ïîხåჯჭ – 15 ñóòîê!

ახლაც ასეა ჩემი საქმე, თბილისისკენ ვიყურები ვითომ, არც გაქცევას ვცდილობ და არც სხვა რამ მომდის აზრად, უბრალოდ, მომწყინდა, დავიღალე ფიქრებში ბოდიალით, ხმის გამცემი მინდა... აღარც „ჩემი სომხები“ მყავს და აღარც „ჩემი ჩეჩნები“, გულს მაინც გადავაყოლებდი რამეს... ე, იმ შერეკილ ტიპთან ხომ არ დამერეკა, ძალიან რომ თავს დებდა, მსოფლიოში ყველაზე მაგარი მსმენელი ვარო? შერეკილს კი ჰგავდა, მაგრამ ჯანდაბას იმისი თავი, მთლად შტერს და უწიგნურს არ ჰგავდა. არა, მაინც რა უცნაურობები მოხია 3-4 წუთში, რა იყო, ჯერ „სუბუტექსს“, მერე „ნატოს“ და მერე საქართველოს მთავრობას ბოლი არ აადინა? აღარ ვიცი, ვყოყმანობ, რომ დავრეკო, რა ვთქვა, ვინ ვარ ან რატომ ვრეკავ, გამრთობი მინდა და გამართე-მეთქი თუ რა. სახელიც არ უკითხავს, არც დაინტერესებულა, რა მქვია, როგორ გავახსენო, ვინ ვარ, მატარებელში „ნატოზე“ რომ მებაზრებოდი, ის ვარ-მეთქი? რაც არის – არის, უნდა დავრეკო, მაგრამ რა ენაზე ვიკითხო? ალბათ, ინგლისურად, საერთაშორისო ენაა და ვინც მიპასუხებს, რამეს მაინც გავაგებინებ.

– Hello! (ინგლისურად – გამარჯობა!).

– Neun, neun! (გერმანულად – არა, არა).

– Sprechen Sie Deutsch? (გერმანულად – გერმანულად საუბრობთ?).

– Neun, neun! (გერმანულად – არა, არა!).

ვახ, ამის დედა ვატირე, სად ვიცი იმდენი ფრანგული, რომ ამას ჩავუფრანციცულო. ეს რა ყუმი ვიღაცაა, „ნაინ, ნაინ-ს“ გაიძახის გერმანულად და გერმანული არ იცის. შე ჩემისა, რა ენაც იცი, იმ ენაზე თქვი, რას ნემეცობ აქა, ავადა ხარ? თუმცა, რა გასაკვირია, იმ შერეკილს თავისნაირი შერეკილები ეყოლება.

– Madame, parlez-vous Français? (ფრანგულად – ლაპარაკობთ, ქალბატონო?)

– Qui monsieur je parle Français, mais j‘ai mal ხ m‘expliquer, quer, que voulez-vous monsieur. (ვლაპარაკობ, მაგრამ გამართულად ვერა. რა გნებავთ, იქნებ ერთმანეთს როგორმე გავაგებინოთ...)?

– Je voudrai savoir si monsieur David avec sa femme habite dans cet appartament? (ბატონი დავითი, მეუღლითურთ, არ ცხოვრობს ამ ბინაზე)?

– Non monsiur aucun David n‘habite pas isi. (აქ არანაირი დავითი არ ცხოვრობს.)

– Cette impossible! (შეუძლებელია).

– Maleuresement je ne peu pas vous aider. (სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით.)

– C‘est dommage. Au revoir; (მართლაც სამწუხაროა. კარგად ბრძანდებოდეთ).

– კაი, ჰო, შენი კარგიც... – ჩავილაპარაკე ჩემთვის და ლამის დადებული ყურმილი ისევ ყურზე მივიდე, თითქოს ქართული ინტონაციით ნათქვამი რაღაც ჩამესმა. ყურმილი ისევ ხელში ეკავა იმ „გერმანისტს“.

– ალო, ალო! – ჩაჰკიოდა ყურმილში.

– ჰო, ჰო, გესმის? – ჩავძახე ყურმილში მეც.

რა უცნაური გრძნობა ყოფილა, სადღაც გადაკარგულში მშობლიურ ენას რომ გაიგებ მოულოდნელად.

– ვინ ხარ, რას იგინები! – წიკვინებდა ქალი ქართულად.

– ქალბატონო, ქართული თუ იცოდით, რას მომატეხინეთ ენა!

– რომელი ხარ, ვერ გიცანი! – აგრძელებდა წიკვინს ქალი.

– თქვენ არ მიცნობთ, ქალბატონო, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ჩანს, შეცდომით ავკრიფე ნომერი. სასიამოვნოა ქართული საუბრის მოსმენა ევროპის ცენტრში. ის სიტყვები კი მაპატიეთ...

– ეგ არაფერი. ვის ეძებთ, მითხარით, იქნებ დახმარება შემიძლია?

– არა, ნუ წუხდებით, ვერ დამეხმარებით.

– თუ ცხოვრობს, დაგეხმარებით, მაგრამ ისე, გავლით თუ არის, მაშინ რა გითხრათ.

– გვარი არ ვიცი, მაგრამ მამაკაცმა თავისი ხელით დამიწერა ტელეფონის ნომერი მატარებელში. მაღალი, ღია ფერის, სიმპათიური მამაკაცი იყო მანდილოსანთან ერთად. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, გვარი არ ვიცი...

– უი! ერთი წუთი მოითმინეთ!

ხომ ვამბობდი, აი, მეორე შერეკილიც.

– ალო, გისმენთ!

რა სასიამოვო ხმა აქვს...

– გამარჯობა. მე...

– ვიცი, გადმომცეს, მახსოვხართ.

– ვიფიქრე, შევეხმიანები-მეთქი...

– მოსვლა ხომ შეგიძლიათ? – გამაწყვეტინა ქალმა უცერემონიოდ.

– შემიძლია, მაგრამ...

– მაშინ მობრძანდით! ჩაიწერეთ მისამართი!

