ვინ და როგორ შექმნა მცირეწლოვანთა ორგანიზებული ბანდა, რომელიც 15 თვე თარეშობდა საქართველოში
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, ეგრეთ წოდებული, „შვედის“ საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო საბჭოთა კავშირში. ამ მოუხელთებელ დამნაშავეს და მისი ბანდის წევრებს მილიციაც ეძებდა და ქურდებიც...
მოკლე ჩართვა
გიზო ჟვანია ერთ-ერთია იმათგან, ვისაც საბჭოთა კავშირში „ცეხავიკებს“ ეძახდნენ. 50 წლის დიპლომიანი ეკონომისტი იატაკქვეშა მილიონერი იყო და ოცდაათამდე არალეგალურ საამქროს ფლობდა. ამ საამქროებში ორასამდე ადამიანი იყო დასაქმებული. ისინი ბიჟუტერიას ამზადებდნენ, რომლებიც შემდეგ რუსეთში გაჰქონდათ და სარფიანად ჰყიდდნენ. ჟვანიას საათივით ჰქონდა აწყობილი საქმე და უზარმაზარ მოგებას ნახულობდა, რომელსაც მილიციასაც უნაწილებდა და ქურდებსაც. მისი ხელქვეითები კი, იმ პერიოდისთვის ასტრონომიულ ხელფასს იღებდნენ. ეს თანხა 600 მანეთი იყო. ასეთი ხელფასი მაშინ ოფიციალურად მხოლოდ აკადემიკოსებს ჰქონდათ. ჟვანიას მეტსახელად „უროს“ ეძახდნენ. ის ძველი მოკრივე იყო, მძიმე ხელი ჰქონდა და „ურო“ ამიტომ შეარქვეს, ის თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში ცხოვრობდა და ახალთახალი „გაზ-24-ით“ დადიოდა, რომელიც მაშინ სულ ოციოდე კერძო პირს ჰყავდა საქართველოში.
მაისის მიწურულს, დაახლოებით, საღამოს 10 საათზე, ურო ტახტზე იყო წამოწოლილი და მუსიკას უსმენდა. ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა. ჟვანია ყურმილს დასწვდა:
– გისმენთ.
– გამარჯობა, ურო!
– რომელი ხარ?
– რატომ არ მესალმები?
– გაგიმარჯოს. რომელი ხარ?
– ჩემი წერილი მიიღე? – მოესმა მშვიდად ნათქვამი სიტყვები.
ურომ სამი დღის წინ საკუთარი ფოსტის ყუთში ანონიმური წერილი აღმოაჩინა, რომელშიც ეწერა: „სრულიად სერიოზულად გირჩევ, რომ ზეგ 100 ათასი მანეთი მოიტანო ვაკის პარკში, ღამის 2 საათზე და ცელოფანი მარჯვნივ მდებარე ავაზის ქანდაკების ქვეშ დადო. არ იფიქრო, შეურაცხყოფას გაყენებ ან გემუქრები, უბრალოდ, გირჩევ და გარწმუნებ, რომ ასე ჯობია. ამავდროულად გაფრთხილებ, რომ ამ საქმეში არც მილიცია ჩართო და არც შავები“. ჟვანიას ეს წერილი ვიღაცის უკბილო ხუმრობა ეგონა და გადააგდო.
– მივიღე, – ირონიულად უპასუხა ურომ უცნობს.
– მერე?
– რა, მერე?
– რა ჰქენი, რატომ არ მოიტანე ფული?
– ქაღალდი, რომელიც გამომიგზავნე, ამოვისვი უკანალში. ფული კი ლომის უკანალშია და თუ მაგარი ხარ, ამოიღე, – უფრო მეტი ირონიით თქვა ჟვანიამ, – გიჟი ხარ თუ მაშაყირებ?
– კიდევ ერთ შანსს გაძლევ... თუ ფულს ხვალ არ მოიტან აღნიშნულ დროს და აღნიშნულ ადგილზე, მაშინ უფრო ძვირი დაგიჯდება შენი სიძუნწე და ინანებ.
