კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცდომები აღმოუჩინა სტალინმა შოლოხოვს „წყნარ დონში“


ლიტერატურის ისტორიაში არცთუ იშვიათად ყოფილა სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამოხმაურება, როგორიც მაგალითად რომან „წყნარი დონის“ ავტორის, მიხეილ შოლოხოვის გარშემო იყო. არადა, ვნებათა ღელვასა და ეჭვიანობას პირველ ყოვლისა, მწერლის ძალზე ახალგაზრდული ასაკი იწვევდა. საქმე ის იყო, რომ რომანის პირველი წიგნი ჯერ კიდევ 1928 წელს გამოვიდა, როდესაც მიხეილ შოლოხოვს მხოლოდ 23 წელი შეუსრულდა. კრიტიკოსების აზრით, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში შოლოხოვი ვერ შეძლებდა იმდროინდელი ეპოქის სიმართლის აღნუსხვას და მხატვრულ დონეზე გადმოცემას.

გაუგებრობა კარგა ხანს გაგრძელდა, სანამ სპეციალურმა კომისიამ გაჭიანურებულ კამათს წერტილი არ დაუსვა.

გავიდა დიდი დრო და შოლოხოვის 100 წლის იუბილის აღნიშვნის პერიოდში, რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებში „შოლოხოვის პრობლემატური საკითხის“ გამო, ხელი სტალინს შეაწმინდეს: თითქოს სტალინმა აკრძალა „წყნარი დონის“ ახალი გამოცემების ბეჭდვა.

საქმე ის იყო, რომ მიხეილ შოლოხოვის ქალიშვილმა, სვეტლანა შოლოხოვამ გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტში“ (2005 წლის ¹21) დაწერა, რომ სტალინი მამამისზე განაწყენდა, მაგრამ არავინ უწყოდა, რატომ? აი, რას აღნიშნავდა იგი წერილში: „სტალინის თხზულებათა მე-12 ტომში გამოჩნდა ფელიქს კონისადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიც ბელადი აღნიშნავდა, რომ შოლოხოვმა „წყნარ დონში“ დაუშვა შეცდომები, მაგრამ კერძოდ, რა შეცდომები, არ აზუსტებდა... „წყნარი დონის“ ხელახალი გამოცემა შეწყვიტეს. მამა სთხოვდა სტალინს, მიეღო იგი და აეხსნა, რა ბრალი ედებოდა. მაგრამ, სტალინმა მოუცლელობის გამო მიღებაზე უარი უთხრა... არავინ იცის, რატომ, მაგრამ „წყნარი დონის“ ხელახალი გამოცემის სტალინის სიკვდილამდე ეშინოდათ“...

სვეტლანა შოლოხოვას სიტყვები თავიდან ბოლომდე ცილისწამებაა. ჩვენ სპეციალურად მოვძებნეთ სტალინის თხზულებათა მე-12 ტომი, სადაც მოყვანილია სტალინის მიერ 1929 წლის 9 ივლისს ფელიქს კონისადმი გაგზავნილი წერილი. აი, ისიც:. „... ჩვენი დროის სახელგანთქმულმა მწერალმა, ამხანაგმა შოლოხოვმა თავის „წყნარ დონში“ დაუშვა მთელი რიგი შეცდომები. პირდაპირ არასწორი ცნობებია სირცოვზე, პოდტიოლკოვზე, კრივოშლიკოვსა და სხვებზე, მაგრამ, განა აქედან ის გამოდის, რომ „წყნარი დონი“ ყოვლად უვარგისი ნაწარმოებია, რომელიც იმის ღირსია, რომ მისი გაყიდვა აიკრძალოს?“... (ი. სტალინი. თხზულებათა მე-121 ტომი. გვ. 125. თბილისი, 1950 წელი).

აქვე დავძენთ, რომ „წყნარი დონის“ მესამე წიგნის, დაბეჭდვა, რომელშიც ლაპარაკია რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომზე, თავდაპირველად არ უნდოდათ, მაგრამ რომანისა და თვით მწერლის შემდგომი ბედი სტალინმა გადაწყვიტა. შეხვედრა შოლოხოვმა მაქსიმ გორკის შუამდგომლობით მოახერხა. რასაკვირველია, წიგნი დაიბეჭდა.

ცნობილია, რომ ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებას რუსეთში მოჰყვა უცხოეთის ქვეყნების ინტერვენცია და ეგრეთ წოდებული „თეთრგვარდიელების“ ორგანიზებული გამოსვლები ახლად შექმნილი საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ. დაიწყო სამოქალაქო ომი და მთელ რიგ სტრატეგიულ რაიონებში მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლები.

1918 წლის 6 ივლისს სტალინი ჩავიდა ცარიცინში. მან უპირველესად, გამოიცნო კონტრრევოლუციონერთა ჩანაფიქრი, რომელთაც სურდათ, საბჭოთა რუსეთისთვის ჩამოეცილებინათ ხორბლით მდიდარი რაიონები, რასაც მოჰყვებოდა ხალხის შიმშილით განადგურება და რეგულარული წითელი არმიის ჩამოყალიბებას ხელი შეეშლებოდა. მაგრამ სტალინმა ყველაფერი გააკეთა, რომ მათი ჩანაფიქრი ჩაეშალა.

1918 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში, „თეთრგვარდიელებმა“ სცადეს აეღოთ ცარიცინი, მაგრამ დონისკენ დაახევინეს და შემდეგ გაანადგურეს. სტალინის მხედრულმა ნიჭმა და გამჭრიახობამ შეძლო ის, რომ 1919 წლის გაზაფხულზე კოლჩაკის ჯარები გააცამტვერეს. იმავე წლის მეორე ნახევარში ანტანტის ორგანიზებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „მოხალისეთა არმიის“ შეტევა, ამჯერად გენერალ დენიკინის მეთაურობით, რომელიც ძირითადად მოხალისე ოფიცრებისგან შედგებოდნენ. დენიკინი დიდი რიხით ამტკიცებდა, რომ მოსკოვის აღება და ბოლშევიკების დამარცხება რამდენიმე კვირის საქმე იყო, მაგრამ სტალინმა მას ქედი მოახრევინა. სამხედრო ხელოვნებისა და ტაქტიკის გამოყენების კლასიკურ ნიმუშად იქცა დენიკინის განადგურების სტალინური გეგმა – სამხრეთის ფრონტის ჯარებმა დონის „თეთრგვარდიელთა“ და „მოხალისეთა არმიები“ ორად გაყვეს; შემდეგ სტალინის წინადადებით შექმნილმა პირველმა ცხენოსანთა არმიამ ისინი ცალ-ცალკე გაანადგურა. ცხენოსანთა არმიას ბუდიონი ხელმძღვანელობდა.

ასე იყო თუ ისე, სტალინი აქტიური და ცოცხალი თვითმხილველი იყო იმ პროცესებისა, რაც აღწერილი აქვს შოლოხოვს „წყნარ დონში“. სწორედ ამიტომ, მან თავი ვალდებულად ჩათვალა, მიეთითებინა მთელ რიგ უხეშ შეცდომებსა და არასწორ ცნობებზე, რაზეც იყო ნათქვამი სტალინის წერილში.

მიხეილ შოლოხოვმა პირველი მოთხრობები 1923-1924 წლებში გამოაქვეყნა, როდესაც იგი მხოლოდ 18-19 წლის იყო. 1925 წელს დასავლეთ როსტოვის ოლქის სტანიცა ვიოშენსკაიაში დაიწყო მუშაობა ვრცელ რომანზე, „წყნარი დონი“, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. რომანში აღწერილია დონის კაზაკთა პატრიარქალური ცხოვრება. ნაჩვენებია პირველი მსოფლიო ომის, ოქტომბრის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის ამსახველი პროცესები. არადა, იმ დროს კაზაკობა ცარიზმის საყრდენი იყო.

შოლოხოვის წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოვიდნენ კრიტიკით, რომ იგი დენიკინის მზვერავი იყო და თავის რომანში გამოიყენა დონის კაზაკის, „თეთრგვარდიელი“ ოფიცრის და მწერლის – კრიუკოვის დღიურები... 30-იანი წლების შუა რიცხვებში შინსახკომის როსტოვის საოლქო სამმართველოში შეთხზეს საქმე, რომლის მიხედვით, შოლოხოვი ადგილობრივი კონტრრევოლუციური შეთქმულების მეთაურად გამოიყვანეს. მაგრამ ერთმა კეთილმოსურნე ჩეკისტმა მწერალი გააფრთხილა, რომ თავისთვის ეშველა. შოლოხოვმა არ დააყოვნა და ინკოგნიტოდ ჩააღწია მოსკოვში. ჩასვლისთანავე სტალინის მდივანს პოსკრებიშევს დაურეკა, მან კი დაამშვიდა და უთხრა: „არ შეგეშინდეთ, თქვენ დაგიძახებენ“.

მიხეილ შოლოხოვი კრემლიდან გამოძახებას ალექსანდრე ფადეევთან უცდიდა. მეგობრებმა მაგრად დალიეს, ამ დროს კი კრემლში გამოიძახეს, შოლოხოვი მივიდა. პოსკრებიშევმა ნახა, რომ იგი მთვრალი იყო და შეეცადა, მდგომარეობიდან გამოეყვანა, ჩაი დაალევინა. მაგრამ ამან ვერ უშველა ნამთვრალევს. მიღების დროს სტალინმა ყველაფერი შენიშნა და უთხრა: „ამხანაგო შოლოხოვ, ამბობენ, რომ თქვენ მეტისმეტად ბევრს სვამთ“. მწერალმა უპასუხა „ამნაირი ცხოვრებისგან დალევ, აბა, რას იზამ“, და დაწვრილებით მოუყვა, თუ რამ ჩამოიყვანა მოსკოვში. ამ საუბრის შემდეგ სტალინმა პოლიტბიუროს სხდომა მოიწვია. გამოიძახა საკავშირო შინსახკომის ხელმძვანელები და სასტიკად გააფრთხილა. მალე შინსახკომში დაიწყო წმენდა და მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები...

40-იან წლებში, როდესაც შოლოხოვისთვის სტალინური პრემიის მინიჭების საკითხი დადგა, ალექსეი ტოლსტოიმ და ალექსანდრე ფადეევმა საწინააღმდეგო აზრი გამოთქვეს: მოითხოვდნენ რომანის დამუშავებას.

რომანის განხილვისას სტალინმა თქვა: „რასაკვირველია, გადაწყვეტილების მიღება მწერლების საქმეა, მაგრამ მე, როგორც ჩვეულებრივ მკითხველს, რომანი მომწონს“. რა თქმა უნდა, სტალინური კომიტეტის წევრებმა ერთსულოვნად მისცეს ხმა „წყნარი დონის“ სასარგებლოდ: მიხეილ შოლოხოვი პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა...

აი, ასე „ებრძოდა“ სტალინი გამოჩენილ რუს მწერალს, მიხეილ შოლოხოვს. საერთოდ, სტალინი ყოველთვის იცავდა რეალისტურ, ობიექტურ, გონებამახვილურ და მხატვრული შინაარსით მაღალი დონის ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

ნიშანდობლივია, რომ ომის დამთავრების შემდეგ, სტალინმა თავისთან გამოიძახა შოლოხოვი და მას შესთავაზა ახალი რომანის შექმნა, რომელიც მიეძღვნებოდა დიდი სამამულო ომის ისტორიულ-დოკუმენტურ ფაქტებს. სტალინის რეკომენდაციით, მომავალი რომანი შინაარსით თითქოსდა, ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ მსგავსი უნდა ყოფილიყო. სტალინის შეკითხვაზე – „რა არის საჭირო იმისთვის, რომანი დროულად და მაღალმხატვრულ დონეზე დაწეროთ?“ შოლოხოვმა თავაზიანად უპასუხა, რომ „მას სტანიცა ვიოშენსკაიაში შესაბამისი საცხოვრებელი პირობები არ აქვს“.

სტალინმა გაითვალისწინა შოლოხოვის თხოვნა და მითითება-განკარგულება გასცა, რომ სტანიცაში სასახლე აეშენებინათ. მიუხედავად ამისა, გავიდა საკმაო ხანი და ეტყობა, შოლოხოვს არ აღმოაჩნდა საკმარისი უნარი, რომ მას შეექმნა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ დონის მაღალმხატვრული რომანი. შოლოხოვმა ვერ შეძლო სტალინის სურვილის შესრულება. ასეთ დროს ამბობენ: „არა შეჯდა მწყერი ხესაო“.

შოლოხოვის მეორე ეპიკური თხზულება, რომანი – „გატეხილი ყამირი“ ასახავს სოციალურ გარდაქმნებს სოფლად. ნაჩვენებია დონის სოფლებში მიმდინარე კლასობრივი ბრძოლის გამწვავება; კულაკობის, როგორც კლასის ლიკვიდაცია; კერძო მესაკუთრული სულისკვეთების თანდათანობით გაქრობა და შრომისადმი სოციალისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბება...

ყოველივე ზემოაღნიშნული ძალზე მოკლედ არის ასახული „გატეხილ ყამირში“. სხვათა შორის, რომანი – წიგნი 1-2, იქმნებოდა 1932-1960 წლებში. მას შემდეგ ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და შესაბამისად, სოციალიზმმაც „ჩაილურის წყალი დალია“. რაც მთავარია, აღდგენილია კერძომესაკუთრული სულისკვეთება.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ თუ ადრე „წყნარ დონში“ ნაჩვენები იყო კაზაკების პატრიარქალური ცხოვრება, მათი მოღვაწეობა და ისინი ძირითადად ცარიზმის მტკიცე დასაყრდენს წარმოადგენდნენ, ამჟამინდელი კაზაკები რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესების დამცველები და მათი ნება-სურვილის აღმსრულებლები არიან. არ დაგვავიწყდეს, რომ არცთუ ისე შორეულ წარსულში კაზაკები ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.


скачать dle 11.3