კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „ატერორებდა“ გარე მოვაჭრეებს საგადასახადოს გაყალბებული საბუთებით მირიან საღარაძე


გავლენიანი ნაცნობების წყალობით, საქართველოში ფულის შოვნა თურმე სულ ადვილია. როგორ გამდიდრდეთ? ამის კლასიკურ მაგალითად 51 წლის მირიან საღარაძის გამჭრიახობა წაგადგებათ. მან საგადასახადო სამსახურის თანამშრომლობა დაიბრალა და ერთ-ერთ ოჯახს ფული „აახია“. მოკლედ, „ჩინოვნიკის“ სტატუსით, საღარაძემ ფული იშოვა, დაზარალებულ ოჯახს პატიმრის ციხიდან გამოშვებას დაჰპირდა, მაგრამ გაება – პატიმარი თვითონ გახდა.

რომ არა სულსწრაფობა, საღარაძე შესაძლოა, დღესაც „ზედამხედველობის სამსახურის უფროსი“ ყოფილიყო. კიდევ რამდენ ადამიანს გაყვლეფავდა კაცმა არ იცის, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ჩავარდა და პატიმარია. ყალბი დოკუმენტებისთვის – 2,6, თაღლითობისთვის – 7, ანუ სასამართლომ მას მთლიანობაში 9,6 წელი მიუსაჯა.

წარმოუდგენელი რისკი და „ჩინოვნიკის“ საქმენი საგმირონი

ის, რაც მირიან საღარაძემ გარისკა, მართლაც რომ დასაფასებელია. უტყუარადაა დადგენილი, რომ კომპიუტერის წყალობით, მან „თემურ მახარაძის“ სახელზე საგადასახადოს ყალბი მოწმობა დაიმზადა, საკუთარი ფოტოსურათი ჩააკრა და ბეჭედიც დაუსვა. ბოლოს კი ყალბი ბეჭდიანიც იშოვა და ყოველგვარი ბიუროკრატიული ჩარევის გარეშე, გავლენიანი თანამდებობის პირი გახდა. ყალბი დოკუმენტაციით, საღარაძე საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი გახლდათ და რადგან ყველა საბუთი „წესრიგში ჰქონდა“, საღარაძე ანუ „თემურ მახარაძე“ ქუჩაში გარე მოვაჭრეებს დაერია.

აგვისტოში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოსავალი შემოსულია და გარე მოვაჭრეები ქუჩაში ვეღარ ეტევიან, საღარაძემ მათი გამოხშირვა დაიწყო. დეზერტირების ბაზარში ვაჭრებს მიადგა და ვინც თვალში არ მოუვიდა, „სივი დაუძრო“ და ინდმეწარმის მოწმობის ჩვენება მოსთხოვა. ამ გზით საღარაძე დღეში მინიმუმ, 200-300 ლარს შოულობდა, რადგან სოფლიდან ჩამოსულ ვაჭრებთან „სივის“ ქნევა არანაირად არ ეზარებოდა. ასე გრძელდებოდა დაახლოებით, ორი კვირა, მანამ სანამ ბაზარში ნამდვილი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი არ გამოჩნდა. საბედნიეროდ, ეს ამბავი საღარაძემ ნაცნობი ვაჭრისგან შეიტყო, რომელმაც უთხრა, რომ მისი რჩევა გაითვალისწინა და ინდმეწარმის მოწმობა აიღო. მან საღარაძეს მოწმობა გაუწოდა და ნიშნისმოგებით უთხრა, რომ ეს მოწმობა ცოტა ხნის წინ ბაზარში მოსულ მის კოლეგებსაც აჩვენა. საღარაძე მიხვდა, რომ საქმე შესაძლოა, ცუდად წასვლოდა, დაახლოებით ერთი კვირა, ბაზარს აღარ გაჰკარებია, მაგრამ საქმიანობა კვლავ განაგრძო. თუმცა, როგორც ჩანს, 10-10 და 5-5 ლარის აკრეფა მოჰბეზრდა და გადაწყვიტა ცოტა უფრო „სერიოზული საქმისთვის“ მოეკიდა ხელი.

ბედმაც გაუღიმა. ასეთი მსხვერპლი ვაგზალზე, ბაზრობა „პასაჟის“ წინ გამოიჭირა. ვაშლით მოვაჭრე ვინმე დიანას თავი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლად გააცნო და როგორც წესი, მასაც ინდმეწარმის მოწმობის ჩვენება მოსთხოვა. სამაჩაბლოდან დევნილმა ქალმა თავის მართლება დაიწყო, ვაშლს ვყიდულობ და ვყიდი, ახლახან გადავწყვიტე ამ საქმიანობის დაწყება და მოწმობა ჯერ არ ამიღიაო. მაგრამ, თავის მართლებამ საღარაძესთან არ გაჭრა, ქალს ოქმის შედგენითა და 250 ლარი ჯარიმით დაემუქრა. გამყიდველი ქალი ძალიან შეწუხდა და ცრემლები მოერია – შვილი მყავს პატიმარი, იქნებ ანგარიში გამიწიოო. საღარაძემ მაინც შორს დაიჭირა მისი თხოვნა, მაგრამ ბოლოს გული მოულბა – და ჯარიმის სანაცვლოდ, გარემოვაჭრეს 50 ლარის გადახდა შესთავაზა. ამასთან, დაჰპირდა, რომ ინდმეწარმის მოწმობის გაკეთებაშიც დაეხმარებოდა.