– წადი, შენი დედაც... – შეაგინა ურომ უცნობს და ტელეფონი გაუთიშა.
უცნობმა ორი დღის შემდეგ დარეკა და უროს უთხრა.
– შენ მაგრად შეცდი, რომ ფული არ მოიტანე. ახლა უკვე სამმაგი თანხა მინდა და 300 ათასით გაჯარიმებ.
– ვინ ხარ? – იღრიალა ურომ.
– ამას სულ მალე გაიგებ, – მშვიდად უპასუხა უცნობმა და ტელეფონი გაუთიშა.
წინა საუბრისგან განსხვავებით, ბოლო ზარის შემდეგ ურო აღელდა და შუაღამემდე ვერ დაიძინა, თუმცა ბოლოს დამშვიდდა. ღამის 3 საათზე ტელეფონის გაბმულმა ზარმა გააღვიძა.
– გისმენთ, – თქვა ურომ ნამძინარევი ხმით.
– ჩქარა, გიზო, დიდუბეში გამოდი, პლასტმასის ცეხი იწვის! – მოესმა უროს თავისი მარჯვენა ხელის, დიტო მიქაძის ხმა.
მეხანძრეების ძალისხმევის მიუხედავად, პლასტმასის საამქრო მთლიანად დაიწვა, 450 ათასი მანეთის ნედლეული და მზა პროდუქცია ფერფლად იქცა.
სახანძრო ექსპერტებმა შემთხვევის ადგილი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
„შვედი“
დიდუბეში მომხდარი ხანძრიდან ერთი კვირის თავზე უროს ბინაში ისევ დარეკა ტელეფონმა... უცნობმა გიზო ჟვანიას უთხრა:
– არ ჯობდა, ფული მოგეტანა? ხომ გითხარი, უფრო ძვირი დაგიჯდება სიძუნწე-მეთქი.
ამ სიტყვებმა ურო ძალიან გაამწარა და უცნობს უწმაწური სიტყვებით აგინა, ბოლოს კი დაამატა:
– ჩემგან კაპიკსაც ვერ მიიღებ, თან, იცოდე, ასი წლის მერეც მოგძებნი და აგაორთქლებ! იცოდე, „მეტკა“ გადევს და ბეწვზე კიდიხარ.
– ასეც ვიცოდი, რომ რქიანი ხარ, – აგდებულად უთხრა უცნობმა, – თანაც უკიდურესად ძუნწი და ხეპრე... აბა, „ბოქსიორს“ მეტი რა მოეთხოვება. „დამეტკილი“ შენც ხარ და სანამ ფულს არ მოიტან, არ მოგეშვები.
ურო უფრო გაცოფდა და გინებას უმატა:
– ჩათვალე, რომ „ტრუპი“ ხარ და შენი ცოცხლად დაწვა დროის ამბავია.
– კარგი, კარგი, ნუ ცხარობ, ნერვები ახალი განცხადებისთვის შემოინახე. ჯერჯერობით, კოცონებს მე ვანთებ და თუ არ გეზარება, ეზოში გადაიხედე.
ურო ფეთიანივით მივარდა ფანჯარას და დაინახა, როგორ იწვოდა მისი ახალთახალი „ვოლგა“. ის ისევ ტელეფონს მივარდა და იღრიალა:.
– რას მერჩი, რა გინდა, ვინ ხარ?!
– ვინ ვარ და შვედი, – მშვიდად მიუგო უროს უცნობმა – 300 ათასი მანეთი მოიტანე ზეგ, იმავე დროს და იმავე ადგილზე, თორემ უფრო მეტად გაზარალებ.