ე, აი, მესამე შერეკილიც!

ესენი ვერ არიან თავიანთ მატორზე...

– ქალბატონო...

– არავითარი ქალბატონო, მარიამი. რამდენ ხანში მოხვალთ?

ეს ვინ არის, ტო, ესეთი რამე არ გამიგია, ხმა ბარხატივით აქვს, ინტონაცია ალესილი ხმალივით.

– როგორ უნდა მოვიდე, თუ ამიხსნით...

– სად ხართ?!

ე, რანაირად ლაპარაკობს, ამას ხომ არ აჟრიალებს?!

– კარგი. მოუთმენლად გელით.

ვა, რანაირ ადამიანს არ გადაეყრები ამ ქვეყანაზე. უზრდელს არ ჰგავს, მაგრამ წინადადების დამთავრებას არ მაცდის, პირში მივარდება, ან ის დავითია თუ ჩემი ფეხებია, თვითონ რატომ არ დამელაპარაკა, დაკუტებულია? კაი, ეს ცოლი იყო, ის წიკვინა ქალი ვინღა იქნება, მოსამსახურე? ალბათ, წაიყვანდნენ ვიღაც გაჭირვებულს და ორ კაპიკად აშნირავებენ... დაიცა, დავითი არ ჰქვია იმ ჩემისას? რატომ დაიბნა ის ქალი?

საფრანგეთი!

რა დიდი რამე მეგონა საფრანგეთი წიგნებისა და ფილმების გადამკიდეს, რა ნაშობა მყავდა წარმოდგენილი და ეს რა შემრჩა?! ესაა საფრანგეთი? ძველი დიდების ინერციით მიმავალი ქვეყანა უსახური ხალხით. არ ვიცი, ლეკიანობაა და ლამაზებს მალავენ თუ როგორაა ამათი საქმე. ლამაზი კი არა, ერთი სანდომიანი, ეშხიან-მარილიანი კაცი არ შემხვედრია, არამცთუ ქალი. დაილოცოს, ღმერთო, ქართული ჯიში! აქამდე, რაც იყო, ჰო, მაგრამ ახლა ვინღა გადამათქმევინებს, რომ მსოფლიოში ულამაზესი ქალები ქართველებს გვყავს. რაც ამათ აქ თავის მოვლა აქვთ, ის რომ ჩვენს ქალებს ჰქონდეთ, ამათ მაკიაჟიან თოჯინებს ჩაისვამენ ჯიბეში. არა, მაინც რას ჰგვანან, ჰა? რამდენი ქვეყანა გადმოვიარე ბათუმს აქეთ და თვალმა ვერ გაიხარა. ფისო მედავებოდა, ეგოისტი ხარ და იმიტომ არ მოგწონს მსახიობი მამაკაცებიო.

– ტო, ეგოისტი რატომ ვარ, ჩემი გემოვნება მაქვს. შენ რა, ყველა მოგწონს?

– არა, მაგრამ შენ სულ მთლად ხაზგადასმულები გყავს.

– გოგო, ის ჩემისა, რა ჰქვია, ტომ კრუზი, ბრედ პიტი, დი კაპრიო და ეგეთი სირიკოები როგორ უნდა მოგეწონოს, თუ ნამდვილი ქალი ხარ?!

– მერე ვინ ამბობს, რომ რომელიმე მომწონს?

– შენ არ მოგწონს, მაგრამ მსოფლიოს ქალები ხომ გიჟდებიან მათზე...

– შენ რა განაღვლებს? აი, მასე რომ ირევი, იმიტომ გეძახი ეგოისტს.

– ტო, ალ პაჩინო, დე ნირო, ჯეიმს ვუდსი, სტივ მაკქუინი რომ მევასებიან, რატომ მაშინ არ ვარ ეგოისტი?

– კარგი რა, ახლა იმათ გამო მედავე...

აჰა, აი, იმ შერეკილების სახლიც...

ვა, რა მაგარი ბაითია?!..

– მობრძანდით!

მივბრძანდი.

ვა, რას მიხსნის ეს ქალი, ან ის შერეკილი ტიპი სადაა?

– მარიამ, გეთაყვა, ნუ მიწყენთ, მაგრამ მე ისიც ვერ გავიგე დავითმა მიგატოვათ, წავიდა ისე, რომ არ დაიბარა სად მიდიოდა, დაიკარგა ბავშვივით თუ როგორაა...

– აი, ასე, გავიდა და აღარც დარეკა, აღარც მოვიდა...

– რატომ არ განაცხადეთ სადმე?

– არ შეიძლება.

– რატომ, თქვენ ხომ არავის ემალებით?!

– სახელმწიფოს არა, მაგრამ... პრინციპში, შეიძლება არასწორად ვიქცევი, მაგრამ არც ის ვიცი, როგორ მოვიქცე. ის იმდენად თავისებური ადამიანია, შეიძლება სამუდამოდ მიმატოვოს თუ მის ცხოვრებაში ოფიციალური პირები ჩავრიე, მის და-ძმასაც ვერ ვეუბნები...

– ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ გაუგეთ, კაცია, გაიგულავა სადღაც და მოვა, საქმე ისაა, რომ მოვა თუ მიიღებთ?

– რა შეკითხვაა...

– რა ვიცი, ქალებისას რას გაიგებ... ფული აქვს?

– საკმაოდ.

– რომ გაუთავდება, მაშინ მაინც მოვა, – ვითომ ვანუგეშე რა!

– არ გაუთავდება.

– როგორ, ფულის საბეჭდი მანქანით დადის? – გავიხუმრე უადგილოდ, მაგრამ მართებულად.

– დადის, დადის, – სევდიანად გაეღიმა მარიამს.

რა გავიგო, როგორ გავიგო იმ ხუშტურიანი კაცის ამბავი, რა ვუშველო ქალს, რომელსაც ერთი თვეა ქმარი დაეკარგა და ეს იმიტომ არ აბაზრებს, რომ ქმარი უცნაური ტიპია და შეიძლება გაბრაზდეს.

