კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-24(494)


– ახლავე გავიგებთ, ვინაა, – თქვა ნატამ, ტელევიზორი ჩართო და დამარცვლა, – მა-მა-ჩე-მი.

– მამაშენი? – გაიმეორა ჰამომ, – შენ არ თქვი უცხოეთშია და ცოლ-შვილი ჰყავსო?

– დაბრუნდა და, როგორც ეტყობა, რაღაც მოხდა.

– რას გულისხმობ, რა უნდა მომხდარიყო?

– ალბათ, რაღაც ჩაიდინა და გამოიქცა.

– გაქცეულიღა გვაკლდა. რას აპირებ?

– რას უნდა ვაპირებდე? შემოვუშვებ. თორემ თუ ასე რეკა ზარი, დავიწვებით.

– მამაშენიღა გვაკლდა, – გაიმეორა ჰამომ.

ნატამ ფრთხილად გააღო კარი და ფრთხილადვე დახურა. სახლში შემოსულ მამას ჯერ ჩაეხუტა, მერე კი უთხრა:

– ეტყობა, რაღაც მოხდა, ხომ?

– ინტერპოლი მეძებს, შვილო, და გერმანიიდან ძლივს გამოვასწარი.

– შტატებში არ ცხოვრობდი?

– ექვსი თვეა, რაც იქიდან დავითესე და ევროპაში ვიმალებოდი. შენ როგორ ხარ, შვილო? რამდენი ხანია, არ მინახავხარ. ძალიან მშია. გაქვს რამე?

– აქ მარტო არ ვარ, მამი.

– ქმართან ერთად ხარ, გათხოვდი?

– არა, არა, მეგობრებთან ერთად. მოკლედ, შემოდი და აქ ვილაპარაკოთ.

ნატას მამა სასტუმრო ოთახში შევიდა, იქ მყოფები შეათვალიერა, მიესალმა და ნატას ჰკითხა.

– ხომ მშვიდობაა, შვილო?

– ისევე, როგორც შენთან.

– შეგემთხვა რამე?

– ვიმალებით.

– რატომ, რა დააშავეთ. შენ ხომ უშიშროებაში მუშაობდი და ვინმე შემოგაკვდა თუ ქრთამი აიღე? პრისტუპნიკებს ემალები თუ კანონს?

– ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჯობია, ის მითხრა, შენ რა გჭირს, თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა, – თქვა ნატამ, თავის მეგობრებს გადახედა, რომლებიც უხმოდ მოკალათებულიყვნენ სავარძლებში და განაგრძო, – ამათი კი არ მოგერიდოს, ჩემი მეგობრები არიან და როგორც ჩემთან, ისევე მოიქეცი მათთან.

– ნოდარი, – თქვა ნატას მამამ. სათითაოდ ჩამოუარა იქ მსხდომთ, ხელი ჩამოართვა და გაეცნო. შემდეგ ცარიელ სავარძელში მოკალათდა და განაგრძო, – ხომ გაგიგონია, შვილო, უბედურ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო. თითქმის ათი წელი ვიცხოვრე შტატებში საკაიფოდ და არც პოლიციას შევუწუხებივარ, არც საგადასახადოს და არც სხვა ვინმეს. დღე-დღეზე მოქალაქეობაც უნდა მიმეღო, რომ ერთ მშვენიერ დღეს სახლში პოლიცია მეწვია და გამომიცხადა: თქვენი სახლი უნდა გავჩხრიკოთო. თავდაპირველად, შეცდომა მეგონა, რადგან შტატებში მე პატიოსნად ვმუშაობდი მზარეულად და უკანონოს არაფერს ვჩალიჩობდი. მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, რომ ისინი ჩემს ახალგაზრდა და ულამაზეს მეუღლეს ეძებდნენ, რომელიც სუპერკლასის ქურდი ყოფილა.

– ქურდი? – თქვა ნატამ და უხერხულად გაეცინა.

– ჰო, ქურდი. უფრო სწორად კი მომპარავი. მე კი მატყუებდა, ექთნად ვმუშაობო. სინამდვილეში, მართლა მუშაობდა ექთნად, მაგრამ „პა ხოდუ“, ქურდების ბანდა ჰყოლია და შტატების სხვადასხვა ქალაქებში – საიუველირო მაღაზიებს „ბომბავდნენ“. წარმოგიდგენია? ორი შვილის დედა ისე ჩალიჩობდა, მე ტყემალზე ვიჯექი და რომ მეგონა, ღამის სმენაში მუშაობს-მეთქი, თურმე, იმ დროს, სადღაც მაიამიში ბრილიანტებს იპარავდა. ჰოდა, პოლიციამ გულდასმით გაჩხრიკა ჩვენი სახლი, „ზაგაჟნიკი“ აღმოაჩინა და იქიდან 2 მილიონი დოლარი და 6 მილიონის ოქროები და ალმას-ბრილიანტები ამოიღო... ეს რომ ვნახე, გაოცებისგან წავუსტვინე და ქართულად ჩავილაპარაკე: „საღოლ, სარა! მაგრამ მე რატომ დამიმალე-მეთქი ყველაფერი“.

ოფიცერი იყო ერთი, გვარად ჯოჯომერი. შავი, განა ზანგი, პროსტო შავი და მართლა ჯოჯოს ჰგავდა, ის ხელმძღვანელობდა ოპერაციას და მითხრა:

– იმედია, თქვენს მოქალაქეობრივ ვალს არ დაივიწყებთ და როგორც კი თქვენი მეუღლე – სარა გამოჩნდება, აუცილებლად შეგვატყობინებთ, – თან, თავისი „ვიზიტკა“ მომცა. ხომ წარმოგიდგენია, ის ახვარი ცოლის „ჩაშვებას“ მთხოვდა. რა თქმა უნდა-მეთქი, – შევპირდი იმ ნაბოზარ ჯოჯომერს. გულში კი მიხაროდა, რომ სარა სვაბოდაზე იმყოფებოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სულ მალე დამიკავშირდებოდა. მართლაც, ჩხრეკიდან მეოთხე დღეს, როდესაც ნინო და ბექა კოლეჯში მივიყვანე...