გამწარებულმა გიზო ჟვანიამ ტელეფონის ყურმილი იატაკზე დაანარცხა, შემდეგ ეზოში ჩავიდა და ბოლომდე უყურა, როგორ ჩაიფერფლა მისი ახალთახალი ვოლგა. ურომ დახმარებისთვის მილიციასაც მიმართა და ქურდებსაც, ფულის გადახდაზე კი უარს ამბობდა. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უროს კიდევ სამი საამქრო დაიწვა და ის იძულებული გახდა, შვედისთვის 300 ათასი მანეთი გადაეხადა. ფული მან დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე მიიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ახლომახლო ოცამდე ადამიანი იყო ჩასაფრებული, ფულის წამღების დაკავება მათ ვერ შეძლეს. შავ სამოსში გამოწყობილმა მოტოციკლეტისტმა ფულით სავსე პარკი ჯერ სპორტული მოტოციკლის სავარძელს მიაკრა, შემდეგ თავისი „რკინის რაში“ დაქოქა და კიბეებზე ჩაიქროლა, ბოლოს კი ვაკის პარკის მარცხენა გასასვლელში გაძვრა და გაუჩინარდა.
მეორე დღეს შვედმა დარეკა და უროს უთხრა:
– კარგია, რომ გონს მოეგე და ფული მოიტანე, თუმცა ჩასაფრება ტყუილად მოაწყვე. ხომ დარწმუნდი, რომ მოუხელთებელი ვარ და არც მომავალში გირჩევ ურჩობას.
– მომავალში? – ენა დაება უროს.
– ჰო, მომავალში. რამ გაგაკვირვა? ამიერიდან შენ ყოველთვიურად 50 ათასს გადამიხდი და ჩემს გაცურებას თუ შეეცდები, კარგად იცი, რაც მოგელის. ზუსტად ერთი თვის მერე გადამიხდი ფულს. საათს და ადგილს მოგვიანებით შეგატყობინებ.
ურომ ამ საუბრის შინაარსი მილიციას და ქურდებს შეატყობინა და მათ მოუხელთებელი შვედის ძებნა გააათმაგეს.
ეძიეთ ბავშვი
ქედმოუხრელი ურო ისე დაიმორჩილა შვედმა, რომ ის ყოველთვიურად პატიოსნად იხდიდა „შეწერილ“ თანხას და მისი შეპყრობა აღარ უცდია. იმავე მდგომარეობაში იყვნენ სხვა „ცეხავიკებიც“ და მოუხელთებელი შვედი ფულს თბილისის გარდა სოხუმში, ბათუმში, ქუთაისსა და გორშიც იღებდა. ამ ქალაქებში მან ურჩ „ცეხავიკებს“ სიურპრიზები მოუწყო, დაარწმუნა ისინი, რომ დაუმორჩილებლობას ვერ აიტანდა.
მარტის ღრუბლიან დღეს თბილისელ „ცეხავიკს“, რომელიც ტყავის ნაწარმს ამზადებდა, პლეხანოვის ერთ-ერთ ჩიხში შეპირებული 100 ათასი მანეთი უნდა მიეტანა. მას შვედის შესახებ ყური ჰქონდა მოკრული და არც ურჩობა დაუწყია, არც ვაჭრობა. ფულის მისატანი ადგილის შესახებ, რომ შეიტყო, შვედს უთხრა:
– კეთილი, ჩემო კარგო, შენს ბრძანებას უსიტყვოდ შევასრულებ და ფულს დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე მოგიტან.
– იცოდე, არ მომატყუო, ლეო, – უთხრა მეტყავეს შვედმა, – რაღაც, ძალიან მალე დამემორჩილე და ვერაგობას ხომ არ აპირებ? გაფრთხილებ, არ გაპატიებ ურჩობას და თუ ხაფანგს მიგებ, სასტიკად გაგისწორდები.
– რას ამბობ, შვედო, – უპასუხა ლეომ, – არ ვიცოდე მაინც, ვინ ხარ. ყველაფერი რიგზე იქნება.
დანიშნულ ადგილზე მისულმა მოტოციკლისტმა ცელოფნის შეკვრა აიღო და წასვლას აპირებდა, როდესაც მას ორი შეიარაღებული ადამიანი გადაუდგა წინ და დანებება უბრძანა. მოტოციკლისტმა თავისი „რკინის რაში“ მიაბრუნა და ადგილს მოსწყდა, მაგრამ მას ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა ის მაინც გაიქცა და ცელოფანიც თან წაიღო.