გამყიდველს ისე გაუხარდა მისი გულმოწყალება, „ჩინოვნიკი“ იქვე მდებარე მის მიერ ნაქირავებ ბინაში წაიყვანა. ბინაში მისვლისთანავე საწყალმა ქალმა შვილს, დალის დაურეკა – მოწმობის გარეშე რომ ვვაჭრობ დამაჯარიმეს, სასწრაფოდ 50 ლარი იშოვე და სახლში მოიტანეო. გამყიდველის შვილი შინ 50 ლარით დაბრუნდა და სტუმარ-მასპინძელს შორის გულღია საუბარი გაიმართა.

როგორც გაირკვა, მოვაჭრის სიძე ანუ დალის ქმარი, უაქციზო საქონლის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის გამო დააპატიმრეს და მისი საქმე სასამართლოს უნდა განეხილა. დამწუხრებულმა სიდედრმა საღარაძეს გაანდო, რომ სოფელში ბინაც კი გავყიდეთ როგორმე საპროცესო გარიგებით რომ გამოგვეყვანაო, მაგრამ, ვერ ახერხებდნენ – პროკურატურა საპროცესოს არ თანხმდებოდა.

საღარაძეს ბედმა სწორედ აქ გაუღიმა. ოჯახი დაარწმუნა, რომ მის გავლენიან ნაცნობებს პროკურატურაში ბევრი ახლობელი ჰყავდათ და უთხრა, რომ თუ ფულს გადაიხდიდნენ, საქმეს ის მოუგვარებდა. ამის დასადასტურებლად „ჩინოვნიკმა“ ტელეფონი ამოიღო და ოჯახს რომ მისი ძალა ეგრძნო, ვიღაცას დაურეკა (რეალურად არავისთვის დაურეკავს) – ჩემი ახლობლის ქმარია დაჭერილი და მის გათავისუფლებაში დამეხმარეო. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გაჭირვებულმა ოჯახმა დაიჯერა რომ „მახარაძე“ ყოვლისშემძლე იყო და მორიგდნენ – „მახარაძე“ თავის ნაცნობს მოელაპარაკებოდა და 2 500 ლარის სანაცვლოდ, საპროცესო გარიგებაც შედგებოდა. კერძოდ, გავლენიან ნაცნობს დაიყოლიებდა, რომ პროკურატურის მუშაკები დაერწმუნებინათ, პატიმარი საპროცესოთი გაეთავისუფლებინათ. მოკლედ, საღარაძე ოჯახს დაჰპირდა, მის მიერ გაკეთებული საქმის შედეგი იქნებოდა ის, რომ ერთ თვეში პატიმარს გარეთ გამოიყვანდა.

სიტყვას საქმე მოჰყვა. რამდენიმე დღეში საღარაძემ პატიმრის ცოლს დაურეკა, სთხოვა ფული გაემზადებინა და ცოტა ხანში მანქანით მიაკითხავდა. აუხსნა, რომ საქმის გამკეთებელს მარჯანიშვილზე, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პასტერის ქუჩასთან უნდა შეხვედროდა. კიდევ ერთხელ გაუმეორა მას, რომ 2 500 ლარი თან ჰქონოდა.

როგორც ჩანს, გამჭრიახ „ჩინოვნიკს“ ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. სათანადო ნაცნობი შეარჩია და პატიმრის ცოლის პარალელურად, მასაც იმავე ტერიტორიაზე დაუთქვა შეხვედრა. საქმე მოგვარდა – პატიმრის ცოლის დასანახად საღარაძე ნაცნობს ქუჩაში 2 წუთით დაელაპარაკა, შემდეგ მასთან დაბრუნდა და უთხრა – ფული ქუჩაში არ გამომართვა, დამავალა, სახლში მომიტანეო და... ამ გზით პატიმრის ოჯახს 2 500 ლარი დასტყუა.

როგორც პატიმრის მეუღლემ გაიხსენა, როდესაც ქუჩაში საღარაძე თავის ნაცნობს ელაპარაკებოდა, დარწმუნდა, რომ ის მართლა მაღალჩინოსანი იყო. უცნობი ლამაზი უცხოური მანქანით მოვიდა და „შარვალ-კოსტიუმი“ ეცვა. მართალია, ძალიან ცოტა ხანს ელაპარაკებოდა, მაგრამ მაინც დავწმუნდი, რომ „მახარაძე“ საქმის გამკეთებელი იყოო. მოკლედ, ქალმა ვერ წარმოიდგინა, რომ რეალურად ისინი სულ სხვა თემაზე საუბრობდნენ და არა მისი მეუღლის გათავისუფლებაზე. ეს კი „მახარაძის“ გამჭრიახობის წყალობით მოხდა. როდესაც მარჯანიშვილზე მივიდნენ, საღარაძემ ქალს უთხრა, მანქანაში დარჩენილიყო – მე თვითონ დაველაპარაკებიო. ქალი ამბობს, რომ მართალია, ის მანქანაში დარჩა, მაგრამ თავის თვალით დაინახა, უცნობს ნამდვილად ელაპარაკებოდაო...

