როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
იაკობაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი იაკობ. ამ სახელზე გამოჩენილი ქართველი გვაროლოგი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: „იაკობ ძველებრაული სახელია და ნიშნავს „მიმყოლს“, „მიმდევარს“. თავდაპირველად ნიშნავდა ტყუპთაგან მეორედ დაბადებულს, შემდეგ კი მიეცა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლის, ანუ რაც ნიშნავს ღვთის კვალზე გავლას. მისი შემოკლებული ფორმაა ია, იაკო, ზოგჯერ – იაგო, იაშა, კობა“.
ამ სახელისგან მიღებულია გვარები: აკობია, აკობაძე, აკობიძე, იაკობაშვილი, იაკობიშვილი, იაკობიძე.
იაკობაშვილები ძირითადად ქართველები არიან, ცხოვრობენ იმერეთში და სხვაგანაც. მცირე ნაწილი ებრაელია.
საქართველოში 1 498 იაკობაშვილი ცხოვრობს: საჩხერეში – 476, თბილისში – 394, დედოფლისწყაროში – 109. არიან სხვაგანაც.
ივანეიშვილი-ივანოვი
ფორმა ოვით დაბოლოებული გვარების უმრავლესობა, მაგალითად, ზუბალოვი, ბარათოვი, ციციანოვი, პეტროვი, სიმონოვი, ივანოვი, რუსიევი, და ასე შემდეგ, ქართული გვარებია, ოღონდ გარკვეული პოლიტიკის წყალობით, რუსიფიცირებული ფორმა აქვს მიღებული.
გვარ ივანოვს არაფერი აქვს საერთო არც რუსულთან, არც სომხურთან. რუსიფიკაციის ერთ-ერთი გზა გვარის ფორმის შეცვლა და ეროვნების წართმევა იყო.
იოხანან-იოჰანე, იოვანე (იეჰოხანან) ძველებრაელებისგან ისესხეს წინაპრებმა. ივანე „ღვთის წყალობას“ ნიშნავს და მისგან მიღებული სახელებია იოვანე, იოანე, ოვანე. ამ სახელებიდან რამდენიმე ქართული გვარი გაჩნდა. მათ შორის: ივანაშვილი, ივანიშვილი, ივანიძე, იოვანეშვილი და ასე შემდეგ.
ჭიათურა-საჩხერის მხარეში, განსაკუთრებით კი საჩხერეში, მოხვდა რუსი და სხვა ეროვნების მღვდელი, ისინი აკეთებდნენ რა საეკლესიო ჩანაწერებს, ოვანეშვილი გახდა ივანოვი და ივანეშვილიც – ივანოვი.
ფაქტობრივად, ზემოთ მოყვანილ ყველა გვარში ფუძეა ივანე (ვანო).
საქართველოში 40 ივანოვი, ანუ ივანეიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 33, ჭიათურაში – 4, თერჯოლაში – 3.
დავითმღვდლიშვილი
ამავე გვარის ანალოგიურია მოსემღვდლიშვილი, შიომღვდლიშვილი.
როგორც ეტყობა, რომელიღაც გვარის წევრებს ჰყავდათ მღვდელი, შემდგომ, მოგვიანებით კი ეს გვარის ფუძე გახდა.
დავითმღვდლიშვილთა გვარი მცირერიცხოვანია. გვარში დღემდე შემორჩენილია ასეთი გადმოცემა: გვარის წინაპარი იყო მღვდელი დავითი, მეფე ერეკლეს დეიდაშვილი. ოჯახში ჰქონიათ ტყავზე დაწერილი ასეთი შინაარსის სიგელი: „ჩვენ, საქართველოს შვილნი, მართლმადიდებელნი, ვაძლევთ ჩემი დეიდის აღზრდილ შვილს საწისქვილეს და მამულებს საგარეჯოში, ზალიკაშვილების, ჯეჯილაშვილების ახლოს. ამათ კარზე მზისა და წვიმის მეტი არაფერი მოვიდესო, გადასახადი არა გადახდეთო“. ამბობდნენ სიგელს სახელმწიფოს ბეჭდები ერტყაო.
ამ ამბავს ხშირად იხსენებდა ქალბატონი ეფემია დავითმღვდლიშვილი.