იმავე საღამოს ლეოს შვედმა დაურეკა და უთხრა:
– შენ მე მომატყუე და ფულის ნაცვლად ქაღალდები მოიტანე, თან ცეცხლიც გამიხსენი. იცოდე, განწირული ხარ და ვერაფერი გიშველის. შენ მოკვდები და ძალიან მალე!
ლეო ენაჩავარდნილი უსმენდა შვედს და ბოლოს ამოილუღლუღა:
– მაპატიე, შვედო, მაპატიე, ერთ მილიონ მანეთს მოგცემ, ოღონდ მაპატიე...
– არა! მტკიცედ მიუგო შვედმა და ამ დროს ლეოს შუბლში კარაბინის ტყვია მოხვდა. მოპირდაპირე სახლის სახურავზე მდგომმა სნაიპერმა მას თავის ქალა გაუხვრიტა.
ეს ამბავი საღამოს 9 საათზე მოხდა. ზუსტად ნახევარი საათის მერე კი არამიანცის საავადმყოფოს ექიმი ზაზა ნიორაძე სამმა ადამიანმა „პობედაში“ ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
– რაშია საქმე, თვალებს რატომ მიხვევთ? ვიღაცაში გეშლებით, – უთხრა ექიმმა გამტაცებლებს.
– ნუ ღელავთ, ექიმო, ყველაფერი რიგზეა, – მიუგო ნიორაძეს ახალგაზრდამ, რომელიც მისგან ხელმარცხნივ იჯდა.
„პობედამ“ ოცი წუთის განმავლობაში იარა და ბოლოს გაჩერდა. თვალებახვეული ქირურგი მანქანიდან გადაიყვანეს და როდესაც სახვევი მოხსნეს, ის კარგად განათებულ ოთახში აღმოჩნდა.
ირგვლივ ნიღბიანები იყვნენ, ხოლო ფართო საწოლზე მწოლიარეს სახეზე მარლა ჰქონდა გადაფარებული.
– აქ იმიტომ მოგიყვანეთ, ექიმო, რომ ეს კაცი გადაგვირჩინოთ. ჩემი აზრით, მას მძიმე ჭრილობა არ აქვს, მაგრამ ბევრი სისხლი დაკარგა და თანაც საოპერაციოა, – უთხრა ექიმს ერთ-ერთმა ნიღბიანმა.
ზაზა ნიორაძემ სცადა ნიღბიანები იმაში დაერწმუნებინა, რომ დაჭრილი საავადმყოფოში წაეყვანათ, მაგრამ უარი მიიღო და ოპერაცია ბინაში გაკეთდა.
– აი, ექიმო, ყველა პირობაა საოპერაციოდ. შემდეგ კი ამ დაჭრილის მოვლა გვასწავლეთ და ყველაფერი რიგზე იქნება, – უთხრა ექიმს ნიღბიანმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ უფროსი იყო.
ზაზამ სახეზე მარლაგადაფარებულს მარცხენა მკერდიდან პისტოლეტის ტყვია ამოუღო და ნიღბიანებს ასწავლა, როგორც უნდა მოევლოთ ნაოპერაციები მეგობრისთვის.
ნიღბოსანთა უფროსმა მას 10 ათასი მანეთი მისცა და უთხრა:
– იმედია, მილიციაში არ განაცხადებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრად დაგსჯით.
მათ ექიმს კვლავ აუხვიეს თვალები და მანქანით წაიყვანეს, ავლაბარში დატოვეს და გაუჩინარდნენ. ექიმმა ოციოდე წუთს მოიცადა. ბოლოს ტაქსი გააჩერა და მილიციის სამმართველოში წავიდა, რომელიც მაშინ ბებელის ქუჩაზე მდებარეობდა.
– აი, ეს ფული მომცეს და დამემუქრნენ, რომ თქვენთან არ მოვსულიყავი. მართალია, ავადმყოფს მარლა ჰქონდა სახეზე გადაფარებული, რომ არ მეცნო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ის 16-17 წლის ბავშვია. მისი სხეული ხომ ვნახე და დარწმუნებული ვარ ამაში, – უთხრა ექიმმა მიშა კახიძეს, რომელიც შვედის საქმეს იძიებდა.