2 500 ლარის გადაცემის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. ერთ კვირაში საღარაძემ კვლავ დაურეკა პატიმრის ცოლს, დაარწმუნა საქმეს ვაგვარებო და ისე რომ გვარი არ დაუსახელა, უთხრა ერთ-ერთი მაღალჩინოსნისთვის ქრთამია საჭირო და სასამართლოსთან კიდევ 1 000 დოლარით მისვლა სთხოვა.

სასამართლოს ეზოს შესასვლელთან პატიმრის ცოლი ბიძაშვილთან ერთად მივიდა, სადაც საღარაძე დახვდათ. ამ დროს გონებაგამჭრიახმა საღარაძემ სასამართლოში შემავალი ქალი დაანახა – შენს მოსვლამდე მაგ ქალს ველაპარაკე, ეგ 1 000 დოლარი სწორედ მაგის ხელით უნდა შევიდეს „ადრესატთანო“.

პატიმრის ცოლს არა, მაგრამ მის თანმხლებ ბიძაშვილს „მახარაძეზე“ ეჭვი გაუჩნდა – ასეთი საქმეები ასე მარტივად არ გვარდებაო და ნათესავს სთხოვა ფული აღარ მიეცა მისთვის – რატომღაც მაგ „მახარაძისა“ არ მჯერაო. მართლაც, პატიმრის ცოლმა ფულის მიცემა გადაიფიქრა. მაგრამ, საღარაძე დაემუქრა – იმ 2 500 ლარსაც უკან დაგიბრუნებ და შენს ქმარს ციხეში დიდი ხნით დავატოვებინებო. ამ საუბრით დაცილდნენ ისინი ერთმანეთს, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატიმრის ცოლი შინ დაბრუნდა და დედას მომხდარის თაობაზე მოუყვა, დედამ შვილს უთხრა – თავი რად დაიღუპეო და იმავე საღამოს თვითონ დაურეკა საღარაძეს, მოუბოდიშა და ფულის გადასაცემად შეხვედრა თავად დაუთქვა.

მორიგი შეხვედრა ნახალოვკაში, ნაძალადევის მეტროსთან მდებარე ბაღთან მოხდა. მას შემდეგ, რაც თაღლითმა დედა-შვილი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ პატიმარი გათავისუფლდებოდა, 1 000 დოლარი ჩაიჯიბა.

საუბედუროდ, დედა-შვილი თაღლითის განზრახვას მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, როდესაც პატიმარს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. არადა, „მახარაძე“ დედა-შვილს მხოლოდ მათი პატიმრის დახმარებას კი არა, მასთან ერთად საქმეში ვინც გადიოდა, მის გათავისუფლებასაც ჰპირდებოდა.

მოტყუებულმა ოჯახმა „მახარაძის“ ძებნა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ დაიწყო, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, „ჩინოვნიკი“ მომსახურების არედან გასული აღმოჩნდა...

ვინ იქნებოდა მორიგი მსხვერპლი არავინ იცის, მაგრამ ამ ამბიდან ცოტა ხანში საღარაძე დააკავეს – „კოკა წყალზე გატყდა“. იმის მიუხედავად, რაც საღარაძემ თაღლითობით ფული იშოვა და იცოდა, პატიმრის ოჯახი ეძებდა, ბაზრობის ტერიტორიას მაინც არ მოსცილდა. ერთ საღამოს ის პატიმრის ცოლმა შენიშნა და მიუხედავად იმისა, რომ წვერი ჰქონდა მოშვებული და სათვალე ეკეთა, მაინც იცნო.

საინტერესო დეტალი: როდესაც დაზარალებულმა პატიმრის ცოლმა დამზარალებელი დაინახა, მასთან ერთად იყვნენ მოვაჭრეები, რომლებსაც ინდმეწარმის მოწმობის არარსებობის გამო საღარაძემ არა მხოლოდ ჯარიმები გადაახდევინა, შემდეგში ინდმეწარმის ყალბი მოწმობების აღებაში დაეხმარა და ამაშიც ფული გამოართვა. სწორედ ამ ხალხის წყალობით დაიჯერა სასამართლომ, რომ საღარაძემ პატიმრის ოჯახს ფული გამოსძალა, რადგან რეალურად, 2 500 ლარის გადაცემის მომენტს მოწმე არ ჰყავდა...

ვინ იყო ის პიროვნება, ვისაც საღარაძე ქუჩაში ესაუბრა, ეს დღემდე უცნობია. გამოძიება ცდილობდა, მისი ვინაობა დაედგინა, მაგრამ ამაოდ. რაც შეეხება თავად საღარაძეს, მან ბოლომდე დუმილის უფლება გამოიყენა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. გარდა იმისა, რომ 9,6 წელი მიესაჯა, სასამართლომ ზარალის ანაზღაურებაც დააკისრა.


скачать dle 11.3