1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით დაწერილ წერილებში იყო ცნობა, რომ ტრაქტატთან დაკავშირებით რუსეთში ჩასულ ქართულ დელეგაციაში იყო ვინმე დავითმღვდელიც.
ამ მცირერიცხოვან გვარში მხოლოდ ორი ოჯახი მრავლდება, ერთი – შილდაში, მეორე – თელავში.
ჩალაძე
რაჭული წარმოშობის გვარია. გვარის ფუძეა მეტსახელი ჩალა. მისგანაა წარმოშობილი გვარები: ჩალაძე, ჩალაშვილი, ჩალაური.
გადმოცემით ჩალაძეების წინაპრები სიდამონიძეები ყოფილან, ქართლიდან ბატონს გაქცევიან და პირველად ნაკიეთში გადასახლებულან. ეს გვარი გვხვდება ამბროლაურის რაიონის სოფელ აზარში, ურავში, ონის რაიონში კი – სოფელ ნაკიეთში.
1840-იან წლებში ჩალაძეები ცხოვრობდნენ სოფლებში: საკაო, ურავი, უწერა, ძეგლევი. იყვნენ საბატონო გლეხები, შინამოსამსახურეები – უწერაში.
საქართველოში 1 744 ჩალაძე ცხოვრობს: თბილისში – 516, რუსთავში – 215, ამბროლაურში – 185. არიან სხვაგანაც.
მამუჩარაშვილი
ქართულ გვარში ფუძედაა გამოყენებული მამისგან ნაწარმოები მოფერებითი სახელი – მამუჩარი. მსგავსი ფუძითაა ნაწარმოები გვარი მამუჩაშვილიც. ასევე, ყოფილა გვარი მამურჩაი – „მეჭურჭლეთუხუცესი, დაამტკიცა ჭყონდიდელის მიერ მგელა აბულახტარისთვის მიცემულ სოფლის წყალობით დაწერილი“.
მამადან ბევრი გვარ-სახელია წარმოშობილი, მამაიშვილიდან დაწყებული მამუშალვიშვილით დამთავრებული.
მეცხრამეტე საუკუნიდან (1860-იან წლებში) დაწყებული რუსებმა აღწერეს ქართული გვარები, მათ სუფიქსი შვილი და ძე ჩამოაცილეს და რუსული ფორმატები – ოვი და იევი დაუმატეს. ამ გზით გაჩნდა მამუჩაროვი, მამუკოვი, მამულოვი, კევლიევი და სხვა.
მამუკაშვილი აბაშიძეთა გვარიდანაცაა ნაწარმოები.
მამუჩიშვილი ჭავჭავაძეთა გვარიდანაა ნაწარმოები.
საქართველოში 297 მამუჩარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 182, გორში – 66, თბილისში – 35. არიან სხვაგანაც.
ჩავლეიშვილი-შალიკაშვილი-შალიკაძე
უძველესი გვარია. გვარი აჭარაში ჩანს (ტბეთის მაჭახელის სულთა მატიანეში), მოხსენიებულია არსენ ჩავლაეთი, მჭედელი ანუ ჩავლაძე, ჩავლეიშვილი.
ქართული გვარების მაწარმოებლად გვარების გაჩენის პირველ საფეხურზე ყოფილა სუფიქსი ელი, ათი და ეთი. მეორე საფეხურზე ჩნდება სუფიქსი ძე და შვილი. ტბეთის სულთა მატიანეში ჩამოთვლილია 109 გვარი. მათ შორისაა გუიანეთ (გვიანიძე), გუნდარეთ (გუნდარიძე), დოლიეთ (დოლიძე), კვირიკაეთ (კვირიკაძე), სირაეთ (სირაძე), წითლაეთ (წითელაძე), მეფუტკრიეთ (ფუტკარაძე).
გვარის ისტორია შესწავლილი აქვს მკვლევარ იოსებ ბექირიშვილს. ის წერს: „ანგისა-მეჯინისწყალში მცხოვრები ჩავლეიშვილების ნამდვილი გვარი შალიკაშვილია. გვარის წევრები ამბობენ, რომ მათი გვარი მესხეთიდან მოდის და ჩვენი წარმომადგენლობა იქ შალიკაშვილთა გვარს ატარებდაო. ოსმალები აჭარაში რომ შემოსულან, ქედის რაიონში შალიკაშვილები ჩალოღლებად მოუნათლავთ, ზოგი მათგანი (მაჭახელის ხეობაში) შალიკოღლებად დაუწერიათ, დღეს მათი შთამომავლები შალიკაძეები არიან. საღორიელი შალიკაშვილ-ჩალოღლები გასული საუკუნის დამდეგს ანგისაში, მეჯინისწყალსა და სხვაგანაც დასახლდნენ, დაიწერნენ ჩავლეიშვილებად.