– ნამდვილად შვედის ბანდის წევრია ის ბავშვი, – თქვა კახიძემ, – დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს სულ მალე გავხსნით. ამიტომ, ეძიეთ ბავშვი!
დამსახურებული პედაგოგი
პლეხანოვზე მომხდარ შეტაკებამდე შვედი 15 თვის განმავლობაში მოუხელთებელი იყო, მილიციამ ისიც კი არ იცოდა, რომ თბილისში კარგად ორგანიზებული ბანდა მოქმედებდა. ყველას ეგონა, რომ შვედი მარტოხელა ბანდიტი იყო. ის გადამდგარი სპეცმეომარი ეგონათ. ამიტომ ყოფილ სამხედროებს შორის ეძებდნენ. ზაზა ნიორაძის ჩვენების შემდეგ კი, ყველაფერი თავდაყირა დადგა და მიშა კახიძე ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგული მოზარდის ვინაობის შესწავლას შეუდგა, რომელიც კი ბოლო სამი დღის განმავლობაში გაუჩინარდა. ასეთი სულ 10 ადამიანი აღმოჩნდა.
17 წლის ნოე მახარაძეზე ძებნა იმ დღეს გამოაცხადეს მისმა მშობლებმა, როდესაც პლეხანოვზე შეტაკება მოხდა. გამომძიებელი კახიძე პირადად ესტუმრა მახარაძეებს და დაადგინა, რომ ნოე ერთ-ერთ პროფტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა. კახიძე შუადღეს პროფსასწავლებელში მივიდა და ნოეს ოსტატს შეხვდა.
– დიმიტრი შველიძე, – გაეცნო კახიძეს ოცდათხუთმეტიოდე წლის კაცი, რომელსაც უნიფორმა ეცვა.
გამომძიებელმა შველიძეს თავისი შეგირდის დახასიათება სთხოვა, ბოლოს კი დაამატა:
– ინტუიცია მკარნახობს, რომ თქვენი ნაქები შეგირდი ცუდ საქმეშია გარეული და იმალება, ან დაჭრილია და იმიტომ არ ჩანს, – თქვა კახიძემ. შემდეგ ოსტატს გამოემშვიდობა და წავიდა.
– დიმიტრი შველიძე... რა უცნაური კაცი იყო. თითქოს მშვიდი ჩანდა, მაგრამ შევატყვე, ნერვიულობდა. ჰმ, შველიძე, შველიძე დიმიტრი... შვე-დი... – აღმოხდა კახიძეს, რომელმაც მანქანა სასწრაფოდ უკან მოაბრუნა, რომ გაუჩინარებული მახარაძის ოსტატი დაეპატიმრებინა. დარწმუნებული იყო, რომ შველიძე დიმიტრი, იგივე შვედი იყო და ეს მეტსახელი მისი გვარ-სახელისგან იყო შედგენილი. თუმცა, ოსტატი სასწავლებელში აღარ დახვდა...
გამომძიებლის ვარაუდი გამართლდა და შვედი, იგივე შველიძე დიმიტრი, პროფგანათლების დამსახურებული მუშაკი აღმოჩნდა. მან თავისი სტუდენტებისგან შვიდკაციანი ბანდა ჩამოაყალიბა, რომელიც 15 თვის განმავლობაში მოუხელთებელი იყო და შიშის ზარს სცემდა ქართველ „ცეხავიკებს“...
შვედი გაიქცა და 5 მილიონი მანეთი გაიტაცა, ხოლო მისი ბანდის დანარჩენი წევრები დააპატიმრეს და სხვადასხვა ხანგრძლივობის სასჯელი მიუსაჯეს. ოთარ კაშია კი ლეოს მკვლელობის გამო მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ არასრულწლოვანი იყო. შვედის კვალი სამართალდამცველებმა ვერსად აღმოაჩინეს. ხმა დაირხა, რომ მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სხვისი გვარით ცხოვრობდა.