– იკამათეთ?

– ჩვენ არ ვკამათობთ.

ვა, ღმერთო ნუ გადამრევ, არ ვკამათობთო, ქმარი დავკარგეო, შენ მიშველეო...

– უმიზეზოდ, აი, ასე, უბრალოდ, ადგა და წავიდა? რაღაცას მიმალავთ!

– სულ მესმოდა მისი, მაგრამ ახლა რა შემეშალა, რაში შევცდი, წარმოდგენა არ მაქვს – აუცრემლიანდა თვალები ქალს.

რა უნდა მეთქვა, რით უნდა მენუგეშებინა, ისღა შევძელი, რომ სულიერ თანადგომას შევპირდი. ყველაზე მეტად ის მაოცებდა, რომ კაცმა ორი წუთით მნახა მატარებელში გიუშასთან ერთად და იმის ნაცვლად მე ამომიღო მიზანში. ეს თუ კაი მსმენელია, გიუშა კარგი მოლაქლაქეა. ცოლი ამბობს, სულ თქვენზე მელაპარაკებოდა, წუხდა, რატომ მისამართები არ გავცვალეთო. მარიამს რომ დავუჯერო, მისი ნალაპარაკებიდან ისე გამოდის, იმ შერეკილმა ჩემი გამოჩენის ამბავი თუ გაიგო, კისრისტეხით მოვარდება სახლში.

– თქვენს ტელეფონის ნომერს ხომ დამიტოვებთ? – ფიქრები დამიფრთხო მარიამმა.

– რა თქმა უნდა, დაგიტოვებთ.

– ნეტავ დარეკოს, გამოჩნდეს და...

– ღმერთმა ქნას! რა გითხრათ მეტი...

– ერთი წუთით? – მარიამი წამოდგა და ოთახიდან გავიდა.

რა უცნაური ხალხია, ხოშიანად არიან ერთი შეხედვით, მაგრამ რაღაც მთლად ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. ეს ქალი რაღაცას აშკარად მალავს, სათქმელს ბოლომდე არ ამბობს, ემანდ რამე შარში არ გამხვიოს, ცოტაა უბედური ქალი?.. ეს რა უჭირავს ხელში! თაბახის ფურცლებია მგონი. აუ, ახლა ამან რომ იმის წაკითხვა დაიწყოს, რაც შიგ წერია, ნაღდად ცუდად გავხდები. არა, მაინც რა ჯანდაბად მოათრევს, არადა, აშკარად ჩემთვის მოაქვს.

– მშვენივრად ხართ მოწყობილი...

– დიახ.

რა უცნაური ქალია, არაფრით ესადაგება მისი ხმის ტემბრი, ინტონაცია და აღნაგობა ერთმანეთს, ესე იგი, არ იხსნება ჩემთან. რატომ უნდა გაიხსნას რო?

– აი, ეს გამომართვით და, როცა დრო გექნებათ, რაკი კითხვა გყვარებიათ, წაიკითხეთ, იქნებ რამე მირჩიოთ. რაც მე ვერ გითხარით, თუ არ გითხარით, აქ წერია.

– თქვენი დღიურებია?

– არა, ეს მან დაწერა, უფრო სწორად, თურმე წერდა, მე არ ვიცოდი, მას შემდეგ ვიპოვე, რაც დაიკარგა. მისი ნივთები ამოვქექე, მაინტერესებდა, რა წაიღო, ვიფიქრე, იქნებ ამით მაინც მივხვდე რამეს-მეთქი და ამას წავაწყდი. ეს მე გადავაღებინე, მისი ხელნაწერი თავის ადგილზე დავდე, – ამიხსნა მარიამმა.

– მერე, იქნებ არ უნდა წავიკითხო?

– არაფერი არ წერია ისეთი, უბრალოდ, მისი თვალით დანახული და აღწერილი სამყაროა. მე ყველაფერი ვიცი, რაც მანდ წერია... ხელუხლებლად გაძლევთ, არაფერი წამიშლია, – სევდა არ შორდებოდა მის ხმას.

– ქალებსაც გამორიცხავთ?

– აბსოლუტურად. ის სხვანაირია... ვიღაცას მოუყოლია მეცხვარე ძაღლის შესახებ რაღაც და დიდხანს იმეორებდა, ხედავ, რა ერთგულიაო?

– რა, მეცხვარე ძაღლი მდედრს არ ეკარებაო? – გამეღიმა მე.

– არა, გაკარებით ესეც კარგად ეკარება და ძაღლიც, – გაეღიმა მარიამსაც, – თურმე ცხვარი რომ გადაიჩეხება კლდეზე ან რაღაც ხიფათი შეემთხვევა, გარდა ავადმყოფობისა, და ამ დროს ფარა გზას მიუყვება, მეცხვარე გაატყავებს ცხვარს, ხეზე დაკიდებს, ძაღლს ეტყვის, უყარაულეო და თვითონ გაჰყვება ფარას. ძაღლი ზის და ელოდება პატრონს, ფეხს არ მოიცვლის იქიდან და არც ხორცს მიეტანება, ყარაულობს. ხორცი იმსიმაღლეზე ჰკიდია, რომ ძაღლი მისწვდეს, ვინიცობაა მძორის მჭამელი ფრინველი გამოჩნდეს. მოკვდება შიმშილით და იმ ხორცს არ მიეტანება, არც სხვას დაანებებს, ანდა ცხვარმა თუ გზაში მოიგო, იმას არ მოშორდება, მწყემსის დაბრუნებამდე ყარაულობსო...

– რა საინტერესოა?!

– მერე, მწყემსი რომ დაბრუნდება, მთლიან ბარკალს აძლევს თურმე, დაიმსახურეო... ეს რომ გაიგო, გადარეული იყო, ერთგულებაზე ლაპარაკით შეჭმული ვყავდით ყველა. ერთგულებას ძალიან აფასებს, ქალის გამო წასვლა ყველანაირად გამორიცხულია, – დაბეჯითებით თქვა და იმხელა ნაფაზი დაარტყა, ფისოს რომ დაენახა, გულზე გასკდებოდა შურით.