შალიკაშვილები დიდებულები იყვნენ, მესხები არიან. გასული საუკუნის დამლევს გურიაშიც დასახლებულან. შალიკაშვილების გვარიდან მომდინარეობს კლდიაშვილების გვარი. მესხეთში ამ გვარს ატარებდნენ მწერალ დავით კლდიაშვილის მშობლებიც.
საქართველოში 669 ჩავლეიშვილი ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 186, ბათუმში – 125, ქობულეთში – 111. არიან სხვაგანაც.
831 შალიკაშვილი: თბილისში – 249, მცხეთაში – 144, დუშეთში – 79. არიან სხვაგანაც.
192 შალიკაძე: ბათუმში – 23, თელავში – 3, თბილისში – 2. არიან სხვაგანაც.
დარჩია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დარჩია. ამავე ძირისაა გვარები: დარჩიაშვილი, დარჩაშვილი, დარჩიძე. დარჩიძეები სოფელია აჭარაში, შუახევის რაიონში. გვხვდება გვარი დარჩიბეგიშვილიც.
„დარჩია ზებედე ქართლის კათოლიკოსმა უწყალობა მცხეთის ბოქაულთუხუცესს ზურაბ გარეყანისძეს“ (1610 წელი).
„დარჩიას სასახლე თეიმურაზ მეფემ უწყალობა გიორგი კობაშვილს“ (1642 წელი).
საქართველოში 1 819 დარჩია ცხოვრობს: ოზურგეთში – 1 023, თბილისში – 263, ბათუმში – 180. არიან სხვაგანაც.
ქართველიშვილი
ქართველიშვილთა საგვარეულო წარმოქმნილია ზედწოდებიდან ქართველი. სამეგრელოში მოხვედრილ პირს მეგრელები „ქართველს“ ეძახდნენ. „ქართველიდან“ გაჩენილა „ქართველიშვილი“.
ქართველიშვილთა გვარიდან, რომლებიც თურქეთში მოხვედრილან, იქ „გურჯი“ შეარქვეს და გურჯიევები გახდნენ. გიუმიშხანიდან და ანატოლიიდან საქართველოში სოფელ წინწყაროში გურჯიშვილებად დაბრუნდნენ. დღესაც არიან გურჯიშვილები, ზოგი მათგანი რუსულ საბუთებში გურჯიევებად ჩაწერეს.
ვხვდებით გვარს ქართველოვი, ქართველაძე, ყველა მათგანი ქართველი მართლმადიდებელია. აზნაური ქართველიშვილები კი შეტანილნი არიან 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სიაში.
საქართველოში 3 283 ქართველიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 322, ხაშურში – 177, ქუთაისში – 152.
21 ქართველაშვილი: თბილისში – 19, დუშეთში – 1, საჩხერეში – 1.
60 გურჯიშვილი: თბილისში – 34, ბოლნისში – 17, ხაშურში – 9.
138 გურჯიევი, იგივე გურჯიშვილი: თბილისში – 68, გარდაბანში – 13, ოზურგეთში – 11. არიან სხვაგანაც.
მეზურნიშვილი
შეიძლება, შევადაროთ გვარები: მესტვირიშვილი, ფუძეა სტვირი (მესტვირე); მეზურნიშვილი, ზურნა (მეზურნე); მექანარიშვილი, მოსაქმეობის სახელი მექანარე (ქნარის გამკეთებელ-დამკვრელი). მესტვირიშვილთა ადრინდელი გვარი ყოფილა გრიგოლაშვილი. მექანარიშვილები მომდინარეობენ ორბელიან-გიორგიშვილებიდან.
მეზურნიშვილების სოფელია გარდაბნის რაიონში – შინდისი. მათ ჰქონდათ სხვა გვარიც.
საქართველოში 694 მეზურნიშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 308, თბილისში – 235, კასპში – 24. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით