ბუნებრივი აირი შესაძლოა, 2014 წლიდან გაძვირდეს
„ბუნებრივი აირის გაძვირება მხოლოდ 2014 წლიდან არის მოსალოდნელი“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ „დოიჩე ბანკის“ ანალიტიკური ცენტრის ექსპერტები. გამოკვლევის ავტორთა მტკიცებით, ამ სფეროს პერსპექტივა სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რადგან ბუნებრივ აირს ემისიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. გარდა ამისა, ნავთობისგან განსხვავებით, რომლის მარაგიც შეზღუდულია, გაზი პლანეტაზე ბევრად უფრო მეტია. მოსალოდნელია გაზის ახალი მასშტაბური საბადოების აღმოჩენა და მოპოვების ტექნოლოგიების კიდევ უფრო დახვეწა, რაც გაზის ღირებულების კლებას გამოიწვევს. ეს მომხმარებლებში ბუნებრივი გაზის მნიშვნელობას გაზრდის და, შესაბამისად, მასზე მოთხოვნილებაც გაიზრდება. მიუხედავად ამისა, გამოკვლევის ავტორთა აზრით, ამჟამად ევროპის გაზის ბაზარი ზარალზე მუშაობს და ამის მიზეზი ამ რეგიონში დიდი რაოდენობით გასაყიდი გაზის მარაგის დაგროვებაა, რამაც მისი ფასის კლება გამოიწვია. ევროკავშირმა უნდა ისარგებლოს 2014 წლამდე დროის მონაკვეთით და კონკურენციის გაზრდაზე იზრუნოს. ინფრასტრუქტურის განვითარება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას განამტკიცებს და მომავალში „გაზის ოპეკთან“ მოლაპარაკებებისას მომგებიან მდგომარეობას შექმნის. გაზის მომპოვებელმა ქვეყნებმა 10-20 წლის შემდეგ, შესაძლოა, საკუთარი გავლენა მნიშვნელოვნად განავრცონ და მომხმარებლებს საკუთარი პირობები უკარნახონ.