– ძაღლი ერთგული ცხოველია. ჩემს მეზობელს გერმანული ნაგაზი ჰყავდა, უკვე დაბერებული და დაინვალიდებული, მაგრამ ძალიან ჭკვიანი იყო, მედლებიც ჰქონდა აღებული. მოხდა ისე, რომ ოჯახის წევრი ყმაწვილი დააკავეს და საქმე ჯერ სასამართლომდე არ იყო მისული. ბიჭის დედამ რაღაცეები გაამზადა შესაგზავნად და მაგიდაზე დატოვა. ქალი სამსახურიდან რომ დაბრუნდა, გადაირია, გამზადებული ჩანთა ამოქექილი დახვდა. თავდაპირველად არ მიაქცია ყურადღება, რომ მხოლოდ თევზი იყო შეჭმული, სხვას არაფერს პირი არ ჰქონდა დაკარებული. დატუქსა ძაღლი, მაგრამ მერე შეეცოდა და დაუძახა. ძაღლი არ მივიდა. გაუმეორა ბრძანება, მაგრამ ისევ არ მივიდა. წამოდგა ქალი და რას ხედავს, მეორე ოთახში გდია სულთმობრძავი „ბლანკა“. ვეღარ გადაარჩინა. მუცელი ტიკივით დაადგა. როცა იმის გამორკვევა დაიწყო, რამ აწყინაო, მაშინღა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ თევზი შეუჭამია, თანაც ისე, რომ ერთი ნაჭერი არ იყო დატოვებული. სხვათა შორის, ის თევზი რატომღაც ერთი იყო, იმ ბიჭის ამხანაგმა მოიტანა, თან ისეთმა, დედა რომ არ იცნობდა. გაჩნდა ეჭვი, რომ იმ ბიჭის მოწამვლა უნდოდათ, მაგრამ ვინ იყო თევზის მომტანი, კაციშვილი აზრზე არ იყო. წარმოგიდგენიათ, მარიამ?

– ვიღაცამ შეიძლება არ დაიჯეროს, მაგრამ მე მჯერა, რომ ძაღლმა ეს შეგნებულად გააკეთა და არა შემთხვევით.

– მაგის თქმა მინდოდა. თქვენ ის თუ გაგიგიათ, ოჯახში პატარძალი რომ შევა, ან თუ სიკვდილის დრო დაუდგა ძაღლს, ორივე შემთხვევაში სახლიდან მიდისო?

– გამიგია, მაგრამ რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ნამდვილად არ ვიცი.

ჩემი ფისუნია გამახსენდა გაქუცულ ძაღლს რომ დაატარებდა. სურათები მაჩვენა, როგორი იყო, ნახეო. მე რაც ვნახე, საზარელი იყო, რა მნიშვნელობა აქვს, ღვიძლი დაეშალა თუ ფილტვი. ეგეთი საშინელი ცხოველი არ მინახავს, მარტო თავზე ჰქონდა დარჩენილი ბეწვი, დანარჩენი ტიტველი იყო. გერმანული ნაგაზი და ეგეთი? ფისოს ძალიან უყვარს ცხოველები, მაგრამ ძაღლის ხსენება აღარ უნდა, რამდენიც ჰყავდა, ყველამ გული დასწყვიტა თავისი სიკვდილით. ბოლო დროს მგელზე იყო ჩაციკლული, „სუპერა“ შეჰპირებია, მაგრამ მერე გადაიფიქრა, არ გაცოფდეს ან მტაცებლურმა არ წამოუაროს და ვინმე არ დაგლიჯოსო...

– მარიამ, ძალიან ნაღვლობთ არა?

– ვერ გამოვხატავ, არ შემიძლია ისტერიკების გამართვა, მაგრამ ღამეები არ მძინავს, სულ მეჩვენება, რომ მოვიდა, მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ. რომ ვიცოდე, აღარასოდეს მოვა და სადღაც კარგადაა, გული დამწყდება, მაგრამ აღარ ვინერვიულებ, ასე გაურკვევლობაში ყოფნა კი ძალიან დამთრგუნველია.

– მოლოდინი საშინელებაა, თითქოს დრო ჩერდებაო.

– კი, ასეა. ჩემი ძმები რომ გარდაიცვალნენ, რამდენიმე წელი მაინც მოლოდინის შეგრძნება მქონდა, ასე მეგონა, აგერ-აგერ შემოაღებდნენ კარს. გარდაცვალებას კი არ შევეგუე, არამედ იმას, რომ აღარ მოვლენ. გულში ასე ჩავტოვე, ვითომ სადღაც არიან, შორს, და ვერ მოდიან. პრინციპში ასეა, არა?

– ჰო, იმიტომ ჰქვია მოუსავლეთი.

– სხვათა შორის, თუ ძალიან გამოუვალი სიტუაცია არაა, არაფრით არ შემიძლია სამძიმარზე წასვლა, ნამდვილად სამძიმო შეგრძნება მაქვს. უამრავი ადამიანი მყავს გარდაცვლილი, მაგრამ თითზე შემიძლია ჩამოვთვალო, ვის ცხედარს გამოვმშვიდობებივარ, განსაკუთრებით თაყვანისმცემლების ცხედრებს ვუფრთხი, არ გავკარებივარ არც ერთის ჭირისუფალს და ვერც ვერასოდეს გავეკარები ან დავემშვიდობები. მე მინდა, რომ ცოცხლად მახსოვდეს, იმავე პრინციპით, რომ შორსაა და ვერ მოდის, რატომ ჩავთვალო, რომ ვეღარასოდეს ვნახავ, ეს ხომ ტყუილია. აქ დროებით ვართ და მერე მივდივართ მარადისობაში, იქ ვნახავ... თქმა ვიცი ხოლმე, მე რომ მიცვალებულს გამოვეთხოვო, პატივისცემისა და სიყვარულის გარდა, კიდევ რაღაც უნდა მქონდეს, ალბათ, სხვანაირი ვალდებულება.