– ნინო და ბექა შენი შვილები არიან? – სიტყვა გააწყვეტინა ნატამ მამამისს.

– ჩემი შვილები და შენი და-ძმა. ნინო 8 წლისაა, ბექა კი – 6-ის. მოკლედ, კოლეჯიდან რომ წამოვედი და ჩემი „ფორდის ჯიპი“ მანჰეტენზე, შუქნიშანთან შევაჩერე...

– ნიუ-იორკში ცხოვრობ? – კვლავ შეაწყვეტინა სიტყვა ნატამ მამამისს.

– ვცხოვრობდი, – ჩაეცინა ნოდარს და განაგრძო, – ჰოდა, მანჰეტენზე, შუქნიშანთან ვიღაც კაპიუშონიანი როჟა შემომიხტა მანქანაში და სანამ ხმას ამოვიღებდი, მითხრა:

– მიდი, დააწექი და ყურადღება არ მიიქციო.

– სარა, შენ?

– ჰო, მე ვარ, საყვარელო. მიდი, იარე და ვილაპარაკოთ, – მითხრა ჩემმა ცოლმა და უკანა სავარძელზე გადაცოცდა.

ერთის მხრივ, გახარებული ვიყავი სარას დანახვით, მეორე მხრივ კი, შეურაცხყოფილი. მან ეს შემამჩნია და მითხრა:

– მე შენ ძალიან მიყვარხარ, ძვირფასო და ნუ დამძრახავ, რომ ასეთი რამ მოხდა. მაპატიე და ერთად მოვიფიქროთ, რა გამოსავალი მოვძებნოთ.

– მე ის კი არ მადარდებს, ძვირფასო, რომ ქურდი ხარ, არამედ ის, რომ მე ამ ყველაფრის საქმის კურსში არ ჩამაყენე. გეთქვა, ძვირფას რჩევებს მოგცემდი და შეიძლება, არც კი ჩავარდნილიყავი.

– რა რჩევებს, ნოდარ? მზარეულს ქურდისთვის რა რჩევების მიცემა შეუძლია, გარდა იმისა, რომ მეტყოდი, არ იქურდოო. მე კი ქურდობის გარეშე არ შემეძლო. ბავშვობიდან ამ საქმით ვიყავი დაკავებული და განა ფულის გამო ვიპარავდი? ქურდობის გარეშე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და ეს ჩემი სტიქიაა.

– ეჰ, სარა, სარა, მაინც რა სულელები ხართ ეს ქალები. მზარეული ახლა ვარ, თორემ ადრე ბოროტმოქმედი ვიყავი და შეიარაღებული ძარცვისთვის თხუთმეტი წელი ციხეში მაქვს გატარებული.

– მართლა, ძვირფასო?

– მართლა, მართლა...

– რა მაგარია! – წამოიძახა აღტაცებულმა სარამ და უკნიდან ისე მომხვია ხელები, კინაღამ საჭე გამექცა და შუა ნიუ-იორკში ავარია მომივიდა. მაგრამ, დროზე მოვასწარი მანქანის გასწორება, სარას კი გაოცებულმა ვკითხე, – რა არის მაგარი?

– ის, საყვარელო, რომ ყველაფერში ერთნაირები ვყოფილვართ და ტყუილად ვნერვიულობდი, ხელს მკრავს და ჩემზე უარს იტყვის-მეთქი.

– ეჰ, სარა, სარა, რა ჯოჯომერივით ლაპარაკობ, შე სულელო, შენა. შენ მე ვინ გგონივარ. როგორ შემიძლია, უარი ვთქვა ჩემს საყვარელ ქალზე. მით უმეტეს, რომ მან მე ორი შვილი გამიჩინა.

– ჯოჯომერი პოლიციელი ხომ არაა?

– გახლავს. თავისი „ვიზიტკა“ დამიტოვა და მითხრა, ცოლი ჩაუშვიო.

– შენ რა უთხარი?

– დავეთანხმე.

– და შენ გგონია, რომ დაგიჯერებდა?

– თუ არ დამიჯერებდა და ამ ჩემს ფეხებს. შტატებში მე არაფერი დამიშავებია და სუფთა ვარ. შენ კი გეძებოს, ფეხები არ მოგჭამოს და იმედი ჰქონდეს, რომ ჩაგიშვებ.

– ეგ ჯოჯომერი არიფი არ გეგონოს. ნიუ-იორკის ყველაზე ნაბოზარი პოლიციელია და სწორედ მან გაგვშიფრა. მანვე დაავერბოვკა ჩვენი პაძელნიკი და ჩვენი თავი ჩააშვებინა. შემთხვევით რომ არ მომესწრო მოტყდომა ახლა აქ კი არა, სინგ-სინგში ვიჯდებოდი. იცი, რა არის სინგ-სინგი?

– ნიუ-იორკის ციხე.

– ჰოდა, ციხეში ვიჯდებოდი.

– მადლობა ღმერთს, რომ ციხეში არ ზიხარ. ახლა მითხარი, რას აპირებ?

– შტატებიდან უნდა დავითესოთ, საყვარელო, და ევროპაში გადავბარგდეთ.

– უფულოდ ეს არცთუ ისე იოლი საქმეა და რაც ამ სამი დღის წინ შენი „ზაგაჟნიკიდან“ ამოიღეს ძაღლებმა, იმის მეათედი რომ გვქონდეს, უპრობლემოდ მოვახერხებდით. ისე კი, ძალიან გაგვიჭირდება.

– მეათედიც გვაქვს და ნახევარზე მეტიც. შენ მე ვინ გგონივარ. ხუთი მილიონი დოლარი გადატეხილი მაქვს და ნიუ-იორკის ცენტრალური ვაგზლის ¹1010 საკანში ვინახავ. აი, გასაღებიც, – მითხრა სარამ. გასაღები მომცა და განაგრძო, – გამოიტანე და სახლში საიმედოდ გადამალე. სამ დღეში კი შევხვდეთ და ზუსტად გეტყვი, სად და როდის „მოვტყდებით“.

