როგორ დაშორდნენ ერთმანეთს ალტაის მხარეში მცხოვრები შვილი და ქართველი მამა და ვის ეძებენ თიანეთში
42 წლის ირინა მევლუდის ასული კუზნეცოვა ეძებს დაახლოებით 62-64 წლის მევლუდ გრიგოლის ძე ღვინიაშვილს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, დაახლოებით 1946-1948 წლებში დაბადებულ მევლუდ გრიგოლის ძე ღვინიაშვილს. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ალტაის მხარის სოფელ სოსნოვკაში გაიცნეს. მამაჩემის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს, რადგან მე ის არასდროს მინახავს. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის პოვნაში. 2008 წლის 21 მარტს განაცხადი განვათავსე „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე. დარწმუნებული ვარ, შეიძლება, ოდესმე მქონდეს კიდეც გამოხმაურება, მაგრამ, თქვენი დახმარებით მინდა, რაც შეიძლება მალე ვიპოვო მამაჩემი, რადგან დამოუკიდებლად ამას ვერ ვახერხებ.
– მოგვიყევით თქვენი ისტორია – როგორ დაკარგეთ მამა, როდის და სად გაიცნეს თქვენმა მშობლებმა ერთმანეთი?
– მამაჩემი, მევლუდ გრიგოლის ძე ღვინიაშვილი, მსახურობდა ჯარში, ალტაის მხარის სოფელ სოსნოვკაში. სწორედ იქ გაიცნო მან დედაჩემი, 1948 წელს დაბადებული გალინა ივანეს ასული მოროზოვა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და 1968 წელს დავიბადე მე. მაგრამ ჩემი მშობლები არ იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და, შესაბამისად, ოფიციალურად ცოლ-ქმარიც არ ყოფილან, უბრალოდ, ისინი ერთად ცხოვრობდნენ რაღაც დროის განმავლობაში. შემდეგ კი მამაჩემი იძულებული იყო, დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში. სამი წლის განმავლობაში დედ-მამას წერილობითი კონტაქტი ჰქონდა, რაც 39 წლის წინათ შეწყდა.
– ანუ, თქვენი მშობლები არ ყოფილან ცოლ-ქმარი და, გამოდის, თქვენ ბიოლოგიურ მამას ეძებთ. კიდევ რა იცით მამის შესახებ?
– დედისგან გადმოცემით ვიცი, რომ მამა ცხოვრობდა თიანეთის მხარის სოფელ საკრეჭიოში (არ ვარ დარწმუნებული სოფლის სახელის სისწორეში). სამწუხაროდ, მეტი მის შესახებ არაფერი ვიცი. დედაჩემს არასდროს დაუმალავს ჩემთვის მამაჩემის ვინაობა, მაგრამ, საქმე ის არის, რომ არც მას აქვს მეტი ინფორმაცია მამაჩემის შესახებ. არც მამის ფოტო მაქვს, რომ მისი მოძებნა გამიადვილდეს. ამიტომ, თქვენ ხართ ჩემი ბოლო იმედი. ძალიან მინდა ჩემი ბიოლოგიური მამის პოვნა. ხშირად მიფიქრია, რომ მას შეიძლება, თავისი ოჯახი აქვს. შეიძლება, შვილებიც ჰყავს და შვილიშვილებიც, მე ოცნებად მაქვს ქცეული მათი გაცნობა, თუკი, რა თქმა უნდა, ისინიც თანახმა იქნებიან. არ მინდა, მამაჩემმა იფიქროს, რომ მისგან რამეს მოვითხოვ, უკვე საკმაოდ დიდი ვარ და დამოუკიდებლად ვცხოვრობ. ჩემი ერთადერთი იმედი და ნატვრა ის არის, რომ მამაჩემი აუცილებლად გამიგებს და მასაც მოუნდება ჩემი ნახვა.
– დედას თუ უთქვამს მამათქვენთან დაშორების მიზეზი?
– არასდროს მიცდია დედასთან ამ თემაზე დიდხანს საუბარი, რადგან, დიდი დროა გასული და მასაც, ალბათ, თავისი მოგონებები აქვს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ის, რაც მითხრა მამაჩემის შესახებ, ჩემთვის საკმარისია. დედასაც, რა ხანია, თავისი ოჯახი აქვს, და არც მას უნდა მამაჩემს ცხოვრება აურიოს, უბრალოდ, ჩემს სურვილს ვერ შეეწინააღმდეგა. როგორც ვიცი, ჩემი მშობლების დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ დედაჩემი რუსი იყო და მევლუდის მშობლებს არ სდომებიათ უცხო ეროვნების რძალი. რა თქმა უნდა, პირადად მე არავის ვაბრალებ ამას, რადგან ასე მოხდა, ესე იგი, ასე უნდა ყოფილიყო. უბრალოდ, მინდა, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი ისტორია და დამეხმაროთ მამის მოძებნაში.
– მაინც, რა არის თქვენი მხრიდან მამის მოძებნის მიზეზი?
– მთელი ბავშვობა მამის გარეშე გავატარე. ყველას ჰყავდა მამა, მე კი – არა და ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, როგორია მამაჩემი, როგორ გამოიყურება, როგორი ხასიათი აქვს. პირველ ყოვლისა, მინდა, გავიცნო და ცხოვრებაში ერთხელ მაინც, თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი გახდა, ვნახო და დაველაპარაკო. ამჟამად მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თვითონ როგორი რეაქცია ექნება, როდესაც გაიგებს, რომ მას შვილი ეძებს, იმედია, ამას ობიექტურად მიიღებს.