– როგორ, ნათესავების და მეზობლების სამძიმარზე არ დადიხართ?

– როგორ აგიხსნათ, ძალიან, ძალიან იშვიათად. ლამისაა, ხელში ტრაფარეტი დავიკავო, „არ გეწყინოთ, ხალხო!“ – გაეცინა მარიამს.

წამოვედი, მაგრამ ძალაუნებურად დავითზე ფიქრი ამეკვიატა, რატომღაც დამაინტერესა. რა უცნაურია, ჯერ ხომ არ ვიცი, მაგრამ გიჟი რომ არ იქნება, აშკარაა, თუმცა გააჩნია, ვინ რას ეძახის სიგიჟეს. მედიცინისთვის სულ არ არის გიჟი, ის, ვინც, ვთქვათ, რომელიმე ჩვენგანმა ჩავთვალეთ გიჟად. ისე, გიჟი რა ცუდი სიტყვაა, კაცს რაღაც ავადმყოფობა სჭირს და გიჟი უნდა ეძახო? ფისომ იცოდა: „შენ ხომ არ გაგიჟდი?“ მაგრამ ეგ სხვა „გაგიჟდია.“ მართლა პრობლემა რომ აქვს თავში და იმას რომ მოიხსენებენ გიჟად, რაღაცნაირად მეც მიტყდება. ჭლექიანის და კიბოიანის თქმა არ მსიამოვნებს, ასე მგონია, ავადმყოფს შეურაცხყოფას აყენებენ, მოკვდაზე ხომ, საერთოდ... თქვი რა ადამიანურად, ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნე, ფსიქიკური პრობლემა აქვს, გარდაიცვალა, უფრო მშვიდი ფონი არ იქმნება?..

ფისუნია-ფისო, სად ხარ, ჩემო გიჟო, ჭლექო და სარკომავ, დაიწიკვინე ერთი შენებურად...

***

ფისომ აიტეხა, შებოლილი თევზი მინდაო. ისედაც მეშინია თევზის ჭამის, მით უმეტეს, შებოლილის და როგორია, ორსულ ქალს, რომელიც დღე-დღეზე ბავშვს ელოდება, გარისკო და თევზი აჭამო, მაგრამ ფისოს ხომ ვერ დააშოშმინებ, თუ თავისი არ გაიტანა! დილას რამდენს ეჩიჩინა მთავარი ექიმი, საავადმყოფოში დარჩითო და თავი გაიგიჟა, არაო. ახლა ზის და თევზს იცმუცნება. სუფთა მაკე კატაა...

– ვაი, მგონი, მუცელი მტკივა, – შორიდან ჩამესმა ფისოს ხმა.

– მასე მოგიხდება, რას მიაძეხი იმ თევზს, იყავი ახლა ეგრე და იკვნესე!

– არა, ეს თევზი არაა, ბავშვია, – უკვე წყნარად თქვა ფისომ.

– ბავშვი არა!..

რა უცნაურია. ამდენი ხანია, ბავშვს ველოდები და ახლა ისე ვარ გაბრაზებული თევზის გამო, რომ ბავშვის ხსენებაზე რეაქცია არ მაქვს.

– გეუბნები, ბავშვია და აქ თუ გამვარდა, მერე ნახე!

ფისო აბსოლუტურად მშვიდად ადგა და ანთებული ასანთით ხელში საძინებლიდან გაბაჩუნდა. ცოტა ხანში ხმა მესმის, რაღაცას მიძახის. გაახურა საქმე!

– რა გინდა? – იმხელა ვიღრიალე, ხველება ამიტყდა.

– კაი, ჰო, ჩემით წავალ სამშობიაროში, ოღონდ ფული მომეცი, – სრულიად მშვიდად მითხრა ფისომ.

სამშობიაროს გაგონებაზე ტვინი გამინათდა. წამოვხტი და ისე უცბად გამოვეწყვე და ისე უაზროდ, რომ ჰალსტუხიც კი გამიკეთებია.

– მართლა ამბობ, ფისო? – ვეკითხები და ერთ მეტრზე ახლოს ვერ მივდივარ, არ ვიცი რა მაშინებს.

ორსული ქალი როგორ არ მინახავს, სამშობიაროშიც მიმიყვანია ჩემი მანქანით, მაგრამ იმათი არ მეშინოდა, ფისო კი, რაც ორსულადაა, გარკვეულ ბარიერს მიღმა დამრჩა. აქამდე ხელს მაინც ვხვევდი და ახლა ახლოსაც ვეღარ მივდივარ.

– გეშინია, ფისო? – გული ამოვარდნაზე მაქვს.

– რის უნდა მეშინოდეს? – იღრიჭება ფისო.

მე დამცინის, რომ ვფორიაქობ.

– მიდი, ჰე, წავიდეთ.

– თქვენებს არ დავურეკოთ?

– კაცო, ჩვენ წავიდეთ და მერე რეკე რამდენიც გინდა, გზაში ხომ არ გავაჩენ? – ისევ მხიარულობს ფისო.

ველური კატაა თუ რა სჭირს. ყველა ქალი „ვაის“ იძახის და ეს სულელივით იცინის.

– რა გაცინებს, გოგო!

საათსაც ვეღარ ვპოულობ სიბნელეში.

ამის დედა ვატირე, ესაა დედაქალაქი? სამშობიაროში გენერატორი ექნებათ, ალბათ, მაგრამ, ამათი დედა...

– ახალი სიცოცხლე უნდა გავაჩინო და რა მაქვს სატირალი. დიახაც, უნდა ვიცინო, ბევრი უნდა ვიცინო და ხმამაღლა, რომ სიცილი გაიგონოს პირველად. რა სჯობია დედის სიცილს!

– იცინე, იცინე, ახლა მე მკითხე! – ხელები ისე მიკანკალებს, თითქოს მაგარ „პახმელიაზე“ ვიყო.