სარა ჰუძონზე ჩამოვსვი. მე კი სამსახურში დავრეკე და ვუთხარი, რომ შეუძლოდ ვიყავი და გავეთავისუფლე. შემდეგ ცენტრალურ ვაგზალზე გავემგზავრე და ¹1010 საკნიდან ტყავის ჩანთა გამოვიღე, მანქანაში ჩავდე და სახლში დავბრუნდი. ერთი სული მქონდა, ხუთი მილიონი დოლარი საკუთარი თვალით მენახა. მანქანა სახლის წინ გავაჩერე, ტყავის ჩანთით ხელში გადმოვედი და ეზოში შესვლას ვაპირებდი, როდესაც ჯოჯომერი მომადგა მანქანით და მითხრა:

– გამარჯობა, ნოდარ!

– გამარჯობა, ოფიცერო, – მივუგე ჯოჯომერს და მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე, რომ საკუთარი თავი არ გამეცა და იმ ნაბოზარს ჩანთის შიგთავსზე ეჭვი არ აეღო, – რისთვის გარჯილხართ?

– მეუღლე ხომ არ შეგხმიანებიათ?

– ჩვენ ხომ შევთანხმდით, ოფიცერო, რომ ამის შესახებ შეგატყობინებდით და რადგან არ დამირეკავს, ესე იგი, სარა არ გამოჩენილა.

ჯოჯომერმა ეჭვის თვალით შემომხედა და მითხრა:

– შემატყობინებთ, რო?

– აბა, რას ვიზამ? – მთელი სერიოზულობით მივუგე.

– დავიჯერო, ცოლს დააბეზღებთ? იმ ქალს, ვისგანაც ორი შვილი შეგეძინათ?

– ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ოფიცერო. თუნდაც სარას გამო და ჩემი შვილების გამო ვიზამ ამას. აბა, როდემდე უნდა იყოს მხეცივით დევნილი და თქვენ მიერ ძებნილი? არ ჯობია, მოინანიოს, სასჯელი მოიხადოს და გამოსწორებული დაუბრუნდეს ოჯახს?

– ათი-თხუთმეტი წლის მერე?

– თუ სანიმუშოდ მოიქცევა, ბევრად ადრე გაუშვებენ.

– ესე იგი, აზრი არ შეგიცვლიათ და კვლავ თანახმა ხართ ჩვენთან ითანამშრომლოთ?

– ეს ჩემი ვალია, ოფიცერო.

– კეთილი, კეთილი, – ჩაეცინა ჯოჯომერს და მანქანის ძრავა ჩართო. მე კი ეზოსკენ დავიძარი, მაგრამ მან მოულოდნელად მკითხა, – მაგ ტყავის მსუქან ჩანთაში რა გაქვთ, თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა?

მე მთელი ჩემი ნებისყოფის უკიდურესი მობილიზაცია გავაკეთე, რომ არ გავშიფრულიყავი და ჯოჯომერს ირონიული ღიმილით ვუთხარი:

– რა, ოფიცერო და სარას მიერ მოპარული ქონების ის ნაწილი, რომელიც თქვენ ვერ იპოვეთ და ახლა მე მაქვს, განახოთ? გავხსნა ჩანთა?

– რა თქმა უნდა, არა, – მითხრა ჯოჯომერმა, – მე ამის არანაირი უფლება არ მაქვს და არც მგონია, რომ თქვენ ცოლის საქმიანობის შესახებ ინფორმირებული იყავით. უფრო სწორად, კი ზუსტად ვიცი, რომ სარას მეორე ცხოვრებას არ იცნობდით და აქედან გამომდინარე, არც მისი ბოროტმოქმედების თანამონაწილე ხართ.

– მადლობა ღმერთს.

– ბედი თქვენი, რომ ეს ასეა, თორემ თქვენი შვილები უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში მოხვდებოდნენ, თქვენ და თქვენი მეუღლე კი – დიდი ხნით ციხეში. ისე კი, რომ იცოდეთ, სარას და მის ბანდას კიდევ 8 მილიონი აქვთ მოპარული, რომელსაც ჩვენ ვერ მივაგენით, მაგრამ ვეძებთ და ადრე თუ გვიან აუცილებლად ვიპოვით, ისევე, როგორც სარას.

– ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, – ვუთხარი ჯოჯომერს, გულში კი ვთქვი: „ჩემს სირს იპოვით“ და ეზოში შევედი. ჯოჯომერმა კი მანქანა ადგილიდან დაძრა და მომაძახა:

– ნახვამდის, ნოდარ. იმედია, მალე კვლავ შევხვდებით ერთმანეთსო.

სახლში რომ შევედი, ყველაფერი გულდასმით დავათვალიერე და დავრწმუნდი, რომ მარტო ვიყავი. შემდეგ ძაღლი ავუშვი, კარი ჩავკეტე და საძინებლის კომოდზე დადებული ტყავის ჩანთა ფრთხილად გავხსენი, თან თვალები დავხუჭე, რომ ნელ-ნელა გამეხილა და ფულის ხილვით მეკაიფა. პირველად ფულის სუნი მეცა ცხვირში და მივხვდი, რომ ჩანთაში მაყუთი მართლაც იდო. მერე თვალი გავახილე და ასდოლარიანების შეკვრები დავინახე, რომელიც ჩანთაში ელაგა. ჯერ თვალი გამიშტერდა და გავშეშდი, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და ჩანთა ჯერ დავკეტე, მერე კი სეიფში საიმედოდ გამოვკეტე და კოლეჯში გავემგზავრე ბავშვების გამოსაყვანად.

სამი დღის მერე, სარა უკვე კეპით და შავი სათვალით კვლავ შუქნიშანთან, მანჰეტენზე შემომიძვრა მანქანაში და მითხრა:

– დღესვე იახტა უნდა იქირაო, რომლითაც კანადაში ჩავალთ. იქიდან კი საოკეანო ლაინერით ევროპაში გავემგზავრებით და ჯოჯომერმა ფეხები მოგვჭამოს.

მე ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც სარამ მითხრა და ოთხი დღის მერე უკვე მთელი ოჯახით საოკეანო ლაინერით ევროპაში მივემგზავრებოდით და რაც მთავარია, ხუთი ლიმონი ქეში მოგვქონდა. ორი კვირის მერე კი, უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით, მშვიდობიანად დავბინავდით და ცოტა არ იყოს, მშვიდად ამოვისუნთქეთ.

– სად დაბინავდით, მამა?

– ამას მნიშვნელობა არ აქვს, – თქვა ნოდარმა, – შენის ნებართვით განვაგრძობ.

– განაგრძე.

– ერთი სიტყვით, ჩემები საიმედო ადგილზე დავაბინავე და ქეშიანად შვეიცარიაში დავაწექი, რომ მაყუთი დამებინავებინა და ოჯახს პროცენტებით გვეცხოვრა. ჟენევაში, ერთ პატარა სასტუმროში დავბინავდი, ფული საიმედოდ დავმალე და ბანკში გავემართე, რომ ანაბრის პირობებზე მოვლაპარაკებოდი მმართველს. ქუჩაში რომ გავედი, ინსტინქტით ვიგრძენი, მითვალთვალებდნენ. რამდენიმე საკონტროლო რეიდი ჩავატარე ქუჩებში, მაგრამ თვალთვალი ვერ აღმოვაჩინე. თუმცა, ბანკში აღარ წავსულვარ, სასტუმროში დავბრუნდი და უპირველესად, ფული შევამოწმე, რომელიც ადგილზე იყო. „ალბათ, დაძაბულობისგან გადავიღალე და მოთვალთვალეები მეჩვენება. ვინ, ან რატომ უნდა დამჯდომოდა კუდზე“, – გავიფიქრე გულში. ფული კვლავ დავმალე და ისევ ბანკში წასვლა დავაპირე, რომ კარზე დააკაკუნეს. მამაკაცის ხმამ დამტვრეული ინგლისურით მითხრა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო შემოწმება ტარდებოდა და მთხოვა, შემომეშვა. გავაღე თუ არა კარი, ოთახში პისტოლეტმომარჯვებული ჯოჯომერი შემოვიდა, კარი მიხურა, სავარძელში ჩაჯდომა მაიძულა და მითხრა:

– ხომ მაინც გიპოვე, ნოდარ?!

– მიპოვე? კი მაგრამ, საპოვნელი რა მჭირდა. დანაშაული მე არ ჩამიდენია და ძებნილი არ ვარ. ხოლო შვილებთან ერთად ევროპაში გამგზავრება კი კანონით არ იკრძალება.

– შვილები სად გყავს?

– ეს ჩემი საქმეა და ვალდებული არ ვარ, ამ კითხვაზე გიპასუხო.

– სარაც მათთანაა, ხომ?

– არა.

– მაშინ, რატომ გამოიქეცი ქვეყნიდან?

– უბრალოდ, გამოვემგზავრე. რა, უფლება არ მაქვს?

– მოკლედ, რატომ გეწვიე, – თქვა ჯოჯომერმა და პისტოლეტის ლულით ცხვირი მოიფხანა, – შენთან წინადადება მაქვს.

– გისმენ.

– ზუსტად ვიცი, რომ სარას მოპარული ფულით ხარ შვეიცარიაში ჩამოსული და ბანკში შენახვას აპირებ. გთავაზობ, რომ ნახევარი მომცეთ, ნახევარი კი თქვენი იყოს. გპირდებით, თავს დაგანებებთ, არასოდეს შეგაწუხებთ და თქვენ თქვენთვის იყავით, მე კი ჩემთვის ვიქნები.

ჯოჯომერის ვიზიტმა სარას სიტყვები გამახსენა, რომელმაც მითხრა: ჯოჯომერი ნიუ-იორკის ყველაზე დამპალი პოლიციელიაო. მაგრამ მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე და უკიდურესი ცინიზმით მივუგე:

– შტატებში დაბრუნებას და ფსიქიატრთან ვიზიტს გირჩევ, ოფიცერო. აშკარაა, რომ ვერ ხარ ნორმაზე და მკურნალობა გჭირდება.

– ეგ ცინიზმი სხვისთვის შეინახე და ჩქარა ფული გამოაჩინე. პატიოსან სიტყვას გაძლევ, რომ შუაზე გავყოფ და არასოდეს შეგაწუხებთ შენ და სარას.

– კანონს არღვევ, ოფიცერო. პისტოლეტი შეინახე და მშვიდობიანად მოშორდი აქაურობას. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას გამოვუძახებ.

– დააპირებ და ტყვიას დაგახლი შუბლში. შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ და ფიქრობ, რომ ამდენ შრომას წყალში ჩაგაყრევინებ?

– რა შრომას, ოფიცერო. მე მგონი, შენ მართლა შეიშალე. ჩემგან რა გინდა, ან აქ როგორ მომაგენი?

– აი, ამით უნდა დაგეწყო, – ჩაეცინა ჯოჯომერს, – შტატებიდან რომ გაუჩინარდით, მივხვდი, სარაც შენთან იყო და მაყუთი ევროპაში წაიღეთ. ამიტომ, სპეციალური პროგრამით ვისარგებლე, შენი სურათი შევაგდე და გუშინ მივიღე პასუხი, რომ ჟენევაში იმყოფებოდი. საბაჟოს არქივმა ამოგაგდო. ჰოდა მეც აქ ვარ და გთავაზობ, რომ ფული, რომლის შეტანასაც ბანკში აპირებ, რომ პროცენტებით იცხოვრო შენს ცოლ-შვილთან ერთად, უდარდელად, შუაზე გამეყო და შენ – შენთვის, მე კი – ჩემთვის.

– კარგი ზღაპარია, ოფიცერო, მაგრამ მხოლოდ ზღაპარია და მეტი არაფერი.

– ესე იგი, არ ტყდები ნოდარ?

– ოფიცერო, სანამ გვიან არაა, აქედან მშვიდობიანად წადი და მოვრჩეთ, ამოვწუროთ კონფლიქტი.

ჯოჯომერს სახე აელეწა, პისტოლეტი მომიშვირა და კბილებში გამოსცრა:

– მეტ ვაჭრობას აღარ ვაპირებ შენთან. ან ფულს გამოაჩენ, რომ შუაზე გავიყოთ, ან აქვე მოგკლავ და ფულს მე თვითონ მოვძებნი. დარწმუნებული ვარ, აქვე, ნომერში გაქვს დამალული.

– მიდი, მერე, რაღას უცდი, მომკალი, – ვუთხარი ჯოჯომერს, დამორჩილების ნიშნად ორივე ხელი ზემოთ ავწიე. თუმცა, მოულოდნელად მარცხენა ხელით ისეთი ძლიერი სილა ვთხლიშე ყბაში, რომ პისტოლეტიანად გაფრინდა, სერვანტს დაეჯახა, ჩაამსხვრია და იქვე დავარდა. თუმცა, პისტოლეტი კვლავ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული.

მე ჯოჯომერისკენ გავქანდი, რომ პისტოლეტი ამერთვა, საბოლოოდ გამეთიშა და ფულთან ერთად იქაურობას გავცლოდი. მაგრამ, მან სროლა ატეხა და გაბრუებული რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად მომკლავდა. თუმცა, მხოლოდ მარჯვენა ხელში გამკრა ტყვიამ. აი, აქ – ნოდარმა მარჯვენა იდაყვი დაანახვა ნატას და განაგრძო:

– ჯოჯომერს თავში წიხლი ჩავაზილე და მივთიშე. მე კი ფული „დავითრიე“ და ნომრიდან გავედი. ამ დროს სასტუმროს თანამშრომლები და პოლიციის ორი ოფიცერი შემეფეთნენ, რომლებმაც მკითხეს:

– სროლის ხმა ხომ არ გაგიგიათ?

– როგორ არა, აი, იმ ნომერში ისროდნენ, მე მგონი, – ვუთხარი მათ და ჩემი ნომრისკენ მივუთითე. შემდეგ ნაბიჯს ავუჩქარე, თითქოს შეშინებული ვიყავი და კიბეებზე დავეშვი. სასტუმროსთან ტაქსიში ჩავჯექი და სადგურზე გავემგზავრე. იქიდან კი სხვა ტაქსით დავბრუნდი ქალაქში და ავტობუსით იტალიისკენ ავიღე გეზი.

– მაგრად გიჩალიჩია, მამაჩემო, – თქვა ნატამ.

– ჯერ სად ხარ, მომისმინე. მოკლედ, იტალიაში იმავე დღეს ჩავედი, რომ ჩემებთან დავბრუნებულიყავი და მოქმედების გეგმა შეგვეცვალა. მაგრამ, ნეაპოლი რის ნეაპოლია, თუ იქ რამე არ მოგპარეს.

– ქურდის ქურდი ცხონდაო, ხომ გაგიგონია, – ჩაეცინა ნატას.

– კარგად ვცხონდებოდი, ჩემმა მზემ, მთელ მაყუთს ვკარგავდით და შუა ევროპაში ულუკმაპუროდ დავრჩებოდით. მოკლედ, ნეაპოლის საზღვაო სადგურის საკანში გამოვკეტე ეს ჩემი ხუთი მილიონი და ჯერ გემის ბილეთი ავიღე, რომ ჩემებთან გავმგზავრებულიყავი, მერე კი ქალაქში გასვლა და დათვალიერება გადავწყვიტე, რადგან გამგზავრებამდე სამი საათი იყო დარჩენილი. „მორვაგზლის“ შენობიდან გავედი თუ არა, რაღაც უსიამოვნო გრძნობამ შემიპყრო, რატომღაც მარცხნივ გამახედა რაღაც ძალამ და რას ვხედავ, ვიღაც შავგვრემანი, ოცდაათიოდე წლის ბიჭს ჩემი ტყავის ჩანთა არ უჭირავს ხელში და მიდის? ჯერ ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი, მაგრამ შეცდომა გამორიცხული იყო. ჩანთა ვიცანი და მთავარი კი ის იყო, რომ, ჩემი ხუთი მილიონი ვიღაც ახვარს მიჰქონდა. ის ისე არხეინად მიდიოდა, მივხვდი, არც კი იცოდა, რა იდო შიგ. ამიტომ, მშვიდად ავედევნე. გადაწყვეტილი მქონდა, სადმე, უკაცრიელ ადგილზე მომეხელთებინა, ჩანთა წამერთმია და ჩემს გზაზე წავსულიყავი. ასე ვიარეთ სამასიოდე მეტრი. ის იქვე მდებარე რკინიგზის სადგურისკენ მიაბიჯებდა და მეც უკან მივყვებოდი. ერთ-ერთ მოსახვევში, სადაც ხალხი თითქმის არ იყო, თავდასხმისთვის მოვემზადე და ნაბიჯს ავუჩქარე. მაგრამ იმ ნაბოზარმა რაღაც იგრძნო და მოიხედა. რომ დამინახა, მიხვდა, ვინც ვიყავი და ჩანთიანად გაქუსლა... ანტილოპასავით გარბოდა, მაგრამ არც მე ჩამოვრჩენილვარ. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე ოცი-ოცდახუთი წლით უმცროსი იქნებოდა. მაგრამ, ხომ გაგიგონია, გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო. ჰოდა, მეც სპრინტერივით მივდევდი იმ ახვარს. დაახლოებით, ასი მეტრი ვირბინეთ და მატარებლების ბაქანზე აღმოვჩნდით. ის ერთ-ერთ დაძრულ მატარებელს შეახტა, რომელიც სიჩქარეს იკრებდა. მე მთელი ძალები დავძაბე, სისწრაფეს მოვუმატე და ბოლო ვაგონის კიბეს შევაფრინდი.

– საღოლ, მამი, როგორ მოახერხე, – თქვა ნატამ.

– ეჰ, შვილო, ოჯახი, გაჭირვება და დიდი მაყუთი რას არ გაგაკეთებინებს. მოკლედ, მატარებელში შევვარდი და წინ დავიძარი, რომ ის ახვარი მომეძებნა. მით უმეტეს, შევნიშნე, ვერ დამინახა, მატარებელს რომ შევახტი. ამიტომ თავი არხეინად უნდა ეგრძნო. მატარებელი ჩქაროსნული იყო, კუპეები არ ჰქონდა და ძებნა არ გამჭირვებია. მგზავრებს ყურადღებით ვათვალიერებდი, შემდეგ ტუალეტებშიც ვიხედებოდი და გზას განვაგრძობდი. ხუთი ვაგონი რომ გავიარე და მეექვსეში გადავედი, ქურდი არც იქ აღმოჩნდა და ტუალეტის სახელური ჩამოვწიე, რომ გამეღო, მაგრამ არ დამემორჩილა. ისევ რაღაც ძალამ მაგრძნობინა, რომ მიზანთან ახლოს ვიყავი. ამიტომ, ძველი პროფესიის გახსენება მომიწია და ჯიბიდან „ზოლნგენის“ ფირმის ჯაყვა ამოვიღე, რომელსაც მუდამ თან ვატარებ, – ნოდარმა ჯიბიდან ბრელოკზე დაკიდებული ჯაყვა ამოაცურა და ნატას დაანახვა,– აი, შვილო, ის ახლაც თან მაქვს.

– რა პროფესიის გახსენება მოგიწია? – ჰკითხა ნატამ მამამისს.

– ბავშვობაში საკეტების გახსნა მქონდა დამუღამებული.

– ძარცვაზე არ იჯექი?

– ძარცვაზე – მოგვიანებით. თოთხმეტ-თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, „პაძელნიკებთან“ ერთად სამგზავრო მატარებლებში ვჩალიჩობდი, კუპეებს ვაღებდი და სხვადასხვა ნივთებს ვიპარავდი.

– მდიდარი კრიმინალური წარსული გქონია, მამაჩემო, – ჩაეცინა ნატას.

– ჩემზე უარესებიც არიან, შვილო. მოკლედ, ჯაყვა საკეტში შევყავი, ჩვეული მოძრაობით გადავწიე და ტუალეტის კარი მკვეთრად გამოვაღე... – ნოდარმა პაუზა გააკეთა, ჩაეცინა და განაგრძო:

– და რა გგონია, რა დავინახე?

– ალბათ, ჩაჯმულ, შეშინებული მგზავრი, – თქვა ნატამ.

– არა, – თავი გააქნია ნოდარმა, – მე დავინახე ის ახვარი ქურდი ნეაპოლელი. მას ჩანთა ბოლომდე ჰქონდა გახსნილი და მონუსხულივით უყურებდა დაპრესილ დოლარებს. კინოში ხომ გინახავს კობრის წინ მონუსხული მსხვერპლი?! აი, სწორედ ისეთ პოზაში და ისეთი სახით იდგა ის ნეაპოლელი ტუალეტში. მან ვერც კი გაიგონა კარის გაღების ხმა და ვერც მე დამინახა. მე კი ჯერ მთელი ძალით ამოვცხე მას ყბაში აპერკოტი და უნიტაზთან მივთიშე. ჩანთა შევკარი, დავითრიე და უახლოეს სადგურში ჩამოვედი, სადაც მატარებელი რამდენიმე წამში გაჩერდა. შემდეგ ნეაპოლში დავბრუნდი, ჩემს გემში ჩავჯექი და მეორე დღეს უკვე ცოლ-შვილთან ვიყავი. სარას რომ ჩემი თავგადასავალი მოვუყევი, გაეცინა, მაკოცა და მითხრა: – აბა, რა ვიცოდი, საყვარელო, თუ ასეთი მაგარი იყავი, თორემ ყველაფერს მოგიყვებოდი და ერთად ვიჩალიჩებდითო. რომ არ მოგატყუო, შევშინდი. რადგან ჩემი ცოლი ისე ბაზრობდა, ეტყობოდა, ქურდობის ნოსტალგიას შეეპყრო და არც მომავალში იტყოდა უარს ძველ საქმიანობაზე. ამიტომ, მივუალერსე და ვუთხარი:

– სარა, ძვირფასო, გატყობ, რაღაც აზარტს ჰყავხარ შეპყრობილი და ნუთუ კვლავ ჩალიჩზე ფიქრობ?

– არ მოგატყუებ, ნოდარ, და მართლა ვფიქრობ.

– რატომ, საყვარელო. განა ხუთი მილიონი დოლარი ის თანხა არაა, რომელიც ბედნიერებას მოგვიტანს და ჩვენს ოჯახურ ცხოვრებას უზრუნველყოფს?!

– ეჰ, საყვარელო, – ამოიხვნეშა სარამ, – რა თქმა უნდა, ხუთი მილიონით ბევრად უზრუნველყოფილნი ვიქნებით და არც ჩვენ და არც ჩვენს შვილებს ჩიტის რძეც არ მოაკლდებათ, მაგრამ მხოლოდ ფული როდია ბედნიერება?

– მაშ, რა, საყვარელო?

– რა და საქმე, საყვარელო, საქმე. აი, რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება. იცი, რამხელა სიხარული და ბედნიერებაა, როდესაც საქმეს დაგეგმავ, შეასრულებ და ბოლოს კი შედეგს მოიმკი?

სარა მონადირის აზარტით ლაპარაკობდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ქურდობას ასე იოლად ვერ შეეშვებოდა, თუკი საერთოდ შეძლებდა ამ საქმიანობისთვის თავის დანებებას. ამიტომ, ძალიან გავბრაზდი. თუმცა არ შევიმჩნიე და სარას ვუთხარი:

– საყვარელო, ნუთუ შენი ოჯახი იმად არ ღირს, რომ ამ საქმეს თავი დაანებო და შარში არ გაეხვიო? კარგი, ჩემი თავი, ჯანდაბას, მაგრამ შენმა შვილებმა რა დააშავეს. განა ნინო და ბექა ცოდოები არ არიან? აბა, დაფიქრდი და ისე მიპასუხე.

სარამ თავისი ცისფერი თვალები შემომანათა, მომხიბვლელად გამიღიმა და ნაზად მითხრა:

– საყვარელო, ნუ გეშინია. ეს ისეთი სუფთა საქმეა და ისე კარგად მაქვს მოფიქრებული, გავქაჩავთ და არ დავიწვებით. აი, ნახავ, თუ მაგრად არ მოგეწონოს.

სარას სიტყვებზე შევცბი, რადგან მე მას მორალს ვუკითხავდი და ქურდობისთვის თავის დანებებისკენ მოვუწოდებდი. მან კი ახალ საქმეზე გამიბა ბაზარი.

– მაგარი ვინმე გყოლია, – გაეცინა ნატას.

– გაიცნობ და შენ თვითონვე ნახავ, – თქვა ნოდარმა და განაგრძო, – ვფიქრობდი, ნოდარის თავი ჯანდაბას, მაგრამ შვილებს რა ეშველებოდათ, მე და სარა რომ ჩავვარდნილიყავით და პოლიციას დავეჭირეთ. იქვე გამახსენდა ჯოჯომერის სიტყვები: „თქვენს შვილებს უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარებენ“. ამიტომ, რაც შემეძლო, მკაცრი სახე მივიღე და სარას ვუთხარი:

– შენ ხომ არ გაგიჟდი, საყვარელო, რა საქმე, რის საქმე, ხომ ხედავ, რა შარში გვაქვს თავი გაყოფილი, ჯოჯომერმა ჟენევაშიც კი მომაგნო. თანაც, ძებნილი ხარ და შენ კიდევ საქმის გაკეთება გინდა? არა! დაივიწყე!

სხვა ქალი, ალბათ, აფეთქდებოდა. სარამ კი უმანკო მზერა მომაპყრო და მითხრა:

– საყვარელო, შენ სულაც არ გიხდება გაბრაზება. თანაც გეტყობა, რომ ნაძალადევად ბრაზობ.

– სულაც არა, – ავუწიე ხმას, რადგან ვიგრძენი, რომ ცოტაც და სარა შემაბამდა. მე კი ეს არ მინდოდა, – სულაც არა. არავითარი კრიმინალური საქმე. დროა, წესიერ ცხოვრებაზე ვიფიქროთ.

სარამ უფრო სათნო, მომხიბვლელი სახე მიიღო და მითხრა:

– საყვარელო, ერთი კვირის მერე პარიზში ბრილიანტების უნიკალური ნიმუშების გამოფენა ტარდება. ექსპოზიცია ერთ-ერთ კერძო კლუბში გამოიფინება და უახლესი სიგნალიზაციით იქნება უზრუნველყოფილი. გადაწყვეტილი მაქვს, მთელი ბრილიანტები მოვიპარო. აი, ნახე, რა მშვენიერებაა, – სარამ მომავალი პარიზული გამოფენის კატალოგი დამიდო წინ, რომელშიც ორმოცი უმშვენიერესი ბრილიანტი იყო წარმოდგენილი და მათი საერთო ღირებულება მილიარდ დოლარს უახლოვდებოდა.

– ამას ხომ ეშმაკიც ვერ მოიპარავს, – ვუთხარი სარას.

– ეშმაკის რა მოგახსენო, მაგრამ მე კი, უფრო სწორად, ჩვენ, აუცილებლად დავითრევთ, – მტკიცედ თქვა სარამ და მომხიბვლელად გამიღიმა.

– კი მაგრამ, როგორ? შენ ხომ ახლოდანაც არ გინახავს ის დარბაზი, სადაც გამოფენაა, თანაც იქ, ალბათ, სუპერსიგნალიზაცია იქნება და როგორ გამორთავ?

– სიგნალიზაციას მივხედავ. პარიზში კი ამ საღამოსვე გავემგზავრები და პირადად შევისწავლი ამ საკითხს.

– სად პარიზში გაემგზავრები, საყვარელო, დაგავიწყდა, ძებნილი რომ ხარ?

– მერე, გრიმი და ყალბი საბუთები რისთვისაა? – მითხრა სარამ და ყალბი პასპორტი დააგდო მაგიდაზე, – დაგავიწყდა, რომ მე ასეთი რამდენიმე მაქვს, თანაც გრიმს კარგად ვიკეთებ?

– არ დამვიწყებია, მაგრამ...

– არავითარი, მაგრამ, – შემაწყვეტინა სარამ, მაკოცა და ლოგინში შემიტყუა... ორიოდე საათის მერე კი, როცა სიყვარულით ვიჯერეთ გული, მითხრა, – მოკლედ, საყვარელო, სამ დღეში დავბრუნდები და ჩემი დარდი ნუ გექნება. ბავშვების მიხედვა არ გაგიჭირდება და არაფერზე ინერვიულო.

ერთი საათის მერე სარა პარიზში გაემგზავრა და მხოლოდ მას მერე, რაც ის სახლიდან გავიდა, გავაცნობიერე, თუ რა ოსტატურად გაიტანა მაინც თავისი, ყოველგვარი ჩხუბის გარეშე.

– მართლა საინტერესოა შენი ცოლის გაცნობა, – თქვა ნატამ.

– გაიცნობ და ალბათ, საკმაოდ მალეც, – თქვა ნოდარმა, – მოკლედ, სარა მართლაც სამი დღის მერე დაბრუნდა პარიზიდან და მითხრა:

– საკმაოდ რთული სისტემის სიგნალიზაციაა, საყვარელო, და ბევრი საჩალიჩოა.

– ჰოდა თავი დაანებე, ძვირფასო. ჯანდაბას ის ბრილიანტები.

– რთული საქმის გაკეთებაა სწორედ აზარტი და სიამოვნება, რასაც ბოლოს ვიღებთ. მოკლედ, ასეა საქმე. ყველაფერი ზუსტად დავადგინე და მოქმედების გეგმაც მაქვს, – სარამ კომპიუტერზე დამუშავებული სქემა გამიშალა და ახსნა დაიწყო, – ეს ის შენობაა, სადაც ბრილიანტები გამოიფინება და შიგნით შეღწევას დასავლეთის კედლიდან მოვახერხებთ. აი, ნახე, საყვარელო, სწორედ აქაა ის საიდუმლო ხვრელი, რომლითაც მარკიზა ანა დიჟონი თავის საყვარლებს იღებდა საკუთარ ბუდუარში. სწორედ რომ მარკიზას ბუდუარი ესაზღვრებოდა კერძო საგამოფენო დარბაზს, სადაც ეს უნიკალური კოლექცია გამოიფინება. შენობაში, ეგრეთ წოდებული, სითბური „დრელით“ შევალთ და ეს პრობლემა არაა. მე ამით არაერთხელ მისარგებლია და დამუღამებული მაქვს.

– სითბური „დრელი“ რა არის? – ვკითხე სარას.

– ერთგვარი უხმო მოწყობილობა, რომლითაც კედელში ოთხ ნახვრეტს აკეთებ, შემდეგ ვიბრატორს რთავ, ერთი წუთის მერე იმ კედელში მხოლოდ ბათქაშ-ბეტონის წვრილი მარცვლებიღა რჩება და გზა ხსნილია. მარკიზას ბუდუარი უკვე ვიქირავე ერთი თვით. შიგნით საჭირო მოწყობილობებიც შევიტანე და საიმედოდ გადავმალე.

– ყოჩაღ, საყვარელო! – აზარტით მივუგე სარას და საკუთარი თავი უმალვე იმაში დავიჭირე, რომ სარას ბოლომდე შებმული ვყავდი. ეს სარამაც შენიშნა, თუმცა არ შეიმჩნია და განაგრძო:

– საყვარელო, ყველაზე რთული სიგნალიზაციის გათიშვა იქნება და აქ უკვე ორი ვარიანტი შევიმუშავე: ნაზი და უხეში.

– ეს რას ნიშნავს?

– ეს იმას ნიშნავს, თუ რა მეთოდით წამოვიღოთ დარბაზიდან ბრილიანტები მას მერე, რაც შიგნით აღმოვჩნდებით. ნაზი მეთოდი ნიშნავს, რომ სიგნალიზაციის გამორთვას მოვახერხებთ, თავისუფლად, უპრობლემოდ გავხსნით დაჯავშნულ ვიტრინებს და დავითესებით. უხეში კი ხმაურიან გაქურდვას ნიშნავს.

– ნაზი მეთოდი ასე თუ ისე გავიგე, მაგრამ თუ არ გამოვიდა, მაშინ? – უფრო მეტი აზარტით ვკითხე სარას.

– მაშინ, საყვარელო, ვიზამთ ასე, – მშვიდად მომიგო სარამ, – მუზეუმთან დანაღმული მანქანა აფეთქდება და მისი ტალღა სათვალთვალო კამერებსაც გამოიყვანს მწყობრიდან. ჩვენ კი აირწინაღებით შევიჭრებით დარბაზში, ჯავშანსამტვრევით ვიტრინებს ჩავამსხვრევთ და ძვირფასეულობას გავიტაცებთ.

– აირწინაღები რაში გვჭირდება?

– იმაში, საყვარელო, რომ როცა სათვალთვალო კამერები გაითიშება, დარბაზში შეიარაღებული მცველები შემოვარდებიან, ჩვენ კი, მათ გასანეიტრალებლად მხუთავ გაზს გავუშვებთ. თავადაც რომ არ ჩავიხუთოთ, აირწინაღები დაგვჭირდება. სხვათა შორის, მხუთავი გაზი, აირწინაღები და „ც-4“ პლასტიკური ასაფეთქებელი უკვე მარკიზა დიჟონის ბუდუარშია გადამალული.

სარამ ისე ამიხსნა ყველაფერი, რომ კითხვები არ გამჩენია. ზუსტად ხუთი დღის მერე ბავშვები კერძო პანსიონში მივაბარეთ ერთი კვირით და პარიზში გავემგზავრეთ. გამოფენა პომპეზურად გაიხსნა და ცერემონიალზე ბევრი ბობოლა, ცნობილი სახე იმყოფებოდა. შემდეგ ეს შედევრები დავათვალიერეთ და კერძო სახლში დავბრუნდით. უფრო სწორად კი დიჟონის ბუდუარში.

– მამა, შენმა ცოლმა საიდან შეიტყო, რომ მარკიზას ბუდუარს საიდუმლო ხვრელი ჰქონდა? – ჰკითხა ნოდარს ნატამ.

– ინტერნეტიდან, შვილო. ფრანგულ საიტზე სპეციალური გვერდია, სადაც შენობებსა და მათი მფლობელების ისტორიებზეა მოთხრობილი. სწორედ იქ მიაგნო სარამ.

– მართლა მაგარი ვინმე ყოფილა, გაიმეორა ნატამ, – მერე?

– მერე ის, რომ იმავე ღამეს შევუდექით ჩალიჩს, შენობაში შევაღწიეთ და ნაზი მეთოდით მოახერხა სარამ ყველაფრის მოგვარება. მან სიგნალიზაციაც გათიშა, პოლიციელებს ცარიელი დარბაზის კადრიც დაუყენა მონიტორზე და ორმოცი სუპერბრილიანტით ჯერ მარკიზას ბუდუარში დავბრუნდით, შემდეგ მარსელში ჩავედით და იქიდან ჩვენს სადგომს დავუბრუნდით. მეორე დღეს კი ევროპის ყველა გაზეთი წერდა ამ სუპერძარცვის შესახებ. ძარცვის სავარაუდო ვერსიებში სარას სახელიც ამოტივტივდა. სრული უსაფრთხოების მიზნით ბრილიანტები ერთ ადგილზე გადავმალე და უკან დავბრუნდი. მერე კი, უფრო სწორად გუშინწინ, გერმანიაში მომიწია ჩასვლა და სწორედ იქ გავიგე, რომ ინტერპოლი მეძებდა. ძლივს გამოვასწარი. თურმე, ჯოჯომერს დუმილი დაურღვევია და სიმართლე მოუყოლია პოლიციისთვის. საქმეში ინტერპოლი ჩართულა – ძებნილად გამომაცხადეს. ასე რომ, ახლა აქ ვარ და როგორმე ინტერპოლს უნდა დავუსხლტე.

– ალბათ, ბრილიანტებიც თან გაქვთ, ხომ? – ჰკითხა ნოდარს მათემ, – გვიჩვენეთ, თუ შეიძლება.

ნოდარი გველნაკბენივით წამოხტა, მოულოდნელად პისტოლეტი ამოაცურა, მათეს მიუშვირა და კბილებში გამოცრა.

– არ მომეკაროთ, თორემ გესვრით...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3