– რა იყო?

სანთლის შუქზე სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ ხმით ვატყობ, რომ სულ არ ანაღვლებს თავისი მდგომარეობა. სამი-ოთხი „ვაი“ რომ თქვა, ის მაფეთიანებს, თორემ, სხვა მხრივ არაფერი სჭირს. როდის იყო, ფისო ვაის და ვუის ამბობდა. არის რამდენიმე სიტყვა, რომლებსაც ვერაფრით ამბობს, მაგრამ მიზეზი ახსნილი აქვს, არ შემიძლიაო. მიშველეთ, მაპატიე, ბოდიში, ძალიან გთხოვ, შემიბრალე – აი, ამ ჩამონათვალისთვის ენას ვერ ატრიალებს.

– ფისო, რომ მოკვდე?

რას ვბოდავ. არ მიფიქრია და საიდან წამოვროშე ეს სისულელე? რომც მეფიქრა, მშობიარე ქალისთვის ამის თქმა შეიძლება?

– ნუ გეშინია, მე არ მოვკვდები... მე რა მომკლავს? – გაიცინა ფისომ.

– მართლა, ფისო, მართლა, არ მატყუებ? – ჩავებღაუჭე იმედს.

– რატომ უნდა მოგატყუო, რა მჭირს სასიკვდილო?

– მეშინია, – აღარ ვმალავ ემოციებს.

– რისი, ბიჭო! – ლაღობს ფისო.

– შენ რომ მოკვდე, მე ეს ბავშვი არ მინდა!

რას ვროშავ, აზრზე არა ვარ, რომ ვიტყვი, მერეღა მოვდივარ აზრზე.

– მე არ მოვკვდები. მორჩა! შენ ახლა დროზე გადაირბინე ცაცოსთან და წავიდეთ, თორემ, თქვენს ხელში ვიმშობიარებ. პრინციპში, სასწრაფოს მოსვლამდე თუ მომეხმარებით, სულ აღარ მინდა საავადმყოფო, – იცინის ფისო.

ისეთი გავრბოდი გვერდზე კორპუსისკენ, მართლა დუმებზე ვირტყავდი ქუსლებს. უკანა გზაზე ახლა ორი კაცი გამოვრბოდით. შევედით სახლში, მგონია, მისვენებული დამხვდება დივანზე და რას ვხედავ, კრესლოში ჩამჯდარა და სიგარეტს აფუილებს.

ნერვიც კი არ უტოკავს. აბა, სხვა ქალები რატომ კივიან? რას გადავეკიდე სხვა ქალებს, დავირეხვე? საწყალი ფისო, როგორ ენატრებოდა ხაში, ქაბაბი, ხინკალი და ნამცხვრები, მაგრამ არ ჭამდა, ექიმმა ამიკრძალაო. რას გამოიტენება ცოტა ხანში?

გზაში რამდენჯერმე წაიწკმუტუნა და გაჩერდა. ცაცოს არ ეშინოდა, ორი შვილის მამაა, მაგრამ მე გული თითქოს წვრილ ძაფზე მეკიდა... ფისომ უფრო მოუხშირა წკმუტუნს...

– ჩქარა, საკაცე! – იყვირა მთავარმა ექიმმა.

საკაცეო?! დავიღუპე, ფისო კვდება! ბავშვის დედაც, ფისო გადამირჩინეთ!..

– სწრაფად! სირბილით! – ყვირის ექიმი და ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ბრუნვას იწყებს კედლები.

ყურში ვიღაცის განწირული ხმა ჩამესმის. კედლები გაჩერდნენ. აზრზე მოვედი და თვალი მოვკარი, როგორ გაუჩინარდნენ თეთრ და მწვანე-ხალათიანი ექიმები საკაცესთან ერთად ლიფტში. როგორ გავჩნდი ლიფტთან არ მახსოვს. ხმით მივხვდი, რომ ლიფტის კაბინა მაღლა წავიდა. ვეცი კიბეს. რამდენ საფეხურს ვახტებოდი ერთდროულად, არ ვიცი, მაგრამ ლიფტი და მე ერთდროულად ავედით საოპერაციო ბლოკში. არ ვიცი, ლიფტის შახტა იძლეოდა ექოს თუ დერეფანი, მაგრამ იმხელა ხმაზე ისმოდა არაამქვეყნიური ხმა, რომ სული მიგუბდებოდა. ეს არ იყო ადამიანის ყელიდან ამოსული ხმა, ეს იყო რაღაც ენით აუწერელი ხმოვანება. მომისმენია ადამიანების ხმა, როცა სცემენ, აწამებენ, აუპატიურებენ, კლავენ და რა ვიცი, რანაირი აღარ, მაგრამ ეს ხმა არც ერთ მათგანს არ ჰგავდა. მინდოდა გამემხნევებინა ფისო, მაგრამ ჯერ ხომ იმ უცნაურმა ხმამ სისხლი გამიყინა ძარღვებში და მერე, ფისოს რომ მოვკარი თვალი, ქვედა ყბა ამიკანკალდა. საკაცეზე ფისო კი არა, დაუმთავრებელი ცვილის ფიგურა იდო, რომელიც მოძრაობდა და საზარელ ხმას გამოსცემდა. ყველაზე კარგ საშინელებათა ფილმშიც კი არ არის ისეთი კარგი გახმოვანება და ისეთი კარგი გვამი, როგორიც ფისო იყო. რა უქნეს ჩემს ფისოს! – მარტო ამან დარეკა თავში. წამიერად გამიელვა აზრად, რომ განგებ გაუკეთეს რაღაც სასიკვდილო ნემსი, რომ მოკლან, ბავშვი მიითვისონ და ასეთი რაღაცეები. რა უნდოდა ფისოს საოპერაციოში, ვერ ვხვდებოდი. ქალმა უნდა იმშობიაროს და ესენი საოპერაციოში მიაგორებენ... ისე გადამეკეტა გონება, რომ დანა გავხსენი, ავჩეხავ ახლა ყველას-მეთქი, მაგრამ თითქოს მხარზე დამადო ხელი ვიღაცამ და შემაჩერა. ისე ცხადად ვიგრძენი ეს შეხება, რომ უკან მივიხედე. არავინ იყო, მაგრამ აზრზე მოვედი, დანა დავკეცე და საოპერაციოს კარს ავეკარი.

– წნევა ნორმალური მაქვს, მშობიარობა – ერთი, ნუღარ მალაპარაკებთ, დროზე გამთიშეთ! – მომესმა ბრძანება.

ეს ხომ ფისოს ხმაა!

უყურე ფისო-ფისოს, მბრძანებლობს კიდეც... აბა, წეღან რას არტისტობდა ეს ნაბიჭვარი გული რომ კინაღამ გამიხეთქა! ახლა ფისოზე გავბრაზდი და ის იყო, კარს უნდა მოვშორებოდი, სიგარეტის მოსაწევად ფანჯარასთან მივალ-მეთქი და ამ დროს ისევ ის საზარელი ხმა გაისმა. ეს ჯოჯოხეთიდან ამოსული ხმა იყო. ბუნდოვნად მახსოვს ჩემკენ მომავალი ქალი. ცოტა ხნის წინ თუ ოდნავ ირწეოდნენ კედლები, ახლა სწრაფად იწყეს ბრუნვა. გული მერევა რწევისგან, საფეთქლები ისე მებერება, რომ სადაცაა გასკდება და სისხლი გადმოასხამს. გონზე რომ მოვედი, იატაკზე ვიჯექი ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში და თავზე ორი თეთრხალათიანი მადგა, რომლებიც ჩემ ფეხზე წამოყენებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. რა მაგარი დასანახი ვიქნებოდი შარვალ-კოსტუმიანი და წითელჰალსტუხიანი, ემოციური, ბებერი მამა! აზრზე მოვედი და გამიტყდა, მაგრამ ამათი დედაც ვატირე! ამ დროს ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა საოპერაციოდან. უკვე ნორმალურად ვიყავი, მაგრამ მაინც გიჟივით დავეტაკე.

– არ მომატყუო, რა ხდება შიგნით, ქალი ცოცხალია?

– დიახ, ცოცხალია, ოღონდ ნარკოზის ქვეშაა, ახლა კერავენ, – გამიღიმა ბიჭმა.

– ვის კერავენ, რატო, კერავენ, ტოო!

ალბათ, იქ სხვა მშობიარეცაა.

– საკეისრო კვეთის შემდეგ ხომ უნდა გაკერონ? – გაოცებულმა ბიჭმა ისე შემომხედა, თითქოს კარგად მიცნობდა და ჩემი უმეცრება ამ საკითხში მისთვის მოულოდნელი იყო.

– საკეისრო?

ჩემი საწყალი ფისო, გაფატრეს ფისო...

– ბავშვი ჯანმრთელია. გილოცავთ ბიჭის მამობას!

ისევ დაიწყეს რწევა კედლებმა. მოღიმარი ბიჭიც ირწევა. რაო, რა თქვა? ბიჭის მამობაო? მე, მამა? შვილი?

– ცუდად ხართ?

ცუდად კი არა, მაგრად ვარ. ოეეე!

რა არ მინახავს, რა არ გადამიტანია, მაგრამ გავტყდი სალი კლდე, ფისომ გამტეხა. ეს რა ყოფილა! ვერაფერმა გამტეხა და ფისოს ტანჯვამ გამტეხა. ეს რა იყო! ამიტომ იციან კაცებმა თქმა – „ჩემი შვილის დედააო“? არა, ისინი სხვა რამეს გულისხმობენ, ალბათ. ახლა შეიცვალა დრო და, თუ ხოში გაქვს, სულაც გაყურებინებენ ცოლის მშობიარობას, თორემ, ადრე ვინ შეაყოფინებდა კაცს სამშობიაროში ცხვირს. შვილი ვის ახსოვდა, მე ფისოს გადარჩენაზე ვფიქრობდი... ფისოს აქვს მოყოლილი, გიორგი რომ გავაჩინე, მახარობელი გავარდა და, რომ მიუხარებია ბიჭიაო, ფისოს ქმარს უთქვამს, ბიჭის დედაც, ჯოყო როგორააო... ალბათ, როცა ცოლი გიყვარს, მაშინ მარტო ცოლზე ფიქრობ, სხვა არავინ არ გაინტერესებს... რა საინტერესოა, ერთსა და იმავე ქალს ერთი კაცი ფისოდ აღიქვამდეს და მეორე – ჯოყოლად... ერთი სული მქონდა, ფისოსთვის შემეხედა და მისი ხმა გამეგონა. რომ წარმოვიდგენდი, როგორ გაუფატრეს მუცელი, რაღაც უცნაურად მეკუმშებოდა გული. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ ფისოს თეთრი მუცელი გადასერილი იქნებოდა... როგორ არ ვეჩალიჩე ხან ექიმს და ხან ექთანს, მაგრამ ვერ შევაბი, არ შემიშვეს რეანიმაციულ ბლოკში.

– ფისო, როგორ ხარ, ფისო?

ვაა, ეს რა მომდის, ისევ ვერ ვუახლოვდები. თავს ძალა დავატანე და სრულიად უგრძნობლად ვაკოცე. მაშინვე მიხვდა ვირისთავი, იგრძნო ფასონად ნაკოცნი.

– აღარ გიყვარვარ?

რა საოცარი თვალებით მიყურებს.

– რას ამბობ, გოგო, უფრო ძალიან მიყვარხარ!

– მატყუებ, – ფისოს ცრემლები მოადგა.

ფისოს ცრემლები მინდა?

– ახლავე მოვალ, ფისო!

ექიმმა დამამშვიდა, ჯერ ისევ ნარკოზის ქვეშაა, ემოციები მოძალებული აქვს, ნუ ინერვიულებთ, გაუვლისო. ამოვისუნთქე.

– ფისო, გტკივა?

– რა უნდა მტკიოდეს?

სახეზე ეტყობა, რომ გულწრფელად მეკითხება. ვაა, უნდა ვუთხრა თუ არა?

– ახლავე მოვალ, ფისო!

ისევ ექიმს მივაჭერი. ექიმს გაეცინა.

– რა არის დასამალი, უთხარით.

ვა, რა დაბნეული ვარ!

– ფისო, ბავშვი რომ გააჩინე, გახსოვს?

– მახსოვს... აა, საკეისროზე მეუბნები? ვერაფერს ვგრძნობ, მაგრამ ვიცი, როცა ნარკოზიდან გამოვალ, ძლიერი ტკივილები მექნება.

– ვეტყვი, რომ მაგარი გამაყუჩებელი გაგიკეთონ!

– რა სულელი ხარ, ბიჭო, შენ რაღაც აჯაფსანდალს იჩხირავ და მე თუ დამჭირდა სუფთას გამიკეთებენ ისე, რომ არც დამაყვედრებენ, ვერც ვერავინ დამიშლის და ვერც ვერავინ „ამაგდებს“, – გაიცინა არაბუნებრივი სიცილით ფისომ.

რა უცნაურია ეს ვირისთავი! გაფატრული წევს, ნარკოზიდან არ გამოსულა, იცის, რა ტკივილებს უნდა გაუძლოს და კიდევ ღადაობის გუნებაზეა. ისე, სულელი ხარო, რომ მითხრა, არ მესიამოვნა, მაგრამ ყურს მიღმა გავატარე.

– ბავშვი მოგეწონა? – შეძლებისდაგვარად იღიმება ფისო.

რა მურტალი ყოფილა ნარკოზი, ასე მგონია, სხვა ქალია. ფისოს ასეთ უცნაურ მიმიკებს მე არ ვიცნობ.

– ბავშვს სად ვნახავდი...

ეე, აურია.

– გვერდზე მიიხედე, შენი აზრით, ეგ ვინ არის?

ამ სიტყვებზე თითქოს სახრე გადამიჭირესო. ისე მკვეთრად შევტრიალდი, კინაღამ გადავყირავდი. მე ბავშვი სადღაც „საბავშვეთში“ მეგონა, ის თურმე, აქვეა. სასაცილოა, მაგრამ შემრცხვა, რომ ჩემი და ფისოს ლაპარაკს, ვიღაც მესამე ისმენდა. მესამე! აბა, ვნახოთ „მესამე“, მაგრამ როგორ შევხედო, მრცხვენია... ფისომ შემატყო ყოყმანი და გაეღიმა.

– ფისო, რომ ატირდეს, რა ვქნა?

– არ ატირდება.

– რომ დამინახავს და არ ვევასო...

– რა სასაცილოები ხართ კაცები... რა უნდა დაგინახოს ორი დღის ბავშვმა...

ე, ეს რა არის, ტო! ესაა ბავშვი? ეს რანაირი ბავშვია, სქელი კალბასები რომაა, იმას ჰგავს. ფისოს რიდით როგორ ვიტყვი, რომ მისი გაჩენილი რაღაცა, რასაც თვითონ ბავშვს არქმევს, სტრაშნად არ დამევასა. ეს „კალბასი“ ადამიანს როგორ დაემსგავსება... აუ, მაგრად გამიტყდა!..

– არ მოგეწონა?

ალბათ, სახეზე შემეტყო. ფისოს რას გამოაპარებ, დედა-ფისოს.

– ისე რა! – ბოლომდე ვერ დავმალე ნაფიქრი.

– შენ გგონია, სულ ასეთი იქნება? იცი, რა ბიჭი დადგება? – ეღიმება ფისოს.

– შენ რა იცი?

მინდა, დავიჯერო ფისოს ნათქვამი.

– წეღან გამიხსნეს და მაჩვენეს. რაც მე მაწუხებდა – წვრილი თვალები არ ექნება.

ფისოს ნათქვამი გამახსენდა – წვრილთვალება ან გადმოკარკლული თვალების მქონე ხალხი ძუნწები, ბოროტები და ხარბები არიანო. ნახე, თურმე, მართლა აწუხებდა თვალების ფორმაზე ფიქრი.

ჩემი ახლობლები, ვისაც მართლა გული შესტკიოდა ჩემზე, სიხარულით აღარ იყვნენ. კაიფობდნენ, მაგრამ ამ კაიფში იყო რაღაც შურისმიერი – რეციდივისტი ხარ, ტოო, კარგი მანქანაც გყავს, ჯიგარი ცოლიც, სახლიც გაქვს და ახლა ბიჭიც გეყოლება, შე დაბრედილო, ბედნიერი კაცი ხარ, რა!

როცა სვაბოდაზე ვარ, ყოველთვის ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ამჯერად ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ამ სიბერეში ღმერთმა პატარა ბიჭი მაჩუქა.

ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, ცხონებული „მელიტონა“, ამ დროს „რეზბალნიცაზე“ იწვა, სულით პოეტი, ხუთჯერ ნასამართლევი პრესტუპნიკი. მან ისეთი, საჩუქარი გამიკეთა, სანამ ცოცხალი ვარ, სულ მემახსოვრება. მის გამოგზავნილ წერილში არაფერი ეწერა, მარტო ეს საჩუქარი იდო:

შემომეპარა ლურჯი აპრილი,

გუშინ ატმის რტო აფეთქდა დილით,

აღარ მაქვს სევდა, აღარ მაქვს

დარდი,

გაზაფხულს ვხვდები ვაჟკაცი

შვილით.

თუმც თავი ჩემი ბავშვი

მგონია,

ტრფობის ალმური ისევ

მედება,

ამაზე მეტი? – მონაგონია.

შვილია ჩემი შემოქმედება.

***

მატარებელმა ევროპის რომელიღაც ქვეყნის რომელიღაც სადგურს მიაკივლა და გზა განაგრძო...


скачать dle 11.3